Facebook Twitter

3გ-ად-58-კ-03 10 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: პენსიაზე ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატის დარიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 18 მარტს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ვ. ი.-მ მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ვ. ი.-ე არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი და ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი.

მოსარჩელე თვლიდა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად, მას ეკუთვნოდა პენსიაზე დანამატი ორი მინიმალური პენსიის ოდენობით, რის გამოც სარჩელით ითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ პენსიაზე დანამატის _ ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დარიცხვის დაკისრება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ი.-მ, რომელმაც ითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განჩინება დაამყარა შემდეგ საფუძვლებზე:

ვ. ი.-ე არის პერსონალური პენსიონერი, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი და მე-2 ჯგუფის ინვალიდი, მაგრამ მას არ გააჩნია სამხედრო სამსახურში სათანადო წელთა ნამსახურობა და არ არის ოფიცერი, რის გამოც მასზე არ უნდა გავრცელდეს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათები.

აღნიშნული განჩინება ვ. ი.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

საკასაციო საჩივრით კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სასარჩელო მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ვ. ი.-ე არის პერსონალური პენსიონერი, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი და მე-2 ჯგუფის ინვალიდი. იგი არ წარმოადგენს სამხედრო ან შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირს, რომელმაც ომის შემდეგ გააგრძელა სამხედრო სამსახური. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის თანახმად კი, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით, საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირებს, კერძოდ, ამ მუხლის “ა” პუნქტი ეხება ოფიცრებს, ზოგადად _ სამხედრო მოსამსახურეებს, შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს, ხოლო “ბ” პუნქტი ეხება სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ სამხედრო მოსამსახურეებს. აღნიშნულ კატეგორიათა რიცხვს ვ. ი.-ე არ მიეკუთვნება, რადგან იგი არ არის ოფიცერი და არ დაინვალიდებულა სამხედრო სამსახურის დროს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ზემოთ მითითებული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოხუცებულობის პენსიაზე დანამატის _ მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით _ დანიშვნის უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ი.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.