Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-87-კ-03 23 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: დავალიანების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სს “ი-ის” მიმართ გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების გამოცემა.

სს “ი-ის” დირექტორმა პროტესტით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 მაისის გადახდის ბრძანების გაუქმება და საქმის სასარჩელო წესით განხილვა, რაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა: საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად და გადაწყდა, რომ დავის განხილვა და გადაწყვეტა მომხდარიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

მოსარჩელე _ ქუთაისის საოლქო საგადასახადო იმსპექციამ სარჩელში აღნიშნა, რომ სს “ი-ი” საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გადამხდელად ირიცხებოდა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში და ანგარიშვალდებული იყო მის წინაშე. მოპასუხის მიერ წარდგენილი დეკლარირებული გადასახადები 2002წ. 26 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 43311,09 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვას სს “ი-ის” ხელმძღვანელობა, მათი არაერთი სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, თავს არიდებდა.

მოპასუხე _ სს “ი-ის” დირექტორმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ 1998-2000 წლებში ლტოლვილთათვის განკუთვნილი თანხა თვეში ერთ კაცზე 4 ლარის ოდენობით არ გადარიცხვია, რაზედაც არსებობდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართვა, რომლის თანახმად, წლების განმავლობაში მიუღებელი ხარჯები საქართველოს პარლამენტმა სეკვესტრში მოაყოლა.

1999წ. 31 მარტსა და 31 მაისს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას უნაღდო ანგარიშსწორებით ურთიერთდავალიანებათა გადაფარვის მიზნით ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან გაეგზავნათ მიმართვები, რათა ჩაეთვალათ ცენტრალური ბიუჯეტის დავალიანება დაფარულად შესაბამისი საბუღალტრო ოპერაციების განხორციელებით 10270 ლარისა და 10000 ლარის ოდენობით. 1999წ. 17 დეკემბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ზედმეტად გადახდილი ჰქონდა 8365,63 ლარი.

“ი-ის” შენობაში, რომელიც ყოფილი ტურისტული სასტუმრო “...”, 1993 წლიდან ცხოვრობდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

2000წ. 8 იანვარს მოხდა რეორგანიზაცია და სასტუმრო გაიყო ორ ნაწილად _ სს “ი-ად” და შპს “ი-ად”. სს “ი-ს” გამოეყო შენობის შედარებით მცირე ნაწილი და მასში ამჟამად ცხოვრობს 200 ლტოლვილი. 2000წ. 1 სექტემბრიდან თითო ლტოლვილზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან ირიცხებოდა თანხა 4 ლარის ოდენობით. 1 სექტემბრის შემდეგ კი _ 2 ლარის ოდენობით. მოპასუხის განმარტებით, მათთვის გაუგებარი იყო, რატომ ერიცხებოდა ამდენი საურავი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელთა ანაზღაურება დამოკიდებული იყო თავად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროზე, რომელიც დროულად ვერ ახერხებდა დაფინანსებას. ამდენად, თუ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მათ არ ჩაურიცხავდა თანხებს, სს “ი-ის” ადმინისტრაცია ვერანაირად ვერ გადაიხდიდა გადასახადებს, რომელსაც აკისრებდა საგადასახადო ინსპექცია, რადგანაც მას შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნდა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს “ი-ის” დირექციამ ითხოვა, საგადასახადო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადასახადების და საურავების ჩამოწერა და გადახდის ბრძანების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა შესაგებელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი დადგენილი ვადისათვის, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს ვადის დადგენილი თარიღიდან გადასახადის გადახდის თარიღამდე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინაპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა: სს “ი-ს” ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანება 43311 ლარისა და 9 თეთრის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ი-მა”. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-5 მუხლის “თ” ქვეპუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.

საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სს “ი-ის” სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება, აქციონერთა ერთი ჯგუფის მიერ 2000წ. 14 ივლისიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გაიყო და დაფუძნდა შპს “ი-ად”, ე.ი. სს “ი-ს” ქონებისა და მიწის გადასახადი გაუნახევრდა, რის შესახებაც ეცნობა საგადასახადო ინსპექციას, რაც შედარების აქტში არ აისახა.

კასატორის განმარტებით, “სამედიცინო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-6 მუხლით დაზღვევა ხორციელდება ხელშეკრულების ფორმით, რომელიც იდება სამედიცინო დაზღვევის სუბიექტთა შორის და მათ უნდა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ხოლო კასატორის განმარტებით, მას და მოწინააღმდეგე მხარეს შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, და ამდენად, დარიცხული თანხა გადახდას არ ექვემდებარება.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო ინსპექციისთვის ზედმეტად აქვს გადახდილი 2574 ლარი. საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის “ა” და “ბ” პუნქტების მიხედვით კი ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვლება სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში ან მომავალი გადასახადების გადახდის ანგარიშში, რაც საგადასახადო ინსპექციას არ გაუკეთებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

კასატორმა ასევე დააყენა შუანმდგომლობა საქმეში მესამე პირებად ფინანსთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების ჩართვაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ სსკ-ით დადგენილი წესით გაუგზავნა შეტყობინება სს “ი-ს” სასამართლო სხდომის 2002წ. 22 ივლისს 13 საათზე დანიშვნის თაობაზე, მაგრამ დანიშნულ დროს მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა და საქმის ზეპირი განხილვა გადაიდო სხვა დროისათვის მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. ქუთაისის საოლქო სასამართლომ კვლავ გაუგზავნა შეტყობინება სს “ი-ს” სსკ-ს მოთხოვნათა შესაბამისად და აუწყა, რომ საქმის ზეპირი განხილვა დანიშნული იყო 2002წ. 25 სექტემბერს. დანიშნულ დროს ორივე მხარე გამოცხადდა. სს “ი-მა” სასამართლოს არ განუმარტა, რომ უწყება ჩაბარდა სასტუმროში მცხოვრებ დევნილს, ხოლო ადმინისტრაციას უწყება ჩაბარდა საქმის განხილვის დღეს და არ იშუამდგომლა სხდომის გადადების შესახებ.

ამდენად, სს “ი-ის” მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები იმის შესახებ, რომ სს “ი-ის” წარმომადგენლებს დრო არ ჰქონდათ საქმის მოსამზადებლად სასამართლოს წინაშე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “თ” პუნქტი, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დროებით სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთები თავისუფლდება მიწის გადასახადისაგან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლის გადასახადი დაერიცხა სს “ი-ს”, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დროებით სარგებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთები არ არის და ამდენად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ ზემოთ აღნიშნული ნორმის გამოყენება არასწორი იქნებოდა.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ, რადგანაც დევნილთა გამო, სს “ი-ს” დაფუძნებიდან დანიშნულებით არ უმუშავია და მიმდებარე ტერიტორია დაკავებული აქვთ დევნილებს, ამდენად, სს “ი-ზე” მიწის გადასახადის დარიცხვა ეწინააღმდეგებოდა საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლს, რომლის “გ” პუნქტით მიწის გადასახადისგან თავისუფლდებიან ომის ვეტერანთა საზოგადოების, მოხუცთა და ბავშვთა სახლების, მოზარდთა სოციალური ადაპტაციისა და შრომითი რეაბილიტაციის ცენტრები, რომლებიც ფინანსდებიან ბიუჯეტიდან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის “გ” პუნქტის გამოყენება სს “ი-ში” განთავსებულ დევნილთა მიმართ დაუშვებელია და სს “ი-ზე” მიწის გადასახადის დარიცხვა არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ ნორმას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორი არასწორად უთითებს საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის “დ” პუნქტზე. მართალია, სასტუმროს შენობა და მიმდებარე ტერიტორია დაკავებული აქვთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, მაგრამ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სს “ი-ი” არ უნდა ჩაითვალოს გადასახადის გადამხდელად, რადგანაც მისი ქონება არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის.

კასატორი არასწორად მიუთითებს “სახელმწიფო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-6 მუხლზე და არასწორად განმარტავს, რომ ხელშეკრულება უნდა დადებულიყო სამედიცინო დაზღვევის სუბიექტებს შორის, ხოლო ვინაიდან სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება არ არსებობდა, ამიტომ სს “ი-ს” არ უნდა დარიცხვოდა სამედიცინო დაზღვევის გადასახადი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შენატანების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესატანი არის მიზნობრივი სავალდებულო სადაზღვევო შესატანი, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მის გადამხდელად ითვლება ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა იურიდიული პირი, განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს ამასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებას და ამდენად, სს “ი-ზე” დარიცხული თანხაც კანონიერია.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სს “ი-ს” საგადასახადო ინსპექციისთვის ზედმეტად აქვს გადახდილი 2574 ლარი, რომელსაც 5 წელზე მეტია განკარგავს საგადასახადო ინსპექცია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოთ აღნიშნულ არგუმენტს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მართალია, საქმეში არსებულ ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ შედგენილ შედარების აქტს ხელს არ აწერს გადამხდელი, სს “ი-ი”, მაგრამ აქტში მითითებული მთლიანი დავალიანების ოდენობის უსწორობასა და უკანონობას კასატორი სამართლებრივად ვერ ასაბუთებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ი-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. სს “ი-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.