Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-79-კ-03 23 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელეთა _ შპს “ი-ის”, შპს მ-ის”, შპს “ტ. ა. ფ-ის”, შპს “ლ. ტ. ჯ-ის”, შპს “ე. ტ. ს-სის”, შპს “კ-ის”, შპს “ფ. ე-ის”, შპს “კ. მ. ს-ის”, შპს “ა. ფ-ის”, შპს “კა-ის” წარმომადგენლებმა: ი. მ-მა და დ. რ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიმართ და ითხოვეს “საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001წ. 28 დეკემბრის ¹112 და “საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” ¹114 ბრძანებების ბათილად ცნობა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2001წ. 20 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ”, რომლის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგია და პროცედურა უნდა დამტკიცებულიყო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა 2001წ. 28 დეკემბერს გამოსცა ¹112 და ¹114 ბრძანებები, რომლებითაც დამტკიცდა “საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” და “საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებები.

“ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფები მოიცავს მომსახურებისათვის საჭირო ეკონომიკურად გამართლებულ ყველა დანახარჯს, მათ შორის _ სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს. ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო _ ადმინისტრაცია ადგენს სატრანსპორტო სფეროს რეგულირების საფასურს.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “კ” ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 210-216-ე მუხლების მოთხოვნები, რისი გათვალისწინებითაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, მოსარჩელემ ითხოვა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001წ. 28 დეკემბრის ¹112 და ¹114 ბრძანებების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001წ. 28 დეკემბრის ¹112 და ¹114 ბრძანებები.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ.

კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორმა საკასაციო საჩივარი დაამყარა იმ გარემოებებზე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 213-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, აქტების პროექტები საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა ინტერნეტში სამინისტროს ვებ-გვერდზე, იმავე კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანებების პროექტების გაცნობის საშუალება ყველას ჰქონდა ადმინისტრაციულ შენობაში. აგრეთვე, პროექტები გამოქვეყნდა გაზეთ “...ში” და საჯაროდ იქნა განხილული თბილისის, თელავის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის რეგიონებში ავტოსატრანსპორტო საწარმოების ხელმძღვანელთა თანდასწრებით.

კასატორის განმარტებით, პროექტები შეთანხმდა იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებთან. მათი გამოცემისას დაცულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის და “აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ” პრეზიდენტის ბრძანებულების მოთხოვნები.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის ¹2/1/187-188 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “უ” პუნქტი, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, 22-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის სიტყვები: “სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს”.

გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო 2003წ. 1 აპრილამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება აღსრულებულია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღარ არსებობს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001წ. 28 დეკემბრის ¹112 და ¹114 ბრძანებების საფუძველი, კერძოდ, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “უ” პუნქტი, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, 22-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის სიტყვები: “სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს”, რის გამოც ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002წ. 28 დეკემბრის ¹112 და ¹114 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს მათი მოქმედების შეწყვეტას ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.

რაც შეეხება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებას, იგი იურიდიულად იმდენად არასრულად არის დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს “მ-ის”, შპს “ტ.ა.ფ-ის”, შპს “კა-ის”, შპს “ლ. ტ. ჯ-ის”, შპს “ე. ტ. ს-ის”, შპს “კ-ის”, შპს “ფ-ის”, შპს “კ. მ. ს-ის”, შპს “ა. ფ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001წ. 28 დეკემბრის ¹112 და @¹114 ბრძანებები გამოცხადდეს ძალადაკარგულად;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.