¹ 3გ-ად-91-კ-02 31 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსება, მიწის ნაკვეთის იჯარით გამოყოფა, ზ.-ეების მიწის მიღება-ჩაბარების აქტის და რეგისტრაციის მოწმობების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 16 მაისს მ., ჯ., ჟ., თ., მუ. და რ. დ.-ეებმა სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელვაჩაურის კოოპერაციული მეურნეობის გამგეობის, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და ხელვაჩაურის რაიონის ...-ების თემის საკრებულოს მიმართ და მოითხოვეს მათთვის საკარმიდამო ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსება, საიჯარო მიწის ნაკვეთების გამოყოფა და ო., შ., თ. ზ.-ეების მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონის ...-ების თემის საკრებულოს დაევალა მ. დ.-ისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 0,35 ჰექტრამდე შევსება, მოსარჩელეების მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის დავალდებულების თაობაზე მათთვის მიწის იჯარის გამოყოფის შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ.-ებმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ ...-ებს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიიას დაევალა მოსარჩელე მ. დ.-ისათვის საკარმიდამო ნაკვეთის 0,35 ჰექტრამდე შევსება აპელანტებს, იგივე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მათზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთების 0,75 ჰექტრამდე შევსებაზე. ჟ. დ.-ს უარი ეთქვა საკარმიდამო მიწის გამოყოფაზე. ასევე უარი ეთქვათ ო., თ. და შ. ზ.-ებზე საკარმიდამო მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით გაცემული პასპორტების გაუქმების ნაწილში უსაფუძვლობის გამო, ხოლო მიწის იჯარით გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ არ გაიზიარა კასატორების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგან სადავო მიწის ნაკვეთები მათი მამაპაპისეული მიწებია, ეს მიწები მემკვიდრეობით ეკუთვნით მათ. საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კასატორებისათვის სადავო მიწების მემკვიდრეობით მიკუთვნების სამართლებრივი საფუძვლები 1993 წლისათვის უკვე აღარ არსებობდა. საკასაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჰქონდათ გამოყოფილი საკარმიდამო ნაკვეთებად 0,25 ჰა მიწის ნაკვეთები და მათი მოთხოვნა 0,75 ჰექტრამდე შევსების შესახებ უსაფუძვლო იყო. საკასაციო სასამართლომ ზ.-ებზე გაცემული მიწის რეგისტრაციის მოწმობების გაცემა კანონიერად მიიჩნია.
საკასაციო სასამართლომ კასატორებს განუმარტა, რომ სადავო მიწებზე საიჯარო ხელშეკრულების დადების მოთხოვნით თავდაპირველად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანიზაციისათვის უნდა მიემართათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და 2002წ. 22 მარტის განჩინებით უცვლელად დატოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
დ.-ებმა 2002წ. 11 აპრილს განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 22 მარტის განჩინების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვა სამჯერ იყო დანიშნული, მოწინააღმდეგე მხარე არც ერთხელ არ გამოცხადებულა და სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის თანახმად მხარის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, საქმეზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ასეე მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 70-78-ე მუხლები, რადგან მხარეები კანონით დადგენილი წესით არ იყვნენ პროცესზე დაბარებულნი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული განმცხადებლების არგუმენტები და 2002წ. 10 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 22 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
2002წ. 14 აგვისტოს დ.-ებმა განცხადებით მიმართეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, ამავე პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტიებით ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი მოტივით: განმცხადებლები მიუთითებენ, რომ «არ იცოდნენ წარდგენილი საბუთების სიყალბის შესახებ. სასამართლომ გამოიყენა მინისტრთა საბჭოს დებულება 1994წ. ¹41 ეს დებულება არის ხელვაჩაურის ზოგიერთი მეურნეობების და სადავო ...-ების ტერიტორია ეკუთვნის კოლმეურნეობას, რაც შეეხება კოლმეურნეობას სახელი შეეცვალა 1997-98 წლებში. აღნიშნული ტერიტორია ნამდვილად არაფონდირებულია.»
განმცხადებლები ასევე მიუთითებენ, რომ «ექსპერტის დასკვნა უნდა იყოს მიწის მართვის ტიტულიან ქაღალდზე და რომელზეც ხელს უნდა აწერდეს მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსი, რომელზეც ხელწერა არაა.»
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ სასამართლოში შემოტანილი განცხადების დასაშვებობაზე და განცხადება დატოვებული იქნა განუხილველი, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ «განცხადებაში მითითებული დოკუმენტები არ არის ყალბი, გადაწყვეტილება აღნიშნულ დოკუმენტებს არ ემყარება, აღნიშნული დოკუმენტების სიყალბის გამო არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე და ყველაფერი რომ იყოს გასულია განცხადების შეტანის 1 თვიანი ვადა, რადგან ეს დოკუმენტები საქმეშია საქმის წარმოებიდან დღემდე».
2002წ. 18 ნოემბერს დ.-ებმა 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებაზე შეიტანეს კერძო საჩივარი, რაც 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ არ მიიჩნია დასაშვებად და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტიურად არ ყოფილა განხილული კერძო საჩივარი და საჩივართან დაკავშირებით მიღებულ განჩინებაში სასამართლო დაკმაყოფილდა მხოლოდ იმის მითითებით, რომ «სააპელაციო პალატა გაეცნო რა კერძო საჩივარს, არ მიიჩნია დასაშვებად», ხოლო თუ რატომ და რა საფუძვლებით არ იქნა მიჩნეული კერძო საჩივარი დასაშვებად, ამის შესახებ განჩინებაში არაფერი არ არის აღნიშნული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია მისი დაუსაბუთებლობის გამო, ეს გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე კერძო საჩივართან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და კერძო საჩივარი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ თავად იმსჯელოს განჩინებაში იმ გარემოებების შესახებ, რის საფუძველზეც არ მიიჩნია კერძო საჩივარი დასაშვებად და ამის შემდგომ გადააგზავნოს კერძო საჩივარი ზემდგომ სასამართლოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინება და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.