Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-89-კ-03 4 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარების აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

... კომპანიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ლამჩხუთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართვალოს და მესამე პირის _ კოოპერეტივ “გ. მ-ის” მიმართ, კოოპერეტივის სახელზე არსებული არასასოფლო _ სამეურნეო მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” 28.10.98წ. კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება მიწა, რომელიც დაკავებულია მაგისტრალური მილსადენით. სადავო მიწის ნაკვეთზე ბაქო-სუფსის ნავსადენმა გაიარა 1998წ. ზაფხულში, ანუ ზემოაღნიშნული კანონის მიღებამდე, შესაბამისად კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის მასზე არ უნდა გავრცელებულიყო პრივატიზაციის ოფცია. “საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთების და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ” კანონის თანახმად, აკრძალულია ... პროექტის განხორციელების საზიანოდ მიწის სტატუსის შეცვლა.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 25.04.01წ. გადაწყვეტილებით ... კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 150.2 მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობა, უნდა იგულისხმებყოდეს, რომ უკანასკნელის არსებით შემადგენელ ნაწილს შეადგენს მიწა, ვინაიდან კოოპერატივი თავის ფუნქციას მიწის გარეშე ვერ განახორციელებს. ”ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის 2.2 მუხლის თანახმად, კერძო სამარათლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებად პრივატიზებულ (კერძო) საწარმოთა სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. სასამართლომ უარყო განსახილველი ურთიერთობების მიმართ 3.2 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის გამოყენება, ვინაიდან იმავე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად კანონი არ მოქმედებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც სკ-ს ამოქმედებიდან ითვლება ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებად. სასამართლო სკ-ს 1513-ე მუხლის ანალოგიის გამოყენებით მიიჩნია, რომ იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც შენობა-ნაგებობაა განლაგებული, სკ-ს ამოქმედებიდან უნდა იქნეს მიჩნეული იურიდიული პირის საკუთრებად.

... კომპანიის წარმომადგენლებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აპელანტები არ ეთანხმებოდნენ სასამართლოს მიერ განსახილველი ურთიერთობების მიმართ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის იმპერატიული ხასიათის ნორმის გამოყენებაზე უარის თქმას და მის ნაცვლად სკ-ს 1513-ე მუხლის ანალოგიით გამოყენებას, უკანასკნელი, აპელანტების აზრით, წარმოადგენს საგამონაკლისო სპეციალურ ნორმას, რომლის ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია ვინაიდან იგი ეხება მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ პირებს და იმ საკარმიდამო ნაკვეთებს, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული. აპელანტები აღნიშნავდნენ, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, 10.11.99წ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას გვერდი აუარა და მის ნაცვლად გადაწყვიტა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი _ მიწაზე კერძო საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის საკითხი. სკ-ს 150-ე., 171-ე მუხლების არასწორი განმარტებით სასამართლომ მიწა, რომელზედაც მდებარეობდა ქარხანა, მიიჩნია ამ ქარხნის არსებით შემადგენელ ნაწილად, შესაბამისად მასზე გაავრცელა ერთიანი სამართლებრივი რეჟიმი, მაშინ როდესაც სკ-ს 150.2 მუხლის მიხედვით მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება მასზე მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობანი და არა პირიქით. სკ-ს 150.1 მუხლის მიხედვით ნივთის შემადგენელი ნაწილი ცალკე უფლების ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზემოთაღნიშნული კანონით მიწის პრივატიზების აკრძალვა სწორედ ასეთ შემთხვევად უნდა იქნეს მიჩნეული. აპელანტები არ დაეთანხმნენ აგრეთვე სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მიწის რეგისტრაციის აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. აპელანტები აღნიშნავდნენ აგრეთვე, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის, ლანჩხუთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ სარჩელის ცნობა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.11.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 25.04.02წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ...ის კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატურის საჯარო რეესტრში 10.09.99წ. ჩანაწერის _ კოოპერატივ “გ. მ-ზე” 3,15 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. სზაკ-ს მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატურის 10.09.99წ. ჩანაწერი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარების შესახებ არ მიიჩნია ადმინისტრაციულ აქტად, ვინაიდან სკ-ს 311-ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრში შეიტანება მხოლოდ უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები, პალატამ მიუთითა, რომ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის შეტანა არის საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. ¹327 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 27.02.99წ. კოოპერატივ “გ.მ-ზე” გაცემული 31500 კვ.მ ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის მოწმობა, რომელიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. რეგისტრატურის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნა წარმოადგენს სასკ-ს მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სარჩელს ქმედების განხორციელების დავალიანების თაობაზე, რაც არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, ვინაიდან საჯარო რეესტრის 10.09.99წ. ჩანაწერი შეესაბამება მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობას. მოპასუხე _ ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლების მიერ სარჩელის ცნობა პალატამ კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია და არ გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლოს 27.11.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ... კომპანიის წარმომადგენლის მიერ, კასატორი მოითხოვეს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, ... კომპანიის სარჩელის დაკმაყოფიოლებას, კოოპერატივ “გ. მ-ის” მიერ სადავო ნაკვეთის პრივატიზაციის ბათილად ცნობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 27.11.02წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აპელანტის, ... კომპანიის სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 25.04.02წ. გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კომპანიის სასარჩელო მოთხოვნას მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატურის საჯარო რეესტრის 10.09.99წ. ჩანაწერის _ კოოპერატივ ”გ. მ-ზე” 3.15 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე ბათილად ცნობის შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. საქმის მასალების თანახმად ჩანაწერის ბათილად ცნობა იყო ... კომპანიის ერთადერთი მოთხოვნა, კომპანიას უარი ეთქვა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ამდენად გაუგებარია თუ რა ნაწილში დაკმაყოფილდა ... კომპანიის სააპელაციო საჩივარი. საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან გაურკვეველი რჩება აგრეთვე თუ რა ნაწილში დარჩა უცვლელად და რა ნაწილში გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 25.04.02წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ... კომპანიის სარჩელს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსგავსად, აგრეთვე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, გადაწყვეტილების ტექსტიდან გაურკვეველი რჩება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების რომელ ნაწილს არ დაეთანხმა სააპელაციო პალატა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა რა აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, არ მისცა საჯარო რეესტრის ჩანაწერს სამართლებრივი შეფასება, სააპელაციო პალატის აღნიშნული მოსაზრება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის. ... კომპანიის მოთხოვნა საჯარო რეესტრში ჩანაწერის განხორცვიელების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოადგენს უფლების სასამართლოს წესით დაცვის საკმარის საფუძველს, ამ მოთხოვნის მიმართ მას აქვს უშუალო პროცესუალური და მატერიალური ინტერესი. სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესრში ჩანაწერი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს ვალდებულს ხდიდა სასამართლოს შეეთავაზებინა ... კომპანიისათვის უფლების დაცვის შესაბამისი პროცესუალური საშუალება. ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით უფლების დაცვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის ერთ-ერთ საშუალებას. პირის სუბიექტური საჯარო-სამართლებრივი უფლების სასამართლოს გზით დაცვა მიმდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებად, უნდა ემსჯელა რეგისტრაციის ჩანაწერის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული მოქმედების (რეალაქტის), კანონიერებაზე, უფლების სასკ-ის 24-ე მუხლის საშუალებით დაცვაზე.

საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული აქტს, რომლის საფუძველზე მოხდა საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის შეტანა, წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. ¹327 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 27.09.99წ. კოოპერატივ “გ. მ-ზე” გაცემული 31500 კვ.მ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, ვინაიდან მოწმობის გაცემა მოხდა რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, საჯარო რეესტრის მონაცემის საფუძველზე და არა პირიქით.ვინაიდან საჯარო რეესტრში ჩანაწერი ქრონოლოგიურად უსწრებს სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას, “მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის” საფუძველზე არ წარმოქმნილა სადავო სამართალურთიერთობა, მოწმობა “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის თანახმად, წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ასახავს სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის აღნიშნულ ინფორმაციას, ამავე კანონის 39-ე მუხლის მიხედვით მოწმობა გაიცემა მესაკუთრის ან მოიჯარის განცხადების საფუძველზე ამ პირთა მიერ სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ. ამდენად, მართებულია ... კომპანიის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დავის საგანს წარმოადგენს ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 10.09.99წ. ჩანაწერი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარების შესახებ და არა 27.09.99წ. გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატურის საჯარო რეესტრის 10.09.99წ. ჩანაწერი კოოპარატივ “გ. მ-ზე” 3,15ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეესაბამება 27.09.99წ. კოოპერატივ “გ. მ-ზე” გაცემულ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობას არ ადასტურებს რეესტრის ჩანაწერის სისწორეს, ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლის მიერ არჩელის ცნობის კანონშეუსაბამობას. რეგისტრაციის მართლზომიერების დასადგენად საჭიროა 10.09.99წ. რეგისტრაციის “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონთან შესაბამისობის, კერძოდ, ამ კანონის მე-3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. მითითებული კანონის თანახმად, რეესტრში ნაკვეთის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციისათვის საკმარისი იყო სარგებლობაში არსებული ნაკვეთის წლიური გადასახადის ერთჯერადი გადახდა, რეგისტრაციის სხვა შემთხვევებისაგან განსხვავებით, სარგებლობაში მყოფი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია არ საჭიროებს რაიმე ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ან ხელშეკრულების დადებას, ფიზიკური და იურიდიული პირის სარგებლობაში მყოფი ნაკვეთის მიმართ საკუთრების უფლების წარმოშობა უშუალოდ თვით კანონით ხორციელდება, რეგისტრატორი ახდენს ამ უფლების აღიარებას და დადასტურებას. ამასთანავე, კანონის მე-3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, არ დაიშვება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთების პრივატიზება, რომელზედაც გაყვენილია მილსადენი. ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება არ დასტურდება აგრეთვე სკ-ს 1513-ე მუხლით, რომლითაც საკუთრებად გამოცხადდა იმ ფიზიკურ პირთა მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული. ნაკვეთზე საკუთრების უფლებას არ ადასტურებს აგრეთვე სკ-ს 150 მუხლი, რომლის თანახმად შენობა წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კოოპერატივ “გ. მ-ისათვის” მუდმივ სარგებლობაში “სუფსის თემის სოფ. ...ის ტერიტორიაზე კოოპერატივ “გ. მ-ისათვის” არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიმაგრების შესახებ” ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 29.04.98წ. ¹46 დადგენილებით მიმაგრებული ჰქონდა 3,15 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ნაკვეთის აღნიშნული ოდენობა რეგისტრირებულია კოოპერატივის საკუთრებად საჯარო რეესტრში. დადგენილება შეთანხმებულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებერება მიწა, რომელიც დაკავებულია მაგისტრალური მილსადენით და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალებით, აგრეთვე მათ სანიტარულ-ტექნიკურ ზონას მიკუთვნებული მიწები. ამდენად, მილსადენი კომპანიის მოთხოვნა კოოპერატივ “გ.მ-ის” სახელზე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ შესაძლოა დაკმაყოფილდეს მხოლოდ მილსადენით დაკავებული მიწის და მისი სანიტარულ-ტექნიკური ზონის ნაწილში, “საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ” 02.04.96წ. კანონის საფუძველზე 16.08.98წ. დადებული ხელშეკრულებით ნავთობსადენის მილის გასატარებლად შესაბამისი კომპენსაციით სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფარგლებში. კოოპერატივის სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული მიწის ნაკვეთის დანარჩენი ნაწილის მიმართ მილსადენ კომპანიას არ გააჩნია უფლებადამცავი ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმეზე მილსადენით და მისი სანიტარულ-ტექნიკური ზონით დაკავებული მიწის ნაკვეთის ოდენობის დადგენას, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იქონიოს მსჯელობა მიწის ნაკვეთის ამ ნაწილში ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 10.09.99წ. რეგისტრაციის “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ... კომპანიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.11.02წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება