3გ-ად-65-კ-03 10 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 20 აგვისტოს ახმეტის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ჟ. მ.-ემ მოპასუხე სოფ. ...-ის საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მ.-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე 1975 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა ...-ის სასოფლო საბჭოს მდივნად, ხოლო შემდეგ _ საქმეთა მმართველად, სადაც მუშაობდა 2002წ. 11 ივნისამდე. იმავეწ. 2 ივნისს მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო საკრებულოს არჩევნებში, სადაც გაიმარჯვა.
2002წ. 25 ივნისს მოპასუხემ მოიწვია საკრებულოს სხდომა, სადაც გამოიტანა გადაწყვეტილება “საკრებულოს წევრის სტატუსთან საქმეთა მმართველობის შეუთავსებლობის თაობაზე” და დაადგინა მისი საკრებულოს წევრობიდან გაწვევა, ხოლო მის ნაცვლად სხვა კანდიდატის ჩანაცვლება.
2002წ. 11 ივლისს მოპასუხემ კიდევ მოიწვია გამგეობის სხდომა, სადაც მოსარჩელეს გამოეცხადა, რომ იწერებოდა ბრძანება მის გათავისუფლებაზე და იმავე რიცხვით გამოიცა ბრძანება მისი საქმეთა მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ისე, რომ მოსარჩელეს არ მიეცა დრო, გაერკვია მისი უფლებები და გაეკეთებინა არჩევანი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას სურვილი ჰქონდა გაეგრძელებინა მუშაობა ადრინდელ თანამდებობაზე და თანახმა იყო, მის ნაცვლად საკრებულოში ჩანაცვლებულიყო დეპუტატების სხვა კანდიდატი.
მოსარჩელის მრავალჯერ მოთხოვნისა და ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოპასუხემ არ გასცა ცნობა მოსარჩელის ხელფასის შესახებ, ვიდრე აღნიშნულთან დაკავშირებით ახმეტის რაიონის გამგეობას არ გაეგზავნა მიმართვა.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა, სოფ. ...-ის საკრებულოს საქმეთა მმართველად აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროს, ორი თვის ხელფასის _ 70 ლარისა და ადვოკატის მომსახურების _ 100 ლარის, სულ 166 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხემ, სოფ. ...-ის საკრებულოს თავმჯდომარემ ბ. მ.-მა, სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ 2002წ. 2 ივნისის საკრებულოს არჩევნების შედეგად ჟ. მ.-ე გახდა ...-ის საკრებულოს წევრი, რომელიც მანამდე მუშაობდა საკრებულოს საქმეთა მმართველად. 2002წ. 25 ივნისის საკრებულოს სხდომაზე დადგა საკითხი, რათა ჟ. მ.-ეს გაეკეთებინა თანამდებობებს შორის არჩევანი, რაზეც მან განაცხადა, რომ არც ერთ თანამდებობას არ დათმობდა და მიატოვა სხდომა. მიუხედავად ამისა, მას მაინც მიეცა დრო მოსაფიქრებლად, მაგრამ ჟ. მ.-მ არ გააკეთა არჩევანი, ამიტომ საკრებულო იძულებული გახდა, თვითონ მიეღო გადაწყვეტილება და 2002წ. 11 ივლისს გაათავისუფლა იგი. საკრებულოს საქმეთა მმართველის თანამდებობიდან, საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებლობის გამო.
მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ჟ. მ.-მ სარჩელი აღძრა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჟ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჟ. მ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში.
აპელანტმა ითხოვა სამუშაოზე აღდგენა იმ საფუძვლით, რომ იგი არც საკრებულოს წევრს და არც საქმეთა მმართველს აღარ წარმოადგენდა და აქედან გამომდინარე, არც შეუთავსებლობის საფუძველი არსებობდა. ამასთან, მან სარჩელი აღძრა დაგვიანებით, მისი ავადმყოფობის გამო, რაც საპატიო მიზეზად უნდა ჩათვლილიყო.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და ითხოვა ...-ის საკრებულოს გამგეობის 2002წ. 11 ივლისის ¹55 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 166 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით ჟ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. მ.-მ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი, რაც უკანონოა, რადგანაც მოსარჩელეს უნდა მისცემოდა არჩევნის გაკეთების საშუალება, ხოლო მოსარჩელის უარის შემთხვევაში, საკრებულოს მისთვის ვადამდე უნდა შეეწყვიტა უფლებამოსილება და არ უნდა გაეთავისუფლებინა საქმეთა მმართველის თანამდებობიდან.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა სასარჩელო ხანდაზმულობაზე, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად ჩაითვალა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის თანახმად, მაშინ, როდესაც ამავე კანონის მე-11 მუხლის “ბ” პუნქტი მიუთითებს, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საკრებულოს წევრებზე, მოსარჩელე კი საკრებულოს წევრია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უნდა აღდგეს, თუ მისი გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით. მოსარჩელემ კი სწორედ ავადმყოფობის გამო გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებში არსებული ახმეტის რაიონის ...-ის საკრებულოს 2002წ. 5 ივნისის ¹220 ცნობით ირკვევა, რომ ...-ის საკრებულოს გადაწყვეტილებით ვადამდე შეუწყდა უფლება-მოსილება ...-ის თემის საკრებულოს წევრ ჟ. მ.-ს იმ საფუძვლით, რომ იგი მუშაობდა საკრებულოს დეპუტატის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე. საკრებულომ თავისი გადაწყვეტილებით ცნო საკრებულოს წევრობის კანდიდატ ა. ქ.-ის უფლებამოსილება.
საქმის მასალებში მოიპოვება, აგრეთვე, ...-ის საკრებულოს 2002წ. 11 ივლისის ¹55 ბრძანება, რომლის თანახმად ...-ის საკრებულოს წევრი და იმავდროულად საქმის მწარმოებელი ჟ. მ.-ე გათავისუფლდა საქმის მწარმოებლის თანამდებობიდან საკრებულოს წევრობასთან თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ...-ის საკრებულოს 2002წ. 11 ივლისის სხდომას ესწრებოდა ჟ. მ.-ე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 2002წ. 11 ივლისს ჟ. მ.-ისათვის ცნობილი გახდა საქმის მწარმოებლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე. სარჩელი კი სასამართლოში აღძრა 2002წ. 20 აგვისტოს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებებს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის “ბ” პუნქტზე, რომლის თანახმად ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საკრებულოს წევრებზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის “ბ” პუნქტი, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევაში ჟ. მ.-ე დავობს არა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კანონიერებაზე, არამედ საქმეთა მწარმოებლის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებაზე, რომელიც უნდა დარეგულირდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად.
რაც შეეხება კასატორის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც თვლის, რომ ...-ის საკრებულოს 2002წ. 11 ივლისის @¹55 ბრძანება ჟ. მ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, არის არა ადმინისტრაციული აქტი, არამედ ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას ეხება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.