Facebook Twitter

3გ-ად-89კ-02 27 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

განმცხადებლების მოთხოვნა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინების განმარტება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე.გ.-ს, ვ.ჯ.-ს, ი.ნ.-ის, მ. მ.-ის, ი.მ.-ს და მ.ჭ.-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილისში, ... მდებარე ლიტ “ა” და ლიტ. “ბ” საცხოვრებელი სახლების საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ფართიდან ლ.თ.-ს, ნ.ტ.-ს, ვ.ფ.-სა და ც.ბ.-ს ლიტ “ა” საცხოვრებელი სახლისათვის რეალური წილის სახით გამოეყოთ 230,3 მ2 მიწის ფართი, ექსპერტიზის დასკვნის დანართი ¹1-ის შესაბამისად. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება, რომ ... მდებარე სადავო ეზო, სკ-ს 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, წარმოადგენდა ლიტ “ა” და ლიტ “ბ”-ს მობინადრეთა საერთო საკუთრებას, მაგრამ საერთო საკუთრებიდან სააპელაციო პალატის მიერ გამოყოფილი რეალური წილის შემოსაზღვრა, ღობის ან რაიმე მიჯნის აღმართვა საკასაციო პალატამ ამ ეტაპზე მხარეებს აუკრძალა, რადგან სკ-ს 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პალატამ გამოკვეთილად არ მიიჩნია კასატორთა ინტერესის უპირატესობა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესთან შედარებით. კერძოდ, ლიტ “ა”-ს მობინადრეები ეზოს გაყოფას ითხოვენ თავიანთი ავარიული საცხოვრებელი სახლის დანგრევისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ხოლო ლიტ “ბ”-ს მაცხოვრებლები მიწის გაყოფის წინააღმდეგნი იყვნენ იმ მოტივით, რომ მათ არ ექნებოდათ ეზოში შესასვლელი ჭიშკარი და საჭირო გახდებოდა ავტოფარეხის დანგრევა. ამდენად, სადავო ეზოს საკუთარი წილის შემოსაზღვრით ზიანი ადგებოდა მეორე მხარეს. ამიტომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატამ აღიარა ერთმანეთის წილი ეზოთი და ჭიშკრით შეუზღუდავად სარგებლობაზე მხარეების უფლება ანუ სერვიტუტის უფლება.

2002წ. 26 დეკემბერს ლ.თ.-ემ, ც.ბ.-მ, ნ. ტ.-მ და ვ.ფ.-ე, განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსკ-ს 262-ე მუხლის თანახმად მოითხოვეს განჩინების განმარტება სამოტივაციო ნაწილში მითითებულ სიტყვებთან “ამ ეტაპზე” დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება სერვიტუტის უფლება და რა მოვლენის დადგომის მომენტიდან მიეცემათ მათ თავიანთი წილი ეზოს შემოსაზღვრის უფლება.

2003წ. 9 იანვარს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართეს ასევე ... მდებარე ლიტ “ბ”-ს მობინადრეებმა ე.გ.-მ, ვ.ჯ.-მ, ი.ნ.-მ, მ.მ.-მ, ი.მ.-მ და მ.ჭ.-მა და იგივე მოტივით მოითხოვეს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მითითებული სიტყვების _ “ამ ეტაპზე” განმარტება. სსკ-ს 260-ე მუხლის თანახმად, მათ ასევე მოითხოვეს განჩინებაში დაშვებული შეცდომის გასწორება თბილისის საბჭოს კომუნალურ განყოფილებასთან არსებული მიწის კომისიის 1938წ. 25/26 დეკემბრის ¹29 ოქმთან დაკავშირებით. მათი აზრით, ოქმში მითითებული ლიტ “ა”-ს სახლის ამორტიზაციის შემდეგ მეორე სახლის აშენების უფლება გააჩნდათ მათ, ლიტ “ბ”-ს მობინადრეებს და არა ლიტ “ა”-ს მაცხოვრებლებს.

მესამე პირის, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მიუხედვად დადგენილი წესით გამოძახებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, განჩინების განმარტების საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოსათვის არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 260-ე, 262-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.თ.-ის, ც.ბაღდაროვას, ნ.ტ.-ის, ვ.ფ.-ის, ე. გ.-ს, ვ.ჯ.-ს, ი.ნ.-ის, მ.მ.-ის, ი. მ.-სა და მ.ჭ.-ის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებაში სიტყვები “ამ ეტაპზე” განიმარტოს შემდეგნაირად: მოწინააღმდეგე მხარე ლიტ “ა”-ს მობინადრეებს უნდა აეკრძალოს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოყოფილი თავიანთი რეალური ეზოს წილის შემოსაზღვრა, ღობის ან რაიმე მიჯნის აღმართვა და მხარეებს შეუზღუდავად უნდა მიეცეთ ერთმანეთის წილი ეზოსა და ჭიშკრით სარგებლობის საშუალება მხარეთა შორის სხვა შეთანხმების მიღწევამდე ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით სერვიტუტის უფლების დადგენამდე;

3. ე.გ.-ს, ვ.ჯ.-ს, ი.ნ.-ს, მ.მ.-ს, ი. მ.-ს, მ.ჭ.-ის განცხადება განჩინებაში უსწორობის გასწორებაზე არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.