Facebook Twitter

3გ-ად-67-კ-02 12 ივნისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. დ.-მ სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონის სასამართლოს მოპასუხე ნ. ფ.-ის მიმართ და მიუთითა, რომ მიწის პრივატიზაციის დაწყებისას, მათ კომლს (რ. კ.-ს) საკარმიდამო ნაკვეთის შევსების მიზნით, კუთვნილი ეზოს გაგრძელებაზე მამაპაპისეული ნაკვეთიდან მიუზომა 0,30 ჰა. მიუხედად იმისა, რომ კომლის უფროსის რ. კ.-ის სახელზე 1998წ. 25 აპრილს გაცემული იყო ¹130 მიღება-ჩაბარების აქტი, მეზობლად მცხოვრები ნ. ფ.-ე მოზომილი ნაკვეთის სარგებლობაში ხელს უშლიდა. საქმის სასამართლო განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და ნ. ფ.-ზე 1993წ. 15 ნოემბერს გაცემული ¹198 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოპასუხეებად დაასახელა წყალტუბოს რაიონის მიწის მართვის სამმართველო და სოფ. ...-ის გამგეობა.

მოპასუხე ნ. ფ.-მ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა რ. კ.-ზე 1998წ. 25 აპრილს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა და რეფორმის შედეგად საკუთრების უფლებით მას გადაეცა.

მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე საქმე აცილდა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და განსახილველად დაექვემდებარა ცაგერის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2001წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით ბ. დ.-ის სარჩელი და ნ. ფ.-ის შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა და ბათილად ცნო 1993წ. 15 ნოემბრის ¹198 და 1998წ. 25 აპრილის ¹130 მიწის მიღება-ჩაბარების აქტები. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე აქტი მიღებული იყო მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ.-მ და სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. სააპეალციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ. ფ.-მ და მის სახელზე 1993წ. 15 ნოემბერს გაცემული ¹198 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში გადაწვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქოს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდა ნ. ფ.-ის შეგებებული სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ.-მ და აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი რეფორმამდე მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა. 1978 წლიდან ფლობდა მას და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად მის საკუთრებას წარმოადგენდა. ნ. ფ.-ის აზრით, მასზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი კანონიერად უნდა ყოფილიყო მიჩნეული და აღნიშნული აქტის ხანდაზმულობის გამო მისი ბათილად ცნობა სასამართლოს არ შეეძლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებით ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ხელახლა განახილველად დაუბრუნდა სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებითFარ დაკმაყოფილდა ბ. დ.-ის სააპელაციო და ნ. ფ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრები.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ბ. დ.-ის პაპის, რ. კ.-ის კომლი პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რასაც არც მოპასუხე მხარე ხდიდა სადავოდ.

ბ. დ.-ის კომლს, როგორც I კატეგორიის კომლს, ეკუთვნოდა 1,25 მიწის ნაკვეთი, ხოლო ნ. ფ.-ს, როგორც მეორე კატეგორიის კომლს, 0,75 ჰა. სადავო 0,30 ჰა მიწის ნაკვეთი რეფორმამდე ნ. ფ.-ის საკარმიდამო ნაკვეთს წარმოადგენდა და მდებარეობდა ბ. დ.-ის საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარედ. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლური დავა 0,30 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წლების მანძილზე მიმდინარეობდა, რეფორმის დროს 1998წ. 25 აპრილის ¹130 მიღება-ჩაბარების აქტით ბ. დ.-ის პაპას _ რ. კ.-ს გამოეყო. სადავო მიწის ნაკვეთზე გაცემული იყო ორი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლებიც არ იყო გაცემული და რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1993 წლი 15 ნოემბრის ¹198 მიღება-ჩაბარების აქტი ნ. ფ.-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ არ იყო გადაგზავნილი და რეგისტრირებული წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოში, რის გამოც დარღვეული იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტი, ხოლო რ. კ.-ისათვის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ 1998წ. 25 აპრილის აქტი შედგენილი იყო მეზობლური დავასთან დაკავშირებით, რომლითაც დადგენილი იყო, რომ ნ. ფ.-ე უკანონოდ ფლობდა აღნიშნულ ნაკვეთს და მიწის რეფორმის კომისიას დავალება ჰქონდა მიცემული შეევსო და გაეცა მიღება-ჩაბარების აქტები და გადაეცა ისინი მესაკუთრეებისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტის (მიღება-ჩაბარების) მიღებისას დარღვეული იყო სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 16 სექტემბრის ¹362 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ" დროებითი დებულების მე-14 მუხლი, რომლის თანახმადაც დაბის, თემის, რაიონული დაქევმდებარების ქალაქის გამგეობა ახორციელებდა მიწის რეფორმას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტდა მიწათსარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბ. დ.-მ, ასევე ნ. ფ.-მ.

ბ. დ.-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებინა, გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას 1998წ. 25 აპრილის ¹130 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ნ. ფ.-ს უკანონოდ ჰქონდა შევსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სადავო მიწის ნაკვეთით, აქტში არავითარი საფუძველი მიწის მოზომვასთან დაკავშირებით არ არის მითითებული. ნ. ფ.-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი არ ყოფილა წარდგენილი დასამტკიცებლად არც კომისიისათვის და არც წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოსათვის. საქმეზე დაკითხული სოფ. ...-ის გამგებლის შ.-ის განმარტებით, დადგენილ იქნა ნ. ფ.-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე. მისი პაპის რ. კ.-ის სახელზე გაცემული აქტი გაგზავნილია მიწის მართვის სამმართველოში. იგი დადასტურებულია წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს ბეჭდით და უფროსის ხელმოწერით, რის გამოც მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს მოტივაცია აღნიშნული აქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რ. კ.-ზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლის მიუთითებლობა და ფორმის დაუცველობა წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დებულების “საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ" საფუძველზე დეპარტამენტს უფლება ჰქონდა განეხილა და და გადაეწყვიტა საადგილმამულო დავები. მიაჩნია, რომ ¹130 აქტი მიღებულია აღნიშნული დებულებებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

ნ. ფ.-ე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ბ. დ.-ის სარჩელის დაკმაყოფიელბის ნაწლიში და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მის სახელზე 1993წ. 15 ნოემბრის ¹198-ე მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში.

კასატორი მიუთითებს, რომ, მართალია, მისი მიღება-ჩაბარების აქტი არ გადაგზავნილა და არ არის რეგისტრირებული წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოში, მაგრამ დარღვევა მომხდარია 10 წლის წინ, რაშიც მას ბრალი არ მიუძღვის. საკარმიდამო მიწის ნაკვეთს აღნიშნული აქტის საფუძველზე ფლობს კანონიერად, რის გამოც საქართველოს სსრ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48-ე დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთი მის საკუთრებას წარმოადგენს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. დ.-ისა და ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შესახებ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიიჩნია კასატორ ბ. დ.-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ბაბუის _ რ. კ.-ის სახელზე 1998წ. 25 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის ¹130 მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების Mმიწის რეფორმის შესახებ" მე-11 პუნქტის შესაბამისად მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. 1998წ. 25 აპრილს რ. კ.-ის სახელზე გაცემული ¹130 მიღება-ჩაბარების აქტი არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულ აქტში მითითებული არ არის მისი გაცემის საფუძველი და ასეთი არც საქმის სასამართლოში განხილვის დროს იქნა წარდგენილი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ ბ. დ.-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ¹130 მიღება-ჩაბარების აქტი საფუძველია 1998წ. 22 აპრილის აქტი და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი აქტი (1998წ. 22 აპრილი) არც ფორმით და არც შინაარსით არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული აქტი მიღებულია ნ. ფ.-ისა და რ. კ.-ის მეზობლურ დავასთან დაკავშირებით და ის არ წარმოადგენს წყალტუბოს რაიონის სოფ. ქვედა ...-ის გამგეობის გადაწყვეტილებას, მიწის რეფორმასთან დაკავშირებით რ. კ.-ისათვის მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ. იგი არ დაუმტკიცებია რაიონის მმართველობის ორგანოს და არ არის რეგისტრირებული მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 1998წ. 22 აპრილს აქტზე ხელის მომწერი პირები არ წარმოადგენდნენ მიწის რეფორმის კომისიის წევრებს, რომლებიც უფლებამოსილი იყვნენ მიეღოთ გადაწყვეტილება რ. კ.-ისათვის მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ.

საკასაციო პალატის აზრით, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი, ვინაიდან 1993წ. 15 ნოემბერს ნ. ფ.-ზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹198 (199) აქტი არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 28 ივნისის ¹503 დადგენილებით “საქართთველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ" განსაზღვრულ პირობებს. აღნიშნული დადგენილების (¹503) დანართის თანახმად, აქტის საფუძველს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ სოფლის (თემის) დადგენილება ოქმისა და თარიღის მითითებით. ნ. ფ.-ზე გაცემული ¹198 (199) მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად მითითებული ...-ის საკრებულოს 1993წ. 15 ნოემბრის ¹220 დადგენილება და ¹11 ოქმი სოფ. ...-ის თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2001წ. 10 ივნისის წერილის თანახმად ...-ის საკრებულოს ზონარგაყრილი წიგნებისა და საქმეების მიღება-ჩაბარების აქტში (2001წ. 4 იანვარი) შეტანილი არ არის.

ამასთან, ნ. ფ.-ეზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ამოწერილია ორი ნომრით ¹198 და ¹199, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ხელმოწერით, ისე შევსების წესით, მაშინ, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შეივსოს ხუთ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს. ამასთან, საქმეში არსებული წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2000წ. 26 აპრილის ¹58 ცნობით დადასტურებულია, რომ 1993 წლი 15 ნოემბერს ნ. ფ.-ზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი რეგისტრირებული არ არის წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ფ.-ეზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არ არსებობს ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი EE

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ფ.-ისა და ბ. დ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ნ. ფ.-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით;

4. ბ. დ.-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.