Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-93-კ-03 15 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1996წ. 3 აპრილს მოდინახეს პირველი არასრული საშუალო სკოლის დირექტორს ვ. წ-სა და ...ის ქარხნის დირექტორს ნ. ლ-ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მუხურის კირის ქარხნის დირექტორს გადაეცა სკოლის ბიუჯეტით შეძენილი 900 ლარის ღირებულების 50 ტ ნახშირი. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ გადახდილი იქნა მხოლოდ 180 ლარი.

2001წ. პირველ ოქტომბერს ვ. წ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს და ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა ნ.ლ-ასათვის 720 ლარის გადახდის დაკისრება.

ვ.წ-ს სარჩელი არ ცნო მოპასუხე ნ.ლ-ამ და შეპასუხებაში აღნიშნა, რომ 1995 წელს რაიონის გამგებელთან შეთანხმების თანახმად, კირის ქარხანას სკოლებისათვის დახმარების მიზნით უნდა მიეცა კირი, სანაცვლოდ კი მოდინახეს პირველი არასრული საშუალო სკოლისაგან უფასოდ მიიღებდა ქვენახშირს. ნ.ლ-ამ მიმართა სკოლის დირექტორ ვ.წ-ს, რომელმაც განუმარტა, რომ ქვანახშირი სკოლის ბალანსზე ირიცხებოდა და პრობლემების თავიდან აცილების მიზნით შესთავაზა ხელშეკრულების დადება და მასში ღირებულების აღნიშვნა, სანაცვლოდ კი მოითხოვა მისთვის 180 ლარის გადახდა. მოპასუხის განმარტებით, როდესაც ქვანახშირის წასაღებად მივიდა, 50 ტონის ნაცვლად დახვდა 24-25 ტონა არა ქვანახშირი, არამედ ქვიშა ნახშირი, რის გამოც მას მიადგა ზიანი, რადგან ქვანახშირი არის ბუნებრივი წიაღის რესურსი, იგი მოპოვების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კლიმატური პირობების გავლენით კარგავს თავის თვისებებს და თუ დაიშალა, იქცევა ქვიშად. სკოლიდან წაღებული ნახშირი სწორედ უვარგისი აღმოჩნდა, რის გამოც ნ.ლ-ას დასჭირდა ანტრაქტიდის სახეობის ქვანახშირის შეძენა, შეზავებისა და წვის ტემპერატურის სათანადო ცელსიუსამდე მისაყვანად. მოპასუხის მითითებით, იგი 3 თვის შემდეგ შეხვდა ვ.წ-ს, რომელიც არ დასჯერდა 180 ლარს და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 900 ლარის გადახდა.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ.წ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.წ-მ და მოითხოვა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხე ნ.ლ-ასათვის 720 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ.წ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილება; კირის ქარხნის დირექტორ ნ.ლ-ას ვ.წ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 720 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1996წ. 3 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე ნ.ლ-ას გადაეცა სკოლის კუთვნილი 50 ტონა ნახშირი 900 ლარის ღირებულებით, რაც გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის განმავლობაში. ვ.ლ-ამ 1999 წელს მიმართა ჩხოროწყუს რაიონის გამგებელს ნ.ლ-ასაგან ფულადი დავალიანების ამოღების მიზნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაბარებული იქნა ნ.ლ-ა, რომელმაც განმარტა, რომ ვ.წ-ს პირველ რიგში დააკმაყოფილებდა ...ის ქარხნის ამუშავების შემდეგ, ვინაიდან მანამდე მას ამის საშუალება არ გააჩნდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ.წ-მ 1998წ. 3 დეკემბერს კვლავ მიმართა ადგილობრივი მმართველობის გამგეობას და მოითხოვა ნ.ლ-ასთან შეხვედრა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რადგან სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1964წ. სამოქალაქო კოდექსის მოქმედების პერიოდში. 75-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დაირღვა, შეადგენს ერთ წელს და ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ვ.წ-ს მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვების შესახებ, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ნ.ლ-ა პირდებოდა ვ.წ-ს ვალის გადახდას. ამასთან, აპელანტი მიმართავდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს. აღნიშნულის გამო, კოდექსის 84-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ვ.წ-ს მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დაცულად მიიჩნია.

სკ-ს მე-4 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, დაუსაბუთებლობის გამო, არ გაიზიარა ლ-ას მოსაზრება 50 ტონა ნახშირის მისთვის უფასოდ გადაცემის შესახებ, ხოლო ხელშეკრულებისა და 237-ე მუხლის თანახმად, სარჩელი საფუძვლიანად ცნო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაცვლად განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა და გაუქმდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ლ-ამ და შემდეგი მოტივით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება:

კასატორის მითითებით, ვ.წ-ს მიერ გაშვებული იქნა ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა, სკ-ს 75-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, 84-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო საპატიოდ ცნობს სარჩელს ხანდაზმულობის ვადის გაშვების მიზეზს, სააპელაციო სასამართლოს არგუმენტირებულად უნდა ემსჯელა მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვების შესახებ. კასატორის მითითებით, მან ვ.წ-საგან მიიღო არა 50 ტონა, არამედ 360 ლარის ღირებულების 20 ტონა ქვანახშირი, იმისდა მიუხედავად, რომ მან ხელი მოაწერა 1996წ. 3 აპრილის ხელშეკრულებას. ამასთან, ვ.წ-სათვის გადახდილი 180 ლარი არ წარმოადგენდა მიღებული ქვანახშირის საფასურის ნაწილს, ვინაიდან ეს თანხა არ გაწერილა ოფიციალურად ქარხნიდან და არც სკოლის შემოსავალში ჩარიცხულა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ სწორად განსაზღვრა დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათი, ვინაიდან მასში მონაწილე მხარე სახელმწიფო არასრული საშუალო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუმცა თანხის დაკისრება მოხდა ფიზიკური პირის ვ.წ-ს სასარგებლოდ და არა სკოლის სასარგებლოდ.

საკასაციო საჩივარი მხარეთა თანხმობით განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ლ-ას საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველი დავა სამართლებრივად წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული გარიგების შესრულებასთან დაკავშირებულ დავას, რადგან მოსარჩელე ვ.წ-ა კასატორ (მოპასუხე) ნ. ლ-ასაგან, 1996წ. 3 აპრილს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ითხოვდა კასატორისათვის მიწოდებული ქვანახშირის ღირებულების -– 720 ლარის ანაზღაურებას. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულებით კასატორს, სოფ. ...ის ...ის ქარხანას მიეყიდა მოდინახეს პირველი არასრული საშუალო სკოლის ბიუჯეტით შეძენილი 50 ტ ნახშირი, სულ 900 ლარად. ნახშირის ღირებულება კასატორს უნდა გადაეხადა 1996წ. მაისის ბოლოსათვის, მაგრამ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, 2001წ.ათვის გადაიხადა მხოლოდ 180 ლარი. 1996წ. 3 აპრილის ხელშეკრულება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტისა და 65-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, რადგან ხელშეკრულების კონტრაჰენტები არიან ადმინისტრაციული ორგანო _ მოდინახეს პირველი არასრული საშუალო სკოლა (როგორც საჯარო იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი), ნახშირის გამყიდველი, მისი დირექტორის ვ.წ-ს სახით და მყიდველი – სოფ. ...ის ...ის ქარხანა, მისი დირექტორის ნ.ლ-ას სახით.

ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 153-ე და 237-ე მუხლების მიხედვით, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გამყიდველი (მოდინახეს პირველი არასრული საშუალო სკოლა) კისრულობს გადასცეს ქონება (50 ტ ნახშირი) მყიდველს საკუთრებად, ხოლო მყიდველი (სოფ. ...ის ...ის ქარხანა) კისრულობს მიიღოს ქონება და გადაიხადოს მასში გარკვეული თანხა. ამდენად, ხელშეკრულებისა და მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით (ანალოგიურად ამჟამად მოქმედი სკ-ს 316-ე, 477-ე მუხლებისა) ხელშეკრულების მხარეა მოდინახეს პირველი არასრული საშუალო სკოლა, რომელმაც გაყიდა თავისი ბიუჯეტით შეძენილი 50 ტ ნახშირი და მასვე ჰქონდა ნახშირის ღირებულების – 900 ლარის მყიდველისაგან მოთხოვნის უფლება. ხელშეკრულების შესაბამისად აღნიშნულ დავაში პროცესუალურ სუბიექტებს ხელშეკრულების კონტრაჰენტები უნდა წარმოადგენდნენ. კერძოდ, მოსარჩელედ ჩაბმული უნდა ყოფილიყო ნახშირის გამყიდველი – მოდინახეს პირველი არასრული საშუალო სკოლა და მოპასუხედ – მყიდველი სოფელ მუხურის კირის ქარხანა. განსახილველ დავაში კი პროცესუალურ სუბიექტებს წარმოადგენე მოსარჩელე – ვ.წ-ა, რომელიც მოდინახეს პირველი არასრული საშუალო სკოლის დირექტორია და მოპასუხე – ნ.ლ-ა, სოფ. ...ის ...ის ქარხნის დირექტორი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ.წ-ს სააპელაციო საჩივარი და სარჩელი; გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ...ის ქარხნის დირექტორ ნ.ლ-ას მოდინახეს პირველი არასრული საშუალო სკოლის დირექტორის ვ.წ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 720 ლარის გადახდა, რაც საკასაციო პალატის აზრით, უხეში პროცესუალური დარღვევაა, ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე დავაში მხარეები არასწორადაა ჩართული. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის აღნიშნულ მოტივს, თვლის, რომ კასაცია საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და სსკ-ს 84-85-ე მუხლებით დადგენილი წესით, სათანადო მოსარჩელე – მოპასუხის ჩასართავად საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს ნ.ლ-ას საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.