Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-88-კ-03 15 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

i. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გვიმბრალაურის თემის საკრებულომ სარჩელი წარადგინა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლში მოპასუხე ლანჩხუთის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილების გაუქმება, მის საფუძველზე ი. ჩ-ის მიერ მიწის თვითნებურად დაუფლების აკრძალვა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ადრეულ წლებში, როდესაც გვიმბრალაურის კოლმეურნეობა არსებობდა, ი. ჩ-ეს გაფორმებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება 60 ჰა ფართობზე მეცხოველეობის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საწარმოებლად. ვინაიდან საჭირო გახდა ახალი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება ახალი საიჯარო კანონმდებლობის შესაბამისად ი. ჩ-ემ განცხადებით მიმართა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით აღების განცხადებების განსახილველ კომისიას საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისა და ფართობის 82 ჰა-მდე გაზრდის მოთხოვნით. განცხადების განხილვის შემდეგ, კომისიამ წინადადებით მიმართა რაიონის გამგეობას საიჯარო ხელშეკრულების 49 წლის ვადით გაფორმების შესახებ. ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილებით დამტკიცდა კომისიის გადაწყვეტილება და ი. ჩ-ეს უფლება მიეცა 49 წლის ვადით საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე 82 ჰა-ზე. მათ შორის 48 ჰა საძოვარი, 28 ჰა ასათვისებელი სახნავი, 2 ჰა სახნავი, 4 ჰა ბუჩქნარი.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გამგეობის გადაწყვეტილების შემდეგ ი. ჩ-ემ გააგრძელა მიწის ფართობით სარგებლობა, მაგრამ საიჯარო ხელშეკრულება არ გააფორმა და გადასახადებს არ იხდის. საკითხის დასარეგულირებლად რამდენჯერმე მიმართეს რაიონის გამგეობას, რომელიც პირდებოდა რომ საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებდნენ მაგრამ უკვე 4 წელი გავიდა და ხელშეკრულება არ გაფორმდა.

ხელშეკრულების გაუფორმებლობის გამო საგადასახადო ინსპექცია გადასახადს ვერ არიცხავდა, რის გამოც ისედაც მწირებიუჯეტიანი თემის საკრებულო ზარალდებოდა, ვინაიდან ბიუჯეტის შევსების ერთადერთ წყაროს გადასახადები წარმოადგენს. მოსარჩელე მოითხოვდა ლანჩხუთის გამგეობას დაკისრებოდა 2676,5 ლარის გადახდა, როგორც მიუღებელი შემოსავალი და დავალებოდა აეკრძალა ი. ჩ-ისათვის მიწის უკანონოდ სარგებლობა.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გვიმბრალაურის თემის საკრებულოს სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილება. გამგეობას დაეკისრა 2676.5 ლარის ანაზღაურება და დაევალა, აეკრძალა ი. ჩ-ისათვის მიწის ფართობით უკანონო სარგებლობა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლანჩხუთის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა ი. ჩ-ე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლანჩხუთის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და ლანჩხუთის რაიონის გვიმბრალაურის თემის საკრებულოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლანჩხუთის რაიონის გამგეობამ 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილებით მხოლოდ “თანხმობა” მისცა ი.ჩ-ეს იჯარის ხელშეკრულების თაობაზე. ასევე ი.ჩ-ე 1997 წლიდან არ იხდიდა იჯარის გადასახადებს. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, 1990წ. საიჯარო ხელშეკრულება მოყვანილი უნდა ყოფილიყო კანონის შესაბამისობაში 1996წ. 31 დეკემბრამდე, წინააღმდეგ შეთხვევაში ხელშეკრულება ბათილად ითვლებოდა 1997წ. 1 იანვრიდან.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გვიმბრალაურის თემის საკრებულოსათვის არავითარი ზარალი არ მოჰყოლია ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თანხმობის მიცემის დადგენილებას და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გვიმბრალაურის თემის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სარჩელზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არასათანადო მოპასუხე იყო ლანჩხუთის რაიონის გამგეობა და სარჩელი ი. ჩ-ის მიმართ უნდა ყოფილიყო აღძრული, მაგრამ არ იმსჯელა სათანადო მოპასუხის მიმართ მოთხოვნაზე და ბათილად არ სცნო გამგეობის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებას მოპასუხის წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ, მაგრამ სარჩელის ცნობის მინდობილობა არ გააჩნდათ.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები გააკეთა, როდესაც ერთის მხრივ ბათილად ჩათვალა 1990წ. საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო მეორეს მხრივ მიიჩნია, რომ ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს დადგენილებას ზიანი არ მოუყენებია გვიმბრალაურის თემის საკრებულოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996წ. 28 ივნისის დადგენილების, “რესპუბლიკის სოფლის მეურნეობაში საიჯარო ურთიერთობათა დებულების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991წ. 22 იანვრის ¹22 დადგენილების შესაბამისად დადებული სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულებები 1996წ. 31 დეკემბრამდე შესაბამისობაში მოყვანილი უნდა ყოფილიყო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” საქართევლოს კანონთან. აღნიშნულ კანონთან შეუსაბამო ხელშეკრულებები 1997წ. 1 იანვრიდან ბათილად ითვლებოდა. ვინაიდან ლანჩხუთის რაიონის გვიმბრალაურის კოლმეურნეობასა და ი. ჩ-ეს შორის 1990წ. 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, 1996წ. 31 დეკემბრამდე შესაბამისობაში არ მოყვანილა მოქმედ კანონმდებლობასთან. აღნიშნული ხელშეკრულება 1997წ. 1 იანვრიდან ბათილ ხელშეკრულებას წარმოადგენდა. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 1990წ. ხელშეკრულება გაფორმებული იყო 60 ჰა მიწაზე, ხოლო ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილებით დამტკიცდა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება 82 ჰა მიწაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილება “ქ.ლანჩხუთის მერიის სოფ. ...ის მცხოვრებ ი. ჩ-ეზე საიჯარო ხელშეკრულების გადაფორმების შესახებ” წარმოადგენდა თუ არა ლანჩხუთის რაიონის გვიმბარლაურის კოლმეურნეობასა და ი. ჩ-ეს შორის 1990წ. 28 თებერვლის ხელშეკრულების გადაფორმებას, როგორც ეს გასაჩივრებული დადგენილების დასახელებაშია მითითებული, თუ ახალი საიჯარო ხელშეკრულება დამტკიცდა. სააპელაციო პალატამ ასევე უნდა იქონიოს მსჯელობა გასაჩივრებული ¹103 დადგენილების, იმ დროს მოქმედი “სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ” კანონთან შესაბამისობის თაობაზე და გაარკვიოს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ფორმითა და ვადებში საიჯარო ხელშეკრულების გაუფორმებლობის მიზეზი.

სააპელაციო სასამართლომ ლანჩხუთის რაიონის გამგეობა ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიიჩნია არასათანადო მოპასუხედ, ამასთან დადგენილად სცნო ი. ჩ-ის მიერ გადასახადების გადაუხდელობა და განმარტა, რომ სსკ-ს 248-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უფლება არ ჰქონდა თავისი გადაწყვეტილებით მიეკუთვნებინა მხარისათვის ის, რაც მას არ მოუთხოვია, მაშინ, როდესაც გვიმბარალაურის თემის საკრებულო სასარჩელო განცხადებით ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვდა. თუ სააპელაციო სასამართლო თვლიდა, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში ლანჩხუთის გამგეობა არასათანადო მოპასუხე იყო, მაშინ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს 85-ე მუხლის მოთხოვნით და მოსარჩელის თანხმობით თავდაპირველი მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გვიმბრალაურის თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.