¹ 3გ-ად-56-კ-03 2 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: საინკასო დავალების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 2 აპრილს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ სარჩელი აღძრა და თბილისის სააღსრულებლო ბიუროს 2002წ. 29 მარტის საინკასო დავალების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი განსახილველად უფლებამოსილ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
2002წ. 29 მარტს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის ანგარიშზე თბილისის სააღსრულებლო ბიუროს მიერ წარდგენილ იქნა საინკასო დავალება (თანხით 372451,78 ლარი), რომელიც მთელი რიგი ნორმატიული აქტების დარღვევით არის შესრულებული. კერძოდ, “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” კანონის შესაბამისად, აღსასრულებელ სასამართლო გადაწყვეტილებათა დაფინანსების წყაროს სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ფონდი წარმოადგენს. სწორედ ამ ფონდიდან უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტულების, როგორც ნებაყოფლობითი, ისე იძულებითი აღსრულება. ამასთან, საინკასო დავალებაში მითითებული არ არის ნორმატიული აქტის სახელწოდება, მუხლი, რომლითაც სახსრების მიმღებს მინიჭებული აქვს თანხის უდავო წესით ჩამოჭრის უფლება, რითაც დარღვეულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის @¹220 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს უნაღდო ანგარიშსწორების” წესების მოთხოვნები. საინკასო დავალებაში მითითებულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის არ არსებული 133-ე მუხლი. საინკასო დავალებით ასევე არასწორადაა დაკისრებული სააღსრულებო მოსაკრებელი, რადგან “მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” კანონის შესაბამისად მოსაკრებლებს იხდიან იურიდიული პირები, ხოლო მოვალე იურიდიულ პირს არ წარმოადგენს.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინებით, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საინკასო დავალების მოქმედება შეჩერებულ იქნა. 15 აპრილის განჩინებით კი, სასამართლოს ინიციატივით, საქმეში მესამე პირად თავდაცვის სამინისტროს ¹... ... სამმართველო იქნა ჩაბმული.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა,ხოლო ამავე სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე ძალადაკარგულად ჩაითვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს მიერ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. Gგაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს სარჩელი თბილისის ვაკე-საბურთალოს სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 29 მარტს საინკასო დავალების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ მიიჩნია, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 921-ე მუხლის მე-2 ნაწილი გამორიცხავს სადავო საინკასო დავალების ძალაში დატოვების შესაძლებლობას, ვინაიდან მოცემული მუხლის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების შემთხვევაშიც კი, ფინანსთა სამინისტროს ეკრძალება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ მიცემული წინადადების რიგითობის დარღვევა. ამასთან, საბიუჯეტო სახსრების აღსრულების მიმართულებით წარმართვა გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების კანონით დადგენილი ხარჯვის მიზნობრიობის დარღვევას და ხარჯების დაწესებული დონიდან გადახრას. “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად კი წლის განმავლობაში შემოსავლისა და ხარჯების დონიდან გადახრა, რომელიც დამატებით ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, საქართველოს პარლამენტის განხილვის საგანს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ფინანსთა სამინისტროსათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, რომელსაც განსახილველ საქმესთან არანაირი შეხება არა აქვს. სასამართლომ არ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 921-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ იძულებითი აღსრულება, გაფრთხილებიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ არ გამოიყენა აგრეთვე “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ აღსრულების ფონდით გათვალისწინებული სახსრები არ იქნება საკმარისი კასატორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თხოვნით. ამდენად, სახსრების არარსებობა არ არის საინკასო დავალების გაუქმების და შესაბამისად აღსრულების შეწყვეტის საფუძველი.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 921-ე მუხლის მეორე ნაწილით და არასწორად განმარტა იგი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თბილისის სააღსრულებლო ბიუროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ წლის განმავლობაში აღსრულების ფონდით გათვალისწინებული სახსრები საკმარისი არ იქნება კასატორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თხოვნით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით, მაგრამ მას არ გამოუყენებია მითითებული კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც სწორედ იმ შემთხვევას არეგულირებს, როდესაც აღსრულების ფონდით გათვალისწინებული სახსრები არ არის საკმარისი კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სახსრების არარსებობა არ წარმოადგენს საინკასო დავალების გაუქმების და აღსრულების შეწყვეტის საფუძველს, რასაც საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 2 სექტემბრის @¹220 ბრძანებულებით დამტკიცებული უნაღდო ანგარიშსწორების წესები ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, საინკასო დავალება მიღებულ უნდა იქნეს ანგარიშსწორების ანგარიშზე სახსრების არსებობის მიუხედავად. ანგარიშსწორების ანგარიშზე სახსრების უკმარისობის შემთხვევაში დავალება აიღება კარტოთეკაში და განაღდება მოხდება პირველ რიგში მთლიანად ან ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო საინკასო დავალება არ შეიძლება იყოს ძალაში, რადგან იძულებითი აღსრულების შემთხვევაშიც კი, ფინანსთა სამინისტროს ეკრძალება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ მიცემული წინადადებების რიგითობის დარღვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 921-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებას, რომ მან მევალეებზე თანხები უნდა გასცეს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ მიცემული წინადადებების რიგითობის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ნებაყოფლობით აღსრულებისას თანხების გაცემის რიგითობის წესს ადგენს. ზემოთ მითითებული კანონის 921 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს სასამართლო გადაწყვეტილების ნაბაყოფლობითი აღსრულების შესახებ წინადადების მიცემიდან 3 თვის შემდეგ, ან მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი უარს განაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნებების გამოყოფაზე.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, ვერ იმსჯელებს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის საოქმო განჩინებაზე, რადგან ამ ნაწილში ფინანსთა სამინისტროს არც საკასაციო და არც შეგებებული საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია. თუმცა მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, მართლაც იხილება თუ არა რაიონულ სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს სარჩელი თავდაცვის სამინისტროს ¹... ... სამმართველოს მიმართ, რომლის გადაწყვეტასაც ამ საქმის განხილვასთან არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.