გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-55-კ-03 14 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: პრივატიზაციისა და ნაჩუქრობის ხელშეკრულებების გაუქმება, ბინის მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. პირველ ოქტომბერს ი.მ-მა და ჟინვალჰესის სამშენებლო სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს ლ.ე-ას, დ.ი-ის, ნ.ე-ას, თ.ე-ის და მესამე პირის ა.ხ-ის მიმართ და მოითხოვეს ნ.ე-ის მიერ ქ.თბილისში ... 1992წ. 24 ოქტომბერს განხორციელებული პრივატიზაციისა და 1995წ. 27 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება და ბინის ი.მ-ის ოჯახისათვის გადაცემა იმ საფუძვლით, რომ ი.მ-ის ოთხსულიანი ოჯახი ბინის მიღების აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1985 წლიდან. ჟინვალის სამშენებლო სამმართველოს პროფკომიტეტის 1994წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ე-ის 4 სულიან ოჯახს გამოეყო ოთხი ოთახი ქ.თბილისში ... მდებარე ¹13ა კორპუსში იმ დროისათვის მასზე რიცხულ ქ.თბილისში, ¹84 ოროთახიანი ბინის ორგანიზაციაზე ჩაბარებით.
1995წ. 5 იანვარს მ.ე-მა ოჯახის წევრებთან ერთად დადო ხელწერილი, რომლითაც ივალდებულა მასზე რიცხული ოროთახიანი ბინის ორგანიზაციაზე ჩაბარება შემდგომი განაწილების მიზნით, მის მიერ ბინის მიღების შემდეგ. 1995წ. 10 მარტს «ჟინვალჰესის» სამშენებლო სამმართველოს ხელმძღვანელობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც თემქაზე მდებარე ბინა დაუტოვა ე-ების ოჯახს. 1995წ. 27 ოქტომბერს მ.ე-მა აღნიშნული ბინა აჩუქა თავის დას. ამ უკანასკნელმა კი 1997წ. 29 აპრილს ბინა მიჰყიდა ა.ხ-ს, მაშინ, როდესაც მოსარჩელე ი.მ-ი განიცდიდა სივიწროვეს.
ი.მ-ის განცხადებისა და საქმის გადასინჯვის საფუძველზე 1997წ. 10 ივლისის ¹11 ოქმით «საქჰიდროენერგომშენის» ადმინისტრაციამ და გაერთიანებულმა პროფკომიტეტმა გააუქმა «ჟინვალჰესის» სამშენებლო სამმართველოს ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1995წ. 10 მარტის ¹26 საოქმო გადაწყვეტილება, ხოლო 1997წ. 23 ოქტომბერს სახაზინო საწარმო «ჟინვალჰესმშენებლის» ადმინისტრაციამ და პროფკომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე დაადგინეს, რომ თემქის დასახლებაზე მდებარე ე-ების ოჯახის გამონაცვალი ბინა გამოეყო ი.მ-ის ოჯახს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ «ჟინვალჰესის» სამშენებლო სამმართველოს ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის გადაწყვეტილებას სადავო ბინასთან მიმართებაში არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვებოდა, ვინაიდან ბინა მ.ე-ის მიერ 1992 წელს იყო პრივატიზებული იყო. ორგანიზაციას შეეძლო დავა მხოლოდ მისი სახსრებით აშენებულ და მის მიერ განაწილებულ ...ის ქუჩაზე მდებარე ბინაზე. თემქის ბინაზე ორგანიზაციას პრეტენზია შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ მაშინ, თუ მას და მ.ე-ს შორის, შესაბამისი წესით გაფორმდებოდა ხელშეკრულება ბინის გადაცემის, ჩუქების ან მიყიდვის შესახებ. რაც შეეხება ე-ის ოჯახის წევრების ხელწერილს ბინის ჩაბარების თაობაზე – იგი შეიძლება განხილულიყო როგორც ჩუქების შეპირება, რაც ჩუქების ვალდებულებას წარმოშობდა მხოლო მაშინ, როდესაც იგი დამოწმდებოდა სანოტარო წესით.
გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.მ-მა და მოითხოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოში დაბრუნება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით ი.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის მოტივით.
ი. მ-მა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და სასარჩელო განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით მოითხოვა თავისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი კი მიუთითებს, რომ გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. კასატორის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის (საკასაციო საჩივარში მითითებულია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა) 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, სრულად არის განმარტებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა, წესი და ვადა. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან უნდა დაიწყოს.
საქმეში 368-ე ფურცელზე არსებული კასატორის ხელწერილის თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიციო პალატის 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილების ასლი კასატორს პირადად ჩაბარდა 2002წ. 17 დეკემბერს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს დღე უნდა ჩაითვალოს დადგენილი წესით ი. მ-ისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად და საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლაც სსკ-ს 397-ე მუხლის თანახმად ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის შეტანა 2003წ. 22 იანვარს საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევას წარმოადგენს, რომლის გაგრძელებას (აღდგენას) სსკ-ს ზემოაღნიშნული მუხლი იმპერატიულად კრძალავს. შესაბამისად, კასატორის მიერ გასაჩივრების ვადის გადაცილებით შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და სსკ-ს 401-ე მუხლის თანახმად, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე ი. მ-მა დაადასტურა საკასაციო საჩივრის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით შეტანის ფაქტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, სსკ-ს 397-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს დადგენილი წესით.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.