Facebook Twitter

3გ-ად-68-კ-03 16 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 18 მარტს ვ. ბ.-მ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ. ფოთის მერიის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტისათვის 785 ლარის დაკისრება, იმ საფუძვლით, რომ მათ შორის 2001 წელს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად ქ. ფოთში, ... მდებარე შენობის მე-2 სართულზე 10 ოთახი თავისი ინვენტარით მიაქირავა ქ. ფოთის მერიის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტს წელიწადში 7000 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტის ლარებში გადახდით. ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ფოთის მერიას დაეკისრა ვ. ბ.-ის სასარგებლოდ 9270 ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა 4 თვის შემდეგ, ანუ 2002წ. 26 თებერვალს, ამ პერიოდში კი დოლარის კურსი ლართან მიმართებაში გაიზარდა და შეადგინა ერთი დოლარი = 2,224 ლარი, მოსარჩელემ განიცადა ზიანი 785 ლარის ოდენობით. სკ-ს 389-ე მუხლის თანახმად მან მოითხოვა მოპასუხისათვის ინფლაციის გათვალისწინებით, ვალდებულების წარმოშობის დროს არსებული კურსის შესაბამისად 785 ლარის გადახდის დაკისრება.

ქ. ფოთის მერიის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას.

ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2000წ. 16 ივლისს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ.-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ნოემბრის განჩინებით ვ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ ფოთის მერიას ვ. ბ.-ის სასარგებლოდ დააკისრა 9270 ლარის გადახდა და ეს გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ქ. ფოთის მერიისათვის დაკისრებული 9270 ლარიდან ვ. ბ.-მ აღმასრულებლის მეშვეობით მიიღო 2002წ. 26 თებერვალს 9223 ლარი, ხოლო სხვაობასთან დაკავშირებით, რომელმაც შეადგინა 47 ლარი, პრეტენზია არ გამოუთქვამს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რადგან ამავე სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფოთის მერიას ვ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9270 ლარის გადახდა და სწორედ ეს თანხა უნდა გადაეხადა ვ. ბ.-ისათვის. ამიტომ სკ-ს 389-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმით, ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც თავად ვ. ბ.-მ უარყო, რომ მან თანხა მიიღო, ოღონდ დაგვიანებით და 47 ლარის დაკლებით და მას ამაზე პრეტენზია არ განუცხადებია. აღნიშნულიდან გამოდინარე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უკვე აღსრულებულად მიიჩნია.

ვ. ბ.-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საჩივარში აღნიშნა, რომ ფოთის სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ფოთის მერიას დაეკისრა მის სასარგებლოდ 9270 ლარის გადახდა, ფოთის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულდა 4 თვის დაგვიანებით, რის გამოც დოლარის კურსის გაზრდასთან დაკავშირებით მას მიადგა ზარალი 785 ლარის ოდენობით. როგორც ქ. ფოთის საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ არ იქნა დაკმაყოფილებული მისი მოთხოვნა. ამავე დროს მიუთითა, რომ ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს, რომ 2002წ. 22 მაისს სწორი გადაწყვეტილება გამოეტანა და მოპასუხისათვის დაეკისრებინა 4500 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა დაეკისრებინა ამგვარ გაუგებრობას ადგილი არ ექნებოდა. კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარისათვის 785 ლარის გადახდის დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ვ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 2002წ. 21 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ფოთის მერიას ვ. ბ.-ის სასარგებლოდ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა 9270 ლარის გადახდა. ვ. ბ.-ს სსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება, თუ იგი არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას, რაც მას არ გაუკეთებია. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ბ.-მ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსაგან 2002წ. 26 თებერვალს მიიღო 9223 ლარი, ანუ ფაქტობრივად გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ბ.-ს ქ. ფოთის მერიისაგან 785 ლარის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით. შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს

სააპელაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით არ შეეძლო ემსჯელა მოპასუხე ქ. ფოთის მერიის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტისათვის 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან ასეთი მოთხოვნა მას არ ჰქონია დაყენებული, ხოლო სასამართლოს სსკ-ს 248-ე მუხლის თანახმად არ აქვს უფლება მხარეს მიეკუთვნოს ის, რაც მას არ უთხოვია ან მიაკუთვნოს იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე დროს ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და იგი აღსრულებულიც იყო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ნოემბრის განჩინება;

3. ვ. ბ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 31,4 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.