Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-83-კ-03 3 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 3 აგვისტოს მ. ზ-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 2002წ. 22 ივნისის ვაკე-საბურთალოს სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება და განმეორებითი აუქციონის ჩატარების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შემდეგი საფუძვლით: ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 მარტის განჩინებით მოპასუხეებს მ., შ., ვ. და თ. ზ-ებს დაევალათ 5 თვის ვადაში გადაეცათ 9500 აშშ დოლარი მ. შ-ისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს დაეკისრა მითითებული თანხის გადაცემა მოსარჩელე მ. ჩ-ისათვის და თბილისში ... მდებარე ბინა ¹5-ის გადაფორმება მ. ზ-ზე. მორიგების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეები დაცლიდნენ სადავო ბინას და თანახმა იყვნენ დანიშნულიყო აუქციონი.

2001წ. 8 მაისს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა ჯ. გ-ამ ... ¹9-ში, სააღსრულებო ბიუროს შენობაში დღის 11 საათზე, სადავო ბინის რეალიზაციის მიზნით დანიშნა განმეორებითი აუქციონი, რომლის შესაბამისად აღმასრულებელმა შეატყობინა მ. ზ-ს. აუქციონის წინა დღეს მ. ზ-მა და თ. ზ-მა დაურეკა აღმასრულებელ ჯ. გ-ას და სთხოვა აუქციონის ცოტა ხნით გადაწევა. აღმასრულებელი შეპირდა, რომ აუქციონს საათნახევრით გვიან დაიწყებდა.

მ. ზ-ის დედამ ვ. ზ-ი-ლ-ემ სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა სადავო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა, წილის რეალურად გამოყოფა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. სარჩელში დაყენებული იყო შუამდგომლობა 2001წ. 22 ივნისს დანიშნული აუქციონის შეჩერების შესახებ.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ივნისის განჩინებით შეჩერებული იქნა განმეორებითი აუქციონი. განჩინება აღმასრულებელს წარედგინა 2001წ. 22 ივნისს, 12 სთ და 10 წუთზე, რა დროსაც აღმასრულებელმა ჯ. გ-ამ თ. ზ-ს განუცხადა, რომ აუქციონი ჩატარებული იყო. ოქმის გაცნობაზე კი უარი უთხრა.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღმასრულებელმა დაარღვია შეთანხმება აუქციონის საათნახევრით გადაწევის შესახებ. არ დაელოდა მათ გამოცხადებას, არ გააცნო აუქციონის ოქმი, რითაც დაარღვია სკ-ს 309-ე მუხლისა და «სააღსულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნები.

მოპასუხემ – საქართევლოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა ჯ. გ-ამ და მესამე პრმა – მ. ჩ-ემ სარჩელი არ ცნეს.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს განმარტებით სასამართლო აღმასრულებლის მიერ განმეორებითი იძულებითი აუქციონის ჩატარებისას დაცული იქნა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის XIII თავით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც საფუძველს უსპობს მოსარჩელის მოთხოვნას აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოყვანილ იმ გარემოებას, რომ წინა დღით მხარე ტელეფონით ესაუბრა აღმასრულებელს და თხოვა აუქციონის დაწყების დროის საათნახევრით გადაწევა. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება საფუძვლად დაედოს აუქციონის შედეგების გაუქმებას, რადგან ზემოთხსენებული კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად აუქციონის შეჩერება შესაძლებელია კრედიტორის თანხმობით არაუმეტეს 6 თვით. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც მესამე პირმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო აუქციონის მოგვიანებით დაწყებისა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ზ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო პალატამ არ გაიზიარა და კანონშეუსაბამოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ აღმასრულებელმა ჯ. გ-ამ არ შეასრულა აუქციონის საათნახევრით გადაწევის შესახებ შეთანხმება, არ დაელოდა აუქციონზე მათ გამოცხადებას, რის გამოც აუქციონის შედეგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. რაიონული სასამართლოს სხდომაზე აღმასრულებელმა ჯ. გ-ამ აჩვენა, რომ აუქციონის საათნახევრით გადაწევის შესახებ მან ზ-ებს განუმარტა, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად აუქციონის დროებით შეჩერება შესაძლებელია კრედიტორის თანხმობით. მ. ჩ-ემ და მ. შ-ის წარმომადგენელმა ვ. ჩ-ემ განმარტეს, რომ ისინი კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ აუქციონი მოგვიანებით დაწყებულიყო. ასეთ შემთხვევაში კანონის თანახმად აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი დაგვიანებით დაეწყო აუქციონი.

სასამართლო სხდომაზე აღმასრულებელმა კ. გ-ამ ასევე განმარტა, რომ ოქმი აუქციონის მიმდინარეობის დროს შედგა, იგი გააცნო ზ-ს, მაგრამ მისი ჩაბარების სურვილი მას არ გამოუთქვამს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა ოქმის დაგვიანებით გაფორმების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რის გამოც აპელანტის მოსაზრება ამ მხრივაც არ იქნა გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აუქციონის შეჩერების შესახებ განჩინების წარდგენის შემდეგ აღმასრულებელს არავითარი უკანონო მოქმედება არ განუხორციელებია, მას მ. ჩ-ეზე ბინის გადაფორმება არ უწარმოებია. აღნიშნულის დამადასტურებელია თუნდაც ის, რომ აღმასრულებელმა ჯ. გ-ამ აუქციონის შედეგის თაობაზე სათანადო განკარგულება გასცა მოგვიანებით 2001წ. 22 სექტემბერს.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ჩ-ე არ წარმოადგენდა კრედიტორს და აუქციონის ჩატარების დროის გადაწევა მასთან არ უნდა შეეთანხმებინათ. სადავო ბინა იპოთეკით დატვირთული იყო მ. ჩ-ის მიერ გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით. ბინა იპოთეკით დაიტვირთა ზ-ის თანხმობით, ხოლო მორიგების აქტის პირობებით ისინი თანახმა იყვნენ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში სადავო ბინაზე ჩატარებულიყო აუქციონი და მ. ჩ-ეს დაბრუნებოდა კუთვნილი თანხა. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ჩ-ეს სრული უფლებამოსილება გააჩნდა მოეთხოვა აუქციონის დროულად ჩატარება და მისი თანხმობის გარეშე არ უნდა მომხდარიყო აუქციონის დროს გადაწევა. აღსანიშნავია ისიც, რომ აუქციონში მონაწილეობას იღებდა მ. შ-ის წარმომადგენელი ვ. ჩ-ეც, რომელმაც უარი განაცხადა აუქციონის მოგვიანებით დაწყებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ 2001წ. 22 ივნისს განმეორებითი აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ზ-ის წარმომადგენელმა თ.ზ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინების და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 22 ივნისს ჩატარებული აუქციონის შედეგის ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით 2000წ. 28 მარტის განჩინებით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმადაც მათ 6 თვის ვადაში 9500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ კრედიტორი მ. შ-ისათვის, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ აღნიშნულ თანხას გადასცემდა თავის კრედიტორს მ. ჩ-ეს, ანუ ზ-ების კრედიტორი არის მ. შ-ი, ხოლო შ-ის კრედიტორი მ. ჩ-ე.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლო (2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილება), ასევე თბილისის საოლქო სასამართლო (2002წ. 2 ოქტომბრის განჩინება) ხაზს უსვამენ გარემოებას, რომ აუქციონის გადადება შესაძლებელი იყო მხოლოდ კრედიტორთან შეთანხმებით, ხოლო მათი კრედიტორი მ. ჩ-ე წინააღმდეგი იყო გადადების. აქვე მიუთითებენ, რომ თავად სააღსრულებო საქმის წარმოებაში მიღება მოხდა «კრედიტორ» მ. ჩ-ის განცხადების საფუძველზე.

სკ-ს 301-ე მუხლის მიხედვით სააღსრულებო საქმის წარმოებაში მიღება უნდა მომხდარიყო მხოლოდ და მხოლოდ კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ანუ მ. შ-ის განცხადების საფუძველზე, ხოლო სადავო სააღსრულებო საქმის წარმოებაში მიღება მოხდა მ. ჩ-ის განცხადების საფუძველზე. რაც შეეხება აუქციონის გადატანას, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აუქციონის გადატანა ან შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორის თანხმობით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თანხმობა სთხოვეს არა მათ კრედიტორს, არამედ მ. ჩ-ეს.

კასატორის მითითებით 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინებაში, საოლქო სასამართლოს კოლეგიას აღნიშნული აქვს, რომ აუქციონში მონაწილეობას იღებდა მ. შ-ის წარმომადგენელი ვ. ჩ-ე. თუნდაც ვ. ჩ-ე ყოფილიყო მ. შ-ის წარმომადგენელი, საქმის წარმოებაში მიღება მოხდა მ. ჩ-ის განცხადებით, განმეორებითი აუქციონის ჩატარებაც და აუქციონის გადატანაც მ. ჩ-ესთან შეთანხმდა, რაც არსებული კანონმდებლობის დარღვევაა. რაც შეეხება ვ. ჩ-ის წარმომადგენლობას, სასამართლომ საერთოდ იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ ვ. ჩ-ეს მ. შ-ისაგან რწმუნებულება ჰქონდა მხოლოდ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ხოლო რწმუნებულება სააღსრულებო საქმის წარმოების შესახებ, ვ. ჩ-ეს არ ჰქონია.

კასატორის აზრით, თბილისის საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 301-ე მუხლის, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 70-ე მუხლის, სსკ-ს 96-ე მუხლის მოთხოვნები და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის წარმომადგენლის თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათ კრედიტორს წარმოადგენდა მ. შ-ი და არა მ. ჩ-ე და ეს უკანასკნელი მხოლოდ მ. შ-ის კრედიტორი იყო და არა მათი. ვინაიდან სკ-ს 301-ე მუხლის თანახმად სააღსრულებო საქმის წარმოებაში მიღება უნდა მოხდეს მხოოდ კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ასევე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად აუქციონის გადატანა ან შეჩერებაც მხოლოდ კრედიტორის თანხმობითაა შესაძლებელი, ამდენად აუქციონის ჩატარებაც და მისი შეჩერება-გადადებას მხოლოდ მ. შ-ის განცხადებითა და თანხმობით უნდა მომხდარიყო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 მარტის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც მოპასუხეები მ., შ., ვ. და თ. ზ-ებს 5 თვით ვადაში უნდა გადაეხადათ მარინა შ-ისათვის 9500 აშშ დოლარი, ხოლო ამ უკანასკნელს ეს თანხა უნდა გადაეცათ მ. ჩ-ისათვის, ბინა კი გადაეფორმებინა მ. ზ-ისათვის, მორიგების შეუსრულებლობის შემთხვევაში მ., შ., ვ. და თ. ზ-ებს უნდა დაეცალათ სადავო ბინა და თანახმანი იყვნენ ბინის რეალიზაციის მიზნით დანიშნულიყო აუქციონი, ფაქტობრივად მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს. სკ-ს 349-ე მუხლის თანახმად, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მ. ჩ-ეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ზ-ების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის მომენტიდან და მას, როგორც კრედიტორის შესაბამისი უფლების მქონე პირს, სრული უფლებამოსილება გააჩნდა მოეთხოვა აუქციონის ჩატარება და აუქციონის ჩატარების დროის გადაწევა მასთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ვ. ჩ-ეს და მ. შ-ისაგან არ ჰქონდა რწმუნებულება სააღსრულებო საქმის წარმოების შესახებ, რადგან თავად მ. შ-ს აუქციონის ჩატარების კანონიერება სადავოდ არ გაუხდია.

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის წარმომადგენლის თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინება არსებითად სწორია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ზ-ის წარმომადგენლის თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინება;

3. მ. ზ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.