Facebook Twitter

3გ-ად-74-კ-03 3 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: საბიუჯეტო თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “...-ის” მიმართ და მოითხოვა სასამართლოს გაეცა ბრძანება მოპასუხისათვის ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების მიმართ არსებული დავალიანების 32324 ლარის გადახდევინების შესახებ.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 მარტის გადახდის ბრძანებით სს “...-ს” ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ დაეკისრა 32324 ლარის გადახდა. სს “...-ის” შესაგებლის (პროტესტი) საფუძველზე, სასამართლოს 2001წ. 8 მაისის განჩინებით გაუქმდა 2001წ. 26 მარტის ბრძანება დავალიანების გადახდის შესახებ და დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა განხილულ იქნა სასარჩელო წესით.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი. სს “...-ს” გადასახდელად დაეკისრა დამატებული ღირებულების და სოციალური ფონდის გადასახადები და მათზე დარიცხული სანქცია საურავები სულ 8811 ლარის ოდენობით, ხოლო ქონების გადასახადის 22525 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც სს “...-ისათვის” ქონების გადასახადის 22525 ლარის დაკისრება მოითხოვა.

აპელანტი მიუთითებდა, რომ საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საწარმოთა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოცემულ საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი კაპტალური დაბანდებანი და არამატერიალური აქტივები. აგრეთვე ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ეკონომიური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება. სს “...-ს” ქონების გადასახადი დაერიცხა მათ მიერ წარმოდგენილი ბალანსის საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლი განსაზღვრავს იმ ქონების ნუსხას, რომელიც განთავისუფლებულია საწარმოთა ქონების გადასახადისაგან. ამ ნუსხაში არ შედიოდა სს “...-ის” ქონება და სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკისრა მოპასუხეს ქონების გადასახადი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგასახადაო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და სს “...-ს” გადასახდელად დაეკისრა 21335 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად საწარმოთა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული აღნიშნული ქონება. რამდენადაც საწარმოს ბალანსებით დადასტურებული იყო, რომ სააქციო საზოგადოების ბალანსზე დარჩენილი ქონების ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 155881 ლარს და საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო შეღავათების ფარგლებში სს “...-ის” ქონება არ მოიაზრებოდა, ხოლო კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელი ან სხვა ვალდებული პირი პასუხს აგებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე, ამიტომ საგადასახადო ინსპექციის სარჩელი საფუძვლიანი იყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “...-მა” რომელმაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც საგადასახადო ინსპექციის სარჩელი არ დაკმაყოფილდება ქონების გადასახადის და სოციალური ანარიცხების დაკისრების ნაწილში.

კასატორი მიუთითებს, რომ “საწარმოთა გადასახადის შესახებ” კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ახლად შექმნილი საწარმოები თავისუფლდებიან გადასახადისაგან მათი რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში გადასახადის განაკვეთი უმცირდებათ 50%-მდე. სს “...-ი” როგორც ახალი, დამოუკიდებელი ორგანიზაცია შეიქმნა 1996წ. 25 სექტემბერს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად არ იბეგრება საბიუჯეტო დაწესებულებების და ორგანიზაციების, სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობითი ორგანოების ქონება. ვინაიდან ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას ამიტომ იგი ქონების გადასახადით არ უნდა დაბეგრილიყო.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ს 384-ე მუხლი, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ფარგლებში. საგადასახადო ინსპექცია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლას 22500 ლარის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად გააუქმა და გადასახდელად დააკისრა 31336 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ საგადასახადო კოდექსის 141, 143-ე და 30-ე მუხლები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ძალაში შევიდა 1998წ. 1 იანვრიდან, სასამართლომ კი იგი გაავრცელა 1996 წლიდან წარმოშობილ ვალდებულებაზე.

სს “...-ი” ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება საგადასახადო ინსპექციის სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “...-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და სს “...-ს” გადასახდელად დაეკისრა დამატებული ღირებულების გადასახადისა და სოციალური ფონდის გადასახადების – სულ 8811 ლარის გადახდა, ქონების გადასახადის 22525 ლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საგადასახადო ინსპექციამ ქონების გადასახადების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სსკ-ს 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო შეეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, ანუ სს “...-ისათვის” ქონების გადასახადის დაკისრების ნაწილში. მიუხედავად ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნისა, სააპელაციო სასამართლომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება და დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დააკმაყოფილა, მაშინ როდესაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებული ღირებულების და სოციალური გადასახადების 8811 ლარის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში იყო შესული. გადაწყვეტილება ამ ნაწილში სს “...-ის” მიერ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული არ ყოფილა და მისი წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი და სს “...-ს” გადასახდელად დააკისრა ქონების გადასახადი არ გაარკვია, აღნიშნული გადასახადი რომელი პერიოდიდან ერიცხებოდა საზოგადოებას გადასახდელად. რამდენი იყო ძირითადი გადასახადი და რამდენი მასზე დარიცხული საურავი. საქმეზე წარმოდგენილია საწარმოთა ქონების გადასახადის გაანგარიშება მხოლოდ 1999წ. პირველი კვარტლისათვის. სხვა მტკიცებულება აღნიშნული გადასახადის გაანგარიშების შესახებ საქმეს არ ერთვის. საქმის ხელახლა განმხილველი სასამართლო ვალდებულია გაარკვიოს საწარმოს ქონების გადასახადის დარიცხვის პერიოდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ძირითადი გადასახადის ოდენობა და მასზე დარიცხული საურავი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სს “...-ს” საკუთრებაში არ გააჩნდა ქონება, ამიტომ მას ქონების გადასახადი არ უნდა დარიცხვოდა.

საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად საწარმოთა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოცემული საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი და არამატერიალური აქტივები. საქმეზე წარმოდგენილი საწარმოს 2000წ. ბალანსით დადასტურებულია, რომ საწარომოს ბალანსზე ირიცხებოდა 159632 ლარის ქონება, რომელიც ექვემდებარება ქონების გადახდით დაბეგვრას კანონმდებლობის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “...-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.