3გ-ად-63-კ-02 23 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის მერიის 2001წ. 25 მაისის ¹4 ბრძანებით ქ. ქუთაისში, მსუბუქ გადასატან სადგომებზე, 457 ადგილზე, ვაჭრობის უფლების მოსაპოვებლად გამოცხადდა აუქციონი. ბრძანების ¹3 დანართის მიხედვით, აუქციონზე გამარჯვებულ პირებზე ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელი იყო, რომ მერიის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტისათვის მათ წარედგინათ სასამართლოსა და საგადასახადო ინსპექციაში გავლილი რეგისტრაციის დამადასტურუბელი დოკუმენტი, ასევე აუქციონზე დაფიქსირებული თანხის სრულად დაფარვის ქვითარი. მერიის აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2001წ. 14,18-20 ივნისს აუქციონზე მონაწილეობა მიიღო მ.ყ.-მ, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა აუქციონზე გამოტანილ 159 ადგილზე.
2001წ. 10 ივლისს მ.ყ.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ მან აუქციონზე გამარჯვების შემდეგ ქუთაისის მერიაში სავაჭრო ადგილების შესაძენად შეიტანა 7807 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა არ შეუტანია, ვინაიდან მერიამ ვერ უზრუნველყო მათ მიერ აუქციონზე შეძენილი ადგილების გარემოვაჭრეებისაგან გამოთავისუფლება. ამასთან, მერიის მითითებით გამოთავისუფლებულ ადგილებზე დასამონტაჟებლად შეიძინა 6 ცალი მაცივარი, რისთვისაც გადაიხადა 4347 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ მერიამ ვერ უზრუნველყო მის მიერ აუქციონზე შეძენილი ობიექტების გამოთავისუფლება, მან მიუღებელი მოგების სახით განიცადა 20000 ლარის ზარალი. საბოლოოდ, მოსარჩელემ ქუთაისის მერიისგან მოითხოვა სავაჭრო ადგილების შესაძენად გადახდილი 7807 ლარის, მაცივრების ღირებულების 4347 ლარის, ტრანსპორტირების ხარჯების 300 ლარის, მიყენებული მატერიალური ზარალის 20000 ლარის, ასევე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 824 ლარისა და აღსრულების ხარჯების ანაზღაურება. საერთო ჯამში მოსარჩელემ მოპასუხისგან მოითხოვა 32954 ლარის გადახდა.
სარჩელი არ ცნო ქუთაისის მერიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ თავად მ.ყ.-ემ არ შეასრულა ბრძანების ¹3 დანართით გათვალისწინებული ვალდებულება – არ წარუდგინა მერიას მეწარმედ რეგისტრაციის მოწმობა, მთლიანად არ გადაიხადა აუქციონზე მოპოვებული ადგილების ღირებულება, რაც ხელშეკრულების დადების აუცილებელი წინაპირობა იყო. მ.ყ.-მ თვითონთე მიაყენა მერიას ზიანი და ამიტომ მისი სასარჩელი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ მერიისთვის გადახდილი 7807 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის შესაბამისი თანხის ანაზღაურება, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 8002,17 ლარი; მ.ყ.-ეს დაეკისრა მერიის სასარგებლოდ მის მიერ შეძენილი სამაცივრო დანადგარების გადაცემა მუშა მდგომარეობაში, რის სანაცვლოდაც მერიას დაეკისრა მ.ყ.-ისათვის მაცივრების ღირებულების 4184 ლარის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მ.ყ.-ემ, რომელმაც მერიისაგან მოითხოვა მიყენებული ზიანის 20000 ლარის, აუქციონის ჩატარების ხარჯების – 500 ლარის, სამაცივრო დანადგარების ტრანსპორტირების ხარჯების _ 300 ლარის, სახელმწიფო ბაჟის _ 824 ლარის, სულ 21624 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მერიისათვის მის სასარგებლოდ 8002,17 ლარისა და მაცივრების ღირებულების 5184 ლარის ანაზღაურების ნაწილში; მ.ყ.-ემ ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მერიის ანგარიშისათვის ყადაღის დადება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად გაასაჩივრა ქუთაისის მერიამაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 იანვრის ახალი გადაწყვეტილებით მ.ყ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7807 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 240 ლარის, სულ 8047 ლარის გადახდა; გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; მ.ყ.-ეს უარი ეთქვა სარჩელის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1) სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მერიისათვის აუქციონის წესით შეძენილი ობიექტების ღირებულების ნაწილის – 8002 ლარის (ბაჟის ჩათვლით) გადახდა, რასაც არც მერია უარყოფს;
2) სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აუქციონის წესით სავაჭრო ადგილების უფლების მოპოვების შემდეგ, მ.ყ.-ისათვის აშკარად ცნობილი გახდა, რომ აუქციონი ჩატარდა უფლებრივად დატვირთულ ობიექტებზე, თუმცა მას აუქციონის შედეგების გაუქმებაზე სარჩელით არ მიუმართავს სასამართლოსათვის. იგი წერილობით მიმართავდა ქალაქის მერიას და ითხოვდა აუქციონზე უფლებამოპოვებული ადგილების გამოთავისუფლებას, რაც შეუძლებელი გახდა. ფაქტობრივად მ.ყ.-ისათვის აშკარა იყო, რომ ქალაქის მერია ვერ გამოათავისუფლებდა ადგილებს. ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს აზრით, მ.ყ.-ეს სკ-ს 352-ე, 405-ე მუხლების საფუძველზე სრული უფლება ქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულების შესრულებაზე, მოეთხოვა პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და შესრულების უკან დაბრუნება;
3) სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 20000 ლარის მერიისათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაშიც მ.ყ.-ეს წაგებით წარემართა თავისი საქმიანობა. გარდა ამისა, მ.ყ.-მ ვერ წარადგინა მერიაში მეწარმის რეგისტრაციის მოწმობა, არ გადაიხადა აუქციონით მოპოვებულ ადგილებზე მთლიანი გამოსასყიდი თანხა, რაც გათვალისწინებული იყო ქუთაისის მერიის 2001წ. 25 მაისის ¹4 ბრძანებითა და აუქციონის პირობებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზიანი დადგა თვით დაზარალებული მ.ყ.-ის უმეტესი ბრალით. სკ-ს 415-ე მუხლის მიხედვით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მოცულობა დამოკიდებულია მხარის ბრალეულობაზე;
4) სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მ.ყ.-ის მიერ შეძენილი სამაცივრო დანადგარების საფასურის – 5184 ლარის ქუთაისის მერიისათვის დაკისრება, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის დასაბუთებული, თუ რატომაა ვალდებული მერია შეიძინოს სამაცივრო დანადგარები და გადაიხადოს შესაბამისი თანხა. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომ მაცივრები მერიის დაკვეთით იყო შეძენილი. უფრო მეტიც, მერიას არ მოუთხოვია აღნიშნული მაცივრების მისთვის გადაცემა, რის გამოც საქალაქო სასამართლოს არ ქონდა უფლება მხარისათვის მიეკუთვნებინა ის, რაც მას არ მოუთხოვია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის მერიამ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გაუქმების ნაწილში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ.ყ.-ემ შეიტანა განცხადება და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით, დაუშვებლობის მოტივით, განცხადებას დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მოცემული საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა, რაც უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.ყ.-ის მიერ, რომელმაც შემდეგი მოტივით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება:
1) კასატორის მითითებით, ქუთაისის საოლქო სასამართლო ვალდებული იყო პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოეწვია ქუთაისის მერის პირველი მოადგილე ო.უ.-ე და მერიის ეკონომიკის, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარე ს.ლექვინაძე, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
2) კასატორის განმარტებით, მან აუქციონზე მოპოვებულ 159 ადგილიდან თანხა შეიტანა 114 ადგილზე, დანარჩენზე კი შეწყვიტა თანხების შეტანა, ვინაიდან მერიამ ვერ უზრუნველყო მის მიერ ნაყიდი ადგილების სხვა პირებისაგან გამოთავისუფლება. მერიის მიერ ადგილების გამოთავისუფლების შემთხვევაში მოსარჩელე დაუყოვნებლივ მოახდენდა დანარჩენი 45 ადგილის ღირებულების დაფარვას. კასატორი აღნიშნავს, რომ თითოეული ადგილი აუქციონზე გამოტანილი იყო ინდივიდუალურად (ცალკე ობიექტად), შესაბამისად განაცხადი აუქციონში მონაწილეობაზე შეტანილი იყო ცალ-ცალკე, ამიტომ ცალ-ცალკე და ინდივიდუადურად უნდა განხილულიყო თითოეულ ადგილზე შენატანის საკითხი და არა მთლიანად, როგორც ეს დაფიქსირებულია გადაწყვეტილებაში. სხვა გამოუსყიდავ ადგილებზე თანხის დაუფარავობა არ აძლევდა სასამართლოს უფლებას გაეერთიანებინა გადახდილ თუ გადაუხდელ ადგილებზე საერთო პასუხისმგებლობა. რაც შეეხება მეწარმის რეგისტრაციის მოწმობას, მან 2001წ. 22 ივნისს მიმართა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას რეგისტრაციისათვის და ამდენად, ზუსტად შეასრულა აუქციონის პირობები;
3) კასატორი მთლიანად ითხოვს სამაცივრო მოწყობილობის ღირებულების ანაზღაურებას, რადგან მათი შეძენა მოხდა მერიის მითითების შესაბამისად, მოპოვებულ ადგილებზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის და არა პირადი საჭიროებისათვის. თუ მერია ვერ უზრუნველყოფდა ადგილების გამოთავისუფლებას, მას წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა მოსარჩელე ამის შესახებ და ისიც აღარ გაიღებდა სათანადო თანხებს მაცივრების შესაძენად;
4) კასატორი ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს «იმერეთის» განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ქუთაისის მერიას აეკრძალა 2001წ. 25 მაისის ბრძანების საფუძველზე კონკურსში გამარჯვებულებთან სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელშეკრულების გაფორმება. კასატორის განმარტებით, მერიამ იცოდა რა ამ განჩინების არსებობის თაობაზე, არ აცნობა ამის შესახებ მოსარჩელეს, რითაც დაარღვია მისი უფლებები. მერიამ აუქციონზე სავაჭროდ გაიტანა უფლებრივად დატვირთული ადგილები, შეგნებულად დამალა განჩინების არსებობა ხელშეკრულების გაფორმების აკრძალვის შესახებ, მოსარჩელეს მოტყუებით შეატანინა მერიაში თანხები მაშინ, როცა 2001წ. 2 ივლისიდან წარმოებაში იყო დავა მერიის 2001წ. 25 მაისის ¹4 ბრძანების ბათილობის შესახებ. აღნიშნული ქმედებებით მერიამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, რაც, კასატორის აზრით, მთლიანად უნდა ანაზღაურდეს.
მხარეთა არასაპატიო მიზეზით არაერთგზის გამოუცხადებლობის გამო, მ.ყ.-ის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ყ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას საოლქო სასამართლოს მიერ საქმის საპროცესო ნორმების დარღვევით განხილვის შესახებ. კერძოდ, კასატორის მითითებას, რომ სასამართლო ვალდებული იყო საქმის განხილვაში პერსონალურად მოეწვია ქუთაისის მერის პირველი მოადგილე ო.უ.-ე და მერიის ეკონომიკის, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარე ს.ლექვინაძე, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებულ საპროცესო დარღვევას საქმის განხილვის დროს ადგილი არ ჰქონია, რადგან საქმეში მოპასუხეებად ჩართულნი არიან თავად ადმინისტრაციული ორგანოები _ ქუთაისის მერია და ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი და მათი ხელმძღვანელების საქმის განხილვაში პერსონალურად ჩართვა პროცესუალურ აუცილებლობას არ წარმოადგენდა;
2. დაუსაბუთებლობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის სხვა არგუმენტებსაც და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ.ყ.-ისათვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ ქ. ქუთაისის მერიის 2001წ. 25 მაისის ¹4 ბრძანებისა და აუქციონის პირობების თვით კასატორის მიერ შეუსრულებლობამ (მერიაში მეწარმის რეგისტრაციის მოწმობის წარმოუდგენლობა და აუქცინზე მოპოვებულ 45 ადგილზე მთლიანი გამოსასყიდი თანხის გადაუხდელობა) გამოიწვია მასთან ხელშეკრულების გაუფორმებლობა. საკასაციო პალატის აზრით, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციისათვის მხოლოდ განცხადებით მიმართვა სამართლებრივად არ ნიშნავს მეწარმედ რეგისტრაციას და ამდენად, სკ-ს 415-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კასატორთან ხელშეკრულების გაუფორმებლობა თვით კასატორის მიერ აუქციონის პირობების შეუსრულებლობით იყო გამოწვეული და ამდენად, ხელშეკრულების გაუფორმებლობით მიყენებული ზიანი დამდგარია თვით კასატორის უმეტესი ბრალით;
3. დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს სამაცივრო მოწყობილობის ღირებულების მერიისათვის დაკისრების ნაწილშიც, რადგან კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ამ მაცივარ-დანადგარების სწორედ მერიის კატეგორიული მითითებითა და მოთხოვნით შეძენის ფაქტს დაადასტურებდა.
ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ იზიარებს მ.ყ.-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სსკ-ს 410-ე მუხლის საფუძველზე და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება, რადგან მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენა-შეფასებითა და კანონის მართებული გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ყ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლდოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება:
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.