გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-62-კ-03 23 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ.კ კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საბაჟო გადასახადის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002წ. 8 თებერვალს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შპს “ყ. ს-სათვის” საგადასახადო შეღავათებით უკანონოდ სარგებლობის შედეგად საბაჟო გადასახადების სახით წარმოქმნილი დავალიანების 44810,94 აშშ დოლარის და საურავის სახით 66500 აშშ დოლარის დაკისრება, აგრეთვე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს “ყ. ს-ის” უძრავ და მოძრავ ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე ყადაღის დადება იმ საფუძვლით, რომ შპს “ა-ა”, შემდგომში Dშპს “ყ. ს.” რეგისტრირებულია თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996წ. 10 ივნისის დადგენილებით, საზოგადოების წესდების კაპიტალი განისაზღვრა 1000 აშშ დოლარით ეროვნულ ვალუტაში და პარტნიორთა შორის წილები განაწილდა შემდეგნაირად: ფ-ი ზ. – 340 აშშ დოლარი, ანუ 33%, ჯ-ი გ. – 330 აშშ დოლარი, ანუ 33%, კორპორაცია “ს. თ. კ.” _ 330 აშშ დოლარი, ანუ 33%.
შპს “ა-აზე” საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიური ურთიერთობების სამინისტროს უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ 1996წ. 26 თებერვალს გაიცა უცხოური ინვესტიციის ლიცენზია ¹139, რომლის თანახმად ინვესტიციების ობიექტს წარმოადგენს შპს “ა-ა”, ინვესტიციის ღირებულებაა 102025 აშშ დოლარი, ინვესტორის წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 33%-ს. ლიცენზიაში ასევე მითითებულია, რომ უცხოური ინვესტიცია სარგებლობს “უცხოური ინვესტიციის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლით მინიჭებული შეღავათებით. მოსარჩელის მოსაზრებით, ასეთი შეღავათებით სარგებლობისათვის კი აუცილებელია, რომ საწარმო აკმაყოფილებდეს ზემოთ მითითებული კანონის 21.2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ უცხოელი ინვესტორის წილი უნდა შეადგენდეს საწარმოს საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20%-ს და 100.000 აშშ დოლარს, ხოლო შპს “ყ. ს-ის” მიერ წარმოდგენილი დიდუბის რაიონის სასამართლოს დადგენილების შესაბამისად ინვესტორის წილი საწესდებო კაპიტალში ფულადი შესატანის სახით შეადგენს მხოლოდ 330 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ “ყ. ს.” 1996წ. 26 ნოემბრიდან უკანონდ სარგებლობდა საგადასახადო შეღავათებით და მას უნდა დაეკისროს საბაჟო გადასახდელების სახით წარმოქმნილი დავალიანება 44810,94 აშშ დოლარის და საურავის სახით 66500 აშშ დოლარის დაფარვა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სარჩელი. შპს “ყ. ს-ს” დაეკისრა საბაჟო გადასახადის 44810,94 აშშ დოლარის გადახდა. საბაჟო დეპარტამენტს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შპს “ყ. ს-ისათვის” საურავის 66500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ყ. ს-ის” გენერალურმა დირექტორმა თბილისის საოლქო სასამართლოში. აპელანტმა საჩივარში აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მოითხოვა მისი გაუქმება “ყ. ს-ისათვის” ძირითადი თანხის 44810,94 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ყ. ს-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სარჩელს მთლიანად ეთქვა უარი შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი, რომლითაც შპს “ყ. ს-ს” დაეკისრა საბაჟო გადასახადის 44810,94 აშშ დოლარის გადახდა, გაუქმებულ უნდა იქნეს, რადგან სსკ-ს 393-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევითაა გამოტანილი, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტროს მიერ შპს “ა-აზე” 1996წ. 26 ნოემბერს გაცემული ¹139 უცხოური ინვესტიციის ლიცენზიით, უცხოური ინვესტიცია სარგებლობს “უცხოური ინვესტიციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლით მინიჭებული შეღავათებით, უცხოური ინვესტიციის ღირებულებაა 102025 აშშ დოლარი, უცხოური ინვესტიციის წილის ოდენობა საწესდებო კაპიტალში 33%. მითითებული კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, უცხოური ინვესტიციის ლიცენზია აუცილებელი დოკუმენტია, როგორც სამეწარმეო, ისე სხვა საქმიანობაში უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის. ამავე კანონის 18.2 მუხლის თანახმად, უცხოური ინვესტიციის ლიცენზია ძალაშია ინვესტიციის განხორციელების დასრულებამდე, თუ არ მოხდა მისი ვადამდე ბათილად ცნობა სასამართლო წესით, ან თუ არ მოხდა იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელიც დაიდო ამ კანონის ამ მუხლის მიხედვით წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ლიცენზიის შესაბამისად. ხოლო 18.3 მუხლის: თანახმად ლიცენზიის სასამართლოს წესით ბათილად ცნობის საფუძველია ინვესტიციის განუხორციელებლობა 18.1 პუნქტით განსაღვრულ ვადაში ან მისი განხორციელება მიღებული ლიცენზიისა და საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვიდრე სასამართლოს წესით ბათილად არ იქნება ცნობილი შპს “ა-აზე” გაცემული უცხოური ინვესტიციების ლიცენზია, ითვლება, რომ ეს ლიცენზია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა აღებული და რადგან სსკ-ს 248-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად, “სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა” და სასამართლო მოკლებულია უფლებას იმსჯელოს სარჩელის არ არსებობის გამო მის კანონიერებაზე, შპს “ა-ას” ლიცენზიის გაცემის დღიდან 5 წლის განმავლობაში უნარჩუნდება “უცხოური ინვესტიციების შესახებ” 1995წ. 30 ივნისის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები საქმიანობის იმ სფეროში, რომელზეც გაცემულია უცხოური ინვესტიციის ლიცენზია.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან მხარეების განმარტებით შპს “ყ. ს.” სარგებლობდა უცხოური ინვესტიციების შესახებ” საქართველოს 1995წ. 30 ივნისის კანონის 21.17 მუხლით გათვალისწინებული შეღავათით ამდენად, “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე შპს “ყ. ს.” კანონის შესაბამისად სარგებლობდა საგადასახადო შეღავათებით, რის გამოც, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს უარი ეთქვა სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შპს “ყ. ს-ისათვის” საგადასახადო შეღავათებით უკანონოდ სარგებლობის შედეგად საბაჟო გადასახდელის სახით წარმოქმნილი დავალიანების 44810,94 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება 49810,94 აშშ დოლარის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, ქ.თბილისის საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა “უცხოური ინვესტიციების შესახებ” საქართველოს კანონის 14.1, 16.1, 21.2, 21.17, 21.19 მუხლები და არასწორად განმარტა ამავე კანონის 18.2 და 18.3 მუხლები.
ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ 1996წ. 26 ნოემბერს გასცა უცხოური ინვესტიციის ლიცენზია ¹139. ინვესტიციის ობიექტად მითითებული იყო შპს “ა-ა”. მითითებული ლიცენზია ძალაში იყო ინვესტიციის განხორციელების დასრულებამდე, კონკრეტულ შემთხვევაში, 1996წ. 25 ოქტომბრიდან 1997წ. 25 აპრილამდე ამდენად, აღნიშნული ლიცენზიით შპს “ა-ას” შეეძლო ესარგებლა მხოლოდ 1996წ. 25 ოქტომბრიდან 1997წ. 25 აპრილამდე, “უცხოური ინვესტიციების შესახებ” კანონის 21.16 მუხლით დადგენილი შეღავათებით და არა მთლიანად 21-ე მუხლით.
კასატორის აზრით, დაუშვებელია, რომ სუბიექტზე, რომელიც სარგებლობს “უცხოური ინვესტიციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ერთ-ერთი პუნქტის შეღავათებით, გავრცელდეს ამავე მუხლის სხვა პუნქტების შეღავათები მექანიკურად იმ ვარაუდით, რომ სუბიექტის სახელზე ერთხელ უკვე იყო გაცემული ინვესტიციის ლიცენზია.
კასატორის მითითებით “უცხოური ინვესტიციების შესახებ” საქართველოს კანონის 21.17 და 21.19 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისათვის, აუცილებელია, რომ სუბიექტი აკმაყოფილებდეს მითითებული კანონის 21.2 მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად შეღავათები ვრცელდება მხოლოდ უცხოელ ინვესტორზე ან უცხოური ინვესტიციების შექმნილი საწარმოზე, სადაც უცხოელი ინვესტორის წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20%-ს და 100 ათას აშშ დოლარს. კონკრეტულ შემთხვევაში კი შპს “ყ. ს.”-ს საწესდებო კაპიტალი შეადგენს მხოლოდ 1000 აშშ დოლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ფონანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს ამ გარემოებას, რომ კასატორის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით უკანონოდ სარგებლობის შედეგად შპს “ყ. ს-ისთვის” საბაჟო გადასახდელების სახით წარმოქმნილ დავალიანების 44810,94 აშშ დოლარისა და საურავის სახით 66500 აშშ დოლარის დაფარვის დაკისრება მას რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში არ მოუთხოვიათ მოპასუხეზე 1996წ. 26 ნოემბერს გაცემული უცხოური ინვესტიციების ლიცენზიის ბათილობა. “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეკრულების და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებს, რომლებმაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე აიღეს უცხოური ინვესტიციის ლიცენზია, მისი გაცემის დღიდან 5 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ “უცხოური ინვესტიციის შესახებ” 1995წ. 30 ივნისის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები საქმიანობის იმ სფეროში, რომელზეც გაცემულია უცხოური ინვესტიციის ლიცენზია. “უცხოურ ინვესტიციების შეასახებ” კანონის მე-16 მუხლით დადგენილია, რომ უცხოური ინვესტიციის ლიცენზია აუცილებელი დოკუმენტია, როგორც სამეწარმეო, ისე სხვა საქმიანობაში უცხოური ინვესტიციის განხორციელებისათვის, ხოლო 18.2 მუხლის თანახმად – უცხოური ინვესტიციის ლიცენზია ძალაშია ინვესტიციის განხორციელების დასრულებამდე, თუ არ მოხდა მისი ვადამდე ბათილად ცნობა სასამართლოს წესით ან თუ არ მოხდა იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელიც დაიდო ამ კანონის ამ მუხლის მიხედვით წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვიდრე არ დადგებოდა საკითხი მითითებულ ლიცენზიის ბათილად ცნობის თაობაზე და არ იქნებოდა ასეთად მიჩნეული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, შპს “ყ. ს-ს” უფლება ჰქონდა ესარგებლა “უცხოური ინვესტიციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ შპს “ყ. ს-ს” შეეძლო ესარგებლა “უცხოური ინვესტიციის შესახებ” კანონის მხოლოდ 21.16 და არა მთლიანად 21-ე მუხლით დადგენილი შეღავათებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოთხოვნები იმ ნაწილშიც, რომ შპს “ყ. ს-ზე” გაცემულ ¹139 ლიცენზია წარმოადგენს უცხოური ინვესტიციის განხორციელების უფლებას 102025 აშშ დოლარზე და მასზე მექანიკურად არ უნდა გავრცელდეს “უცხოური ინვესტიციის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის შეღავათები იმ საფუძვლით, რომ სუბიექტის სახელზე ერთხელ უკვე იყო გაცემული უცხოური ინვესტიციის ლიცენზია, მით უმეტეს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა და საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება შპს “ყ. ს-ის” მიერ მითითებული ლიცენზიით დადგენილი უცხოური ინვესტიციის ღირებულებაზე მეტი ოდენობის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე. ამავე საფუძვლით საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, თუ რამდენად შეესაბამება “უცხოური ინვესტიციის შესახებ” კანონის მოთხოვნებს შპს “ყ. ს-ის” საწესდებო კაპიტალის ოდენობა და პარტნიორთა წილობრივი მონაცემები.
აღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.