Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-91კ-03 30 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე,),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეებად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1999წ. 18 იანვარს ნ. დ-მ სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონის სასამართლოს ხ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მარტვილის რაიონის სოფ. ...ში მდებარე წყლის წისქვილის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მასზე სარგებლობის უფლების ცნობა. მოპასუხე ხ. კ-მა სარჩელი არ ცნო და ბ. კ-თან ერთად სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სადავო წყლის წისქვილზე, როგორც მამა-პაპათა დანაშთ ქონებაზე, მემკვიდრეებად ცნობის მოთხოვნით.

მარტვილის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. და ნუ. დ-ების სარჩელი _ ისინი წისქვილით ისარგებლებენ თვეში 15 დღეს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი და ხ. და ბ. კ-ებს წისქვილით სარგებლობა განუსაზღვრა ნ. და ნუ. დ-ებთან ერთად თანაბარი უფლებით, თანაბარი წილის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ. ნ. დ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება, ხოლო ბ. და ხ. კ-ებმა კი ახალი გადაწყვეტილებით _ მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ხ. და ბ. კ-ების სააპელაციო საჩივარი, გააუქმა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ისინი ცნო სადავო წყლის წისქვილის მესაკუთრეებად. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა ნ. დ-ს სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მ და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, სადავო წისქვილზე მათი საკუთრების უფლების ცნობა და მათთვის წისქვილის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 19 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

2001წ. 22 ნოემბერს ნ. დ-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ როგორც მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2001წ. 26 ოქტომბრის ცნობით დასტურდება, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობს სადავო წისქვილი, არ წარმოადგენს ბ. და ხ. კ-ების საკუთრებას და სარგებლობაში არა აქვთ გადაცემული, იგი არის სახელმწიფოს საკუთრება. ნ. დ-ა მიუთითებდა, რომ აღნიშნული გარემოება სასამართლოზე საქმის განხილვის დროს გავლენას მოახდენდა საქმეზე და არ იქნებოდა გამოტანილი მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

ნ. დ-ს განცხადება განსახილველად გადაგზავნილ იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 5 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა ნ. დ-ს განცხადება, გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 22 თებერვლის გადაწყვტილება და განაახლა საქმის წარმოება. ამავე სხდომაზე მიღებული მეორე განჩნებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ეხებოდა მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ისინი მესამე პირებად ჩააბა საქმეში. ამავე დროს მიიჩნია, რომ, ვინაიდან მიწის მართვის სამმართველო წარმოადგენს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმხორციელებელ სახელმწიფო ადმინისტრაციულ დაწესებულებას, მასზე დაკისრებული პირდაპირი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამავე განჩინებით საქმეში მესამე პირებად ასევე ჩაბმულ იქნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სახელმწიფოს რეგიონალური სამმართველო, ხოლო შემდგომ _ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და მარტვილის რაიონის ქონების მართვის სამმართველო.

სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა 2002წ. 26 აპრილს სასამართლოს მიმართა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და ითხოვა მიწის მართვის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული განყოფილების მიერ 2002წ. 18 იანვარს გაცემული მიწის საკუთრების ¹2-02 სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება. სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა 2002წ. 17 ივლისის წერილით სააპელაციო სასამართლოს განუმარტა, რომ სადავო წისქვილი განთავსებულია არა სამელიორაციო სისტემის მაგისტრალურ არხზე, არამედ მდ. დერეფანზე და აღნიშნულიდან გამომდინარე, წისქვილის სისტემის სამმართველოს შორის არავითარი კავშირ-ურთიერთობა არ არსებობს, ფაქტობრივად, უარი განაცხადა დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ს სააპელაციო საჩივარი მთლიანად დაკმაყოფილდა: გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, ნ. დ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მარტვილის რაიონის სოფ. ...ში, მდ. დერეფანზე მდებარე წყლის წისქვილი ცნობილ იქნა ნ. დ-ს საკუთრებად, ხოლო რ. (ხ.) და ბ. კ-ების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. (ხ.) და ბ. კ-ებმა და ითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განხილვისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულია და მიიჩნევს, რომ რ. (ხ.) და ბ. კ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად განსჯადობით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემობათა გამო:

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ. დ-ს სარჩელი ფაქტობრივად ვინდიკაციური სარჩელია და მისი მოთხოვნა უძრავი ნივთის, მარტვილის რაიონის სოფ. ...ს ტერიტორიაზე არსებული წყლის წისქვილის უკანონო მფლობელისაგან გამოთხოვა და მემკვიდრეობის წესით მასზე სარგებლობის უფლების ცნობაა, ხოლო შეგებებული სარჩელით რ. და ბ. კ-ები ითხოვენ მამა-პაპათა დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, სადავო წყლის წისქვილზე მემკვიდრეებად ცნობას.

აღნიშნული საქმე რაიონულ ისე ზემდგომ სასამართლოებში განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 19 ოქტომბრის საქმეზე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, ნ. დ-ს განცხადების საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 5 აპრილის განჩინებით გააუქმა ამავე სასამართლოს 2001წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება, ხოლო შემდგომ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩააბა სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოები (მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველო, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამეგრელოს რეგიონალური სამმართველო, სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, მარტვილის რაიონის ქონების მართვის სამმართველო) და დაადგინა საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოების მესამე პირებად ჩაბმას არ შეუცვლია მოცემული დავის სამართლებრივი ხასიათი, ვინაიდან არც მოსარჩელეს და არც შეგებებული სარჩელის ავტორებს ამ ორგანოების მიმართ არანაირი მოთხოვნა არ გააჩნიათ და არც ადმინისტრაციულ ორგანოებს აღუძრავთ დამოუკიდებელი მოთხოვნები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო წყლის წისქვილი არ წარმოადგენს სახელმწფიო ქონების და მასზე მესამე პირად ჩაბმული არც ერთი სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო არ აცხადებს პრეტენზიას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილ გარემოებებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში მესამე პირებად ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობის ფაქტი თავისთავად არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევის საფუძველს, ხოლო მხარეების მიერ სარჩელებში აღძრული მოთხოვნები სსკ-ს მე-11 მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგიორიას განეკუთვნებიან.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავა სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათისაა და კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა არაგანსჯად სასამართლოს წარმოადგენს. ბ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად განსჯადობით დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 26-ე მუხლებით, სსკ-ს მე-11, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორების: რ. (ხ.) და ბ. კ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის განსჯადობით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.