Facebook Twitter

3გ-ად-89-კ-02 14 თებერვალი, 2003 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობის აღიარება, ...-ის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 1997წ. 16 ივლისის დადგენილების გაუქმება, მიწის შევსება, მიწის მოზომვა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 14 ივლისს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ირ. ე.-ემ და მოითხოვა:

1. 1994წ. 16 ივლისის ...-ის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის სხდომის ჩატარების ფაქტის და ამ სხდომაზე მოსარჩელესათვის პირველი კატეგორიის მინიჭების ფაქტის აღიარება.

1994წ. 1 სექტემბრის მიწის მიღება-ჩაბარების ¹530 აქტის ნამდვილობის აღიარება სსკ-ს 180-ე მუხლის საფუძველზე.

2. სოფ. ...-ის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 1997წ. 16 ივლისის სხდომის დადგენილების გაუქმება.

3. ი. ე.-ის მიერ მიტაცებული სახნავი მიწის ფართის დაბრუნება და მისი 1.25 ჰექტრამდე შევსება.

ი. ე.-ის სასარგებლოდ ჩამოჭრილი მის ჭიშკრამდე მისასვლელი სამანქანო გზის დაბრუნება.

4. რი. ჭუმბურიძის კომლიდან რ. ჭუმბურიძის ცალკე კომლად უკანონოდ გამოყოფის ფაქტის დადგენა და მის მიერ უკანონოდ დაკავებული მამაპაპისეული მიწის ნაკვეთიდან მისი შვილისათვის საკარმიდამო 0,15 ჰა მიწის გამოყოფა.

5. მიწის გადანაწილებასთან დაკავშირებით მიწის რეგისტრაციის სამსახურის საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

6. ...-ის საკრებულოს და გამგეობისაგან თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველსაგან მორალური და მატერიალური ზარალის – 5000 ლარის ანაზღაურება.

2001წ. 27 თებერვალს საქმე აცილების წესით განსახილველად გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელეს მიერ დაზუსტებული იქნა მოთხოვნები და საბოლოოდ მან მოითხოვა 1994წ. 1-ლი სექტემბრის მიწის მიღება-ჩაბარების ¹530-ე აქტის ნამდვილობის აღიარება (სსკ-ს 180-ე მუხლი). ...-ის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 1997წ. 16 ივლისის დადგენილების გაუქმება და მოსარჩელესათვის მიწის 1,25 ჰა-მდე შევსება და მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება. ი. ე.-ისათვის 0,15 ჰა ნაკვეთის გადაცემის გაუქმება. თერჯოლის ტექბიუროს 1989წ. საინვენტარო გეგმის გაუქმება. მისთვის 5374 მ2 საკარმიდამო მიწის მიზომვის უცვლელად დატოვება; ეზოს ნაკვეთის 0,15 ჰა-მდე, საზნავი ფართობის 1 ჰა-მდე და 1,25 ჰა-მდე შევსება, ნაკვეთის ქვემოთ გამავალი გზის მიზომვა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა ი.ე.-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში აპელანტმა (იგივე მოსარჩელემ) მოითხოვა ადმინისტრაციული დავების, კერძოდ, 1994წ. 01 სექტემბრის ¹530-ე აქტის ნამდვილობის აღიარების, 1997წ. 16 ივლისის დადგენილების გაუქმების, ი. ე.-ისათვის მეორე კატეგორიის კომლის მინიჭების გაუქმების, მიწის 1,25 ჰა-მდე შევსების, ი. ე.-ის კომლად აყვანის გაუქმების ნაწილში საქმის შეჩერება და თავდაპირველად სამოქალაქო დავების _ კუთვნილი მიწის 0,91 ჰა-ზე 0,15 ჰა-ის მიმატების და იო. ე.-ის გარდაცვალების თარიღად 1992წ. 14 აპრილის აღიარება და თერჯოლის მმაჩის განყოფილებაში ჩანაწერების შეცვლის საკითხების განხილვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ნოემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსკ-ს 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის გახილვა შეჩერდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების _ 1994წ. 01 სექტემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹530-ე აქტის ნამდვილობის აღიარების, სოფ. ...-ის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 1997წ. 16 ივლისის დადგენილების გაუქმების, 0,91 ჰა მიწის ნაკვეთის თავდაპირველ ადგილას მიზომვის, ი. ე.-ისათვის მეორე კატეგორიის კომლის მინიჭების გაუქმების, 1997წ. აქტის ნაწილობრივ შეცვლის, იო. ე.-ე 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მიზომვის გაუქმების, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების, პირველი კატეგორიის მინიჭების აღიარების ნაწილში _ სამოქალაქო დავის გადაწყვეტამდე.

სარჩელი სამოქალაქო-სამართლებრივი დავების ნაწილში – ი. ე.-ის კომლად აყვანის გაუქმება, იო. ე.-ის გარდაცვალების თარიღად 1992წ. 14 აპრილის აღიარება – განსახილველად განსჯადობის მიხედვით გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

აღნიშნულ განჩინებაზე ირ.ე.-ის მიერ შეტანილი იქნა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა განჩინებით ადმინისტრაციულ დავებად მიჩნეული საკითხების სამოქალაქო წესით განხილვა შემდეგი მოტივებით:

1. მიწის მიზომვის საკითხი განეკუთვნება მათ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარებას, ეს დავა წარმოადგენს საადგილმამულო დავას და ამ სახის დავების განხილვა სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მისთვის პირველი კატეგორიის მინიჭების საკითხიც ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს განეკუთვნება, რადგან ..-ის მიწის რეფორმის კომისიის 1994წ. მაისის სხდომის აქტი აღარ არსებობს, განადგურებულია ან გადამალულია და ამ ფაქტის აღიარება წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენას დავის წესით საერთო საფუძველზე, რადგან ამ დოკუმენტის მიღება სხვა წესით შეუძლებელია.

3. ¹530-ე მიღება-ჩაბარების აქტი, მართალია წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მაგრამ მისი ნამდვილობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით იგი ითხოვს არა ამ აქტის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან, არამედ ამ აქტის ნამდვილობის აღიარებას.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ამ საკითხების სამოქალაქო წესით განხილვა არ იწვევს ი. ე.-ის უფლებებს შეზღუდვას. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ი.ე.-ისათვის 10000 ლარის დაკისრების საკითხის შეჩერებამ შეიძლება შეუძლებელი გახადოს ადმინისტრაცულ-სამართალწარმოების პროცესში ამ საკითხის განხილვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 12 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიწის მიზომვის საკითხი და მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება საადგილმამულო დავას წარმოადგენს. ეს საკითხები ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სამართლებრივი ბუნებით და არ შეიძლება მათი გაიგივება, რადგან მიწის მიზომვა და მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება თავისთავად გულისხმობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელებას (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და სხვ), კერძო საჩივრის ავტორი სარჩელში სწორედ ამ საკითხებს გადაწყვეტას ითხოვს და სააპელაციო პალატამ სავსებით კანონიერად მიიჩნია ეს დავა ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავად.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისთვის პირველი კატეგორიის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენას წარმოადგენს და ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რადგან კატეგორიების მინიჭების საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს თერჯოლის რაიონის მიწის რეფორმის კომისიის კომპეტენციაში შედის და ამ უკანასკნელს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება წარმოეშვას გარკვეული ქმედებების განხორციელების ვალდებულება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ეს საკითხიც ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს და შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით უნდა გადაწყდეს.

რაც შეეხება მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, კერძო საჩივრის ავტორი, იგივე მოსარჩელე, ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს არა მარტო ი. ე.-ისაგან, არამედ ...-ის საკრებულოსა და მიწის მართვის სამმართველოსაგან. ამ საკითხის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა არ გამორიცხავს ი. ე.-ისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას და მით უმეტეს არ ნიშნავს მოთხოვნის უფლების დაკარგვას, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ დავასთან ერთად სამოქალაქო დავის განხილვას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელში დაყენებული საკითხების გამიჯვნა და ადმინისტრაციული დავების ნაწილში საქმის შეჩერება თავად აპელანტის (იგივე მოსარჩელის) ინიციატივით და მისი შუამდომლობის საფუძველზე მოხდა.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარში მითითებულ მთელ რიგი საკითხებთან დაკავშირებით იგი არ არის უფლებამოსილი ამ ეტაპზე იმსჯელოს და მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, რადგან ეს საკითხები ფაქტიურად დავის საგანს წარმოადგენენ და მათი განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაში შედის.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ე.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ნოემბრის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.