Facebook Twitter

3გ-ად-83-კ-02 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსება, ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 22.04.2000წ. და ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...... (.......) მეკომურთა საერთო კრების 13.09.2000წ. დადგენილებების ნაწილობრივი გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. დ-ემ 03.10.2000წ. სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ხელვაჩაურის რაიონის ორთაბათუმის თემის საკრებულოს და ე. ბ-ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 22.04.2000წ. სხდომის და სოფ. ..... მეკომურთა საერთო კრების 13.09.2000წ. დადგენილების ნაწილობრივი გაუქმება, კერძოდ, აღნიშნული დადგენილებებიდან ე. ბ-ეზე საკარმიდამოდ მიზომილი 300 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთის და 270 კვ.მ ქარსაფარი ზოლის ამორიცხვა და 300 კვ.მ. სადავო მიწის ნაკვეთის მასზედ საკარმიდამოდ მიზომვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 19.04.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 27.08.01წ. განჩინებით ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩნება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 03.12.01წ. განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატის 01.02.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 22.04.2000წ. სხდომისა და სოფ. ..... მეკომურთა 13.09.2000წ. საერთო კრების დადგენილებები და ე. ბ-ეზე მიზომილი საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოირიცხა 270 კვ.მ ქარსაფარი ზოლით დაკავებული ნაკვეთი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო მიწის ფონდში, დანარჩენ ნაწილში დადგენილებები დარჩა უცვლელად. არ დაკმაყოფილდა ლ. დ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ე. ბ-ეზე მიზომილი საკარმიდამო ნაკვეთიდან სადავო 300 კვ.მ ნაკვეთის ამორიცხვისა და მასზე მიზომვის ნაწილში უსაფუძვლობის გამო. ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად 270 კვ.მ ქარსადარი ზოლის დაცვის განხორციელება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის შედეგად დადგენილად ცნო შემდეგი:P აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 16.10.88წ. ¹459 გადაწყვეტილებით ლ. დ-ეს ორთაბათუმის საკრებულოს ტერიტორიაზე მოცვლის გზით გამოეყო 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ....... კოლმეურნეობის 18.02.90წ. დადგენილებით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ზემოთ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ლ. დ-ეს გამოეყო 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი. კოლმეურნეობის გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ ლ. დ-ეს მიუზომა 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი. 1993-94წწ. სადავო ნაკვეთს დაეპატრონა იბრაჰიმ ბ-ე. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსების, მათ შორის სარეფორმო ფონდში ჩარიცხული 300 კვ.მ მიმდებარე მიწის ნაკვეთის გადმოცემის მოთხოვნით ლ. დ-ემ 1998 წ. განცხადებით მიმართა ორთაბათუმის თემის საკრებულოს. ლ. დ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის გამო მან განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს და რაიონის გამგეობას. საკარმიდამო მიწის გამოყოფის თაობაზე ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას განცხადებით მიმართა აგრეთვე ლ. დ-ის მეზობლად მცხოვრებმა ე. ბ-ემ, რომელიც 1996 წელს ცალკე კომლად იქნა გამოყოფილი. ე. ბ-ე განეკუთვნებოდა მეორე კატეგორიის კომლს და მოითხოვდა სარეფორმო ფონდიდან საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფას. ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 22.04.2000წ. დადგენილებით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული სარეფორმო ფონდში რიცხული მიწის ხარჯზე ე. ბ-ეს მიუზომეს 1700 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მათ შორის, 1100 კვ.მ (0.11 ჰა) მისი ძმისაგან ჩამოჭრილი მიწის ნაკვეთის ხარჯზე, 300 კვ.მ ციტრუსის ნარგავებით დაკავებული სადავო მიწის ნაკვეთი, 270 კვ.მ ქარსადარი ზოლის ტერიტორია. ამავე სხდომის დადგენილებით დაკმაყოფილდა აგრეთვე ლ. დ-ის განცხადება მასზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 0,15 ჰა-მდე შევსების თაობაზე. ლ. დ-ეს გამოეყო 150-200 მეტრის მოშორებით 800 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. სარეფორმო კომისიამ უარი თქვა ლ. დ-ის საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 300 კვ.მ სადავო ნაკვეთის მისთვის მიზომვაზე. მიწის სარეფომო კომისიის სხდომის დადგენილება შემდგომში განსახილველად გადაეგზავნა სოფ. ..... მეკომურთა საერთო კრებას, რომლის 13.09.2000წ. დადგენილებით დამტკიცდა მიწის რეფორმის კომისიის 23.04.2000წ. დადგენილება, სოფ. ორთაბათუმის (.....) მცხოვრებს ე. ბ-ეს გამოეყო 0,17 ჰა ყოფილი ¹2 ბრიგადის ტერიტორიაზე (ე.წ. “........").

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მიწის სარეფორმო კომისიის 22.04.2000წ. და სოფ. ..... მეკომურთა კრების 13.09.2000წ. საერთო კრების დადგენილებების იმ ნაწილში გაუქმების შესახებ, რომელიც ეხებოდა ქარსადარი ზოლის (270 კვ.მ) ე. ბ-ეზე საკარმიდამო ნაკვეთად მიზომვას. პალატამ მიუთითა, რომ 270 კვ.მ ქარსადარი ზოლის მიზომვისას არ იყო გათვალისწინებული აჭარის ა/რ მინისტთა საბჭოსთან არსებული მიწის რეფორმის კომისიის 29.05.97წ. გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქარსაფარი ზოლების შენარჩუნების მიზნით აიკრძალა ქარსადარი ზოლის და მისი ორივე მხარის 5-5 მეტრი ფართობის შეტანა სარეფორმო ფონდში. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მიწის რეფორმის კომისიის და მეკომურთა საერთო კრების დადგენილებების იმ ნაწილის გაუქმების შესახებ, რომელიც ე. ბ-ეზე საკარმიდამოდ სადავო 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფას ეხებოდა. ამიტომ მიუთითა, რომ ნაკვეთის გამოყოფის შესახებ საკითხის განხილვა მოხდა 18.01.92წ. ¹48 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით, სარეფორმო კომისიამ მოახდინა სარეფორმო ფონდში ჩარიცხული მიწის ნაკვეთების შერჩევა, აქტებისა და გეგმა-ნახაზების შედგენა, საკითხი განხილულ იქნა სარეფორმო კომისიის სხდომაზე, მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება, რომელიც მოიწონა სოფლის ყრილობამ. დადგენილებების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული საკრებულოში არსებული ვითარება, საკრებულოს ტრადიციები. პალატამ მართლზომიერად მიიჩნია ლ. დ-ისათვის მისი საცხოვრებელი სახლიდან 200მ მოშორებოთ 800 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფა, რითაც დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა საკარმიდამო ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე (1500 კვ.მ.) შევსებაზე. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აპელანტს გააჩნდა უპირატესი უფლება სადავო (300 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის მიღებაზე, რადგანაც სადავო ნაკვეთი ერთნაირად ემიჯნება როგორც ლ. დ-ის, ასევე ე. ბ-ის ნაკვეთებს.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. დ-ის მიერ. კასატორი სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც სადავო 0,03 ჰა. მიწის ნაკვეთი გადაეცა ე. ბ-ეს, კასატორი ითხოვს ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას, 0,03 ჰა მიწის ნაკვეთის ე. ბ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ამორიცხვას და კასატორისათვის გადაცემას. კასატორი აღნიშნავს, რომ 21.11.90წ. ორთაბათუმის კოლმეურნეობის კომისიამ საკარმიდამოდ მიუზომა 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი, მის მიერ სოფ. ყოროლისთავში 0,07 ჰა მიწის ნაკვეთის ჩაბარების სანაცვლოდ. ქარსაფარ ზოლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შორის დარჩენილი 0,03 ჰა ფართობი იმჟამად მოქმედი 16.05.88წ. ¹233 დადგენილების თანახმად მისთვის საბოსტნედ მიზომილად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს. ვინაიდან სადავო 0,03 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობდა საბოსტნედ, კასატორის აზრით, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად სადავო ნაკვეთი მის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს. ე. ბ-ის კომლი 1996 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო მიწის გამოყოფის შესახებ განცხადებით საკრებულოს 14.04.2000წ. მიმართა. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო 18.01.92წ. ¹48, 06.02.92წ. ¹128 დადგენილებები, რომელთა მიხედვით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაცემა უნდა განხორციელდეს 01.01.92წ. მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქარსაფარ ზოლს იქეთ მდებარე ე. ბ-ეზე გამოყოფილი 0,11 ჰა მიწა ესაზღვრება მისი ძმის და არა კასატორის საკარმიდამოს. ქარსაფარ ზოლსა და მის საკარმიდამო ნაკვეთს შორის არსებულ 0,03 ჰა ტერიტორიაზე მას აქვს უპირეტესი უფლება, ვინაიდან “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ 1-ლი მუხლის “ბ" ქვეპუნქტის თანახმად კანონის მიზანია მიწების დაქუცმაცების და არარაციონალური გამოყენების თავიდან აცილება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ, ¹48 დადგენილების, აჭარის ა/რ მიწის რეფორმის რესპუბლიკური კომისიის 29.05.97წ. ¹3/1 ოქმის მე-7 მუხლის თანახმად რეფორმის პროცესში ძველ მესაკუთრეებს და მათ მემკვიდრეებს არავითარი უპირატესობა არ მიენიჭებათ, კასატორისათვის გამოყოფილი 0,08 ჰა მიწის ნაკვეთი მდებარეობს მისი საცხოვრებელი სახლიდან თითქმის 1 კმ-ის მოშორებით, არსებულ და ზღვრულ მაქსიმალურ ნორმამდე საკუთრების უფლებით შევსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ დაიშვება ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლის აშენება და ეს ნაკვეთი გაყიდვას არ ექვემდებარება.

ხელვაჩაურის რაიონის ორთაბათუმის თემის გამგებელი ი. ფაღავამ შესაგებლით მიმართა საქრთველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ლ. დ-ეს საკარმიდამო 0.07 ჰა. გამიჯნული ჰქონდა მრავალწლიანი ნარგავებით (თხილით), მიმდებარე 0,03 ჰა ფართობი დაკავეული აქვს ლიმონის ნარგავებს, რომელიც ლ. დ-ეს არასდროს დაუმუშავებია, აღნიშნულ ფართობს წლების განმავლობაში ამუშავებდა ბ-ეების ოჯახი, რაც დაადასტურეს სოფ. ........ მეკომურთა საერთო კრების დამსწრეებმა და მიწის რეფორმის წევრებმა. შესაგებლის ავტორს არ მიაჩნია მართებულად სააპელაციო პალატის მიერ ე. ბ-ის საკარმიდამოდან 0,027 ჰა ფართის ამორიცხვა. ამ ფართზე 12 ძირი ლიმონის ნარგავია გაშენებული, კომიიამ ქარსადარის (კრიპტომერიის) ნარგავები, აღდგენა-დაცვის მიზნით, ე. ბ-ეს აქტით გადააბარა, ამასთანავე ადგილზე სარეფორმო კომისია და სოფლის საერთო კრება უკეთესად ერკვევა სოფლის ტრადიციებში, რომელთა გათვალისწინება იძლევა მეზობლური და საადგილმამულო დავების თავიდან აცილების საშუალებას. შესაგებლის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. დ-ეს სოფელთან კავშირი გაწყვეტილი აქვს, მას არ შეაქვს რაიმე წვლილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, რაც შეეხება ბ-ეების ოჯახს, ისინი დასაბამიდან დღემდე სოფელში ცხოვრობენ და მუშაობენ აღნიშნულ ფართზე. სარეფორმო კომისიამ და სოფლის კრებამ გაითვალისწინა ლ. დ-ის უფლებები და საკარმიდამოს შევსების მიზნით 21.04.2000წ. აქტით შეურჩია მას მიწის ფართობი სოფელ მასაურში, მისივე საკარმიდამოდან 200-300 მეტრის მოშორებით, რადგან სადავო ნაკვეთით არ ივსებოდა საკარმდიმოს ზღვრული ნორმა. მიოუხედავად არაერთი წერილობითი გაფრთხილებისა, ლ. დ-ე შეგნებულად არ გამოცხადდა მეკომურთა კრებაზე, ვინაიდან იცოდა, რომ სოფელი მის უსაფუძვლო მოთხოვნებს არ გაიზიარებდა, ხოლო საკითხის სწორი გადაწყვეტა მის ინტერესებში არ შედის.

ე. ბ-ეს შესაგებელი საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატის მიერ საქმე განხილულ იქნა სასკ-ს 261 და სსკ 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 22.04.2000წ. სხდომის, სოფ. ..... მეკოლმეურნეთა 13.09.2000წ. საერთო კრების დადგენილებები და ე. ბ-ეზე მიზომილი საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოირიცხა 0,027 ჰა ქარსაფარი ზოლით დაკავებული ნაკვეთი და ჩაიარიცხა სახელმწიფო მიწის ფონდში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი მოპასუხეების _ ორთაბათუმის თემის საკრებულოს და ე. ბ-ის მიერ არ გასაჩივრებულა, იგი ძალაშია შესული, გადაწყვეტილების ამ ნაწილის მიმართ ორთაბათუმის თემის საკრებულოს შესაგებელში მოყვანილი მოსაზრებები არ იძლევა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ამ ნაწილის შემოწმების შესაძლებლობას. რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილს, რომლითაც უარი ითქვა ე. ბ-ისათვის მიზომილი საკარმიდამო ნაკვეთიდან სადაო 0,03 ჰა მიწის ნაკვეთის ამორიცხვაზე და ლ. დ-ისათვის მიზომვაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების ეს ნაწილი სწორია და იგი უცვლელად უნდა დარჩეს. ლ. დ-ის პრეტენზია სადავო 0,03 ჰა მიწის ნაკვეთზე არ საბუთდება კოლმეურნეობის კომისიის მიერ მისთვის ¹...... ბრიგადის ე.წ. “.........-ის" ტერიტორიაზე 0,10 ჰა მიზომვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. დ-ემ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მოითხოვა ცალკე კომლად გამოყოფა. ....... სასოფლო საბჭოს აღმასკომის 18.01.87წ., ¹324 გადაწყვეტილებით ლ. დ-ე შვილთან ერთად გამოიყო ცალკე კომლად, ...... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 20.01.87წ., ¹12 საოქმო გადაწყვეტილებით ხ. ბ-ეზე რიცხული 0,26 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან გადაეწერა 0,07 ჰა მიწის ფართობი. ლ. დ-ემ საკარმიდამო ნაკვეთის მოცვლის თაობაზე შეიტანა განცხადება, რომელიც დაკმაყოფილდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 16.10.89წ. ¹459 დადგენილებით თ. ფ-ას, რ. ფ-ას და ლ. დ-ეს მოცვლის წესით გამოეყოთ 0,23 ჰა მიწის ფართობი. ჩაისბუნის კოლმეურნეობის გამგეობამ 18.02.90წ, განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიმის მინისტრთა საბჭოს 16.10.89წ. ¹459 დადგენილება, შექმნა კომისია, რომელსაც დაევალა ლ. დ-ისათვის მოცვლის წესით 0,07 ჰა მიწის ნაკვეთის მიზომვა. ამდენად აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 16.10.89წ., ¹459 და ...... კოლმეურნეობის გამგეობის 18.02.90წ. დადაგენილების თანახმად, რომელთა მიხედვითაც კომისიას უნდა გამოეყო მიწის ნაკვეთი, აგრთვე საკომლო და საკარმიდამო ზონარგაყრილი წიგნის მიხედვით, სადავო 0,03 ჰა ნაკვეთი ლ. დ-ისათვის არ გამოყოფილა, ლ. დ-ე მიწის გადასახადს იხდიდა 0,07 ჰა ნაკვეთიდან. ამდენად, კომისიის მიერ შედგენილ აქტში 0,10 ჰა აღნიშვნა, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 16.10.89წ. ¹459, ...... კოლმეურნეობის გამგეობის 18.02.90წ. დადგენილებების და მიზომვის აქტს შორის სხვაობა (0,03 ჰა) არ ადასტურებს ლ. დ-ის უფლებას სადავო ნაკვეთზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ფონდის მიწა, მდებარე სოფ. მესაურში, ¹2 ბრიგადის ტერიტორიაზე (ე.წ. “........"), რომელიც მდებარეობს ლ. დ-ესა და მ. ბ-ის საკარმიდამოებს შორის, სარეფორმო მიწის ფონდში ჩარიცხულ იქნა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 11.06.96წ., ¹621 დადგენილებით. ლ. დ-ის კომლი განეკუთვნება მეორე კატეგორიის კომლს და მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ექვემდებარებოდა მიწის ნაკვეთის დადგენილ ზღვრულ ნორმამდე (0,15 ჰა) შევსებას, რის გამო სარეფორმო კომისიის მიერ ლ. დ-ეს საკარმიდმოდ შეურჩიეს ამორტიზირებული ჩაის პლანტაციის 0,08 ჰა ტერიტორია. ამდენად, სადავო 0,03 ჰა მიწის ნაკვეთი არ უვსებდა კასატორს ზღვრულ ნორმამდე მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ" კანონზე, რომლითაც არ დაიშვება მიწების დაქუცმაცება. საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მითითება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილებაზე. საქართველოს მითითებული დადგენილებით კერძო საკუთრებად გამოცხადდა 1992 წლამდე მოქალაქეთა კომლებისთვის, ოჯახებისთვის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები. ვინაიდან კასატორს სადავო ნაკვეთი არ გადასცემია საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილების მე-2 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთზე არ ვრცელდება ლ. დ-ის საკუთრების უფლება. ლ. დ-ის მოთხოვნა მისი საკარმიდამოს აღმოსავლეთ მხარეს მდებარე სარეფორმო ფონდში რიცხული 0,03 ჰა ციტრუსების საკარმიდამოდ მიზომვაზე უსაფუძვლოა აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ფართობს 1994 წლიდან ამუშავებდა ე. ბ-ის ოჯახი, რაზედაც ლ. დ-ეს სარჩელის შეტანამდე 03.10.2000წ. პრეტენზია არ განუცხადებია, ფართი წარმოადგენს რეფორმის ფონდში რიცხულ ნაკვეთს.

სადავო ნაკვეთზე კასატორის უპირატეს უფლებას არ ადასტურებს აგრეთვე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 16.05.88წ., ¹233 დადგნილება “საქართველოს სსრ ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა საკუთრებაში სოფლად არსებულ საცხოვრებელ სახლებთან მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ეფექტიანად გამოყენების დამატებით ღონისძიებათა შესახებ". აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებდა ხელშეკრულების საფუძველზე სახლის მესაკუთრისათვის თავისუფალი მიწის ნაკვეთის მიცემას სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და მოყვანილი პროდუქტების ნამეტის სახელმწიფოსათვის ან სამომხმარებლო კოოპერატივისათვის მიყიდვის სავალდებულო პირობით. ლ. დ-ეს სადავო ნაკვეთი არასოდეს დაუმუშავებია, ნაკვეთს საკარმიდამოს მიმდებარე ტერიტორიის სახით 1994 წლიდან ამუშავებდა ბ-ეების ოჯახი, კერძოდ, ი. ბ-ე. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით სოფ. ..... მეკომურთა 13.09.2000წ. შემდგარმა საერთო კრვბამ ერთხმად მხარი დაუჭირა სადავო ნაკვეთის ე. ბ-ისათვის გადაცემას. საგულისხმოა, რომ საკითხის გადასაწყვეტად რამდენჯერმე მოწვეულ მეკომურთა კრებაზე დასწრებას ლ. დ-ემ თავი აარიდა.

ის გარემოება, რომ ი. ბ-ე კომლად გამოიყო 26.12.96წ. არ ადასტურებს ნაკვეთზე კასატორის უპირატესი უფლებას, ვინაიდან ე. ბ-ის ცალკე კომლად გამოყოფა მოხდა აჭარის ა/რ მიწის რეფორმის დაწყებამდე, ...... საკრებულოს 26.12.96წ. ¹94 გადაწყვეტილებით, ხოლო მიწის რეფორმა აჭარის ა/რ მასიურად დაიწყო 1997 წლიდან. ე. ბ-ის ცალკე კომლად გამოყოფა მოხდა მინისტრთა კაბინეტის 06.02.92წ. ¹128 დადგენილების მე-2 პუნქტის დაცვით, რომლის თანახმად კომლის გაყრა ხორციელდება მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში, რომელთაგან ერთ-ერთი შვილი რჩება კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფა, ამასთანავე, ე. ბ-ის ცალკე კომლად გამოყოფა არ გასაჩივრებულა, აღნიშნული არ წარმოადგენს სასამართლო დავის საგანს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 22.04.2000წ. და სოფელ ..... მეკომურთა საერთო კრებაზე 13.09.2000წ. სხდომებზე ე. ბ-ეზე და ლ. დ-ეზე საკარმიდამო მიწების გამოყოფის შესახებ საკითხის განხილვა მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. სარეფორმო კომისიამ მოახდინა სარეფორმო ფონდში ჩარიცხული მიწის ნაკვეთების შერჩევა, აქტებისა და გეგმა-ნახაზების შედგენა, საკითხი განიხილა სარეფორმო კომისიის სხდომაზე, მიიღო შესაბამისი დადგენილება, რომელიც შემდგომში განხილვისა და გადაწყვეტისათვის გადასცა სოფლის ყრილობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. დ-ის საკასაციო საჩივსრი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახდო საქმეთა პალატის 01.02.02წ. გადაწყვეტილება.

2. ლ. დ-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.