Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-66-კ-03 17 ივლისი, 200წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი, ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ვაგონის დაზიანებული ნაწილების ღირებულების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

21.04.99წ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-... რაიონის, მე-... ნავმისადგომის პირველ ხაზზე წარმოებდა შავი მეორადი გადამუშავების მატალით დატვირთული ვაგონების დაცლა გემზე გადატვირთვით. ¹... ვაგონის დაცლისას გრეიფერით აწეული მძიმე მასიური ტვირთი გამოსცდა პოლიბს და ჩავარდა ვაგონში, რის შედეგადაც ვაგონმა მიიღო დაზიანება. შპს “.. ..-ის” სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს სავაგონო დეპომ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ 21.04.99წ. ფოთის ნავსადგურში გემმისადგომთან ტვირთის დაცლის დროს ნავსადგურის მუშაკების მიერ დაზიანებული იქნა სომხეთის რკინიგზის ვაგონი ¹64479124, შპს “.. ..-ამ” სომხეთის რკინიგზას გადასცა ანალოგიური ტიპის და ღირებულების ვაგონი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსრკ რკინიგზის წესდების 162-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მის სასარგებლოდ ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურისათვის მიყენებული ზიანის 34916,60 ლარის, დღგ-ის თანხასთან ერთად, ხუთმაგი ოდენობის – 209499,60 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდის დაკისრება. ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.08.2000წ. განჩინების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ვაგონის დაზიანების გამო მიყენებული ზარალი განისაზღვრა 8774 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზიანის ხუთმაგი ოდენობის – 43870 ლარის, ამ თანხის დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთის 20%-ის ანუ 8774 ლარის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, სულ 57644 ლარის გადახდის დაკისრება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.06.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “ა-ს” და შპს “ა. ს-ი და კომპანიას” მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 45618 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის, სულ 50618 ლარის გადახდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 13.09.01წ. გადაწყვეტილებით შპს “ა-ის” და შპს “.. ..-ის” სამტრედიის სავაგონო დეპოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 25.08.01წ. გადაწყვეტილება, საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.06.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნავსადგურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის – 43870 ლარის, აღნიშნული თანხის დღგ _ 8774 ლარის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის, სულ 57644 ლარის გადახდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.06.02წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა”. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.12.02წ. გადაწყვეტილებით სსიპ “ფოთის ნავსადგურის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.06.02წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს “.. ..-ის” სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს სავაგონო დეპოს სარჩელი სსიპ “ფოთის ნავსადგურისათვის” 57644 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რიმ სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სკ-ს მე-12 თავის შესაბამისად, რომელიც შეეხებოდა გადაზიდვა-გადაყვანას. სკ-ს 701-ე, 702-ე, 677-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს “ა. ს-ი და კომპანია” და “ა-ი” შავი ლითონის ჯართის გადაზიდვას ზედნადებში მითითებული პირობით ახორციელებენ ერთიანი ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, სადგური “...”, სადგური “...”, სადგური “...”, სადგური ..., – გადატვირთვა გემის ბორტზე. ერთმანეთის მიმდევარ გადაზიდვას ახორციელებდნენ შემდეგი გადამზიდავები-სომხეთის რკინიგზა, .. .., ფოთის პორტი. რადგან ადგილი ჰქონდა მიმდევრობით გადაზიდვას, გადამზიდავს შორის ურთიერთობა სკ-ს 677-ე მუხლის მე-2 მაწილის თანახმად უნდა მოწესრიგდეს. პალატამ მიუთითა, რომ ვაგონის დაზინება გამოიწვია არასტანდარტულმა ტვირთმა. ტვირთის დატვირთვის და დამაგრების ტექნიკური პირობების თანახმად ჯართის გადასაზიდად წარმოდგენილ ზედნადებს სტანდარტის 2787-75-ის მოთხოვნების შესაბამისად უნდა დაერთოს მოწმობა, იმავე სტანდარტის 2787-75-ის მე-2 თავის 2.4 მუხლის მიხედვით არ დაიშვება გაბარიტული მეირადი შავი ლითონის მიწოდება შერეული არაგაბარიტულ შავ ლითონთან ერთად. საქმის მასალებით დადგინდა, რომ დაზიანებულ ვაგონში სწორედ გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი იყო შერეული, რაც გადაზიდვის პირობის აშკარა დარღვევაა სომხეთის რკინიგზის მხრიდან, რომელმაც ტვირთის ზედნადები შეავსო გამგზავნის თხოვნით, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთის რკინიგზა გამგზავნის სახელით მოქმედებდა და მასზე ვრცელდება გამგზავნის პასუხისმგებლობა.აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართკლომ მიიჩნია, რომ ვაგონის დაზიანება გამგზავნის – სომხეთის რკინიგზის ბრალეული ქმედებით მოხდა, რის გამო პალატამ სკ-ს 415-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება .. ..-ას და ფოთის პორტს არ წარმოშობია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.12.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს “.. ..-ის” წარმომადგენლობის, სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს სავაგონო დეპოს დეპარტამენტის მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დავის სკ-ს მე-12 თავის (677-ე, 701-ე, 702-ე მუხლების) საფუძველზე გადაწყვეტას და აღნიშნავს, რომ ხსენებული თავი შეეხება მხოლოდ ტვირთების გადაგზავნის და მგზავრთა გადაყვანის პროცესში წარმოშობილი დავების მოწესრიგებას, მაშინ როდესაც განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დავა წარმოიშვა ტვირთის გადაზიდვის შემდეგ, ვაგონიდან ტვირთის გადმოტვირთვის დროს. დატვირთული ვაგონის ნავმისადგომთან დაყენების შემდეგ დასრულდა ტვირთის გადაზიდვა, დაზარალებულმა პირნათლად შეასრულა მისი დავალება, რის გამო საფუძველს მოკლებულია სკ-ს 415-ე მუხლის საფუძველზე კოლეგიის მითითება იმის შესახებ, რომ ზიანის დადგომისას ხელი დაზარალებულმა შეუწყო. სინამდვილეს არ შეესაბამება გადაწყვეტილებაში იმის აღნიშვნა, რომ ვაგონში ჩატვირთული იყო არაგაბარიტული ტვირთი, ვინაიდან ტვირთების დატვირთვისა და დამაგრების ტაქნიკური პირობების თანახმად ტვირთი მოთავსებული უნდა იყოს დადგენილ გაბარიტულ ზღვარში, ტვირთი არ მიიჩნევა არაგაბარიტულად უკეთუ ტვირთი ეტევა ვაგონში, პორტის მუშაკების მიერ მწყობრიდან გამოყვანილ ვაგონში არაგაბარიტული ტვირთი არ ყოფილა, შესაძლოა იგი იყო არასტანდარტული, რაც არ ქმნიდა მის გადაზიდვაზე უარის თქმის საფუძველს. კასატორის აზრით, პალატას უნდა გამოეყენებინა რკინიგზაზე მოქმედი წესდების 162-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სადგურებში, რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგებზე სანაპიროებთან ვაგონების დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს ვაგონის დაზიანების შემთხვევაში ჯარიმის გადახდას ვაგონებისა და კონტეინერების დაზიანებული ნაწილების ხუთმაგი ანაზღაურებით. პორტს ყველა შემთხვევაში ეკისრება საჯარიმო თანხების გადახდა, უკეთუ პორტი ვერ დაამტკიცებს, რომ შემადგენლობის დაზიანება არ მომხდარა პორტში. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სასამართლომ საერთოდ არ განიხილა 3196 ინსტრუქციით მოწესრიგებული ამწეს მემანქანის მოვალეობების დაცულობა, ინსტრუქციის თანახმად უკე თუ წონა მიახლოებულია დასაშვებ ტვირთამწეობასთან, მემანქანეს ტვირთის 200-300 მილიმეტრის სიმაღლეზე აწევის შემდეგ უნდა შეემოწმებინა მუხრუჭების მოქმედება, ტვირთის საჭირო სიმაღლეზე აწევა უნდა დაწყებულიყო ტვირთის 100მმ დაშვების შემდეგ. ტექნიკური პირობების მე-15 პარაგრაფის დარღვევით ტვირთის გადმოცლა .. ..-ის ნებართვის გარეშე მოხდა კბილებიანი გრეიფერის მეშვეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ სახეზეა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც წარმოადგენს გადაწყვეტუილების გაუქმების, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს საკსაციო საჩივრის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

მოწინააღმდეგე მხარემ _ სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” სარჩელი არ ცნო და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. საქმეში მესამე პირად ჩაბმული შპს “ა-ის” წარმომადგენელმა დაეთანხმა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკსაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკსაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.12.02წ. გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს “.. ..-ის” სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს სავაგონო დეპოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი, შპს “.. ..-ის” სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს სავაგონო დეპო ითხოვს ფოთის ნავსადგურისათვის თანხის გადახდის დაკისრებას რკინიგზის წესდების 162-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს არათუ სრულ, არამედ მიყენებულ ზიანთან შედარებით მომეტებულ პასუხისმგებლობას, რაც გამოხატულებას პოულობდა მიყენებული ზიანის ხუთმაგ ანაზღაურებაში. მითითებული მუხლის თანახმად, რკინიგზის მისასვლელ გზაზე, პორტში, ნავმისადგომზე, მშენებარე სარკინიგზო ხაზზე და სადგურში ტვირთის გამგზავნის ან ტვირთის მიმღების სახსრებით გადატვირთვის ამ გადმოტვირთვის დროს ვაგონის ან კონტეინერის დაზიანებისათვის, რკინიგზის მიერ სამაგრი გადამზიდავი მოწყობილობების დაზიანების ან დაკარგისათვის ტვირთის გამგზავნი ან მიმღები, პორტი, ნავსადგური, აგრეთვე რკინიგზის ხაზის მშენებლობის განმხორციელებელი ორგანიზაცია, დაწესებულება უხდის .. ..-ს ჯარიმას ვაგონის ან კონტეინერის ან სამაგრი მოწყობილობების დაზიანებული (დაკარგული) ნაწილების ხუთმაგი ოდენობით. ტვირთის მიმღები, ტვირთის გამგზავნი, აგრეთვე საწარმო და ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს რკინიგზის ხაზების მშენებლობას, ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ .. ..-ს ის ზარალი, რომელიც მიადგა .. ..-ს მოძრავი შემადგენლობის დაზიანებით, დატვირთვის ნორმის გადაჭარბებით, არასწორი დატვირთვით, შეფუთვის ან ტვირთის არასწორი დამაგრებით. ამასთანავე, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებულ მუხლზე ვრცელდებოდა რკინიგზის წესდების 178-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული მუხლის თანახმად ამ წესდებიდან გამომდინარე რკინიგზის სარჩელები ტვირთის გამგზავნის, ტვირთის მიმღების და მგზავრების მიმართ, უნდა წარდგენილ იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მითიითებული ექვსთვიანი ვადა აითვლება იმ მოვლენის დადგომის დღიდან, რომელიც წარმოადგენს საფუძველს სარჩელის წარდგენისათვის. საქმის მასალების თანახმად ვაგონი ¹64479124 დაზიანება 21.04.99წ., ფოთის ნავსადგურის მეორე რაიონში, მეოთხე გემმისადგომთან შავი ლითონის ჯართის დაცლის დროს. ვაგონის დაზიანების თაობაზე ცნობილი იყო კასატორისათვის, მიუხედავად ამისა, შპს “.. ..-ის” სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს სავაგონო დეპომ სასარჩელო განცხადებით ფოთის საქალაქო სასამართლოს მიმართა 06.01.2000წ., ანუ მითითებული მუხლით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადის გაცდენით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო ურთიერთობების მიმართ საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული სარჩელის წარდგენის ცხრათვიანი ვადის (მუხ. 31) გამოყენების შესახებ. შეთანხმების თანახმად (32-ე მუხ),.. ..-ა, რომელმაც აანაზღაურა ტვირთის სრული ან ნაწილობრივი დანაკლისი ან დაზიანება, აგრეთვე ტვირთის მიწოდების ვადის გადაცილება, უფლებამოსილია მოითხოვოს გადაზიდვაში მონაწილე სხვა რკინიგზებისაგან გადახდილი ანაზღაურების მიღება. ხსენებული შეთანხმების რეგულირების საგანს შეადგენს ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვის, გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო ხანდაზმულობის და არა სატრანსპორტო საშუალების დაზიანების, არასახელშეკრულებო დელიქტური ურთიერთობების საკითხები. ამასთანავე, მოსარჩელე წარმოადგენს .. ..-ის ტერიტორიულ ერთეულს და არა უცხო ქვეყნის სარკინიგზო დაწესებულებას, სადავო სამართალურთიერთობაში იგი მოქმედებს საკუთარი და არა სომხეთის რკინიგზის სახელით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება მითითებული შეთანხმებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გამოყენების შესახებ.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმის გადახდის, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარდგენის უფლება აქვს იმ რკინიგზას, რომელმაც განიცადა ზიანი. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი რომ ტვირთის გამგზავნმა შპს “ა. ს-ი და კომპანიამ” წერილით მიმართა შპს “.. ..-ის” დირექტორს, რომლის თანახმადაც აღნიშნული ორგანიზაცია იღებდა პასუხისმგებლობას 10 საბანკო დღის განმავლობაში აენაზღაურებინა ის ზიანი, რომელიც მიიღო.. ..-ამ ფოთის პორტში ჯართის გადმოტვირთვისას. იგივე დაადასტურა შპს “ა. ს-ი და კომპანიის” დირექტორმა ქ. ფოთის სასამართლოსადმი გაგზავნილ წერილში, რომელშიც ა. ს-ი ადასტურებს დამდგარი ზიანის ანაზრაურების მზადყოფნის შესახებ წერილის თავისი ექსპედიტორის მეშვეობით შპს “.. ..-ისადმი” გადაცემას. ამდენად, არ არსებობდა ვაგონის მესაკუთრისათვის ვაგონის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება შპს “.. ..-ის” მხრიდან.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “სხვა სახელმწიფოების საკუთრებაში მყოფი სატვირთო ვაგონების სარგებლობისათვის ექსპლუატაციის თანმიმდევრული აღრიცხვისა და ანგარიშის წესების” მიხედვით .. ..-ის ადმინისტრაცია ვალდებული იყო აენაზღაურებინა სომხეთის რკინიგზისათვის ვაგონის დაზიანებით მიყენებული ზიანი. აღნიშნული წესების თანახმად ვაგონით მოსარგებლე სარკინიგზო ადმინისტრაცია ვალდებულია თავისი ხარჯებით გაარემონტოს ვაგონი. ამასთანავე, განსახილველ შემთხვევაში ტვირთი და ვაგონი ჩაბარდა ტვირთის მიმღებს-ნავსადგურს, ზიანი ვაგონს მიადგა ნავსადგურის ტერიტორიაზე, საზღვაო კოდექსის 70-ე, 72-ე მუხლების მიხედვით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიას წარმოადგენს მისთვის გამოყოფილი სახმელეთო ტერიტორია, 75-ე მუხლის თანახმად, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიის და აკვატორიის ფარგლებში წარმოების ტვირთის სატრანსპორტო-საექსპედიტორო, საწყობში მოთავსების ოპერაციები, ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე ტვირთის გადაცლა, აგრეთვე მგზავრთა მომსახურეობის, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადატანის ოპერაციები. ნავსადგურის ტარიტორიაზე ვაგონი გამართულ მდგომარეობაში იქნა წარდგენილი, ნავსადგურის ტერიტორიაზე დატვირთული ან ცარიელი ვაგონის (კონტეინერის) დაცვას უზრუნველყოფს ნავსადგური. ზიანის მიყენება მოხდა შპს “.. ..-ისაგან” დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მისი ბრალის გარეშე, რაც რკინიგზის წესდების 148-ე, 149-ე მუხლების თანახმად გამორიცხავდა ვაგონის მესაკუთრის წინაშე მის პასუხისმგებლობას ვაგონის დაზიანებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს-შპს “.. ..-ის” სამტრედიის ტერიტორიულ სამმართველოს არ წარმოეშობა მოწინააღმდეგე მხარის-სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურისადმი” რეგრესიის, უკუმოთხოვნის უფლება. ამასთანავე, აუდიტორიული დასკვნით საქმეზე დადგენილია, რომ ქ. ფოთის ნავსადგურის ტარიტორიაზე დაზიანებული ვაგონის ნაწილების ღირებულება 8774 ლარს შეადგენს, ვაგონის მესაკუთრისათვის ზიანი ანაზღაურდა ნატურით, ანაზღაურებული ზიანი არ შეადგენდა ვაგონის დაზიანებული ნაწილების ღირებულების ხუთმაგ ოდენობას, ვაგონის მესაკუთრისათვის ანაზღაურებული ზიანის და ნავსადგურისაგან მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ არის ეკვივალენტური, რის გამო უსაფუძვლოა კასატორის მიერ რეგრესის წესით ვაგონის დაზიანებული ნაწილების ღირებულების ხუთმაგი ოდენობის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს მე-12 თავით (“გადაზიდვა-გადაყვანა”) გათვალისწინებული ერთმანეთის მიმდევარი გადაზიდვის დროს ტვირთის დაზიანებისათვის პასუხისმგებლობის მომწესრიგებული ნორმები (სკ-ს 677-ე, 701-ე, 702-ე მუხ.), ვინაიდან გადატვირთვის დროს დაზიანდა არა ტვირთი, საქონელი, არამედ სატრანსპორტო საშუალება. ვაგონის დაზიანებისთან დაკავშირებული ურთიერთობები წარმოადგენენ არასახელშეკრულებო, დელიქტურ ურთიერთობებს, რის გამო მის მიმართ გამოიყენება არა გადაზიდვის ხელშეკრულების, არამედ ზიანის მიყენების მომწესრიგებელი ნორმები. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ამწეკრანის მემანქანის მიერ ვაგონის დაცლის დროს ინსტრუქციის წესების, მოთხოვნების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მის მიერ ტვირთის აწევა მუხრუჭების შემოწმების გარეშე. კასატორის აღნიშნული მტკიცებულება არ დასტურდება საქმის მასალებით, საქმეში დაცული მოწმეების ახსნა-განმარტებებიდან დასტურდება, რომ ჯართის გადმოტვირთვისას დაცული იყო გადმოტვირთვის წესები, ნავსადგურის მუშაკების დაუდევრობას, ტვირთის დაცლის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად არ არსებობს სკ-ს 997-ე, 999-ე მუხლების საფუძველზე ნავსადგურის და მისი მუშაკებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მოპასუხის მიერ ვაგონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ტექნიკური პირობების მოთხოვნების დარღვევით ვაგონის კბილებიანი გრეიფერით დაცლის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს ამ საფუძვლით ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა განხილვის საგანს არც ერთ სასამართლო ინსტანციაში.

სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მართებულად უარის თქმის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 მაწილის “ბ” ქვეპუმქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სკ-ს მე-12 თავი). სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო პალატის შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სავაგონო დეპოს სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს “.. ..-ის” სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს სავაგონო დეპოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.12.02წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს “.. ..-ის” სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს სავაგონო დეპოს სარჩელი ფოთის ნავსადგურისათვის 57644 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.