Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-76-კ-03 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ყოფილი თანამშრომლების სახელით თბილისის საოლქო სასამართლოში აღძრული იქნა სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 22 თებერვლის ¹63 ბრძანებულებისა და 2001წ. 17 მაისის ¹194 ბრძანებულების ¹2 დანართის 5.4, 7.2, 7.3, 7.4, 8, 8.1, 8.2, 8.3, 8.4, 8.5, 8.6, 8.7, 8.8, 9.2 პუნქტებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 21 ივნისის ¹236/ნ და 2001წ. 29 აგვისტოს ¹324/ნ ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელეები ამავე სარჩელით ითხოვდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დებულებაში (დან. 3) ფაქტობრივი მდგომარეობის განსაზღვრას, კერძოდ მას, რომ დასაქმების სახელმწიფო სამსახური იქმნება დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის რეორგანიზაციის შედეგად და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებდნენ შემდეგ გარემოებებზე:

2001წ. 22 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ”დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ” ¹63 ბრძანებულება, რომელშიც 2001წ. 17 მაისის ¹194 ბრძანებულებით შეტანილ იქნა ცვლილება. დასაქმების სფეროში რეფორმის პირველი ეტაპის ღონისძიებათა გეგმით განისაზღვრა, რომ მომხდარიყო დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე შექმნილიყო საჯარო სამართლის ორი იურიდიული პირი: ,,დასაქმების სახელმწიფო სამსახური” და ,,დასაქმების ფონდი”.

საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 7 მაისის ¹180 ბრძანებულებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ”საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის” დებულება, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 14 სექტემბრის ¹370 ბრძანებულებით შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები. თუმცა, დასახელებული ბრძანებულება არ შესრულდა და დასაქმების სახელმწიფო ფონდმა თავისი საქმიანობა განაგრძო ძველი დებულების შესაბამისად.

2001წ. 17 ოქტომბერს ძალაში შევიდა კანონი ,,დასაქმების შესახებ”, რომლის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმების ფონდის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო 2002წ. 1 იანვრამდე, შესაბამისად, დასაქმების სახელმწიფო სამსახური ამოქმედდებოდა 2002წ. 01 იანვრიდან.

აღსანშნავია, რომ ,,დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 22 თებერვლის ¹63 ბრძანებულება და ბრძანებულების დანართი ¹2 არსად მიუთითებს ფონდის გაუქმების თაობაზე. პირიქით, იმავე დანართით, ფაქტობრივად, დადგენილია დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის რეორგანიზაცია და ფონდიდან გამოყოფის გზით დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შექმნა.

მოსარჩელეთა აზრით, დანართი ¹2-ის 5.4 პუნქტით სამსახურში ღია კონკურსის წესით მიღების პრინციპის დამკვიდრება ეწინააღმდეგება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონსა და ასევე შკკ-ს 34-ე, 36-ე 42-ე მუხლის მოთხოვნებს. შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დროს, რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა. კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმების სახელმწიფო სამსახურისა და დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ცალ-ცალკე ფუნქციონირების პირობებში, ანუ რეორგანიზაციის შედეგად ხდება შტატების შემცირება, ხოლო შკკ-ს 36-ე მუხლი მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას ანიჭებს იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან.

საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 22 თებერვლის ¹63 და 17 მაისის ¹194 ბრძანებულებებით დამტკიცებული დანართი 2-ის 5.4; 7.2, 8.1, 8.6 და 8.7 პუნქტების საფუძველზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2001წ. 22 ივნისს გამოსცა ,,დასაქმების სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” ¹236/ნ ბრძანება და დაამტკიცა დებულება ,,დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების და რეზერვიდან დანიშვნის შესახებ” დებულება, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილებები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 29 აგვისტოს ¹3834/ნ ბრძანებით. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ აღნიშნული ბრძანებები ასევე ეწინააღმდეგება შკკ-ს და მოითხოვდნენ ბათილად ცნობას, ვინაიდან დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ღია კონკურსის წესით მიღების პრინციპი დასაშვებია მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის I ნაწილის თანახმად, ,,საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში -– საჯარო ხელისუფლების ორგანოებში”.

ამავე კანონის მეორე მუხლის I ნაწილის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგლობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა-საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.

დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი და დასაქმების სახელმწიფო სამსახური არ განეკუთვნება სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას. აქედან გამომდინარე, მასში დასაქმებული მუშაკები ვერ ჩაითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად.

მოსარჩელეები თავიანთი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევდნენ არა მარტო აღნიშნულ კანონებს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, კერძოდ, კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებს.

მოპასუხემ – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს კანონით მინიჭებული აქვს უფლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბების თაობაზე, რაც განახორციელა კიდეც. 2000წ. 7 მაისის ¹180 ბრძანებულებით კი ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს 1999წ. 29 მაისის კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი”, რომლის დებულებაც დამტკიცდა ამავე ბრძანებულებით. ამდენად, ”საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი” წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

მანვე აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებულებებში ასახულ ღონისძიებებს არანაირად არ შეულახავს მოსარჩელეთა ინტერესები და თუ ვისიმე უფლებები მაინც დაირღვა, ეს საკითხი დროულად უნდა ყოფილიყო დასმული.

მოპასუხემ – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მინისტრის 2001წ. 22 ივნისის ¹236/ნ და 2001წ. 29 აგვისტოს ¹324/ნ ბრძანებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 22 თებერვლის ¹63 ბრძანებულებასთან. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ასევე არ ცნო სარჩელი მოპასუხემ – დასაქმების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა და ითხოვა, რომ სარჩელი არ ყოფილიყო დაკმაყოფილებული.

მესამე პირმა – სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ყოფილ თანამშრომელთა სახელით ნ. ყ-ისა და ნ. კ-ის მიერ წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ერთიანი სახელმწიფო ფონდის ყოფილი მუშაკების წარმომადგენლების მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორებს მიაჩნდათ, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელეთა პირველი მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 22 თებერვლის ¹63 და 2001წ. 17 მაისის ¹194 ბრძანებულების (რომლითაც ცვლილება შევიდა ¹63 ბრძანებულებაში) ¹2 დანართის 5.4, 7.2, 7.3, 7.4, 8.1, 8.2, 8.3, 8.4, 8.5, 8.6, 8.7, 8.8, 9.2 პუნქტების ბათილად ცნობა. ამ მოთხოვნაში ძირითადი მომენტი იყო ის, რომ დასაქმების სახელმწიფო სამსახური არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იმ იურიდიულ პირს, სადაც თანამშრომლები სამსახურში ინიშნებიან კონკურსის წესით. პრეზიდენტის ბრძანებულების ზემოაღნიშნული პუნქტები ეწინააღმდეგება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონს. ამ ბრძანებულების (63) მე-5 მუხლის ,,ა” პუნქტით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სამსახური წარმოადგენს საჯარო სამართლის ისეთ იურიდიულ პირს, სადაც თანამშრომლები უნდა მიიღონ კონკურსის წესით, ე.ი. პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებების მე-2 დანართში ჩამოთვლილი პუნქტები ეწინააღმდეგება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონს.

სასამართლო კოლეგიამ განიხილა რა საქმე, პრეზიდენტის ბრძანებულების კანონიერება დაასაბუთა იმავე ბრძანებულებით (¹63 ბრძანებულებით), რომელიც გასაჩივრებული იყო მოსარჩელთა მიერ.

სასამართლო კოლეგიას უნდა მიეთითებინა, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული ბრძანებულება, მაგრამ კოლეგიამ ეს არ გააკეთა. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით. იმავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით, პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოსცეს მხოლოდ ორი ნორმატიული აქტი: ბრძანებულება და დეკრეტი, რომელიც, ცხადია, საკანონმდებლო აქტი არ არის. 2001წ. 22 თებერვლის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,დასაქმების სახელმწიფო სამსახური” უკანონოა და 2001წ. 22 თებერვლის ბრძანებულების მე-2 დანართის გასაჩივრებული მუხლები, ბათილად უნდა იქნას ცნობილი ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებულებას იმ შემთხვევაშიც, თუ საკანონმდებლო აქტით შესაბამისი საკითხი არ არის მოწესრიგებული, გამოყენებული ვერ იქნება, ვინაიდან ამ შემთხვევაში სადავო საკითხი მოწესრიგებულია შრომის კანონთა კოდექსით. აქედან გამომდინარე, კასატორთა განმარტებით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი სარჩელში დაყენებულ მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღიარებს, რომ დასაქმების სახელმწიფო სამსახური არ არის ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, მაგრამ კონკურსის წესით თანამდებობების დაკავების პრინციპი არ ეწინააღმდეგება არც საქართველოს კონსტიტუციას და არც შრომის კანონთა კოდექსს. ამგვარი მტკიცება, კასატორთა მოსაზრებით, აბსურდულია, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტის ბრძანებულება გამოცემული უნდა იყოს საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. ის ფაქტი, რომ ბრძანებულება წინააღმდეგობაში არ არის კონსტიტუციასთან და შკკ-თან, არ წარმოადგენს ბრძანებულების კანონიერების საფუძველს.

პრეზიდენტის ბრძანებულების ¹2 დანართის ზემოჩამოთვლილი პუნქტების ბათილად ცნობის თანმდევი მოთხოვნა იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 21 ივნისის ¹236/ნ და 2001წ. 29 აგვისტოს ¹324/ნ ბრძანებების ბათილად ცნობა. ამ საკითხზე სასამართლო კოლეგიას სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ უმსჯელია. მოსარჩელეთა მესამე მოთხოვნა იყო ის, რომ დებულებაში _ განსაზღვრულიყო საჯარო სასამართლოს იურიდიული პირის – დასაქმების სახელმწიფო სამსახურის (დანართი ¹3) ფაქტობრივი მდგომარეობა იმგვარად, რომ დასაქმების სახელმწიფო სამსახური იქმნება დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის რეორგანიზაციის შედეგად და განსაზღვრულიყო ქონებისა და სამართალმემკვიდრეობის საკითხი.

აღნიშნულ საკითხზე სასამართლო კოლეგიას საქმე უნდა შეეწყვიტა იმის გამო, რომ საქმის სასამართლოში განხილვის დროს ,,დასაქმების შესახებ” 2002წ. 28 სექტემბრის კანონის V თავის 38-ე მუხლით უკვე ლიკვიდირებული იყო დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი და ამდენად, დავა ამ საკითხზე აღარ იყო საჭირო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის არსებითად, ხელახლა განხილვის მიზნით, სასამართლოში დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეისწავლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ვერ იქნება დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, კასატორთა მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დასაქმების სფეროში განხორციელებული უნდა ყოფილიყო ერთიანი სახელმწიფო ფონდის რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, რა შემთხვევაშიც იმოქმედებდა შკკ-ს ის ნორმები, რომელთა თანახმადაც, მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას გათვალისწინებულია მუშაკისათვის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.

საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მოთხოვნის ნაწილში იზიარებს საოლქო სასამართლოს მითითებას ”დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლზე, რომლის I ნაწილის შესაბამისადაც, 2002წ. 1 იანვრამდე გათვალისწინებულ იქნა დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაცია. მითითებული კანონის არაკონსტიტუციურობის საკითხი ეჭვქვეშ დაყენებული არ ყოფილა. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და სავალდებულოა შესასრულებლად. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე აქტების მიმართ.

გამომდინარე იქიდან, რომ კანონის საფუძველზე დადგენილია დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია, ზემოაღნიშნული მუხლების პრინციპიდან გამომდინარე, კანონის მითითებული ნორმა სავალდებულოა შესასრულებლად. რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან მიითითებულ ნაწილში მხარეს სწორად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება კასატორთა მოსაზრება პრეზიდენტის 2001წ. 22 თებერვლის ¹63 ბრძანებულების უკანონობის შესახებ იმ მოტივით, რომ აღნიშნულის თაობაზე ბრძანებულების გამოცემა კანონით გათვალისწინებული არ არის.

”საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკავებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ-საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს მხედველობიდან რჩება ზემოაღნიშნული კანონი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნასთან დაკავშირებით წარმოადგენს სპეციალურ კანონს და მცდარ და ცალსახა მითითებას აკთებს ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ”დ” პუნქტზე, რომელიც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის სავალდებულობას.

აქვე, საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთებს კასატორის არასწორ მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ აქტს. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა დასაშვებია მხოლოდ კანონით, პრეზიდენტის ბრაძანებულებით ან მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით. პრეზიდენტის ბრაძანებულება კი წარმოადგენს ნორმატიული ხასიათის აქტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული საფუძვლებით აქტის შესაბამისი ნორმების ბათილად ცნობის საკითხს.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საკონკურსო პირობებით თანამშრომელთა მიღება ეწინააღმდეგება შკკ-ს, საკასაციო სასამართლოს მიერ ასევე გაზიარებული ვერ იქნება უსაფუძვლობის მოტივით, კერძოდ, კასატორის მიერ დასახელებული არ არის თუ მითითებული კოდექსის რომელ ნორმას ეწინააღმდეგება ღია კონკურსის გამოცხადება. ამასთან საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ შკკ პირდაპირ არ ითვალისწინებს თანამშრომელთა მიღებას ზემოაღნიშნული წესით. მოცემული არ გამორიცხავს შრომით ურთიერთობებში საკუნკურსო პირობების გამოყენების შესაძლებლობას. შრომითი კონტრაქტი წარმოადგენს მხარეთა შორის დადებულ გარიგებას. სამუშაოს მიმცემი, როგორც გარიგების ერთ-ერთი მხარე, უფლებამოსილია, სამსახურში მიღებისას დაადგინოს და განსაზღვროს თავისი პირობები. ამდენად, კასატორის მოსაზრება აღნიშნულის თაობაზე უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებიდან.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაციასთან ერთად დავის უსაგნობის თაობაზე, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო, შეეწყვიტა საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას მიაქცევს მათივე მხრიდან წარმოდგენილ სარჩელს, რომლის თანახმადაც, საკითხი დგას ფონდის ლიკვიდაციის არაკანონიერად ცნობის თაობაზე და მიუთითებს, რომ სასამართლო, საკანონმდებლო თვალსაზრისით, შეზღუდული არ არის, იმსჯელოს უკვე აღსრულებული აქტის კანონიერებაზე და კანონშეუსაბამობის შემთხვევაში აქტი ცნოს ბათილად. აქტის აღსრულება, თავისთავად, არ განაპირობებს აქტის კანონიერების საკითხს.

რაც შეეხება საქმის წარმოებით შეწყვეტას, აღნიშნული დარეგულირებულია სსკ-ს 272-ე მუხლით და სასამართლო, საქმის შეწყვეტისას, არ არის უფლებამოსილი გასცდეს მითითებულ მუხლში მოცემულ ჩამონათვალს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ერთიანი სახელმწიფო ფონდის ყოფილი მუშაკების წარმომადგენელთა თ. ა-ისა და მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.