გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-64-კ-02 15 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1999წ. 6 იანვარს შპს “ჟ-სა” და შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ სამთო-მაშველი ნაწილების შტაბს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სამთო-სამაშველო ოცეულს უნდა ეწარმოებინა სამთო-სამაშველო საქმიანობა “ჟინვალჰესზე”. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1999წ. პირველი იანვრიდან 2000წ. პირველ იანვამდე პერიოდი.
საქმეში არსებული ტექნიკური თათბირის 1999წ. 20 დეკემბრის ოქმით დასტურდება, რომ გასამხედროებული სამთო-სამაშველო ოცეულის ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მათთვის ჟინვალჰესის ტერიტორიაზე ოთახის გამოყოფა. აღნიშნული ოქმის მიხედვით, გასამხედროებულ სამთო-სამაშველო ნაწილის უფროსსა და შპს “ჟ-ს” დაევალა ურთიერთშეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ხელშეკრულების გაფორმება 2000წ.ათვის, მაგრამ ხელშეკრულება არ იქნა გაფორმებული.
2000წ. 9 ივნისს შპს “ჟ-მა” სარჩელი აღძრა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მასსა და გასამხედროებულ სამთო-სამაშველო ნაწილების შტაბს შორის 2000წ. პირველი იანვრიდან სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენა, რაც შპს “ჟ.”-თვის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს. მოსარჩელის მითითებით, შპს “ჟ-მა” გამოიყენა კანონით მინიჭებული ალტერნატიული უფლება და “საქტექზედამხედველობა”-თან შეთანხმებით, “წიაღის შესახებ” კანონის 49-ე მუხლისა და “საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, შექმნა უწყებრივი სამთო-სამაშველო რაზმი, რომელიც დაკომპლექტდა ადგილობრივი კადრებით და მათ საქმიანობას ხელმძღვანელობს “საქტექზედამხედველობ”-ის მიერ რეკომენდირებული სპეციალისტი. შტაბის უფროსის ბრძანებით “ჟინვალჰესის” ოცეული გაუქმებული იქნა, რაც მოსარჩელის აზრით, მიუთითებს შპს “ჟ.”-სა და სამთო-სამაშველო შტაბს შორის 2000წ. პირველი იანვრიდან სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობაზე.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ჟ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგენილად იქნა ცნობილი, რომ შპს “ჟ-სა” და გასამხედროებულ სამთო-სამაშველო შტაბს შორის 2000წ. პირველი იანვრიდან სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს, რაც გასაჩივრებული იქნა გასამხედროებული სამთო-სამაშველო ნაწილების შტაბის მიერ.
მოპასუხის მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 233-ე მუხლი. ამასთან მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 21 ოქტომბრის ¹683 ბრძანებულების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელობასთან ერთად პირდაპირი სამეურნეო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების აუცილებელი შესრულების უზრუნველყოფა დადგენილ ვადაში, რათა არ მოშლილიყო სამთო-სამაშველო ნაწილების შტაბისა და მისი სამაუწყებლო ქვედანაყოფების ნორმალური ფუნქციონირება. მოპასუხის განმარტებით, მასსა და შპს “ჟ-ს” შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების მოქმედების დასრულების შემდეგ, 1999წ. 20 დეკემბრის ტექნიკური თათბირის ოქმის თანახმად, უნდა გაფორმებულიყო მომდევნო ხელშეკრულება, რაც შპს “ჟ-ის” მიერ არ იქნა შესრულებული. მოპასუხე მიიჩნევდა, რომ შპს “ჟ-ს” არ ჰქონდა ალტერნატიული სამაშველო სამსახურის შექმნის უფლება, რადგან მიზანშეწონილია “ჟინვალჰესს” ემსახურებოდეს არამარტო უწყებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დამხმარე სამთო-სამაშველო სამსახური, არამედ ნეიტრალური, ერთიანი სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი გასამხედროებული სამთო-სამაშველო ნაწილები.
გასამხედროებულმა სამთო-სამაშველო შტაბმა შეგებებული სარჩელი წარადგინა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა შპს “ჟ-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა და შპს “ჟ.”-სათვის სამთო-სამაშველო ნაწილების შტაბთან საკონტრაქტო ურთიერთობის აღდგენის დავალდებულება.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ჟ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს; სამთო-სამაშველო შტაბის შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას, სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების შესახებ ეთქვა უარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გასამხედროებულმა სამთო-სამაშველო ნაწილების შტაბმა და მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, მასსა და შპს “ჟ-ს” შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა და შპს “ჟ.”-თვის სამთო-სამაშველო შტაბთან საკონტრაქტო ურთიერთობის აღდგენის დავალება, რაზეც შეპასუხება წარადგინა შპს “ჟ.”-მა და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს გასამხადროებულმა სამთო-სამაშველო შტაბმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით დამატებით მოითხოვა შპს “ჟ.”-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მათ შორის 1999წ. ნოემბერ-დეკემბრის გაუცემელი ხელფასების გაცემა, რაც 2000წ. 6 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 54829 ლარს.
მოწინააღმდეგე მხარის შპს “ჟ-ის” პოზიციის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა სამთო-სამაშველო შტაბის გაზრდილ მოთხოვნას მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე, რადგან იგი დავის საგნის მიზანშეუწონელ გადიდებად მიიჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ნოემბრის განჩინებით გასამხედროებული სამთო-სამაშველო შტაბის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ 1999წ. 20 დეკემბრის ტექნიკური თათბირის ოქმი წარმოადგენს მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რადგან იგი არ წარმოადგენდა წინა მოსამზადებელ სამუშაოს, რომელსაც ხელშეკრულების დადება არ მოჰყოლია. ასევე, ხელშეკრულების არსებობას არ ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 21 ოქტომბრის ¹683 ბრძანებულება, “წიაღის შესახებ” და “საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ” კანონები. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 21 ოქტომბრის ¹683 ბრძანებულებით სამთო-სამაშველო ნაწილების შტაბი უწყებრივად დაექვემდებარა საქართველოს შსს-ს. ამ უკანასკნელს დაევალა დადგენილ ვადაში, პირდაპირი სამეურნეო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების აუცილებელი შესრულება სამთო-მაშველი ნაწილების შტაბისა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების მიზნით, რაც არ ვრცელდება მხარეებს შორის არსებულ ურთიერთობაზე და არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს მხარეთა შორის ხელშეკრულების აუცილებელი დადების ან გაგრძელების თაობაზე.
2. “წიაღის შესახებ” კანონის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, წიაღით მოსარგებლე ვალდებულია დადგენილი წესით შექმნას სამთო-სამაშველო სამსახური, ან სახელშეკრულებო საწყისებზე ისარგებლოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო ნაწილების მომსახურებით. ამავე კანონის მე-2 მუხლით, სამთო-სამაშველო ნაწილების სამსახურის დებულება მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. სააპელაციო სასამართლოს აზრით, აღნიშნული ნორმა შპს “ჟ.”-ს ანიჭებს უფლებას არსებული ალტერნატივიდან აირჩიოს ერთ-ერთი ანუ უფლება ჰქონდა შეექმნა სამთო-მაშველი სამსახური. აღნიშნული უფლება ასევე განმტკიცებულია “საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-14 მუხლით.
3. მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებს წარმოადგენენ სახელმწიფოს მხრიდან სამთო-სამაშველო შტაბი და კერძო სამართლის სუბიექტი - შპს “ჟ.”. სკ-ს 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო და მისი ორგანოები კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებენ როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტები, რაც დამყარებულია არა ადმინისტრირების, არამედ მხარეთა თანასწორუფლებიანი ნებაყოფლობის პრინციპზე. სკ-ს 319-ე მუხლით განმტკიცებული ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპზე.
4. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების არსებობაზე არ მიუთითებს 2000წ. აპრილისათვის შპს “ჟ.”-ს მიერ სამთო-მაშველი შტაბის ჩამოუყალიბებლობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მოქმედებს სკ-ს 335-ე მუხლი, რადგან მხარეებს შორის არ ყოფილა შეთანხმება “დუმილის” აქცეპტად მოჩნევის თაობაზე. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა მხარეს არ აძლევდა ვარაუდის უფლებას, რომ მათ შორის “დუმილის” პირობებში გრძელდებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. სააპელაციო სასამართლო ასევე არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების გამოყენების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამთო-სამაშველო ნაწილების შტაბმა და შემდეგი მოტივით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის განჩინების გაუქმება ნაწილობრივ, შპს “ჟ.”-სა და სამთო-სამაშველო შტაბს შორის ფაქტობრივი სამართლებრივი და სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დადგენა 2000წ. პირველი იანვრიდან 6 აპრილამდე:
1. კასატორის მითითებით შპს “ჟ.”-მა 1999წ. 20 დეკემბრის ოქმით იკისრა ხელშეკრულების დადების ვალდებულება, რაც დასტურდება შპს “ჟ-ის” ბეჭდით და დირექტორის ხელმოწერით. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ამიტომ, სკ-ს 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება ითვლება დადებულად.
2. შპს “ჟ.”-ს ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილის შესახებ არ განუცხადებია 2000წ. მარტის თვემდე, როდესაც წერილით მიმართა შპს “ჟ.”-ს დირექტორმა სამთო-სამაშველო შტაბს, რის საპასუხოდაც შტაბის უფროსმა ბრძანებით გააუქმა ჟინვალჰესის სამაშველო ოცეული და ამის თაობაზე შპს “ჟ.”-ს ეცნობა 2000წ. 6 აპრილს. ამიტომ, კასატორის აზრით, სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს 2000წ. 6 აპრილიდან.
სამთო-სამაშველო შტაბმა ასევე წარადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი სადაც აღნიშნა, რომ მხარეებს შორის 1999წ. პირველი იანვრის ხელშეკრულება წარმოადგენს შრომის ხელშეკრულებას და მისი მოქმედება გაგრძელდა შკკ-ს 31-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო სკ-ს 973-ე მუხლი, კასატორის მითითებით, მას ანიჭებს უფლებას შპს “ჟ.”-საგან მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რისგანაც თავის არიდების მიზნითაც ითხოვს შპს “ჟ.” მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენას. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ უგულებელყო სკ-ს 973-ე, 352 მუხლის I ნაწილი, 361-ე მუხლი და შკკ-ს 31-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას კასატორის – სამთო-მაშველი ნაწილების შტაბის წარმომადგენლებმა შეამცირეს საკასაციო მოთხოვნა სკ-ს 973-ე და შკკ-ს 31-ე მუხლის საფუძველზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
მოწინააღმდეგე მხარის _ შპს “ჟ-ის” წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს გასამხედროებული სამთო-სამაშველი ნაწილების შტაბის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა კასატორ საქართველოს შსს სამთო-სამაშველო ნაწილების შტაბის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს “ჟ-ის” სარჩელი და დადგენილად იქნა ცნობილი, რომ შპს “ჟ-სა” და შსს სამთო-სამაშველო ნაწილების შტაბს შორის 2000წ. 1 იანვრიდან არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს და შესაბამისად არ დაკმაყოფილდა კასატორის შეგებებული მოთხოვნა მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენისა და საკონტრაქტო ურთიერთობის აღდგენა-გაგრძელების დავალდებულების შესახებ, საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს სამთო-სამაშველო ნაწილების შტაბმა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა შპს “ჟ-სა” და შტაბს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება 2000წ. 1 იანვრიდან 6 აპრილამდე პერიოდში. დაზუსტებული საკასაციო საჩივრით კასატორმა, სკ-ს 327-ე, 973-ე, შკკ-ს 31-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვა გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ხოლო საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას კასატორის წარმომადგენლებმა შეამცირეს საკასაციო მოთხოვნა გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში და მხოლოდ მოითხოვეს 2000წ. 1 იანვრიდან 6 აპრილამდე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება. ამიტომ, სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებაზე.
2. კასატორი ითხოვს შპს “ჟ-თან” სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას 2000წ. 1 იანვრიდან 6 აპრილამდე პერიოდში. მანამდე მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა 1999წ. 6 იანვარს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 1 წლის ვადით იყო დადებული, 2000წ. 1 იანვრამდე, რის შემდეგაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა და სამართლებრივად მხარეებს შორის არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ არსებობდა. მართალია, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია “საქტექზედამხედველობის”, შპს “ჟ-ისა” და გასამხედროებული ნაწილის შტაბის წარმომადგენლების 1999წ. 20 დეკემბრის ტექნიკური თათბირის ოქმის მიხედვით, მხარეები – შპს “ჟ-ი” და კასატორი _ გასამხედროებული ნაწილის შტაბი შეთანხმდნენ ხელშეკრულების რიგ პირობებზე და დაევალათ 2000 წლისათვის იგივე ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ მხარეებს შორის საბოლოოდ შეთანხმება ხელშეკრულების დადებაზე მიღწეული არ იქნა, რაც არაერთგზის აისახა შპს “ჟ-ის” წერილობით პასუხებში. ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სკ-ს 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დუმილის აქცეპტად ჩათვლის შესახებ კასატორის მითითებას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა ამგვარი შეთანხმება დუმილის აქცეპტად მიჩნევის შესახებ, არც მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა აძლევდა კასატორს ვარაუდის უფლებას, რომ მათ შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც გრძელდებოდა სახელშეკრულებო (სამართლებრივი) ურთიერთობა და არც ამ ნორმით გათვალისწინებულ დუმილს ჰქონია ადგილი, რადგან შპს “ჟ.” წერილობით პასუხებში ყოველთვის აფიქსირებდა ხელშეკრულების დადებაზე თავის უარყოფით პოზიციას.
3. როგორც აღინიშნა, 1999წ. 20 დეკემბრის ტექნიკური თათბირის ოქმით მხარეებს დაევალათ 2000 წლისათვის იგივე ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ საკასაციო პალატა სკ-ს 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ადმინისტრაციულ გარიგებებში (კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში) ადმინისტრაციული ორგანოები ისეთივე უფლებებით მოქმედებენ, როგორც კერძო სამართლის სუბიექტები. კერძო სამართლებრივი ურთიერთობები კი დამყარებულია არა ადმინისტრირების, არამედ კონტრაჰენტთა თანასწორუფლებიანი, ნებაყოფლობითი პარტნიორობისა და ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპზე. ამიტომ ზემოაღნიშნული ტექნიკური თათბირის ოქმი მხარეს – შპს “ჟ-ს”, საკასაციო პალატის აზრით, არ ავალდებულებდა კასატორთან – შსს გასამხედროებულ სამთო-სამაშველო ნაწილის შტაბთან ხელშეკრულების დადებას, რადგან სკ-ს 319-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ხელშეკრულების სავალდებულოდ დადების პირობებს (დომინირებული მდგომარეობა) კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და “წიაღის შესახებ” კანონის 49-ე მუხლის პირველი ნაწილისა და “საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შპს “ჟ-ს” გააჩნდა ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა, თავად შეექმნა სამთო-სამაშველო სამსახური (რაც განახორციელა კიდეც) ან ხელშეკრულება დაედო არსებულ სპეციალიზებულ სამთო-სამაშველო სამსახურთან.
4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შსს გასამხედროებული სამთო-სამაშველო ნაწილის შტაბის წარმომადგენლებმა გაზარდეს მოთხოვნა და შპს “ჟ-ის” მიერ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების, მათ შორის 1999წ. ნოემბერ-დეკემბრის გაუცემელი ხელფასის სახით მოითხოვეს 54829 ლარის ანაზღაურება. შპს “ჟ-ის” წარომმადგენელთა პოზიციის გათვალისწინებით, სსკ-ს 381-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიზანშეუწონლად ცნო სააპელაციო ინსტანციაში მოთხოვნის ამგვარი გაზრდა. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორმა სკ-ს 973-ე და შკკ-ს 31-ე მუხლების საფუძველზე, კვლავ დააყენეს იგივე მოთხოვნა, მაგრამ საკასაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი განხილვის დროს თავადვე შეამცირეს აღნიშნული მოთხოვნა. 973-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს აუცილებლად მიჩნეული გაწეული ხარჯების ანაზღაურება თუ იგი (შემსრულებელი) დავალების ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის, მათ შორის ხელშეკრულების გარეშე შეასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, რაც საკასაციო პალატის აზრით, წარმოადგენს კასატორთა მიერ არაპირდაპირი ფორმით შპს “ჟ-ის” სარჩელის აღიარებას და იმ ფაქტის დადასტურებას, რომ 2000წ. 1 იანვრის შემდეგ, 1999წ. ხელშეკრულების მოქმედების დასრულების შედეგად მხარეებს შორის არანაირი სამართლებრივი (სახელშეკრულებო) ურთიერთობა აღარ არსებობს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს გასამხედროებული სამთო-სამაშველო ნაწილის შტაბის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ნოემბრის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული დადგენითა და კანონის სწორი გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს გასამხედროებული სამთო-სამაშველო ნაწილის შტაბის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ნოემბრის განჩინება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.