Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-82-კ-03 23 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002წ. 25 ივლისს მოსარჩელე ნ. ა-ის წარმომადგენელმა მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის მერიის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო რომ 1991 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მოქალაქეებმა მ. ა-ემ და ნ. ა-ემ და მოითხოვეს ქ. ბათუმში, ... პირველ სართულზე განლაგებული ¹5,6,9 და 10 დარაბების დაბრუნება, რომელიც 1937 წელს ნ. ა-ეს ჩამოართვეს შვილის რეპრესირების გამო და უკანონოდ ჩარიცხეს ქ. ბათუმის მერიის კომუნალურ ფონდში.

აღნიშნული საქმე რამდენიმეჯერ იქნა განხილული ქ. ბათუმის სასამართლოსა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ. 1996 წელს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა გააუქმა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1993წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს. 1998 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მხოლოდ მოქალაქე მ. ა-ემ თავისი წილის, კერძოდ, ¹10 დარაბის დაბრუნების მოთხოვნით, სარჩელი სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული იქნა და დადგინდა, რომ აღნიშნული დარაბები მერიის კომუნალურ ფონდში ირიცხებოდა უკანონოდ. სასამართლოს არ უმსჯელია დანარჩენ 4 დარაბზე იმ მოტივით, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა არ ყოფილა. ქ. ბათუმის მერიამ ისარგებლა იმით, რომ ¹5,6 და 9 ოთახები კვლავ იმყოფებოდა მერიის კომუნალურ ფონდში და აღნიშნულ ფართზე მოქალაქე ვ. ტ-ს გაუფორმა პრივატიზაციის ხელშეკრულება.

ნ. ა-ისათვის, დარაბების დაბრუნების საკითხი ცნობილი გახდა 2002წ. მაისში. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ქ. ბათუმის მერიამ იცოდა რა, რომ სადავო დარაბები უკანონოდ ირიცხებოდა კომუნალურ ფონდში, მაინც მოახდინა მისი პრივატიზაცია მოქალაქე ვ. ტ-ზე, რითაც ზიანი მიაყენა ნ. ა-ეს, რადგანაც ამით მას მოუსპო საშუალება დაებრუნებინა აღნიშნული ფართი, ამის გამო მოსარჩელემ ჩათვალა, რომ მოპასუხის უკანონო მოქმედების შედეგად მან განიცადა მნიშვნელოვანი მატერუალური ზიანი და სწორედ აღნიშნულის გამო ქ. ბათუმის მერიისაგან მოითხოვდა მიყენებული ზიანის 20.000 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

მოპასუხემ არ სცნო სარჩელი იმ მოტივით, რომ ქ. ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა მხოლოდ ¹10 დარაბის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტი, რაც დანარჩენ დარაბებზე არ ვრცელდებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ნ. ა-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიაზე მისთვის მიყენებული ზიანის 20.000 აშშ დოლარის დაკისრება. აპელანტი თავის მოთხოვნებს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

1. მიუხედავად იმისა, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტი იმის თაობაზე, რომ ნ. ა-ეს 4 დარაბა ჩამოერთვა შვილის პოლიტიკური რეპრესიების გამო. სასამართლომ არ იხელმძღვანელა სსკ-ს 106-ე მუხლის ,,გ” პუნქტით და არ გაითვალისწინა, რომ მ. ა-ე და ნ. ა-ე არიან ნ. ა-ის თანამემკვიდრეები, ამდენად, როცა საუბარია 1998წ. 19 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ეს ეხება ნ. ა-ის სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებსაც.

2. სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერიისათვის ცნობილი იყო დარაბების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტი და აღნიშნულის მიუხედავად მოახდინა დარაბების პრივატიზაცია.

3. მერიამ თავისი მოქმედებით ნ. ა-ეს მოუსპო დარაბის ნატურის სახით უკან დაბრუნების შესაძლებლობა, რითაც მერიას წარმოეშვა დელიქტური ვალდებულება.

ძირითადად წარმოდგენილ საფუძვლებზე მითითებით, აპელანტი ითხოვდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 იანვრის განჩინებით ნ. ა-ის წარმომადგენლის მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად იქნა დატოვებული ბათუმის საქლაქო სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება ძირითადად დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 1937 წელს ნ. ა-ეს 4 დარაბა ჩამოერთვა შვილის ლ. ა-ის რეპრესიების გამო. პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ნ. ა-ეზე დარაბების ჩამორთმევა მოხდა მოუვლელობისა და დავალიანების გამო.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ რომ სსკ-ს 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის ანალოგიით, ნ. ა-ის სარჩელის განხილვის დროს დამტკიცებულად ჩაითვალა ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერიამ უკანონოდ გაასხვისა ¹5,6,9 დარაბები და მიიჩნია, რომ აპელანტის სამართლებრივი კავშირი ამ დარაბებთან არ ყოფილა დადგენილი არც ქ. ბათუმის სასამართლოს 1998წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით და არც ქ. ბათუმის მერიის მიერ, რის გამოც ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო განეკარგა მისივე კუთვნილი ქონება.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა ნ. ა-ის წარმომადგენლის მ. ა-ის მიერ, რომელიც თავის საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აყრდნობდა იმავე გარემოებებს, რასაც სააპელაციო საჩივარს, ამასთან მიუთითებდა, რომ სასამართლოს მხრიდან არასწორი შეფასება მიეცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ ქ. ბათუმის პრეფექტის მოადგილის დადგენილებით, გადაწყდა დარაბების ნ. ა-ისათვის დაბრუნების საკითხი, რაც მერიისათვის იმთავითვე ცნობილი იყო და ამდენად, ის ვალდებული იყო თავი შეეკავებინა ფართის გასხვისებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის წარმომადგენელი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

მოპასუხე Mქ. ბათუმის მერია საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა ორჯერ არასაპატიო მიზეზით, რის გამოც საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე განხილული იქნა მისი დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა კასატორის ახსნა-განმარტებებსა და გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნას ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობა 1937 წლამდე ეკუთვნოდა აწ გარდაცვლილ ნ. ა-ეს და მის ორ შვილს ნ. და ლ. ა-ეებს ეს უკანასკნელი 1937 წელს რეპრესირებული იქნა და რეაბილიტაციას მიაღწია მხოლოდ 1956წ. 5 ოქტომბერს.

კასატორი ნ. ა-ე წარმოადგენს ლ. ა-ის ქალიშვილს.

სადავო სახლთმფლობელობა 1937 წლიდან ჩამოერთვა ნ. ა-ეს და ჩაირიცხა ქ. ბათუმის საბჭოს აღმასკომის კომუნალურ ფონდში.

1991 წელს მ. ა-ემ (ნ. ა-ის მეუღლე) და ნ. ა-ემ სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვეს ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის I სართულზე განლაგებული ¹5,6,9 და 10 დარაბების დაბრუნება იმ მოტივით, რომ ეს დარაბები აწ გარდაცვლილი ნ. ა-ისათვის უკანონოდ იქნა ჩამორთმეული.

ქ. ბათუმის სასამართლოს 1998წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოქ. მარგალიტა ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ქ. ბათუმის მერიას დაევალა მოქ. მ. ა-ისათვის დაებრუნებინა საკუთრების უფლებით, ქ. ბათუმში, ... მდებარე ოთახი, დარაბა ¹10, 14.6 კვ.მ ფართის ოდენობით.

რაც შეეხება კასატორ ნ. ა-ეს, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, მის მიმართ გადაწყვეტილება გამოტანილი არ ყოფილა.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კასატორის მიერ დამატებითი საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე დაყენებულია საკითხი იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამოკვლეული და შეფასებული არ იქნა ის სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც სადავო ბინა მიეკუთვნა ნ. ა-ეს. კერძოდ ქ. ბათუმის პრეფექტის დროებითი კაბინეტის გადაწყვეტილება ¹311, რის საფუძველზეც სადავო დარაბები მ. ა-ესთან ერთად კერძო საკუთრების უფლებით გადაეცა ნ. ა-ეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამოიკვლიოს რა დაუდო საფუძვლად მითითებული აქტის მიღებას, არის თუ არა აღნიშნული აქტი დღეის მდგომარეობით ძალაში, ხომ არ მომხდარა მისი ბათილად ცნობა. წარმოდგენილი აქტის არსებობის შემთხვევაში რამ განაპირობა თავის დროზე დარაბების დაბრუნების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის აუცილებლობა.

ყოველივე ზემოაღიშნულის გამოკვლევის შემთხვევაში სასამართლო შესძლებს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ქ. ბათუმის მერიის მხრიდან კასატორის უფლებების შელახვას ადგილი, არსებობს თუ არა ქ. ბათუმის მერიის ქმედებასა და კასატორისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და აღნიშნული გამოწვეულია თუ არა მერიის ქმედებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, რისთვისაც გაუქმებული უნდა იქნას აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 15 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნი უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა-ის წარმომადგენლის მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 15 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.