გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-80-კ-03 15 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
i. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ორმაგი პენსიის დანიშვნა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001წ. 25 ოქტომბერს ი. გ-მა სარჩელით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სოცუზრუნველყოფის მიმართ და მიუთითა, რომ იყო 77 წლის, დიდი სამამულო ომის მონაწილე, ვეტერანი, პენსონალური პენსიონერი, პენსია დანიშნული ჰქონდა 45 ლარის ოდენობით. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ეკუთვნოდა მეორე სახის პენსია მოხუცებულობის გამო, მაგრამ სოცულრუნველყოფის განყოფილება უარს ეუბნებოდა მეორე სახის პენსიის დანიშვნაზე.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოლფილდა.
2001წ. 18 დეკემბერს ი. გ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სასამართლოს ასევე განცხადებით მიმართა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების უფროსმა, რომელიც მოითხოვდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებას იმ საფუძვლით, რომ სათანადო თანხები არ იყო გამოყოფილი.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 თებერვლის განჩინებით ამავე სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება გადავადდა 2002წ. 21 აპრილამდე.
2002წ. 28 მარტს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ი.კ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2001წ. 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ რაიონული სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო არასათანადო მოპასუხის მონაწილეობით, ვინაიდან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფას ახორციელებდა არა ფონდის რაიონული განყოფილება, არამედ ფონდის სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც საქმეში სათანადო მხარედ მოწვეული არ ყოფილა. რის გამოც ითხოვდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სსკ-ს 422-ე მუხლის I ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის განჩინებით სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის განცხადება დასაშვებად იქნა მიჩნეული, ხოლო 2002წ. 20 მაისის განჩინებით გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ივ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ივ.გ-მა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის განჩინების და 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და 2001წ. 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება იმ შესწორებით, რომ პენსიის ანაზღაურება მომხდარიყო განცხადებით მიმართვის დღიდან.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით ივ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იყო სსკ-ს 429-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რა დროსაც სასამართლო ამოწმებს განცხადების დასაშვებობას საქმის განახლების შესახებ. გადაწყვეტილებას ღებულობს მხარეთა დაუსწრებლად. ხოლო შემდგომში როდესაც მიღებული იქნა განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, მხარეები ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების არგუმენტაცია ივ.გ-ისათვის სარჩელზე უარის თქმის შესახებ და განმარტა, რომ ვინაიდან ივ.გ-ი სამხედრო სამსახურში არ მსახურობდა და ბუნებრივია იგი თადარიგში დათხოვნილიც არ ყოფილა, შესაბამისად არც სათანადო წელთა ნამსახურობა გააჩნდა და უსაფუძვლოდ მიიჩნია მისთვის მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანიშვნა.
საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-მა იმავე წლის 27 დეკემბერს შეიტანა საჩივარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებაზე და საკასაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 20 დეკემბრის განჩინებით ივ.გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაიშვება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე. საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება კი კანონიერ ძალაში არ იყო შესული, ვინაიდან ი.გ-ის მიერ შეტანილი იყო საკასაციო საჩივარი.
ივ.გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ აღიარა ომის ვეტერანად, უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ არ იყო თადარიგში დათხოვნილი და არ მსახურობდა სამხედრო სამსახურში, რაც კასატორს მიაჩნია უსაფუძვლოდ იმის გამო, რომ არის 78 წლის, ომის მონაწილე, პენსიონალური პენსიონერი, რის გამოც იღებს პენსიას 45 ლარის ოდენობით. ამასთანავე არის II ჯგუფის ინვალიდი და თადარიგში დათხოვნილი ოფიცერი, რის გამოც კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების” შესახებ კანონი განსაზღვრავს თუ ვინ განეკუთვნება ომის მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს. ვინაიდან იგი წარმოადგენს ომის ვეტერანს, რომელსაც ზემოაღნიშნული კანონის მე-15 მუხლის თანახმად ეძლევა ომის ინვალიდობისათვის დაწესებული ყველა შეღავათი, ამიტომ მასზე ვრცელდება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით დაწესებული ყველა შეღავათი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და კასატორის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ივ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარმოება, რომ კასატორი ივ.გ-ი არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 78 წლის, მე-2 ჯგუფის შრომის ინვალიდი და “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების” შესახებ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოედნობით.
კასატორი ივ.გ-ი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ითხოვს საპენსიო შეღავათის მასზე გავრცელებას და ორი სახეობის პენსიის დანიშვნას. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.
“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” პუნქტებით გათვალისწინებულია მითითებული კანონის სუბიექტები: კერძოდ, კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები შემდეგი პირები:
ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სხვა სამხედრო სტრუქტურებში, ან სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებაზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის გამო.
საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარმოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილები დადგენილ იქნა რომ მითითებული კანონის I მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ხსენებული აქტი ვრცელდება ომის იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდგომ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ) უნდა ქონდეს ოფიცრის წოდება და ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. გ-ი ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგოიას არ განეკუთვნება, რადგან მას 1941-45 წლების დიდ სამამულო ომში ლეიტენანტის წოდება არ მიუღია. სამამულო ომის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახურში არ უმუშავია და იგი თადარიგში დათხოვნილ ოფიცერთა კატეგორიას არ განეკუთვნება. მან ლეიტენანტის წოდება მიიღო 1953 წელს. ივ.გ-ი არ წარმოადგენს არც სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ I და II ჯგუფის ომის ინვალიდს, ვინაიდან მას 2000წ. 9 სექტემბრიდან უვადოდ დადგენილი შრომის II ჯგუფის ინვალიდობა.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მართალია “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ზოგადი ხასიათისაა, მაგრამ იგი ვრცელდება მხოლოდ ხსენებული კანონის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სუბიექტებზე და მითითებული მუხლის (მე-60) გათვალისწინებული საპენსიო შეფავათის მიღების უფლებაც მხოლოდ ამ კანონის სუბიექტებს აქვთ მინიჭებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩნება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.