Facebook Twitter

3გ-ად-63-კ-03 11 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, მფლობელობის დადგენა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოსარჩელეთა სადავო ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 29 სექტემბერს ნ. წ.-მ, ი. ტ.-მ, ს. ა.-მ, ი. ც.-მ და ლ. ლ.-მ სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს და მიუთითეს, რომ ცხოვრობდნენ ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე, სადაც გორის ¹4 სახლმმართველობა იყო განთავსებული. სახლმმართველობის უფროსის – ა. ლ.-ის წინადადებით ისინი მითითებულ ფართში შესახლდნენ და არასაცხოვრებელი ფართი თავიანთი ხარჯით საცხოვრებელ ფართად გადააკეთეს. 1995წ. 1 აპრილს ¹4 სახლმმართველობასთან მათ მიერ დაკავებულ ფართზე ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმეს და ბინის ქირასა და ყველა კომუნალურ გადასახადსაც იხდიდნენ.

მოსარჩელეები აქვე მიუთითებდნენ, რომ 1996წ. სექტემბერში მათთვის შეუტყობინებლად ჩატარდა აუქციონი და მასში გამარჯვებულმა ა. ლ.-მ გორის ქონების მართვის რაიონულ სამმართველოსთან 10 წლიანი იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ სადავო ფართის ნაწილი აჩუქა ვ. და ზ. ლ.-ებს, რითაც, მოსარჩელეთა თქმით, დაირღვა მათი უფლება სადავო ბინის უპირატესი შესყიდვის თაობაზე.

მოსარჩელე ფიზიკურმა პირებმა საბოლოოდ გორში, ... საცხოვრებელ ფართზე მათი კანონიერი მფლობელობის დადგენა, 1996წ. 28 სექტემბრის აუქციონის გაუქმება, სადავო ფართზე პრივატიზაციის უფლების მინიჭება და მასზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს.

ა., ი. და ზ. ლ.-ებმა 2000წ. 3 თებერვალს შეგებებული სარჩელი წარადგინეს გორის რაიონულ სასამართლოში და გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 26 ოქტომბრის განჩინებით სადავო ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა, მოსარჩელეთა და მათთან მყოფი პირების სადავო ფართიდან გამოსახლება, ამასთან, მათთვის გადასახდელი ქირის – ი. ტ.-ისათვის 1035 ლარის, ს. ა.-ისათვის – 816 ლარის, ნ. წ.-ისათვის 1440 ლარისა და ი. ც.-ისათვის – 814 ლარის დაკისრება მოითხოვეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 მაისის გადაწყვეტილებით ი. ტ.-ის, ს. ა.-ის და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ.-ების შეგებებული სარჩელი, მოსარჩელეები გამოსახლებული იქნენ სადავო ფართიდან და გადასახდელი ქირის სახით ნ. წ.-ს – 1140 ლარის, ი. ტ.-ს – 1085 ლარის, ს. ა.-ს – 720 ლარისა და ლ. ლ.-ეს – 650 ლარის გადახდა დაეკისრათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ც.-მ და ნ. წ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად გორის ნოტარიუსი გ. მ.-ი იქნა ჩაბმული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 12 ნოემბრის ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის გორის რაიონული სამმართველოს 1996წ. 29 სექტემბრის აუქციონის შედეგები და 1997წ. 17 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება. სასარჩელო მოთხოვნა მფლობელობის დადგენისა და დაკავებული ფართის პრივატიზების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება 2003წ. 9 იანვარს ი. ც.-მ საკასაციო წესით იმ ნაწილში გაასაჩივრა, რომელიც მოსარჩელეთა სადავო ფართიდან გამოსახლებასა და მათთვის ბინის ქირის დაკისრებას ეხებოდა.

2003წ. 10 იანვარს საკასაციო საჩივრით საკასაციო პალატას ნ. წ.-მაც მომართა და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

2003წ. 17 იანვარს ხსენებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ზ. ლ.-მაც წარმოადგინა, ნაწილობრივ გაასაჩივრა იგი და აუქციონის შედეგებისა და ჩუქების ხელშეკრულების კანონიერად ცნობა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ნ. წ.-ის, ი. ც.-ისა და ზ. ლ.-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

1996წ. 29 აგვისტოს გაზეთ “გორის მოამბეში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული 528 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის თაობაზე.

სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს 1996წ. 17 აგვისტოს ¹136 ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქ. გორში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით პრივატიზაციის თაობაზე. ობიექტის ღირებულება 15884 აშშ დოლარის ეკვივალენი ლარებში, ხოლო წლიური საიჯარო ქირის საწყისი ღირებულება წელიწადში 1584 დოლარის ეკვივალენტი ლარებში განისაზღვრა. საპრივატიზებო ობიექტის იჯარით გაცემის ფორმად განისაზღვრა აუქციონი პროფილის შენარჩუნების პირობით. სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს მიერ 1996წ. 29 სექტემბერს გამართულ აუქციონში გაიმარჯვა ა. ლ.-მ. 1996წ. 9 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოსა და მოპასუხეს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა. ლ.-ს ქ. გორში, ... მდებარე 528 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა. იჯარის ვადად განისაზღვრა 10 წელი. აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო მხარეთა მიერ და დადასტურებული ნოტარიალურად. Aამასთან, 1997წ. 10 ოქტომბერს სადავო 528 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ა. ლ.-ის სახელზე გაცემულ იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹187.

საქმის მასალებით, აქვე დადგენილია, რომ 1997წ. 17 ოქტომბერს მოპასუხე ა. ლ.-მ სადავო ქონების ნაწილი ჩუქების ხელშეკრულებით ი. და ზ. ლ.-ებს გადასცა.

ზემოთთქმული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, ერთის მხრივ, ბათილად ცნო სახელმწიფო ქონების მართვის გორის რაიონული სამმართველოს 1996წ. 29 სექტემბრის აუქციონის შედეგები და 1997წ. 17 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება და, მეორეს მხრივ, ლ.-ების შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა _ მოსარჩელეები სადავო ფართიდან გამოასახლა და მათ მოპასუხეთა სასარგებლოდ ქირის გადახდა დააკისრა, მაშინ როცა აუქციონისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობით რეალურად გამოირიცხა სადავო ფართზე მოპასუხე ლ.-ების მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ემსჯელა რამდენად სათანადო მოსარჩელეები იყვნენ ლ.-ები სადავო ფართიდან მოსარჩელე ფიზიკური პირების გამოსახლებისა და ქირის დაკისრების ნაწილში, რადგან აუქციონისა და ჩუქების ხელლშეკრულების ბათილად ცნობით მათ აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მოესპოთ.

ამასთან, სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ არის მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე დაეკისრათ მოსარჩელეებს ქირის გადახდა ლ.-ების სასარგებლოდ, მაშინ როცა ისინი სადავო ფართის მესაკუთრეებს არ წარმოადგენდნენ.

საკასაციო სასამართლო აქვე სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სკ-ს 489-ე-495-ე მუხლების თანახმად, მხოლოდ მყიდველს შეუძლია უფლებრივად ნაკლიანი ნივთის ყიდვისას მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება ან ხელშეკრულების მოშლა. ამდენად, ნაკლიანი სადავო ქონების პრივატიზებისას ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლებაც მყიდველს _ ა. ლ.-ს ჰქონდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამრთლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. წ.-ის, ი. ც.-ისა და ზ. ლ.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.

3. ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.