3გ-ად-71-კ-03 3 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 17 თებერვლის ¹1-3/107 ბრძანებით კასატორი გ. ჯ-ე გამარჯვებულად გამოცხადდა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ბალანსზე რიცხული კოტეჯის, მდებარე დაბა წყნეთი, “დ” ზონა ¹...... კორპ. ¹......, იჯარა-გამოსყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, რის საფუძველზეც სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის დაბა წყნეთის სამთავრობო აგარაკების სამმართველოსა და გ. ჯ-ეს შორის 1997წ. 12 ივნისს დაიდო იჯარის ხელშეკრულება ¹2 ქონების გამოსყიდვის უფლებით.
ხელშეკრულების მიხედვით, კოტეჯის საიჯარო ქირა განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 3 იანვრის ¹20 დადგენილებით და წელიწადში შეადგენდა 810 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში. საიჯარო ქირა მოიჯარე Uგ. ჯ-ეს უნდა გადაეხადა ყოველ 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქონების ღირებულების გამოსასყიდი თანხის _ 8000 აშშ დოლარის 51% მოიჯარეს უნდა გადაეხადა 1997წ. 31 დეკემბრისათვის, ხოლო დანარჩენი 49% _ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად თანაბარი პროპორციით. თუ მოიჯარე დაარღვევდა ხელშეკრულების 2,6 პუნქტის მოთხოვნას, იგი დაკარგავდა ქონების გამოსყიდვის უფლებას, ხოლო 3.2 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირისა და ხელშეკრულებით დადგენილი გადასახადების გადაუხდელობისათვის, მოიჯარეს უნდა გადაეხადა ჯარიმა, ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
გ. ჯ-ემ 1997წ. 31 დეკემბერს ხელშეკრულების შესაბამისად გადაიხადა საიჯარო ქონების გამოსასყიდი თანხის ნაწილი 1978,53 აშშ დოლარი, ხოლო კოტეჯის ღირებულების დარჩენილი თანხა 6021,50 აშშ დოლარი და საიჯარო ქირა 2315 აშშ დოლარი მოიჯარემ გადაიხადა 2000წ. 31 დეკემბერს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 8 თებერვლის ¹1-3/74 ბრძანებით, საიჯარო ხელშეკრულების 2.2 და 2.6 პუნქტების დარღვევის (საიჯარო ქირისა და გამოსასყიდი თანხის დროულად გადაუხდელობის) გამო, გ. ჯ-ე დაჯარიმდა გადასახდელი გამოსასყიდი ღირებულებისა და საიჯარო ქირის 0,1%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რამაც 5078,5 აშშ დოლარი შეადგინა.
კასატორმა გ. ჯ-ემ არ დაფარა დავალიანება, რის გამოც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ განცხადებით მიმართა სასამართლოს 5078,5 აშშ დოლარის ეკვივალენტის გ. ჯ-ისათვის დაკისრების შესახებ. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 აპრილის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოთხოვნა დავალიანების დაკისრების შესახებ, რაც დადგენილი წესით გასაჩივრდა (პროტესტის შეტანით) გ. ჯ-ის მიერ, რის გამოც გაუქმდა გადახდის ბრძანება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოთხოვნა გ. ჯ-ის მიმართ 5078,5 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ განხილულ იქნა საერთო სასარჩელო წესით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით, სკ-ს მე-400, 412-ე მუხლების შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელი გ. ჯ-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება; ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და გ. ჯ-ეს სამინისტროს სასარგებლოდ შემდეგი მოტივით დაეკისრა 5078,5 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდა:
სააპელაციო პალატის აზრით, სკ-ს მე-400 მუხლით გათვალისწინებულ მოვალის მიერ ვადის გადაცილებად მიჩნეულ უნდა იქნეს გ. ჯ-ის მიერ დადგენილ დროში ვალდებულების შეუსრულებლობა. პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოიჯარე გ. ჯ-ის მიერ დადგენილ ვადაში არ შესრულდა ხელშეკრულების 2.6 პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობები საიჯარო ქირისა და ქონების გამოსასყიდი თანხის დროულად გადახდის შესახებ. ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.2 პუნქტით საიჯარო ქირისა და ხელშეკრულებით დადგენილი თანხების გადაუხდელობისათვის დადგენილი იყო პირგასამტეხლო _ ყოველ ვადაგასულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით, სკ-ს 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 5078,5 აშშ დოლარის მოიჯარისათვის დაკისრების შესახებ, პალატამ კანონიერად მიიჩნია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება ქონების გამოსასყიდი თანხის დროულად გადაუხდელობის გამო ზიანის არარსებობაზე, როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველზე. პალატის აზრით, სასარჩელო თანხა მიყენებული ზიანის კომპენსაციას კი არ წარმოადგენს, არამედ იგი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია, რომლის გადახდისათვის არ არის სავალდებულო კონკრეტული ზიანის არსებობა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს გ. ჯ-ე, რომელიც დაუსაბუთებლობისა და არაკანონიერების მოტივით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას უსაფუძვლობის გამო. კერძოდ, კასატორის აზრით, პირგასამტეხლო მას შესაძლოა დაკისრებოდა ვალდებულების შეუსრულებლობის, კოტეჯის ღირებულების – 8000 აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში. ვინაიდან, მან ხელშეკრულებით მითითებული ვადის ამოწურვამდე გადაიხადა კოტეჯის გამოსასყიდი ღირებულება და იჯარის ქირა, ანუ ხელშეკრულების ძირითადი პირობა შეასრულა, ვალდებულების შესრულების შემდგომ მისი დასჯა და პირგასამტეხლოს დაკისრება უკანონოა. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მეიჯარეს _ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის დაბა წყნეთის აგარაკების სამმართველოს მის მიმართ არავითარი ღონისძიება არ გაუტარებია გაფრთხილების ან სხვა ღონისძიების სახით. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების სტიმულირებაა. ის ზიანის ანაზღაურების საშუალებაა, რომელიც შესაძლოა კრედიტორმა განიცადოს. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და 2000წ. 31 დეკემბრისათვის მთლიანად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მისთვის საჯარიმო სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება უსამართლობაა.
მოწინააღმდეგე მხარის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ამასთან განმარტა, რომ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე სამინისტროს მხრიდან კასატორ გ. ჯ-ის გაფრთხილების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის და არც რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება კასატორისათვის 5078,5 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ამჟამად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ 1997წ. 12 ივნისს კასატორ გ. ჯ-ესა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის დაბა წყნეთის სამთავრობო აგარაკების სამმართველოს შორის დაბა წყნეთში, “დ” ზონაში მდებარე ¹..... კორპ. ¹..... ბინაზე დაიდო იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ¹2. ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქონების ღირებულების _ 8000 აშშ დოლარის 51% მოიჯარეს უნდა გადაეხადა 1997წ. 31 დეკემბრისათვის, დანარჩენი 49% _ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ხოლო საიჯარო ქირა – 810 აშშ დოლარის ეკვივალენტი მოიჯარეს უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქირისა და გამოსასყიდი თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს უნდა გადაეხადა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით. სააპელაციო პალატის მიერ ასევე უტყუარად დადგენილია, რომ 1997წ. 31 დეკემბერს მოიჯარე გ. ჯ-ემ გადაიხადა საიჯარო ქონების გამოსასყიდი თანხის ნაწილი 1978,53 აშშ დოლარი, ხოლო ღირებულების დარჩენილი ნაწილი – 6021,50 აშშ დოლარი და საიჯარო ქირა 2315 აშშ დოლარი მოიჯარემ ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას გადაიხადა, 2000წ. 31 დეკემბერს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 8 თებერვლის ¹1-3/74 ბრძანებით, საიჯარო ხელშეკრულების 2.2 და 2.6 პუნქტების დარღვევის (საიჯარო ქირისა და გამოსასყიდი თანხის დროულად გადაუხდელობის) გამო, გ. ჯ-ე დაჯარიმდა გადაუხდელი თანხის 0,1%-ით – 5078,5 აშშ დოლარით, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა მოიჯარე გ. ჯ-ეს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან:
სკ-ს 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა, ხოლო 417-ე, 419-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (მაგ. როცა მოვალე თავის ვალდებულებას დადგენილ დროში არ ასრულებს) გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა, მაგრამ საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს უმთავრესი ფუნქცია ვალდებულების უზრუნველყოფა და მისი შესრულების სტიმულირებაა. ამიტომ, მართალია, კასატორმა (მოიჯარე) გ. ჯ-ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის ქირისა და გამოსასყიდი თანხის ეტაპობრივად დაფარვის გრაფიკი, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული ვადა სამართლებრივი ბუნებით ე.წ. რელატიურ ვადას წარმოადგენს და მოიჯარის მიერ იჯარის ქირისა და გამოსასყიდი თანხების გადახდის გრაფიკის დარღვევას, მოიჯარის მიერ ვალდებულების, 2000წ. 31 დეკემბრისათვის შესრულებას, აზრი არ დაუკარგავს მეიჯარისათვის, არც ზიანის მიყენების ფაქტს ჰქონია ადგილი და ამდენად, ვალდებულება თუმცა ვადის გადაცილებით, მაგრამ მაინც შესრულდა. ამიტომ ვალდებულების შესრულების შემდგომ, მოიჯარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, საკასაციო პალატის აზრით, გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს სამართლებრივ მიზანსა და ფუნქციას – უზრუნველყოს ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულება.
სკ-ს 394-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, როგორც მეიჯარის უფლებამონაცვლეს, რაიმე ღონისძიება არ გაუტარებია მოიჯარის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულების მიზნით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარის წერილობითი სახით გაფრთხილება წარმოადგენს მეიჯარე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოვალეობას, რაც “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1997წ. 8 სექტემბრის ¹1-3/548 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” 1999წ. 27 მაისის ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით არის გათვალისწინებული. მეიჯარის – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, მისთვის უცნობია გადახდის ვადის დარღვევის შესახებ მოიჯარე გ. ჯ-ისათვის წერილობითი სახით გაფრთხილების მიცემის თაობაზე და არც შესაბამისი მტკიცებულებაა საქმეში წარმოდგენილი. ასეთ პირობებში, როცა თავად მეიჯარე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს მის მიერ დადგენილი მოიჯარის წერილობით გაფრთხილებაზე სავალდებულო წესის დარღვევას და როცა მოიჯარის მიერ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მომენტისათვის სრულად არის შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულება კოტეჯის ღირებულების 8000 აშშ დოლარისა და საიჯარო ქირის 2315 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდის შესახებ, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოთხოვნას ფაქტობრივად უკვე შესრულებულ ვალდებულებაზე პირგასამტეხლოს სახით 5078,5 აშშ დოლარის მოიჯარისათვის დაკისრების შესახებ. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად განმარტა სკ-ს ნორმები და არ გამოიყენა სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. ამასთან, სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საქმეზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება 5078,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი პირგასამტეხლოს გ. ჯ-ისათვის დაკისრებაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. 5078,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი პირგასამტეხლოს გ. ჯ-ისათვის დაკისრების თაობაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ამჟამად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.