Facebook Twitter

3გ/ად-57-კ-02 8 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კასატორი თ. ჭ-ა 1955წ. ოქტომბრიდან 1999წ. პირველ ივნისამდე მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისა და დაზვერვის სისტემაში, იყო სამხედრო მოსამსახურე, ოფიცერი, წოდებით პოლკოვნიკი, მისი სამხედრო სტაჟი შეადგენს 43 კალენდარულ წელს. 1999წ. პირველი ივნისიდან, ზღვრული ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან გადადგომით, რა დროისთვისაც მისი ხელფასი ანუ ფულადი კმაყოფა შეადგენდა 238 ლარს და 45 თეთრს. 1999წ. ივნისიდან ხელშეკრულებით, როგორც დაქირავებულმა, 2000წ. სექტემბრამდე იმუშავა საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში. თ. ჭ-ამ 2001წ. 2 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საფინანსო განყოფილებისათვის 1997წ. დეკემბერში ერთდროულ დახმარებაზე დაკლებული 92.01 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ხოლო საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საფინანსო განყოფილებისათვის მოსარჩელემ მოითხოვა 1998წ. განმავლობაში და 1999წ. პირველ კვარტალში სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ფულად კომპენსაციაზე დაკლებული 12,50 ლარის, 1998წ. მეოთხე კვარტლის ჯილდოს 123,73 ლარის, 1998წ. სექტემბერში და 1999წ. მარტში ერთდროულ მატერიალურ დახმარებებზე დაკლებული 104,17 ლარისა და 114,69 ლარის, სულ 248,86 ლარის, 1999წ. მაისში ერთდროულ გასასვლელ დახმარებაზე დაკლებული 1376,28 ლარის, 1999წ. ივლის-დეკემბერში და 2000წ. იანვარ-სექტემბერში საშემოსავლო გადასახადის უკანონოდ დაქვითვის შედეგად ხელფასიდან ზედმეტად გადახდილი თანხის 39,40 ლარის, სულ 1820,40 ლარის დაკისრება. ამასთან, მოსარჩელემ ზედმეტად გადახდილი და დაკლებული თანხების გადახდა მოიხოვა ლარის ინფლაციის გათვალისწინებით.

მოსარჩელის მითითებით 1998 წლამდე, საქართველოს უშიშროების სამინისტროში სამსახურის დროს, საფინანსო განყოფილების მიერ არასწორად იქნა გაანგარიშებული 1997წ. დეკემბერში შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით გაცემული ერთდროული მატერიალური დახმარება, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-8 პუნქტის მეორე ნაწილი. თ. ჭ-ას ფულადი ანაზღაურება ამ დროისათვის შეადგენდა 174 ლარსა და 71 თეთრს, დახმარების სახით კი მისცეს 82 ლარი და 65 თეთრი, მხოლოდ თანამდებობისა და სამხედრო წოდების სარგოთა ჯამი, რითაც დააკლეს 92,06 ლარი. იგივე მოტივით 1998-99 წლების საშვებულებო ერთდროულ დახმარებაზე მისმა დანაკლისმა 1998 წელს შეადგინა 104,17 ლარი, 1999 წელს კი 114,69 ლარი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ეძლეოდათ კვარიტალში ერთხელ, სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაცია, რაც შეადგენდა 69 ლარს. დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საფინანსო განყოფილებამ კომპენსაცია შეამცირა 2,50 ლარით და 1998წ. ოთხ კვარტალში დააკლდა 10 ლარი, 1999წ. პირველ კვარტალში კიდევ 2,50 ლარი, სულ 12,50 ლარი.

1999წ. მაისში სამხედრო სამსახურიდან თ. ჭ-ა დათხოვნილ იქნა გადადგომით, ზღვრული ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მითითებით, “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” 1995წ. 17 ოქტომბრის კანონის მე-14 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მას ერგებოდა ერთდროული გასასვლელი მატერიალური დახმარება 12 თვის სარგოს ანუ მთლიანი ხელფასის ოდენობით, როგორც შეიარაღებული ძალების ვეტერანს, რომელმაც სამხედრო სამსახურში იმსახურა 25 კალენდარულ წელზე მეტი. სრული ოდენობით დახმარების მაგივრად მას მისცეს მხოლოდ 12 თვის თანამდებობისა და სამხედრო წოდების სარგოთა ჯამი, რითაც დააკლეს 1376,28 ლარი. თადარიგში გასვლის შემდეგ, თ. ჭ-ამ დაზვერვის დეპარტამენტში კონტრაქტით გააგრძელა მუშაობა თვეში 120 ლარის ხელფასით, საფინანსო განყოფილება მას საშემოსავლო გადასახადით, 20%-ით უქვითავდა ხელფასს, რის გამოც 1999წ. ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, მოსარჩელის აზრით, ზედმეტად იქნა დაქვითული 41,80 ლარი, ხოლო 2000წ. დასაწყისიდან ოქტომბრამდე – 47,20 ლარი.

თ. ჭ-ას სარჩელი არ ცნო მოპასუხე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ.

2001წ. 7 ივნისს თ. ჭ-ამ დამატებითი სასარჩელო განცხადება შეიტანა ვაკე-საბურთალს რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დამატებით 1998წ. მარტში ჯილდოზე და ფორმის ტანსაცმლის ფულად კომპენსაციაზე უკანონოდ დაქვითული 25,15 ლარის, 1998წ. ივნისში ჯილდოზე და ფორმის ტანსაცმლის ფულად კომპენსაციაზე დაქვითული 22,59 ლარის, 1998წ. სექტემბერში ჯილდოზე და ფორმის ტანსაცმლის ფულად კომპენსაციაზე უკანონოდ დაქვითული 26,93 ლარის, იმავე წლის დეკემბერში ჯილდოზე დაკლებული 99,76 ლარის, 1999წ. მარტში ერთდროული მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს უკანონოდ დაბეგვრის შედეგად უკანონოდ დაქვითული 19,43 ლარის, ანაზღაურება სულ, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დამატებით 193,36 ლარის დაკისრება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საფინანსო განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 ლარისა და 26 თეთრის გადახდა, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საფინანსო განყოფილებას დაეკისრა 92,06 ლარის გადახდა. თ. ჭ-ას მოთხოვნას იმ ნაწილში, რომ გადახდა მოხდეს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროისათვის არსებულ კურსს, ეთქვა უარი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზვერვის სახელმწიფო დეპანტამენტის საფინანსო განყოფილებამ და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტს 2014,26 ლარის ნაცვლად დაეკისრა 102,65 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ თ. ჭ-ამ სასარჩელო განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე თავდაპირველად მიმართა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტს 2000წ. 21 სექტემბერს, საიდანაც უარყოფითი პასუხი მიიღო 2000წ. 7 ნოემბერს, ხოლო სარჩელი აღძრა 2001წ. 2 აპრილს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თ. ჭ-ამ ყველა მოთხოვნაზე გაუშვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. აღნიშნული კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ ვადაში გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ მოხელეს და დამხმარე მოსამსახურეს. თ. ჭ-ას, როგორც მოხელეს შეეძლო სასამართლოში ედავა მხოლოდ 1999წ. ივლისამდე, პენსიაში გასვლიდან ერთ თვემდე, რითაც მან დროულად არ ისარგებლა. როგორც შტატგარეშე მოსამსახურეს, თ. ჭ-ას 1999წ. ივნისიდან, სსკ-ს შესაბამისად, შრომის დავასთან დაკავშირებით მოპოვებული ჰქონდა სასამართლოში მიმართვის უფლება. 361-ე მუხლით სარჩელის შეტანის ვადად განსაზღვრული იყო ერთი თვე. 2000წ. პირველი იანვრიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. ჭ-ას დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან (2000წ. 7 ნოემბრიდან) 6 თვის ვადაში შეეძლო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსის მოქმედებების გასაჩივრება, რაც განახორციელა აღნიშნულ ვადაში. ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს აზრით, თ. ჭ-ას მოთხოვნებიდან განხილული უნდა იქნეს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების ის მოქმედებები, რომლებიც განხორციელდა 2000წ. 21 სეტემბრამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ე.ი. რომელიც ეხება დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში თ. ჭ-ას ხელშეკრულებით მუშაობასთან დაკავშირებულ ანაზღაურებას.

სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ თ. ჭ-ა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში ხელშეკრულებით მუშაობის პერიოდში არ ასრულებდა ძირითად სამუშაოს და მისთვის აღნიშნული სამუშაო იყო არაძირითადი იმის გამო, რომ იგი იყო პენსიონერი, შტატგარეშე თანამშრომელი, არ იყო დანიშნული ბრძანებით, სამსახურში მიტანილი არ ჰქონდა შრომის წიგნაკი. შრომითი ხელშეკრულებიდან არ ჩანს, რომ თ. ჭ-ა იყო არაძირითად სამუშაოზე მიღებული, იგი ასრულებდა განყოფილების უფროსის მოვალეობას, აღნიშნული სამუშაო მისთვის არ იყო შეთავსებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ჭ-ას მუშაობა უნდა ჩაითვალოს ძირითად სამუშაოდ და როგორც ძირითად სამუშაოზე მომუშავეს, უნდა დაკავებოდა საშემოსავლო გადასახადი. დაზვერვის დეპარტამენტს პალატამ დააკისრა ხელფასზე უკანონოდ დაქვითული 27,64 ლარი, ასევე 75,04 ლარი, რადგან აპელანტმა აღნიშნული დავალიანება აღიარა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჭ-ამ, რომელმაც შემდეგი მოტივით მოითხოვა მისი გაუქმება და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2001წ. 5 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი, რადგან აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოს წევრებზე, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებზე, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეებზე, სამხედრო მოსამსახურეებზე. ამ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე. “სამხედრო სამსახურის შესახებ” 1998წ. 26 ივნისის კანონით სამხედრო მოსამსახურეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის სამხედრო ძალებში. მე-20 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები, სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია მეთაურის მეშვეობით ან პირადად სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.

კასატორი მიიჩნევს, რომ სამხედრო მოსამსახურე არ არის მოხელე, არამედ სამართლის სპეციალური სუბიექტია და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები მასზე არ ვრცელდება. “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესახებ” და “საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ” კანონების თანახმად, ამ უწყებების სამხედრო მოსამსახურეები მთლიანად გათანაბრებულები არიან თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან. კასატორის მითითებით, სასარჩელო განცხადებით მან ითხოვა მისთვის უკანონოდ დაკავებული თანხების ანაზღაურება. რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული მოქმედება მას არ გაუსაჩივრებია, რაც არ იძლევა საფუძველს მის მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გამოყენებისა.

თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ ცნო საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. თბილისის საოლქო სასამართლომ თ. ჭ-ას საქმის განხილვისას იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით და კასატორი მიიჩნია საჯარო მოხელედ, რასაც არ იზიარებს კასატორი და თვლის, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”, “საქარველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესახებ” და “საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ” კანონების თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არ არის მოხელე, არამედ სამართლის სპეციალური სუბიექტია, ამიტომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მასზე ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება და გადაწყვეილება უნდა გაუქმდეს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ მოტივს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის არამართებულად გამოყენების თაობაზე ვერ გაიზიარებს, უსწორობის გამო და ვერც სამხედრო მოსამსახურის ე.წ. სამართლის სპეციალურ სუბიექტობას დაეთანხება, რადგან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქარველოს სამხედრო ძალებში. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახეა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით ერთიანი საჯარო-სამსახურის სახეა სახელმწიფო სამსახური, ხოლო მოსამსახურე, რომელსაც სამსახურებრივი ურთიერთობა აქვს სახელმწიფოსთან, სახელმწიფო მოსამსახურეა (“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-2 ქვეპუნქტი).

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის მოსაზრებას, რომ სამხედრო მოსამსახურე არ არის მოხელე, არამედ სამართლის სპეციალური სუბიექტია და ამიტომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საერთოდ გამოყენება სამხედრო მოსამსახურეებთან მიმართებაში არასწორია, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო (საჯარო) მოსამსახურეა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” და “ზ” ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მოქმედება მათზე ზოგადად ვრცელდება, თუ საქართველოს კონსტიტუციითა და სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ზოგადად გამოუყენებლობაზე, მაგრამ ეთანხმება საკასაციო საჩივარს დავის გადაწყვეტისას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის I პუნქტის გამოყენების უმართებულობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ნორმის მიხედვით: “მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება”. სწორედ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გადაცილების გამო ეთქვა უარი თ.ჭ-ას მოთხოვნათა უმეტესობას, რომლებიც ეხებოდა 1998-99 წლებში სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ფულად კომპენსაციაზე დაკლებული, ამავე პერიოდის შვებულებასთან დაკავშირებულ ერთდროულ მატერიალურ დახმარებაზე და სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ ერთდროულ გასასვლელ დახმარებაზე დაკლებული თანხების, ასევე მიუღებელი ჯილდოსა და საშემოსავლო გადასახადით ზედმეტად დაბეგრილი თანხების ანაზღაურებას, სულ 2014,26 ლარის ოდენობით.

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის I-III პუნქტების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფოს კმაყოფაზეა, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისათვის შეიძლება მას მიეცეს ფულადი ჯილდო ან მატერიალურ დახმარება. სახელმწიფოს ხარჯზე მასვე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამრიგად, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე თ. ჭ-ა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითხოვდა, მისი აზრით, დაკლებული (მიუღებელი) დახმარება _ ჯილდოსა და ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციას ე.ი. კასატორი ითხოვდა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას და სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული რაიმე ბრძანება _ განკარგულება ან მოქმედება მის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. ვინაიდან სამართლებრივად განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს 1998 წლიდან პერიოდულად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, საკასაციო პალატის აზრით, თ. ჭ-ას სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც: “ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია”. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოტივს სააპელაციო სასამართლოს მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის არასწორად გამოყენების შესახებ, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

კასატორი დამატებითი სასარჩელო განცხადებით ასევე ითხოვდა 1998 წლიდან ჯილდოზე, ფორმის ტანსაცმლის ფულად კომპენსაციასა და ერთდროულ მატერიალურ დახმარებაზე, ასევე 1999წ. ივლისიდან 2000წ. სექტემბრამდე ხელფასზე საშემოსავლო გადასახადით არასწორად დაბეგრილი, ზედმეტად გადახდილი თანხის ანაზღაურებას. სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, იმსჯელა მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში თ. ჭ-ას სახელშეკრულებო მუშაობასთან დაკავშირებული ხელფასის დაბეგვრის საკითხებზე 2000წ. მარტის თვიდან, ხოლო წინა პერიოდის მოთხოვნებზე კასატორს უარი უთხრა სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და მიაჩნია საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის საკითხებზე სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე არასწორად იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რადგან საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილით აკრძალულია არასაგადასახადო კანონმდებლობით გადასახადების დაბეგვრასთან დაკავშირებული, მათ შორის სარჩელის ხანდაზმულობის, საკითხების გადაწყვეტა, ხოლო ამავე კოდექსის 237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია საგადასახადო პერიოდის დამთავრებიდან 6 წლის (და არა 6 თვის) განმავლობაში მოითხოვოს გადახდილი გადასახადის დაბრუნება. ამასთან, საკასაციო პალატა საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ნაწილში საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტს სათანადო მოპასუხედ მიიჩნევს, რადგან საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს საგადასახადო აგენტს, რომელსაც ევალება გადასახადის წყაროსთან გადასახადის დაკავება.

ამდენად, საკასაციო პალატა, ნაწილობრივ იზიარებს თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან სააპელაციო პალატის მითითება თ. ჭ-ას სარჩელის ხანდაზმულობაზე უმართებულოა, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა სკ-ს 129-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცსო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.