გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-54-კ-03 16 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების, მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000წ. 15 თებერვალს ზ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლის საფუძველზეც მოპასუხე – საქართევლოს თავდაცვის სამინისტროსაგან მოითხოვა 1998-1999 წლებში გაუცემელი სახელფასო დავალიანებისა და 1994 წელს მიუღებელი კვების კომპენსაციის – 984.92 ლარის, ხელფასის გაუცემლობით გამოწვეული მატერიალური ზიანის – 2000 ლარისა და მორალური ზიანის – 10000 ლარის, სულ 12984,92 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ –თავდაცვის სამინისტროს წარმომაგდენელმა სარჩელი სცნო გაუცემელი სახელფასო დავალიანების 984,92 ლარის ნაწილში, ხოლო მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილებში სარჩელი არ სცნო იმ მოტივით, რომ სამინისტროს მიერ თანხების გაუცემლობა გამოწვეული იყო ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისის გამო და არა თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულ თანამდებობის პირთა ბრალეული მოქმედებით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ზ. ს-ის მიმართ დავალიანების 98492 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის მოტივით.
სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ს-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულიად დაკმაყოფილება, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონებისა და საბანკო ანგარიშის დაყადაღება 12984,92 ლარის ფარგლებში.
2001წ. 19 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის კოლეგიამ განიხილა ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის –თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და თავდაცვის სამინისტროს ზ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის 2000 ლარისა და მორალური ზიანის 10000 ლარის გადახდა.
თავდაცვის სამინისტრომ საჩივრით მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ მას სასამართლო უწყება 2001წ. 19 ივნისის სასამართლო სხდომის შესახებ არ ჩაბარებია და მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიზეზით.
სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 05 ნოემბრის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში იქნა დატოვებული 2001წ. 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კასატორი ითხოვდა საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას და ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 14 მარტის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის განჩინება იმ მოტივით, რომ საქმის განხილვისას არ იყო დაცული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აპელანტ ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაქუმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 მარტის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის 2000 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო მორალური ზიანის – 10000 ლარის ანაზღაურების ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ზ. ს-ის სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდა.
თავდაცვის სამინისტროს დაკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით, ხოლო ზ. ს-ეს – 300 ლარის დენობით.
საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა როგორც ზ. ს-ის, ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი ზ. ს-ე საჩივარში მიუთითებდა, რომ იგი მუშაობს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში იურისკონსულტად, არ მიუღია 1994-1998-99 წ.წ. ხელფასი და კვების კომპენსაცია, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მას არ გააჩნდა არავითარი ფულადი დანაზოგი. 1999წ. იანვარში სოფლიდან ჩამოუვიდა ავადმყოფი დედა, რომლის მკურნალობისთვისაც საჭირო იყო გარკვეული რაოდენობის თანხა. ვინაიდან კასატორს სამსახურიდან ასაღები ჰქონდა გასული წლების კუთვნილი ხელფასი და კვების კომპენსაცია, მან არაერთხელ პატივით მიმართა თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ პირებს, რომელშიც სთხოვდა მათ დახმარებას აღნიშნული თანხების მიღებაში. მიუხედავად შეპირებისა, კასატორი ვერ ეღირსა თანხის მიღებას. უსახსრობის გამო სათანადოდ ვერ უმკურნალა დედას და ის 1999წ. აპრილში გარდაიცვალა. რადგანაც კასატორს დედის დასამარხი თანხა არ გააჩნდა, მან აიღო ვალი 1000 ლარის ოდენობით თვეში 10%-იანი სარგებლით. გაყიდა რა საოჯახო ნივთები და ავეჯი, ერთ წელიწადში გაისუტმრა პროცენტიანი ვალი, რომელიც იმ დროისათვის 2000 ლარს შეადგენდა.
გარდა მატერიალური ზარალისა კასატორს მიადგა მორალური ზიანიც, რადგანაც იგი თვლის, მას რომ დროულად მიეღო კუთვნილი თანხა, სათანადოდ უმკურნალებდა დედას და ის დღესაც ცოცხალი იქნებოდა.
ყოველივე ზემაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა:
1) გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის 10000 ლარის დაკისრებაზე და ამავე ნაწილში ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრებოდა 10000 ლარი.
2) გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას.
თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ თავდაცვის სამინისტროსათვის ზ. ს-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის დაკისრება უკანონოა.
ზ. ს-ის სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს ერიცხებოდა 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანება 984 ლარი. მან პატაკით მიმართა თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს, რათა გაეცათ აღნიშნული დავალიანება. დაუფინანსებლობის გამო ვერ მოხერხდა თანხის გაცემა. მის პატაკებზე მართალია გაკეთებულია შესაბამისი წარწერა სამსახურის ხელმძღვანელების მიერ, მაგრამ არ არის კონკრეტული თარიღი, როდის გახდებოდა შესაძლებელი თანხის გაცემა.
ზ. ს-ემ ვალი აიღო 10%-იანი სარგებლით. სკ-ს 625-ე მუხლის შესაბამისად პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს, რაც 2%, 3%-ით განისაზღვრება ეროვნულ ბანკში და არა 10%-ით, როგორც კონკრეტულ შემთხვევაშია მითითებული.
ზ. ს-ის მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია არაკანონიერად, რადგანაც სამინისტრო საბიუჯეტო ორგანიზაციაა, ბიუჯეტიდან ფინანსდება და შექმნილი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო მისი ბიუჯეტი სეკვესტრირებულია. მიუხედავად თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების უდიდესი სურვილისა დაიცვან პირთა კანონიერი უფლება, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ვერ ხერხდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმომადგენელი საკასაციო საჩივრების საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნას, ხოლო რაც შეეხება ზ. ს-ის საკასაციო საჩივარს, აღნიშნული ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ კასატორი მუშაობდა თავდაცვის სამინიტრსოს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მმართველობის იურისკონსულტად და თვეობით ვერ იღებდა ხელფასს.
რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს ნამდვილად გააჩნია ზ. ს-ის სახელფასო დავალიანება 984,92 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ზ. ს-ეს გააჩნდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისა, რომ დროულად და სრულად მიიღებდა სახელფასო დავალიანებას და რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის I და II ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას პირის კანონიერი ნდობის უფლება, მაგრამ საკასაციო სასამართლო საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია ზ. ს-ის მიერ სესხისა და სესხზე 10 თვის პროცენტის დარიცხვა, რასაც მოჰყვა ზ. ს-ის 2000 ლარით დაზარალება.
სკ-ს 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, აუცილებელია მსესხებლის სავალო ხელწერილი ან სხვა რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება მსესხებლისათვის განსაზღვრული ფულადი თანხის ან სხვა ნივთის გადაცემის ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილია ფიზიკურ პირთა განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ ზ. ს-ის მხრიდან სესხის ზეპირი ხელშეკრულების დადების ფაქტს, მაგრამ რაც შეეხება თავად ხელშეკრულებას ან სხვა რაიმე დოკუმენტს ზ. ს-ის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა, რაც საკასაციო სასამართლოს, ზემოაღნიშნული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, ართმევს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ვალის რეალურად არსებობის ფაქტი და შესაბამისად, იმსჯელოს იმ მატერიალურ ზარალზე, რაც შესაძლოა აღნიშნულს მოჰყოლოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო, მითითებული მოტივით, დასაბუთებულად მიიჩნევს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ აღნიშნული ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება ზ. ს-ის საკასაციო საჩივარს 10000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში მხარეს სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სკ-ს 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელფასო დავალიანების განზრახ ან გაუფრთხილებლობით გაუცემლობის ფაქტს, რომ ეს უკანასკნელი თავისი ქმედებით მართლსაწინააღმდეგოდ ცდილობდა ზ. ს-ის სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებას, რის გამოც ზ. ს-ის მოთხოვნა 10000 ლარის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
რაც შეეხება ზ. ს-ისათვის სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ოდენობით დაკისრების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მძიმე ქონებრივი მდგომარეობისა და სსკ-ს 47-ე მუხლის I ნაწილის პრინციპებიდან გამომდინარე, ზ. ს-ე გათავისუფლებული უნდა იქნას სასამართლო ხარჯების გადახდისაგან და მითითებულ ნაწილში მისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით. სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. თბილისის საოქლო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
4. ზ. ს-ის მოთხოვნა მორალური ზიანის 10000 ლარისა და მატერიალური ზიანის 2000 ლარის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს
5. ზ. ს-ის მოთხოვნა სასამართლო ხარჯების გადახდევინებისაგან გათავისუფლების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.