გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-86-კ-02 20 მაისი, 2003წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა; საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2001წ. 21 აგვისტოს ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ი. ვ-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე 17,6 კვ.მ. ფართობის ერთოთახიანი ბინა ირიცხებოდა ნ. ვ-ის სახელზე. იგი ისე გარდაიცვალა, რომ ბინის პრივატიზება ვერ მოასწრო. ნ. ვ-ის გარდაცვალების შემდეგ სადავო ბინა თვითნებურად დაიკავა მოპასუხე ი. ვ-მა, რომელიც რეგისტრირებული იყო ქ. ქუთაისში, ..., მისი დედის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში.
მოსარჩელის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ სადავო ბინა არ გაათავისუფლა.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ზემოთ აღნიშნული ბინის ამოღება მოპასუხე ი. ვ-ის უკანონო მფლობელობიდან, მოპასუხის გამოსახლება სადავო ბინიდან მასთან მცხოვრებ ყველა პირთან ერთად და მისთვის ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ვ-მა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 11 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ვ-მა.
საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ისე _ სკ-ს. კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით დადგინდა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი ნ. ვ-ი 1990წ. 6 ნოემბრიდან ცხოვრობდა სადავო ბინაში. ნ. ვ-ის სახელზე გაცემულია ორდერი, მაგრამ მასში მითითებული არ არის, რომ ნ. ვ-ი ბინაში ცხოვრობდა, როგორც დამქირავებელი, ე.ი. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა ქუთაისის მერიასა და გარდაცვლილ ნ. ვ-ს შორის არსებული ურთიერთობა ადმინისტრაციულ გარიგებად.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სსკ-ს 393-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სამართლის ნორმების დარღვევად ითვლება სასამართლოს მიერ კანონის არასწორად განმარტება. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში არასწორად მიუთითა სკ-ს 183-ე მუხლზე, რადგანაც დაადგინა, რომ სადავო ბინაზე საკუთრების უფლება ნ. ვ-ს წარმოეშობოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საჯარო რეესტრში გატარებული იქნებოდა როგორც აღნიშნული ბინის შემძენი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ არც ქუთაისის მერიას ჰქონდა უფლება სარჩელი აღეძრა სასამართლოში და სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე ეთხოვა ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, რადგანაც კასატორის განმარტებით, მას ჰქონდა კანონიერი ფლობის უფლება, ქუთაისის მერია კი სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა სადავო ბინის მესაკუთრედ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 157-ე და 159-ე მუხლები, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან სკ-ს 1336-ე მუხლის თანახმად იგი არის გარდაცვლილი ნ. ვ-ის შვილი და შესაბამისად _ კანონით პირველი რიგის მემკვიდრე, სკ-ს 157-ე მუხლის თანახმად მფლობელობის უფლება მემკვიდრეზე უნდა გადავიდეს იმავე სახით, რა სახითაც იგი არსებობდა მამკვიდრებელთან. გარდაცვლილ ნ. ვ-ს კი გააჩნდა კანონიერ მფლობელობის უფლება სადავო ბინაზე.
საბოლოოდ, კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სკ-ს 571-ე მუხლის თანახმად, თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ დამქირავებელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო მეურნეობას, დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან გამქირავებელთან.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გარდაცვლილი ნ. ვ-ი იყო სადავო ბინის დამქირავებელი 1990წ. 6 ნოემბერს გაცემული ორდერის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული ბინა ირიცხებოდა ქუთაისის მერიის მუნიციპალური მართვის ადგილობრივი სამსახურის ბალანსზე. 2000წ. 25 დეკემბრის სამისამართო ცნობის თანახმად მოპასუხე ი. ვ-ი 1983წ. 16 ივნისიდან რეგისტრირებულია სულ სხვა მისამართზე, კერძოდ, ქუთაისში, ... მდებარე ბინაში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. ვ-ი არ ყოფილა გარდაცვლილი ნ. ვ-ის ოჯახის წევრი 1983წ. 16 ივნისიდან, 1990წ. ნოემბრიდან არ უცხოვრია სადავო ბინაში მამასთან ერთად და შესაბამისად არ იყო აღნიშნული ბინის დამქირავებელიც, რის გამოც მამის გარდაცვალების შემდეგ სამართლებრივ ურთიერთობაში ვერ შევიდოდა გამქირავებელთან, კერძოდ, ქუთაისის მერიასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 157-ე მუხლი, რადგანაც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მუხლი ვრცელდება ნივთმფლობელობის მხოლოდ იმ სახეებზე, რომელიც მემკვიდრეობით გადაიცემა, ანუ გარდაცვლილის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო ის ნივთი, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენდა. ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობა კი მფლობელის გარდაცვალებით წყდება და ამ თვალსაზრისით იგი გადაუცემადია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მოსაზრება, რომ სკ-ს 157-ე მუხლის თანახმად მასზე მემკვიდრეობით უნდა გადასულიყო მისი გარდაცვლილი მამის მიერ ორდერით მოპოვებული დამქირავებლის უფლება, საფუძველს მოკლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.