Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-90-კ-03 11 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 18 მარტს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ში მცხოვრებმა მ. ქ-ა-ყ-მა, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ი. ყ-ზე მიკუთვნებული 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქება და ამ ნაკვეთის მისთვის მიკუთვნება.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: 1995 წლიდან ის და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ირიცხებიან სოფ. ...ში ე. ბ-ის კომლის წევრებად. 2000წ. 11 სექტემბერს გარდაიცვალა მისი მეუღლე ვ. ყ-ი, რომელიც ასევე იყო ამ კომლის წევრი. 2001წ. აპრილში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელსაც კომლი ფლობს, მიღება-ჩაბარების აქტით მიეზომა მის მაზლს – ი. ყ-ს. მოსარჩელემ მოითხოვა ი. ყ-ზე მიკუთვნებული 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის აქტის გაუქმება და ამ ნაკვეთის მისთვის მიკუთვნება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ქ-ა-ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ის 1996წ. 20 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ი. ყ-ზე 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მიკუთვნების შესახებ და იგი საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელე მ. ქ-ა-ყ-ს; ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს, მიწის მართვის სამმართველოსთან ერთად, დაევალა ი. ყ-ისათვის სანაცვლოდ 0,15 ჰა-ს ოდენობით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფა არსებული სარეზერვო ფონდიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ – ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ მ. ქ-ა-ყ-ის სარჩელი მიღება-ჩაბარების აქტზე დამყარებული უნდა ყოფილიყო ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე და შესაბამისად, პროცესი წარმართულიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ამასთან ადგილი ჰქონდა ე. ბ-ის კომლისა და ი. ყ-ის კომლის უფლებების აღრევას. ფაქტიურად ე. ბ-ისა და ი. ყ-ის კომლები განცალკავებულია. ი. ყ-ი ...ის მკვიდრია 1988 წლიდან. აპელანტი ითხოვდა აღნიშნული საქმის განხილვისას სათანადო მოპასუხედ ი. ყ-ის ჩაბმას.

მ. ქ-ა-ყ-მა თავისი შესაგებლით მოითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

2002წ. 5 აგვისტოს განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო და ი. ყ-ი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მ. ქ-ა-ყ-ზე მიკუთვნების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ყ-ის წარმომადგენლმა გაბრიელ ყ-მა.

კასატორი მიუთითებდა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იყო ტენდენციური, სამოტივაციო ნაწილი ემყარებოდა სოფ. ...ის გამგეობაში მხარეთა შესახებ არსებული მასალების ნაწილს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტის დადგენილების მუხლების დანაწევრებულ წინადადებებს, რაც იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას.

სააპელაციო პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად ისეთი ფაქტები, როგორიცაა მოსარჩელის სოფ. ...ის მკვიდრად აღიარება და ე. ბ-ის კომლში რეგისტრაცია, აგრეთვე მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლის ვ. ყ-ის 1987 წელს ე. ბ-ის კომლის სრულუფლებიან წევრად აღიარება.

კასატორი ასევე არ ეთანხმებოდა ი. ყ-ის 1992წ. 1 იანვრის შემდეგ შექმნილ კომლად მიჩნევას და ე. ბ-ის კომლიდან გაყრის შედეგად წარმოქმნილ კომლად ჩათვლას და მიუთითებდა, რომ ი. ყ-ი სოფ. ...ის მკვიდრი გახდა 1987 წელს, რაც დასტურდებოდა საპასპორტო მონაცემებით, ხოლო, თავის მხრივ, ვ. ყ-ი სოფ. ...ში ჩაეწერა 1993წ. აგვისტოში, რასაც ადასტურებს საპასპორტო ცნობა ¹7/1234 2002წ. 3 მაისისა და საკრებულოში აღმოჩენილი 1993წ. 28 აგვისტოს სხდომის ოქმი. კასატორი მიიჩნევდა, რომ სასამართლომ არასწორად ცნო დადგენილად ის გარემოებები, რომ მოსარჩელე მ. ქ-ა-ყ-ი რეგისტრირებულია ე. ბ-ის კომლში. მოსარჩელე დღემდე ითვლება ქ. ოზურგეთის მკვიდრად, საკუთრებაზე უფლება არ შეუძენია, თანაზიარ ან თანაწილ ქონებაზე გარიგება ე. ბ-ესთან არ გაფორმებულა, მემკვიდრეობით მას არანაირი ქონება არ მიუღია, ამდენად ი. ყ-ზე სამოსახლო 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მიკუთვნებით, მოსარჩელის უფლებები არ დარღვეულა. ე. ბ-ეს თავის დისშვილთან რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

აქვე კასატორი მიუთითებდა, რომ მიწის ნაკვეთის ფონდებზე მიკუთვნება წარმოადგენდა სარეფორმო კომისიის პრეროგატივას. სოფ. ...ში მოსახლეობა კომპაქტურადაა დასახლებული, ყველა ნაკვეთებზე თხილის ბაღებია განლაგებული, ხოლო შემატებული ფართობები საყანე და ჩაის პლანტაციების სახით საკმაოდ მოშორებულია სოფელს, ამდენად მთელი საკარმიდამო ნაკვეთის სამოსახლო ნაწილი ყველა შემთხვევაში წრმოადგენს თხილის ბაღს.

ყოველივე ზემოაღნიშნულს, კასატორის განმარტებით, ემატებოდა საქმეში არსებული პროცესუალური დარღვევები, კერძოდ: სარჩელი აღძრული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნია მოთხოვნის უფლება და წარმოადგენს ქ. ოზურგეთის მკვიდრს და რომელსაც არ წარმოუდგენია ე. ბ-ის ან მისი კომლის სახელით გაცემული უფლებამოსილება.

სასამართლოს მიერ ასევე დარღვეული იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მხედველობაში არ იქნა მიღებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ქ-ა-ყ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 1996წ. 20 აგვისტოს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ი. ყ-ს 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში.

ოზურგეთის მიწის მართვის სამმართველომ თავის წერილობით შესაგებელში საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ სრულმოსავლიანი მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ნაკვეთების სამოსახლოდ გადაცემა ეწინაღმდეგებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის არსს, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიაჩნდა კანონიერად და ითხოვდა მის უცვლელად დატოვებას.

საკასაციო საჩივარს ასევე მხარი არ დაუჭირა მ. ქ-ა-ყ-მა და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 404-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილება 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მ. ქ-ა-ყ-ისათვის მიკუთვნებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული არ არის, საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მუხლის პრინციპიდან გამომდინარე, მოკლებულია უფლებამოსილებას იმსჯელოს გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილზე და მიუთითებს, რომ მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ყ-ი (კასატორი) 1992წ. 1 იანვრის მდგომარეობით არ წარმოადგენდა სოფ. ...ის კომლს და იგი კომლის წევრად მიღებული იქნა 1992წ. 18 მარტის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 6 თებერვლის ¹128 დადგენილების საფუძველზე იგი, როგორც 1992წ. 1 იანვრის შემდეგ წარმოშობილი კომლი, დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ სარეზერვო ფონდიდან.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლომ კასატორის პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა რა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაბაზე, რომ ი. ყ-ი არ მიეკუთვნებოდა 1992წ. 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლს და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და განსაზღვრული არ არის რომელი მტკიცებულებების საფუძველზე მივიდა სასამართლო ზემოაღნიშნულ დასკვნამდის და რის საფუძველზე იქნა დანარჩენი მტკიცებულებები უარყოფილი თუ გამორიცხული.

სააპელაციო სასამართლო იმის დასტურად, რომ ი. ყ-ი არ მიეკუთვნებოდა 1992წ. 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლს იშველიებს წარმოდგენილ ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს გამგეობის ცნობას. საგულისხმოა, რომ ამავე გამგეობის მიერ გაცემულია მეორე ცნობა, რომლის თანახმადაც ი. ყ-ი სოფ. ...ში ჩაწერილია 1989 წლიდან, როგორც უმიწო კომლი. ამავე საქმეში წარმოდგენილია საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ო. ყ-ი კომლად აღრიცხულია 1989 წლიდან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ყ-ის კომლად აღრიცხვის საკითხი სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ არის სათანადოდ გამოკვლეული მაშინ, როდესაც მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სწორედ ზემოაღნიშნული გარემოება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც, საქმე მითითებულ ნაწილში ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება ი. ყ-ზე 1996წ. 20 აგვისტოს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების ნაწილში და მითითებულ ნაწილში საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.