გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-53-კ-03 24 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” სასარჩელო განხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 16.05.2000წ. ¹3 ოქმის თანახმად ქ. ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში ბინები გამოეყოთ ნავსადგურის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ ვ. მ-ას, ბ. ბ-ს, მ.ქ-ას, მ. ხ-ა-მ-ას, მ. ბ-ას და თ. გ-ას ოჯახებს. 24.05.2000წ. ერთი მხრივ ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის თავმჯდომარეს ბ. ბ-ს, საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის წევრს ჟ. შ-ეს და მეორე მხრივ, ქ. ფოთში, ... სახლის ბინების მიმღებ პირებს შორის გაფორმდა შეთანხმება იმის შესახებ, რომ ისინი გაეცნენ ახლად აშენებული ¹41 სახლის ტექმდგომარეობას, თავისი ხელმოწერით თანხმობა განაცხადეს საბინაო ორდერების მიღებაზე და საკუთარი ძალებით შეასრულებდნენ დაუმთავრებელ სამუშაოებს. აღნიშნული შეთანხმება 25.05.2000წ. დამტკიცდა ნავსადგურის უფროსის მოადგილის თ. ქ-ას მიერ და შეთანხმდა ნავსადგურის პროფკომიტეტის თავმჯდომარის მ. ჩ-ასთან. მოპასუხეების 25.05.2000წ. ხელწერილების თანახმად ¹41 სახლის ბინების მიმღებ პირებს ნავსადგურის საერთო საცხოვრებელში დაკავებული ბინები 2001წ. 1 იანვრამდე უნდა გაეთავისუფლებინათ, საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის თავმჯდომარის არაერთი წერილობითი შეტყობინების მიუხედავად მოპასუხეები დღემდის იკავებენ ნავსადგურის საერთო საცხოვრებელში ბინებს, კერძოდ, თ. გ-ა _ ერთოთახიან ¹408 ბინას, მ. ხ-ა-მ-ა – ერთოთახიან ¹506 ბინას, ვ. მ-ა – ოროთახიან ¹610 ბინას, ნ. ბ-ა _ ერთოთახიან ¹802 ბინას, ბ. ბ-ა _ ¹909 ოროთახიან ბინას, მ ქ-ა-ოროთახიან ¹910 ბინას, მაშინ როდესაც საერთო საცხოვრებელში ბინების დაცლას ელოდება წლების განმავლობაში ბინის მიღების რიგში მდგომი ნავსადგურის თანამშრომლების ოჯახები.
ერთ-ერთი მოპასუხის მ. ბ-ას გამოსახლება მოითხოვა აგრეთვე დამოუკიდებელი სარჩელის შეტანით საქმეში მესამე პირად ჩართული ი. კ-მა, სარჩელში აღინიშნა, რომ ბინების გამოყოფის მიუხედავად მოპასუხე არ ათავისუფლებს საერთო საცხოვრებელში დაკავებულ ბინას, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით მას გადაეცა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.07.02წ. გადაწყვეტილებით ნავსადგურის და ი. კ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ფოთის ნავსადგურის მიერ. ქუთაისის საოლქო სასაამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.12.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 14.07.02წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმების მიხედვით ... სახლის მაცხოვრებლები გაცნობილი იყვნენ ახლად აშენებული სახლის ტექმდგომარეობას, კერძოდ იმას, რომ გამოყოფილ ბინებს არ აქვთ შიდა სანტექნიკური და ელექტროგაყვანილობები, ხის იატაკი, კარები, არ არის ჩატარებული შეღებვითი სამუშაოები, მიუხედავად ამისა, ისინი თანხმობა განაცხადეს მიეღოთ საბინაო ორდერები და თავიანთი ძალებით შეესრულებინათ დაუმთავრებელი სამუშაოები. შეთანხმების საფუძველზე მხარეებს გამოეწერათ ბინის ორდერები. პალატამ მიიჩნია, რომ 25.05.2000წ. შეთანხმება არ წარმოადგინეს საერთო საცხოვრებლიდან მოპასუხეთა გამოსახლების საფუძველს, ვინაიდან მათ განაცხადეს თანხმობა დაუმთავრებელ ბინებზე ორდერის გამოწერაზე, შეთანხმება არ შეიცავს მითითებას ბინის ორდერის გამოწერის შემდეგ საერთო საცხოვრებლის განთავისუფლებაზე. რადგან გამოყოფილი ბინები არის დაუმთავრებელი, ბინებში არ არის შექმნილი საცხოვრებელი პირობები, რის გამო პალატამ მიიჩნია, რომ არარსებობს მოპასუხეთა საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად სააპელაციო პალატამ ვერ ჰპოვა მოპასუხეებთან საერთო საცხოვრებელში ცხოვრების გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ საერთო საცხოვრებელი ეძლევა მუშა-მოსამსახურეებს მუშაობის პერიოდში. საბინაო კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად მუშათა, მოსამსახურეთა მუშაობის პერიოდში ბინადრობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთო საცხოვრებლები. ამავე კოდექსის 119-ე მუხლის მიხედვით, საერთო საცხოვრებელში ფართობი ეძლევათ მუშებს, მოსამსახურეებს მათი მუშაობის პერიოდისათვის. სკ-ს 172.1 მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, თუ მფლობელს არა აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება. მოპასუხეებს საერთო საცხოვრებლის ფლობის უფლება მანამ აქვთ, სანამ მათზე გამოყოფილი ბინები საცხოვრებლად ვარგისი არ იქნება, ამდენად მოპასუხეები საერთო საცხოვრებლის მართლზომიერ მფლობელებად იქნენ მიჩნეულნი, სკ-ს 162.1 მუხლის თანახმად დაუშვებელია მართლზომიერი მფლობელისათვის ნივთის დაბრუნების მოთხოვნის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტიოლება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” მიერ. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 24.05.2000წ. შეთანხმებით თითოეული მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას 2001წ. 1 იანვრამდე გაეთავისუფლებინათ საერთო საცხოვრებელი და გადასულიყვნენ მათთვის გამოყოფილ ბინებში. აღნიშნული ხელწერილები წარმოადგენენ სკ-ს 50-ე მუხლით გათვალისწინებულ ცალმხრივ გარიგებებს, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 316.1 მუხლი, რომლის თანახმად ნავსადგური უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეებს მათი ხელწერილების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ანუ საერთო საცხოვრებლის გამონთავისუფლება. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეები მართლზომიერი მფლობელები არიან, კასატორის აზრით, ისინი მართლზომიერ მფლობელებად იყვნენ 2001წ. 1 იანვრემდე ანუ ხელწერილში მითითებული ვადის დადგომამდე. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი მოითხივს მოპასუხეთა გამოსახლებას საერთო საცხოვრებლიდან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემის გამო. მოპასუხეები არ წარმოადგენენ საერთო საცხოვრებელში სადავო ბინების მართლზომიერ მფლობელებად, ვინაიდან მათ მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით და ხელწერილებით თანხმობა განაცხადეს ორდერის მიღებაზე და საერთო საცხოვრებელში მოკავებული ფართის გამოთავისუფლებაზე. ამდენად, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს მოპასუხეთა გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის 03.12.02წ. განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ვინაიდან მხარეებისათვის მორიგების მისაღწევად მიცემულ ვადაში მორიგების მიღწევა ვერ მოხერხდა. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგური” სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საერთო საცხოვრებლის ბინების მოპასუხეებისა და მათი ოჯახის წევრების გამოსახლებას, ვინაიდან ბინების დაცლას ელის ბინის მიღების რიგში მდგომი ნავსადგურის არაერთი თანამშრომლის ოჯახი. ფოთის საქალაქო სასამართლოს 14.05.02წ. განჩინებით მოსარჩელეს მიეცა ვადა სარჩელის ხარვეზის შევსების მიზნით, სარჩელის ხარვეზი მდგომარეობდა იმაში, რომ სასარჩელო განცხადება არ შეიცავდა მითითებას ყველა მოპასუხეზე, კერძოდ, სარჩელში დასახელებულ იმ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობდნენ საერთო საცხოვრებელში და რომელთა გამოსახლებასაც ითხოვდა მოპასუხე. სარჩელის ხარვეზის შევსების მიზნით სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” 30.05.02წ. განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც სარჩელზე მოპასუხეებად დაასახელა ვ. მ-ა, ბ. ბ-ა, მ. ქ-ა, მ. ხ-ა-მ-ა, მ. ბ-ა, თ. გ-ა, მათი ოჯახის წევრების გარეშე. საქმეში მესამე პირად ჩაბმული ი. კ-მა დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით ასევე მოითხოვა მხოლოდ მ. ბ-ას საერთო საცხოვრებლის ¹802 ბინიდან გამოსახლება, რომელიც ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 15.01.02წ. ¹1 ოქმით მას გამოეყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დავა ეხება საცხოვრებელი ფართით პირის დაკმაყოფილების უმნიშვნელოვანეს უფლებას, პალატა დაუშვებლად თვლის საერთო საცხოვრებლის ბინებიდან გამოსახლების მოთხოვნის განხილვას, ამ ბინებში მოპასუხეებთან ერთად მცხოვრები პირების საქმეში სასკ-ს მე-16 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმის გარეშე, ვინაიდან ისინი მოპასუხეებთან ერთად ცხოვრობენ საერთო საცხოვრებლის იმ ბინებში, რომელთა განთავისუფლებასაც ითხოვს მოსარჩელე, ისინი მოპასუხეებთან ერთად შეყვანილი არიან მოპასუხეებზე გაცემულ ორდერებში და ამდენად, გააჩნიათ განსახილველი საქმის მიმართ უშუალო მატერიელური და პროცესუალური ინტერესი.
პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართლაურთიერთობები მხარეებს შორის წარმოიშვა 2000წ. 1 იანვრიდან, სკ-ს 1505-ე მუხლის თანახმად, სკ-ს ამოქმედებასთან დაკავშირებით 1997წ. 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა საბინაო კოდექსი. ამდენად, უმრთებულოა სააპელაციო პალატის მიერ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ საბინაო კოდექსის 118-ე, 119-ე მუხლების გამოყენება. საფუძველს მოკლებულია აგრეთვე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხეების თანხმობა ბინის ორდერის გამოწერაზე არ ნიშნავდა საერთო საცხოვრებლის ბინის გათავისუფლებას. ორდერი წარმოადგენს შესახლების საფუძველს, მოპასუხეების თანხმობა ბინის ორდერის გამოწერაზე თავისთავად ადასტურებდა მათ თანხმობას ბინაში შესახლებაზე, რაც დამატებით დასტურდება აგრეთვე მოპასუხეების მიერ შეთანხმების საფუძველზე გაცემული და ნავსადგურისა და პროფკომიტეტის მიერ დადასტურებული ხელწერილებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნავსადგურის პროფკომიტეტის და ... სახლის ბინების მიმღებ პირებს შორის 25.05.2000წ. დადებული შეთანხმება, დამტკიცებული ნავსადგურის უფროსის მოადგილის მიერ, აგრეთვე მოპასუხეების მიერ დადებული ხელწერილები ადასტურებენ მოპასუხეების მიერ გამოვლენილ ... მდებარე სახლის ბინების მიღების, საერთო საცხოვრებლის დაცლის და გამოყოფილ ბინებში დაუმთავრებელი სამუშაოების საკუთარი ძალებით დასრულების შესახებ. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებმა – თ. გ-ამ, მ. ხ-ა-მ-ამ, მ. ქ-ამ, ბ. ბ-მ შეგებებული სარჩელებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მათ მიერ ხელმოწერილი დაუმთავრებელ ბინაში გადასვლის შეთანხმების ბათილად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი დადებული იყო გავლენის ბოროტად გამოყენებით, მაშინ როდესაც მხარეთა შორის ურთიერთოებები დაფუძნებული იყო მხარეთა შორის არსებულ განსაკუთრებულ ნდობაზე. თითოეულ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” ფოთის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა შეპასუხებები, რომლითაც ითხოვდა მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე ნავსადგურის საერთო საცხოვრებლიდან მათ გამოსახლებას. საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე პროცესუალური აქტი შეგებებულ სარჩელებზე საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სარჩელის საფუძვლად მითითებული 24.05.2000წ. შეთანხმება და მის საფუძველზე გაცემული ხელწერილები, სკ-ს 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა მიჩნეული, რის გამო ნავსადგურის და მესამე პირის ი. კ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების და სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილებით არ გადაწყვეტილა შეგებებული სარჩელების ბედი, მეტიც, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ 24.05.2000წ. შეთანხმებასა და მოპასუხეთა მიერ დადებული ხელწერილების ბათილობის საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს, რის გამო სააპელაციო პალატამ ზედმეტად მიიჩნია ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობა 24.05.2000წ. შეთანხმების და მის საფუძველზე გაცემული ხელწერილის ბათილობის შესახებ.
საქმეში დაცული ორდერების მიხედვით ქ. ფოთის მერიის მიერ 22.05.2000წ. ¹35 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ორდერები კარგავს ძალას, უკეთუ მფლობელი არ ჩასახლდება ბინაში ორდერის გაცემიდან ათი დღის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარკვევას საჭიროებს მოპასუხეებზე გაცემული ორდერების ძალაში ყოფნის საკითხი, სადავო ურთიერთობებში მხარეთა უფლება-მოვალეობების ზუსტი განსაზღვრის მიზნით სასამართლომ უნდა გამოითხოვოს აგრეთვე ქ. ფოთის მერიის 22.05.2000წ. ¹35 გადაწყვეტილების ტექსტი, ნავსადგურის მიერ მოპასუხეებზე გაცემული საგარანტიო წერილები, რომელთა საფუძველზე მოპასუხეებს გამოეყოთ ბინები, საერთო საცხოვრებელში ბინების დაკავების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის რომ, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე, სსკ-ს 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.12.02წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.