Facebook Twitter

3გ-ად-72-კ-03 11 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: უკანონო მშენებლობის მოშლა.

შეგებებული სარჩელის საგანი: ავტოსადგომის მოშლა, მშენებლობისათვის გაცემული ნებართვის ნაწილობრივ გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 25 ოქტომბერს მოსარჩელე ბ. ვ.-მ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ლ. მ.-ის, მ. ქ.-ისა და შ. ა.-ის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ...-ის ინსტიტუტის დირექციის შრომითი კოლექტივის საკრებულოს (¹401/37 03.07.91) შუამდგომლობის, სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებისა (03.04.92წ.) და ... მცხოვრებთა თანხმობის საფუძველზე მცხეთის რაიონის მშენებლობისა და არქიტექტურის საპროექტო ჯგუფმა 1992წ. 11 სექტემბერს გასცა ავტოსადგომის პროექტი, მაგრამ მოპასუხეთა მიერ კანონის უხეშად დარღვევების გამო მოსარჩელეს არ შეეძლო პროექტით გათვალისწინებული ზომებით ავტოსადგომის მშენებლობა მისთვის განკუთვნილ მიწის ფართზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოპასუხეებმა ყოველგვარი ნებართვისა და პროექტის გარეშე, სახელმწიფო მიწის ფართზე ააშენეს ავტოსადგომები ისეთი ზომებით, რაც ხელს უშლიდა კანონის საფუძველზე გაცემული პროექტით გათვალისწინებულ მშენებლობას.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მოპასუხეთა უპროექტო ავტოსადგომების მოშლა.

მოპასუხეებმა _ ლ. მ.-მ, შ. ა.-მ, მ. ქ.-მ სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების: ბ. ვ.-ისა და სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის მიმართ, მესამე პირად მიუთითეს მცხეთის რაიონის საკრებულოს მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებაზე. რომელშიც აღნიშნეს, რომ მხარეები 1986 წლიდან ცხოვრობდნენ ... მდებარე ცხრასართულიან სახლში. სახლის უკან მდებარეობდა ეზო, რომელიც 1988 წელს კეთილმოეწყო. აღნიშნულ სახლში მცხოვრები ავტომანქანების მფლობელი მეზობლები შეთანხმდნენ, ეზოს ფართის გათვალისწინებით, თითოეულს გაეკეთებინა თანაბარი, დაახლოებით 2,60 მ სიგრძის ავტოსადგომი. ბ. ვ.-მ 1990 წელს მიიტანა პერიოდული და კუთხოვანი რკინისაგან შეკრული 3 მ სიგანის კაპიტალური ავტოსადგომი, რომელსაც გაუკეთა ბეტონის საძირკველი. მისი მომიჯნავე ლ. მ.-ისა და შ. ა.-ის ავტოსადგომის სიგანე შეადგენდა 2,40 მ-ს, ხოლო მ. ქ.-ის ავტოსადგომი – 2,50 მ-ს. ვინაიდან მოსარჩელისა და მოპასუხეების ავტოსადგომებს ჰქონდა საერთო კედელი, რომელიც იყო რკინის ბადის, ვ.-ის თანხმობით და მისი შვილის დახმარებით, მის მიერვე გაკეთებულ საძირკველზე აშენდა ბეტონის კედელი, ხოლო ავტოსადგომის მეორე კედელი კარების ჩამოსაკიდად, ვ.-ის თანხმობით, გამოყენებული ჰქონდა მ. ქ.-ეს. ამდენად ბ. ვ.-ეს თავის დროზე არავითარი პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.

ბ. ვ.-ემ მხოლოდ 1992წ. 3 აპრილს აიღო ...-ის საკრებულოს გამგებლის მიერ 1992წ. 11 სექტემბერს გაცემული ავტოსადგომის პროექტი, რის შესახებაც მეზობლებისათვის უცნობი იყო.

ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორებმა ითხოვეს ბ. ვ.-ის ავტოსადგომის მოშლა, საიდანაც 0,20 მ ფართი დაუბრუნდებოდა ლ. მ.-ესა და შ. ა.-ს, ხოლო 0,10 მ _ მ. ქ.-ეს, გარდა ამისა, ბ. ვ.-ისათვის ავტოსადგომის მშენებლობისათვის გაცემული ნებართვის ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, მისთვის 2,6 მ სიგანის ავტოსადგომის მშენებლობისთვის ნებართვის დატოვება.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ. ქ.-ემ უარი თქვა შეგებებულ სარჩელზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. ვ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ლ. მ.-ისა და შ. ა.-ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ვ.-ემ.

აპელანტმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

ლ. მ.-მ, შ. ა.-მ და მ. ქ.-მ სააპელაციო საჩივარი არ ცნეს. ლ. მ.-მ და შ. ა.-მა თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანეს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვეს მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მათ შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ბ. ვ.-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში _ უცვლელად დატოვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ვ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ვ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო შ. ა.-ისა და ლ. მ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ბ. ვ.-მ და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის სხვა რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 208-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობები, რომლებიც არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინების მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა, ხოლო ინდივიდუალური საკუთრება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იზოლირებულ ბინაზე ან შენობის სხვა იზოლირებულ ნაწილზე.

საკასაციო სასამართლო, ზემოთ აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მხარეთა ავტოფარეხები, წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული კორპუსის მობინადრეთა საერთო საკუთრებას და მასზე გააჩნიათ თანაბარი უფლებები. რაც შეეხება ავტომანქანების დასაყენებელ ადგილებს, ამ კორპუსის მობინადრეები კუთვნილი ავტომანქანების დაყენების მიზნით ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებდნენ იმ ადგილებს, სადაც მათი ავტოფარეხებია განთავსებული. სკ-ს 208-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, მანქანების დასაყენებელი ადგილები ითვლება იზოლირებულად, თუკი მათი საზღვრები გამოკვეთილია ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენების შედეგად.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ, რადგანაც ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სოფ. დიღომში, ... მდებარე კორპუსის მობინადრეთა თანასაკუთრებას, ამიტომ დაუშვებელია რომელიმე მობინადრისათვის უპირატესობის მინიჭება დანარჩენ მობინადრეთა უფლებების შელახვის ხარჯზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად სრულყოფილად არის დასაბუთებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ბ. ვ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.