გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-84-კ-03 4 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: გამგეობის გადაწყვეტილებების და ქ. თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 18 სექტემბერს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ამხანაგობა “მ.”-ის წევრებმა: რ. ე-ემ, დ. ქ-ემ, რ. კ-ემ, ლ. დ-ემ და ო. ს-მა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს და მოითხოვა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1997წ. 19 მარტის და 17 სექტემბრის გადაწყვეტილებების გაუქმება. მოგვიანებით მოსარჩელეებმა, დამატებითი სასარჩელო განცხადებით გარდა ზემოაღნიშნულისა, ითხოვეს: ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 1998წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის 1999წ. 4 თებერვლის ჩანაწერის, 1993წ. 23 მარტის ჩუქების ხელშეკრულებისა და შესაბამისად, სანოტარო ჩანაწერის, აგრეთვე საჯარო რეესტრის 1999წ. 5 აპრილის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:
ამხანაგობის არცერთ წევრს საერთო კრებაზე ამხანაგობის გაუქმების საკითხი არ დაუყენებია. საბურთალოს რაიონის გამგეობამ ამხანაგობის 10 წევრისაგან, მხოლოდ ერთის დ. გ-ს სურვილით მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობის გაუქმების შესახებ, რითაც უგულებელყოფილი იქნა უმრავლესობის ინტერესები. თვით საბურთალოს რაიონის გამგეობის 1997წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილება ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტით ამხანაგობა გაუქმებულია, ხოლო მეორე პუნქტით კი ამხანაგობის შემადგენლობიდან მხოლოდ ხუთი წევრი გამოიყვანეს, ამასთან, საამშენებლო ამხანაგობების შესახებ დებულების მე-16 პუნქტში, მითითებულია, რომ საამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დამთავრების ვადების არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში მიწის ნაკვეთი და დაწყებული მშენებლობა შეიძლება გადაეცეს სხვა ამხანაგობას სათანადო ანგარიშსწორებით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 მაისის განჩინებით მოთხოვნები ჩუქების ხელშეკრულების და მის საფუძველზე განხორციელებული სანოტარო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, როგორც კერძოსამართლებრივი, ცალკე წარმოებად გამოიყო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების რ. ე-ის, რ. კ-ის, ლ. დ-ის და ო. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ე-ემ, რ. კ-ემ, ლ. დ-ემ და ო. ს-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არასწორად მიეთითა ხანდაზმულობის ვადის გაშვებაზე. კერძოდ, მოსარჩელეებს არ დაურღვევიათ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ექვსთვიანი ვადა.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სადაც ეს მუხლი ეხება ადმინისტრაციული ორგანოების და არა მოსამართლეების მიერ ადმინისტრაციული აქტების ბათილად გამოცხადებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული მოცემულ საქმეზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1997წ. 19 მარტისა და 17 სექტემბრის გადაწყვეტილებებს გაუქმების თაობაზე, 1998წ. 18 ნოემბერს, ხოლო 1998წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილების, 2002წ. 24 აპრილს სასამართლოში სარჩელით მიმართვისას აპელანტებმა დაარღვიეს ამ სახის აქტებისათვის ადმინისტრაციული საპროცესიო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გასაჩივრების ვადები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ე-ე, რ. კ-ე, ლ. დ-ე და ო. ს-ი იგივე საფუძვლებით საკასაციო წესით ასაჩივრებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ რ. ე-ის, რ. კ-ის, ლ. დ-ის და ო. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფიზიკურმა პირებმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 1997წ. 19 მარტისა და 17 სექტემბრის გადაწყვეტილებები 1998 წელს გაასაჩივრეს, ხოლო დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით 1998წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება 2002წ. 24 აპრილს გაასაჩივრეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
სსკ-ს 435-ე მუხლის თანახმად, საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება იმ სამოქალაქო საპროცესო ნორმების შესაბამისად, რომელიც საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს მოქმედებდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ საქმის განხილვისას არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი და არასწორად განმარტა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებების გასაჩივრება ადმინსტრაციული აქტის გაცნობიდან 6 თვის ვადაში უნდა მომხდარიყო, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1999წ. 23 ივლისს იქნა მიღებული და მხოლოდ 2000წ. 1 იანვრიდან ამოქმედდა.
ზემომითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან სამოქალაქო საპროცესო მოქმედების შესრულების _ სარჩელის წარდგენის დროისათვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ჯერ არ მოქმედებდა, ხსენებული კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ვადები ამ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა, რადგან, როგორც საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე აღნიშნა, თუ მატერიალური ნორმები იურიდიული ფაქტის წარმოშობის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოიყენება, კონკრეტული საპროცესო მოქმედების შესრულებისას გამოყენება მის დროს მოქმედი საპროცესო ნორმები.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად ფიზიკური პირების სარჩელის ხანდაზმულად ცნობა არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და უმართებულოა.
საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ფიზიკურმა პირებმა _ რ. ე-ემ, რ. კ-ემ, ლ. დ-ემ და ო. ს-მა დაზუსტებული სარჩელი წარადგინეს სასამართლოში და გამგეობის 1998წ. გადაწყვეტილებები 2002წ. 24 აპრილს, ე.ი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ გაასაჩივრეს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმის თაობაზე, მათ ხანდაზმულობის ვადა გაშვებული ჰქონდათ თუ არა. საქმის მასალებით არ დგინდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე მათ როდის შეიტყვეს, მაშინ, როცა ხანდაზმულობის ვადის ათვლას სკ-ს 130-ე მუხლი არეგულირებს და მის მიხედვით უნდა გამოითვალოს. Kკერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი და სსკ-ს 413-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფიზიკური პირების: რ. ე-ის, რ. კ-ის, ლ. დ-ის და ო. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.