გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-94-კ-03 16 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამსახურში აღდგენა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2000წ. 13 ნოემბერს ბ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხაშურის რაიონის 25-ე საშუალო სკოლის ადმინისტრაციის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელე თავის სარჩელს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
1987 წლიდან მუშაობდა სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად დაწყებით კლასებში. 2000წ. 9 ნოემბერს სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლებულ იქნა სამუშაოდან “არასაკმარისი კვალიფიკაციის" მოტივით ისე, რომ არავის მისი კვალიფიკაცია არ შეუმოწმებია. მისი გათავისუფლება გამოწვეული იყო სკოლის ადმინისტრაციის პირადი დაინტერესებით, რისთვისაც ადმინისტრაცია არ მოერიდა მოსწავლეთა მშობლების გამოყენებასაც კი.
როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ცნობილი გახდა მხოლოდ 2000წ. 31 ოქტომბერს, როდესაც მას პროფკავშირის სხდომაზე განუცხადეს, რომ ადმინისტრაცია მის გათავისუფლებას აპირებდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ" პუნქტის საფუძველზე. აქვე მოსარჩელე მიუთითებდა, მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირმა მის გათავისუფლებაზე თანხმობა გასცა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად, მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანებას საფუძვლად დაედო შკკ-ს 34-ე მუხლის “ბ" პუნქტი.
მოპასუხე 25-ე სკოლის დირექტორმა თ. მ-ემ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ, მიუთითა, რომ ბ. ბ-ე, როგორც პედაგოგი, ვერ წარმართავდა გაკვეთილებს სათანადო დონეზე. მოსწავლეთა მშობლები ითხოვდნენ მისი კლასიდან ჩამოცილებას, ასეთივე მდგომარეობა შეიქმნა მოსარჩელის სხვა კლასში გადაყვანის შემდეგაც, რაც იწვევდა სასწავლო პროცესის ჩაშლას. ბ. ბ-ის მიერ ჩატარებული გაკვეთილების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მას არ გააჩნდა სათანადო კვალიფიკაცია და შესაბამისი ჩვევები, რამაც გამოიწვია მისი სამსახურიდან დათხოვნა.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მოწინააღმდეე მხარე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სარჩელი ხაშურის ¹25 სკოლის ადმინისტრაციასთან სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ბ. ბ-ის მიერ სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოში.
სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებდა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და ექვემდებარებოდა გაუქმებას შემდეგ გარემოებათაA გამო:
1. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ მასალებს;
2. საამართლო არ დაინტრესედა, არ გამოიკვლია სკოლის დირექტორის მისდამი ესოდენ მტრული დამოკიდებულების მიზეზი, მაშინ, როდესაც ეს მტრული დამოკიდებულება და ზღვარს გადაცილებული სურვილი, ყველა ხერხითა და საშუალებით მოეცილებინა იგი სკოლისათვის, ჩანს პროკურატურისა და სასამართლო წარმოების უამრავი დოკუმენტური თუ ფაქტობრივი გარემოებებით;
3. აპელანტი აღნიშნავს, რომ მან სასამართლო სხდომებზე საქმის მასალებში არსებული დოკუმენტური და ფაქტობრივი მასალებით დაადასტურა მისი გათავისუფლების კანონშეუსაბამობა, რაც სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა
სააპელაციო საჩივრის საფუძველზე აპელანტმა მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით უკან დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით აპელანტ ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული ქ. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული ვერ იქნა თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას ბ. ბ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი. კასაციის საფუძვლებად მხარე უთითებდა შემდეგ გარემოებებს:
1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ფაქტობრივად პროფკომიტეტის თანხმობის გარეშე, ვინაიდან ამ უკანასკნელის მხრიდან მის გათავისუფლებაზე თანხმობა გაცემულ იქნა “საჯარო სამსახურის" შესახებ კანონის 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ" პუნქტით, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციამ გათავისუფლებას საფუძვლად დაუდო შკკ-ს 34-ე მუხლის “ბ" პუნქტი.
2. მცდარია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბ. ბ-ის გათავისუფლება შესაძლებელი იყო “საჯარო სამსახურის" შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, ვინაიდან სკოლა მისი გათავისუფლების პერიოდისათვის არ წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
3. პროფკავშირების სხდომის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ არასწორად მიუთითა ხანდაზმულობის მოტივზე, ვინაიდან ოქმის ჩაბარების მომენტიდან სარჩელის შეტანის დროისათვის ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო;
4. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ბ. ბ-ეს ატესტაცია არ გაუვლია. 1997 წელს ის ატესტირებას არ ექვემდებარებოდა, ხოლო რაც შეეხება 1998 წელს, ის დირექტორის მიერ საატესტაციო სიაში შეტანილი არ იქნა;
5. სასამართლოს მხრიდან ისე იქნა გაკეთებული მითითება აპელანტის მხრიდან გაკვეთილების სისტემატურად გაცდენის თაობაზე, რომ სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია, რომ მითითებული წარმოადგენდა სამსახურიდან შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ" პუნქტით და არა ამავე მუხლის “ბ" პუნქტით დათხოვნის საფუძველს;
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ ისე იქნა გაზიარებული მტკიცებულებები, რომ მისი მხრიდან ადგილი არა ჰქონია მტკიცებულებათა სრულ და ობიექტურ გამოკვლევას;
7. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პროფკომიტეტის ოქმი იყო ტენდენციური, კერძოდ, პროფკომიტეტის სხდომაზე არ მომხდარა იმ ფაქტების შესწავლა და განხილვა, რომლის საფუძველზეც დასტურდებოდა მის მიერ ჩადენილი გადაცდომები.
ყოველივე აღნიშნულზე მითითებით კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა კასაციის საფუძვლებს და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან სრულად იქნა გამოკვლეული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესწავლილი იქნა საქმის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებივი საფუძვლები, რის გამოც არ არსებობდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ მოსაზრებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონის განათლების განყოფილების 1994წ. 4 ნოემბრის ბრძანებით ბ. ბ-ე გადაყვანილ იქნა ხაშურის 25-ე საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების ...ად. ბ. ბ-ეს არ გააჩნდა პედაგოგიური განათლება, მაგრამ გააჩნდა პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.
1998 წელს ბ. ბ-ე ჩარიცხული იქნა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფასიანი სწავლების დაწყებითი განათლების პედაგოგიკა _ მეთოდიკის სპეციალობის მე-5 კურსზე, რომელიც დაამთავრა და მიენიჭა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კლასიფიკაცია. ბ. ბ-ე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა ხაშურის ¹25 საშუალო სკოლის დირექტორის 2000წ. 9 ნოემბრის ¹60 ბრძანების საფუძველზე შკკ-ს 34-ე მუხლის “ბ" პუნქტის შესაბამისად.
მითითებული ბრძანების მიღებას წინ უსწრებდა ხაშურის ¹25 საშუალო სკოლის პროფკომიტეტის სხდომა ¹8, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თავად კასატორი. მითითებულ სხდომაზე გაცემული იქნა თანხმობა ბ. ბ-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ" პუნქტის საფუძველზე.
მითითებული მუხლის შესაბამისად, მოსამსახურე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის მოტივით, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო, ხოლო რაც შეეხება შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ" ქვეპუნქტს, აღნიშნულის თანახმად, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა თუ გამოვლინდა, რომ მუშაკი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას ან შესასრულებული სამუშაოს საკმარისი კვალიფიკაციის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული მუხლების დეფინიციიდან იკვეთება, თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს მუშაკის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობას არაპროფესიონალიზმის მოტივით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას ზემოაღნიშნული ორივე მუხლის დებულების იდენტურობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს კანონის არასწორ განმარტებას, შესაბამისად, ზემოაღნიშნულის საფუძველს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სამსახურიდან მისი დათხოვნა ფაქტობრივად მოხდა პროფკომიტეტის თანხმობის გარეშე.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ დაუშვებელი იყო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის გამოყენება.
“საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1. მუხლის შესაბამისად საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში.
ამავე კანონის 2.1. მუხლის შესაბამისად, სახაზინო დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, ხოლო მითითებული კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ხაშურის ¹25 საშუალო სკოლის პედაგოგზე არ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოთხოვნები.
რაც შეეხება ხაშურის ¹25 საშუალო სკოლის პროფკომიტეტის ¹8 სხდომის ოქმით გასაჩივრებას, საკასაციო სასამართლო არამართებულად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის თაობზე, რომ ვინაიდან ოქმი თან ახლდა სარჩელს და ამასთან, მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა სამსახურში აღდგენა, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა პროფკომიტეტის საოქმო დადგენილების ბათილად ცნობაც.
შკკ-ს 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მუშა ან მოსამსახურე არ ეთანხმება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის მიერ შრომის დავაზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, განცხადებით მას შეუძლია მიმართოს რაიონულ სასამართლოს 10 დღის ვადაში საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის დადგენილების ხელზე მიღების დღიდან. ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების მოშლა, ადმინისტარციის მიერ უნდა მოხდეს პროფკომიტეტის თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, რომელიც, თავის მხრივ, კანონმდებლობის თანახამდ, ექვემდებარება გასაჩივრებას ერთი თვის ვადაში.
შესაბამისად, ამ ორი აქტის გასაჩივრების საფუძველიც არ არის იდენტური. სარჩელშიAბ. ბ-ის მხრიდან საუბარი არ არის პროფკომიტეტის დადგენილების არაკანონიერებაზე, მოსარჩელე კანონშეუსაბამობის მოტივით არ ითხოვს საოქმო დადგენილების ბათილად ცნობას, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს მსჯელობა პროფკომიტეტის საოქმო დადგენილების თაობაზე მართებულია და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან ატესტაციის გაუვლელობა გამოწვეული იყო სკოლის ადმინისტრაციის ბრალით, ვინაიდან ის შეყვანილი არ იქნა საატესტაციო სიაში.
საქმეში წარმოდგენილია ხაშურის ¹25 საშუალო სკოლის ატესტაციაში გასავლელი მასწავლებლების სახელობითი სია, სადაც ბ. ბ-ის გრაფის გასწვრივ გაკეთებულია ჩანაწერი, რომ ამ უკანასკნელმა ატესტაცია არ გაიარა თავისივე სურვილით.
საქმეში ასევე წარმოდგენილია განათლების სამინისტროს ხაშურის რაიონის განათლების განყოფილების წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ბ. ბ-ე 1998წ. მაისის თვემდე ექვემდებარებოდა ატესტირებას, რისი გაუვლელობის მიზეზიც განათლების განყოფილებისათვის უცნობია.
ამდენად, საოლქო სასამართლოს მსჯელობა ბ. ბ-ის მიერ ატესტაციის გაუვლელობის თაობაზე მტკიცდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რის გამოც, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საოლქო სასამართლოს მსჯელობა მოცემულ ნაწილში უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მხიდან ადგილი არ ჰქონია მტკიცებულებათა სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, კერძოდ, მშობელთა საჩივრები, დამსწრეთა მიერ გაკეთებული გაკვეთილების ანალიზები, პედაგოგიური საბჭოსა და პროფკომიტეტის სხდომის ოქმები, რაიონულ სასამართლოში ადგილი ჰქონდა მოწმეთა დაკითხვებს, ყველა აღნიშნული მტკიცებულება შეიცავს ხაზგასმას კასატორის დაბალი პროფესინალიზმის თაობაზე. მითითებული მტკიცებულებები ბ. ბ-ის მიერ რაიონულ და საოლქო სასამართლოში გაქარწყლებული ვერ იქნა, კასატორი ვერ უთითებს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულება ან გარემოება იქნა სასამართლოს მხრიდან არასწორად შეფასებული, რის გამოც მითითებულ ნაწილში კასატორის განმარტებას საკასაციო სასამართლო მიიჩნევს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ.
მართალია, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მისი მხრიდან გაკვეთილების, თუნდაც სისტემატური გაცდენა, არ წარმოადგენს არასათანადო კვალიფიკაციის მოტივით სამსახურიდან მისი დათხოვნის საფუძველს, თუმცა ეს მოსაზრება არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ერთადერთ და არსებით მოტივს, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოცემული მოტივით განჩინების გაუქმების საფუძველი.
სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხარის იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე კი საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად არ არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.