3გ-ად-52-კ-03 12 ივნისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ს.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის ...-ის განყოფილების მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით:
2001წ. 1 ივლისიდან მუშაობდა თბილისის ...-ის განყოფილებაში განყოფილების პერსონალისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორის მთავარ სპეციალისტად 2002წ. 18 ივლისამდე. თბილისის ...-ის განყოფილების უფროსის 2002წ. 18 ივლისის ბრძანებით მოსარჩელე განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან შკკ-ს 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ადმინისტრაციამ მისი სამსახურიდან განთავისუფლებისას დაარღვია შკკ-ს 164-ე მუხლის მესამე ნაწილის და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ კონკურსი ჩატარდა 3 აპრილს, ხოლო შედეგები მისთვის ცნობილი გახდა 8 ივლისს. აღნიშნავდა რომ მისი სამსახურიდან განთავისუფლება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ორსულად იყო და იმშობიარა 27 მარტს, რის თაობაზეც ადმინისტრაციისათვის ცნობილი იყო.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მუშაობდა პერსონალის მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ხელშეკრულებით 2002წ. 1 ივლისიდან, საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ” 30-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარებამდე. კონკურსი ჩატარდა 3 აპრილს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ და რ. ჭ.-მ. ორივე კონკურსანტმა კონკურსი დადებითად გაიარა და ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღო ორივე ტურში, რის შემდეგაც დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად უპირატესობა მიენიჭა იმ კანდიტატს, რომელსაც სამეცნიერო ხარისხი და სპეციალობით მუშაობის უფრო მეტი სტაჟი ჰქონდა, რის გამოც უპირატესობა მიენიჭა რ. ჭ.-ს. მოსარჩელის შემდეგი შრომითი მოწყობის მიზნით შესთავაზეს თბილისის მასწავლებელთა სახლის დირექტორის ვაკანტური თანამდებობა, რაზედაც უარი განაცხადა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და აღდგენილ იქნა თბილისის ...-ის განყოფილებაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ...-ის განყოფილებამ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის ...-ის განყოფილების სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს.-ი 2001წ. 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნული იქნა განყოფილების პერსონალისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორის მთავარ სპეციალისტად. ხოლო შემდეგ გაუგრძელდა ხელშეკრულება კონკურსის ჩატარებამდე. ...-ის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2002წ. 8 ივლისის ¹8 სხდომის ოქმის თანახმად, ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭი ეყარა 2 კანდიდატს, მოსარჩელეს და რ. ჭ.-ს, რომელთაც ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღეს, როგორც პირველ ისე განმეორებით კენჭისყრის დროს. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით უპირატესობა მიენიჭა რ. ჭ.-ს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ნ. ს.-ს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი არ აღუძრავს, ამიტომ უსაფუძვლო იყო მისი მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება, რომ მისი განთავისუფლებისას მოპასუხემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის და შკკ-ს 164-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები და მიუთითა, რომ ნ. ს.-ის განთავისუფლებისას აღნიშნული ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან კონკურსის შედეგების შემდეგ მოპასუხემ ნ. ს.-ს შესთავაზა სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, რასაც იგი არ დაეთანხმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს.-მ, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტები, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ წინასწარ გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქმისადმი. როდესაც მოსამზადებელ სხდომაზე განაცხადა რომ საკონკურსო კომისიის ოქმის ბათილად ცნობის გარეშე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო, რის გამოც მოსარჩელემ აცილება დაუყენა სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ აცილება არ დააკმაყოფილა და დაარღვია გაცხადებული აცილების განხილვის წესი, განჩინების გამოტანის ნაცვლად გამოიტანა დადგენილება.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მას კონკურსის შედეგები არ გაუსაჩივრებია და განმარტავს, რომ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა ყველა იმ უკანონობაზე, რაც მის მიმართ სამსახურიდან განთავისუფლებისას დაუშვა ადმინისტრაციამ. მიაჩნია, რომ მის მიერ შკკ-ს 164-ე მუხლის მეორე ნაწილის და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით მას გაასაჩივრა როგორც ადმინისტრაციის, ასევე საატესტაციო კომისიის უკანონო მოქმედება.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაიზიარა თბილისის ...-ის განყოფილების განცხადება, რომ ადმინისტრაციამ შესთავაზა სხვა სამსახური, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შგედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ. ს.-ი 2001წ. 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე ხელშეკრულებით დანიშნული იქნა ...-ის განყოფილებაში პერსონალისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორის მთავარ სპეციალისტად, ხოლო შემდეგ, 1 აგვისტოს ¹47/კ ბრძანებით 1 აგვისტოდან გაუგრძელდა ხელშეკრულება კონკურსის ჩატარებამდე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
ქ. თბილისის ...-ის განყოფილების პერსონალური მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში მონაწილეობდა ორი კონკურსანტი: კასატორი ნ. ს.-ი და რ. ჭ.-ა.
განთლების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2002წ. 8 ივლისის ¹ ოქმის თანახმად ორივე კონკურსანტმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა მეორე კონკურსანტი რ. ჭ.-ა, რომელსაც კომისიამ უპირატესობა მიანიჭა იმ მოტივით, რომ მას ჰქონდა სპეციალობით მუშაობის 18 წლის სტაჟი და მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე (“...”). იყო პედაგოგიურ საკითხებზე მონოგრაფიისა და ნაშრომების ავტორი და გავლილი ჰქონდა სახელმწიფო მართვისა და ზოგადი მენეჯმენტის კურსი “თAჩIშ”-ის პროგრამით.
ქ. თბილისის ...-ის განყოფილების უფროსის 2002წ. 18 ივლისის ¹66/კ ბრძანებით ნ. ს.-ი განთავისუფლდა განყოფილების პერსონალის მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.
საკასაციო პალატის აზრით ნ. ს.-ის განთავისუფლება მოხდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან, ...-ის განყოფილების უფროსის 2001წ. 1 აგვისტოს ¹47/კ ბრძანებით ნ. ს.-ს შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებული ჰქონდა ...-ის განყოფილების პერსონალისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარებამდე. კონკურსის შედეგებით იგი გამარჯვებულად არ გამოცხადებულა და აღნიშნული მას არ გაუსაჩივრებია. არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასარჩელო განცხადებაში მის მიერ მითითებული შკკ-ს 164-ე მუხლის მეორე ნაწილის და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით მან გაასაჩივრა როგორც ადმინისტრაციის ისე კომისიის უკანონო მოქმედება.
სასარჩელო განცხადებით ნ. ს.-ი ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას და კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ მას მოთხოვნა არ ჰქონია. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ დასახელებული ჰყავს მხოლოდ თბილისის ...-ის განყოფილება, ხოლო კონკურსის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხე უნდა ყოფილიყო საქართველოს ...-ის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც მას მოპასუხედ არ დაუსახელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი განთავისუფლებისას ადმინიტსრაციამ დაარღვია შკკ-ს 164-ე და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლების მოთხოვნები და ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ ადმინისტრაციას აღნიშნული ნორმების მოთხოვნები არ დაურღვევია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის მეორე პუნქტი ორსული ქალის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს:
1. შტატების შემცირების
2. ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის
3. აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.
როგორც საქმის მასალებით დადგენილია ნ. ს.-ი ზემოთდასახელებული არც ერთი საფუძვლით არ განთავისუფლებულა, იგი განთავისუფლებულდა სადავო თანამდებობაზე დანიშვნის ვადის ამოწურვის გამო. თბილისის ...-ის განყოფილებაში, რომ ნამდვილად კონკურსი ჩატარდა და არა ატესტაცია, დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” 2001წ. 13 ნოემბრის ნომერში ¹276) გამოქვეყნებული განცხადებით.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ...-ის განყოფილებამ კასატორს შესთავაზა მასწავლებელთა სახლის დირექტორის ვაკანტური თანამდებობა, რასაც იგი არ დაეთანხმა, უარი განაცხადა ყველა სხვა შეთავაზებაზე და მოსთხოვა ადმინისტრაციას სხვადასხვა სექტორებში დამატებული 10 საშტატო ერთეულიდან 1 საშტატო ერთეულის გადატანა მთავრი სპეციალისტის თანამდებობაზე პერსონალის მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ნ. ს.-ის განთავისუფლებისას დაცულია შკკ-ს 164-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნაც, ვინაიდან ვადიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ...-ის განყოფილებამ იზრუნა ნ. ს.-ის შემდგომი შრომითი მოწყობის საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ ადმინისტრაციული გარიგება არ დაიდო კონტრაჰენტის მხრიდან ნების არ არსებობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.