გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹3გ-ად-75-კ-03 29 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
i. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
18.06.02წ. ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. მ-მა მოპასუხე ¹37 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ საოლქო საარჩევნო ოქმების ასლების გადაცემის, მოპასუხისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 10 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 150 ლარის გადახდის მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 17.06.02წ. მიმართა ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას საოლქო საარჩევნო ოქმების ასლების გადმოცემის მოთხოვნით, რაზედაც საოლქო საარჩევნო კომისიაში მიიღო ზეპირი განმარტება იმის შესახებ, რომ არც წერილობით პასუხს მიიღებდა მის განცხადებაზე და არც ოქმების ასლებს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის, საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხვონის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესედეს საფასური ასლების გადაღებისათვის საჭირო თანხის ოდენობით.
მოპასუხე მხარემ, ახალციხის ¹37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ საარჩევნო პერიოდის დაძაბულ დღეებში შრომატევადი პროცედურები არ იძლეოდა ფიზიკურ და ფინანსურ საშაულებას, რომ ყველა დაინტერესებული პირისათვის მიეწოდებინა საარჩევნო მასალების ქსეროასლები. მოპასუხემ ისარგებლა საარჩევნო კოდექსის არაზოგადი, არამედ განსაკუთრებული ნაწილით, რომლის 123-ე მუხლი ავადლებულებდა კომისიას, რომ მხოლოდ პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებისათვის მიეწოდებინათ ოქმები. მოპასუხემ უარი თქვა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.
ახალციხის რაიონულმა სასამართლოს 16.07.02წ. გადაწყვეტილებით, საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე, მე-40 მუხლებზე მითითებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ახალციხის ¹37-ე საოლქო საარჩევნო კომისიას (თავმჯდომარე მ. გ-ე) დაევალა მოსარჩელისათვის 02.06.02წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებულ საოლქო კომისიის ოქმების ასლების წარმოდგენა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.07.02წ. განჩინებით ახალციხის ¹37-ე საოლქო საარჩევნო კომისიას მოსარჩელე ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი 10 ლარი და ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯი 150 ლარი.
29.07.02წ. განჩინებით ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ა. მ-ის და ახლციხის ¹37 საოლქო საარჩევნო კომისიის კერძო საჩივრები და გააუქმა 16.07.02წ. განინება. ახალციხის რაიონული სასამართლოს 02.08.02წ. დამატებითი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. მ-ის სარჩელი, მოპასუხე _ ახალციხის ¹37-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაეკისრა 160 ლარის გადახდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის ქვითარი (¹2574501), 17.06.02წ. ხელშეკრულება დადებული “დამოუკიდებელ იურისტთა კავშირის" თავმჯდომარესა და ა. მ-ს შორის კავშირის წევრის მიერ მისი ინტერესების დაცვის შესახებ, სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის მიხედვითაც ა. მ-ის მიერ 150 ლარი 17.06.02წ. არის გადახდილი. სასამართლომ სსკ-ს 54-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ უნდა გადაუხადოს ა. მ-ს გადახდილი მომსახურების ხარჯები 150 ლარისა და სახელმწიფო ბაჟი 10 ლარის ოდენობით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.07.02.წ. გადაწყვეტილება და 04.08.02წ. დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ახალციხის ¹37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.11.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.07.02წ. გადაწყვეტილებისა და 02.08.02წ. დამატებითი გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ახალციხის ¹37-ე საოლქო სასარჩევო კომისიას დაევალა ა. მ-ისათვის 02.06.02წ. საარჩევნო ოქმების ასლების გადაცემა. ა. მ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 10 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის 150 ლარის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. მ-მა საოლქო საარჩევნო ოქმების ასლების გადაცემის მიხედვით ორჯერ მიმართა წერილობითი განცხადებით ახალციხის ¹37-ე საოლქო საარჩევნო კომისიას, სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელეს ასლები არ მიუღია. სააპელაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, 38-ე, მე-40, 41-ე აგრეთვე ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის სააფუძველზე დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა საარჩვნო ოლქების ოქმების ქსეროასლების ა. მ-ისათვის გადაცემის შესახებ. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ა. მ-ისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადახდის დაკისრების შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად “იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა". 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით. ვინაიდან ა. მ-ის სარჩელზე სადავო საგნის ღირებულება განსაზღვრული არ არის, პალატამ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 150 ლარის დაკისრების შესახებ. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი სრულად იქნა დაკმაყოფილებული, სსკ-ს 53-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ახალციხის ¹37-ე საოლქო საარჩევნო კომისიისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 10 ლარის დაკისრება. ამასთანავე, ვინაიდან საარჩევნო კომისიას სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი _ 30 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ს 53-ე მუხლის მიხედვით, ხარჯების განაწილებისას ორივე მხარეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მათ მიერ გადახდილი თანხა უნდა ჩაეთვალოთ კანონის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 16.11.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. მ-ის მიერ. კასატორი თვლის, რომ დავის საგნის ფასი სასამართლოს უნდა განესაზღვრა, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს 53-ე და 47-ე მუხლებით, რადგან მის მიერ გადახდილი თანხები წარმოადგენენ მიყენებულ ზიანს. საოლქო საარჩევნო კომისიას უკანონოდ უარი რომ არ ეთქვა მის მოთხოვნაზე მას არ მოუხდებოდა სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების თანხის გადახდა, მის მიერ გადახდილი 160 ლარი წარმოადგენს საჯარო ორგანიზაციისაგან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმით მიყენებულ ზიანს. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 47-ე მუხლით და დაეკმაყოფილებინა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 16.12.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება.
საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას კასატორმა დააზუსტა საკასაციო მოთხოვნა და ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და ახალციხის ¹37-ე საოლქო საარჩვენო კომისიას დაევალა მისთვის 02.06.02წ. საარჩევნო ოქმების ქსეროასლების გადაცემა, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 16.11.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა გადახდილი თანხის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ანაზღაურების დაკისრებაზე.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენლებმა მხარი დუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება დამოკიდებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დავის შედეგებზე. ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.07.02წ., თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.11.02.წ გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა ა. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა, ახალციხის ¹37-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა ა. მ-ისათვის 02.06.02წ. საარჩევნო ოქმების ასლების გადაცემა. სააპელაციო პალატის 16.11.02წ. ძალაში შესული გადაწყვეტილების ნაწილით დადასტურდა, რომ ა. მ-ისათვის საარჩევნო ოქმების ასლების გაცემაზე უარის თქმით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დარღვეულ იქნა სზაკ-ს რიგი მოთხოვნებისა იმის შესახებ, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა (სზაკ-ს 28-ე მუხ.), საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა (სზაკ-ს 38-ე მუხ.), ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის დანიშვნა (სზაკ-ს 36-ე მუხ.), საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო გაეცა საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ (სზაკ-ს მე-40 მუხ.), საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში პირისათვის წერილობით განემარტა მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას (სზაკ-ს 41-ე მუხ.), ყველას აქვს უფლება იცოდეს არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (სზაკ-ს 42-ე მუხ. “ვ" ქვეპუნქტი). საოლქო საარჩევნო კომიისის მიერ დარღვეულ იქნა აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ “საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესდეს საფასური ასლების გადაღებისათვის საჭირო თანხის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად". ამდენად, დადგენილია, რომ საჯარო დაწესებულების _ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კასატორს მოუხდა 10 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის (სახ. ბაჟის ქვითარი ¹2574501) და გაწეული სამართლებრივი მომსახურების ანაზღაურებისათვის (17.06.02წ. ხელშეკრულება, 17.06.02წ. სალაროს შემოსავლის ორდერი) 150 ლარის გადახდა. პროცესუალური კანონმდებლობით მხარე, რომლის საწინააღმდეგოდ არის გამოტანილი გადაწყვეტილება, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ყველა გაწეული ხარჯი. სსკ-ს 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას. უსაფუძვლოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სსკ-ს 47-ე მუხლზე მითითება, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის საქმიანობის ანაზღაურების გაანგარიშებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს აგრეთვე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო საგნის ღირებულება განსაზღვრული არ არის. დავის საგნის ფასის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს სახემწიდო ბაჟის და სახაზინო წესით მოწვეული ადვოკატის ანაზღაურების განსაზღვრისათვის. ვინაიდან განსახილველი დავა არ განეკუთვნება ქონებრივ-სამართლებრივ რიგს, შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს თავად უნდა განესაზღვრა დავის საგნის ფასი. ა. მ-ი სასარჩელო განცხადებით მოპასუხისაგან მოითხოვდა საჯარო ინფორმაციის გაცემას, მოპასუხე მხარისათვის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სზაკ-ს 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საჯარო ინფორმაციის გაცემისას განცდილი ზიანის ხასიათის გამო რთულია მისი ზუსტი განსაზღვრა. ამასთანავე, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საჯარო დაწესებულების _ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კასატორის სახელმწიფო ბაჟის და გაწეული სამართლებრივი მომსახურების ანაზღაურებისათვის მოუხდა 160 ლარის გადახდა, ამდენად, სახეზეა მიყენებული ზიანი, რომელიც გამოიხატება უკანონო მოქმედების (უმოქმედების) გამო გაწეულ სასამართლო ხარჯებში, იურიდიული დახმარებისათვის კასატორის მიერ გადახდილ თანხაში. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ზიანი კასატორს მიადგა მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, რომელსაც შეესაბამებოდა ა. მ-ის უფლება საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, ზიანი დამდგარია მართლსაწინააღმდეგო (სზაკ-ს 38-ე, მე-40, 41-ე მუხ., საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 66-ე მუხ.) უმოქმედობით, უკანასკნელს და დამდგარ ზიანს შორის არსებობს უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამდენად, სახეზეა სახელმწიფო ორგანოს სკ-ს 1005-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლის ნორმების დარღვევითაა გამოტანილი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტების მიხედვით გადაწყევტილების გაუქმების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.11.02წ. გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის სახით ა. მ-ის მიერ გადახდილი _ 10 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის _ 150 ლარის ახალციხის ¹37 საოლქო საარჩევნო კომისიისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. ა. მ-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს. ახალციხის ¹37 საოლქო საარჩევნო კომისიას ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით.
3. ახალციხის ¹37 საოლქო საარჩევნო კომისიას დაეკისროს საკასაციო საჩივარზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 30 ლარის ოდენობით;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.