3გ-ად-73-კ-03 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სახელმწიფო დავალიანების თანხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ხ-ი 28.05.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში ...... თანამდებობაზე. სამსახურიდან გათავისუფლდა საპენსიო ასაკის გამო. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოპასუხეს მის მიმართ დარჩა სახელფასო დავალიანება 1500 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოითხოვა გ. ხ-მა.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 07.06.02წ. განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 15.07.02წ. გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს კონტროლის პალატას მის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის დავალიანების _ 1005 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა, საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად, გ. ხ-ის წინაშე არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.10.02წ. განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 15.07.02წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ, სკ-ს 463-ე, 473-ე მუხლებზე მითითებით, ფინანსთა სამინისტრო არ მიიჩნია სოლიდარულად ვალდებულ პირად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სახელფასო დავალიანების თანხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონტროლის პალატა არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის შენახვა ფინანსდება ცენტარლური ბიუჯეტიდან, ხოლო დავალიანებას ახორციელებს ფინანსთა სამინისტრო. სახელფასო დავალიანების წარმოშობის საფუძველი არის ის, რომ 1998-2000 წლებში, ფინანსტა სამინისტრომ ვერ დააფინანსა კონტროლის პალატა შესაბამისი წლების ბიუჯეტის კანონებით გათვალისწინებული ოდენობით. “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიენებების დაფარვისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა და მოსამსახურეთა საბოლოო ანგარიშსწორების და სხვა დავალიენებათა დასაფარავად, ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა 35 მლნ ლარის გამოყოფა, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მიუხედავად ამისა, კონტროლის პალატას ამ მუხლით გათვალისწინებული არავითარი დაფინანსება არ მიუღია, რის გამო კონტროლის პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაფაროს 1998-2000 წლებში წარმოქმნილი სახელფასაო და სამივლინებო დავალიანებები. ამასთანავე, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება წარმოებს ფინანსთა სამინისტროს მიერ სააღსრულებო ფონდის სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, უმართებულია გ. ხ-ის სახელფასო დავალიანების თანხის ანაზღაურების დაკისრება მხოლოდ კონტროლის პალატისათვის.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმნენ გ. ხ-ი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არსებული სახელფასო დავალიანების თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს კონტროლის პალატას, რადგანაც სწორედ კონტროლის პალატასთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობებში გ. ხ-ი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს შკკ-ს 96-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია გ. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილება მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. გ. ხ-ისათვის სახელფასო დავალიანების თანხის ანაზღაურების მართლზომიერებას თვით კასატორიც აღიარებს. ამასთანავე, საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის გ. ხ-ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებას. ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლის პალატა არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის შენახვა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" კანონის 28-ე მუხლის თანახმად ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებიდან, არ წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროსათვის სკ-ს 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. სკ-ს 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზე არ არის მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, გ. ხ-ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა კონტროლის პალატასთან და არა ფინანსთა სამინისტროსთან, ვალდებულებითი ურთიერთოიბები წარმოიშობა ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სუბიექტებს შორის, გ. ხ-ს არ გააჩნია მოთხოვნის უფლება ფინანსთა სამინისტროსადმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონტროლის პალატის დაფინანსება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ისევე როგორც კონტროლის პალატის) უფლებამოსილებანი საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისთავად არ ქმნის გ. ხ-ის წინაშე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულ ვალდებულებას აანაზღაუროს განაცდური ხელფასის თანხა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის, მათ მიერ დკისრებული მოვალეობის სათანადო შესრულების საკითხები განეკუთვნებიან საჯარო და არა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს. სუბიექტთა სოლიდარული ვალდებულება უმეტესად დამახასიათებელია ისეთი ურთიერთობისათვის, როდესაც ურთიერთობის ერთ მხარეზეა რამდენიმე მოვალე, ხოლო მეორე მხარეს _ კრედიტორი. კონტროლის პალატა და ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ სახელმწიფოს, რომელიც სკ-ს 24-ე მუხლის მიხედვით ურთიერთობაში გამოდის მისი ორგანოების მეშვეობით. ამდენად, ადგილი არ აქვს სოლიდარული პასუხისმგებლობისათვის სავალდებულო მოვალეთა სიმრავლეს ვალდებულებაში. აღნიშნულს არ ცვლის ის გარემოება, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალეს _ სახელმწიფო დაწესებულებას და ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას აღსრულების ფონდის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული მუხლი, ქმნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააღსრულებო წარმოების და არა უშუალოდ სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ მიჩნევის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფიელბის, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა სსკ-ს 46.2 მუხლის, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ლ" და “უ" ქვეპუნქტების საფუძველზე თვლის, რომ კასატორს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.10.02წ. განჩინება.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.