Facebook Twitter

3გ-ად-96-კ-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ ფართის ვ. ხ-ზე აღრიცხვის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 13.06.01წ. სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის, გ. თ-ის, მესამე პირის – ვ. ხ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის ტექ. აღრიცხვის სამსახურის მიერ ქ. თბილისის, ..... მდებარე ფართის მოქ. ვ. ხ-ის სახლზე განხორციელებული ჩანაწერის გაუქმება და გ. თ-ის გამოსახლება დაკავებული ფართიდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ხ-ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე და განმცხადებელსა და ა. ჩ-ს შორის 1966 წელს ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ გარიგება ცნობილი იქნა დადებულად. მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელის აზრით, არ იძლეოდა ქ. თბილისის ტექ. აღრიცხვის სამსახურის მიერ ვ. ხ-ის სახელზე ..... მდებარე ფართის აღრიცხვის საფუძველს, ვინაიდან 1974 წელს ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილების მიხედვით ..... მდებარე ა. ჩ-ის სახელზე რიცხული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლის ნაწილი აღებული იყო, გადაწყვეტილების თანახმად სახლის დანარჩენი, ასევე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი, ვ. ხ-ის ოჯახის მიერ დაკავებული ნაწილი დაექვემდებარა აღებას, რის სანაცვლოდაც ვ. ხ-ს სამ სულზე გამოეყო ოროთახიანი, ხოლო მის ძმას – გ. ხ-ს ერთ სულზე ერთოთახიანი ბინა. ამავე გადაწყვეტილებით ტექ. აღრიცხვის სამსახურს ეცნობა, რომ ..... მდებარე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი სახლი დანგრეულია მთლიანად, ტექ.აღრიცხვის ბიუროს დაევალა სათანადო ცვლილებების შეტანა საინვენტარიზაციო გეგმაში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ამჟამად ქ. თბილისში, ..... მდებარე საქვაბე შეტანილია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში და უნდა განხორციელდეს მისი პრივატიზება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 27.09.01წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. თ-ი გამოსახლებულ იქნა ..... მდებარე ფართიდან. სასამართლომ მიუთითა, რომ ტექ. აღრიცხვის სამსახურის მიერ ..... მდებარე ფართის ვ. ხ-ზე აღრიცხვის ჩანაწერი განხორციელებულია 19.10.99წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. რაც შეეხება გ. თ-ის გამოსახლებას დაკავებული ფართიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ამ ნაწილში ცნობის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს 27.09.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა ტექ.ბიუროს მიერ 18.02.2000წ. ვ. ხ-ზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე და სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.12.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ უარყო აპელანტის მოთხოვნა ტექ. ინვენტარიზაციის სამსახურში ვ. ხ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის გაუქმების თაობაზე და მიუთითა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ხ-მა მოიპოვა ..... მდებარე სახლმფლობელობაზე საკუთრების უფლება, ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ს მე-10 მუხლის თანახმად, სავალდებულოა საქართევლოს მთელ ტერიტორიაზე ყვლა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირის თუ მოქალაქისათვის და ექვემებარება აღსრულებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ საქმეში არ მოიპოვება სადავო ფართის 1973-74 წლებში გამგეობისათვის ან თბომეურნეობის ბალანსზე გადაცემის რაიმე დამადასტურებელი საბუთი. სადავო ფართის გამგეობისადმი გადაცემის დასტურად ვერ იქნება მიჩნეული 04.12.74წ. ¹512-24 გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ დოკუმენტით განხილულ და გადაწყვეტილ იქნა ვ. ს-ის განცხადება ბინით დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილებაში არ არის განხილული და გადაწყვეტილი სადავო ფართის გამგეობისადმი გადაცემის საკითხი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იმსჯელა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სარჩელის იმ ნაწილზე, რომლითაც იგი ითხოვდა ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერის ბათილად ცნობას, თუმცა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღინიშნა მოთხოვნის უსაფუძვლობა, სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.12.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს (ამჟამად ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს) და გ. თ-ის მიერ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ. გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ტექბიუროში რეგისტრაციის საფუძველს, ვინაიდან სსკ-ს 315-ე მუხლის თანახმად განცხადებაში იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ უნდა აღინიშნოს ამ ფაქტის დადგენის მიზანი. ვინაიდან ვ. ხ-ს განცხადებაში ასეთ მიზნად არ დაუსახელებია ტექაღრიცხვის სამსახურში რეგისტრაციის განხორციელება, ასეთი რეგისტრაციის საფუძველს სასამართლო გადაწყვეტილება არ წარმოადგენს. 1966წ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადება არ წარმოადგენს 18.02.2000წ. ტექბიუროში ვ. ხ-ზე ფართის რეგიტსრაციის საფუძველს, ვინაიდან 1966წ. შემდეგ ადგილი ჰქონდა სხვა მრავალ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, კერძოდ: ოქტომბრის რაიონის აღმასკომის 1974წ. გადაწყვეტილებით ..... მდებარე სახლის ავარიულ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ვ. ხ-ის ოჯახი, ჩაწერილ სულთა რაოდენობის მიხედვით, დაკმაყოფილდა სხვა ბინით, ხოლო ტექაღრიცხვის ბიუროს დაევალა სათანადო ცვლილებების შეტანა ფართის საინვენტარიზაციო გეგმაში. საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ტექაღრიცხვის სამსახურის 20.08.99წ. წერილი, რომლის თანახმადაც სახლთმფლობელობა დანგრეულ იქნა და მის ადგილზე აშენდა საქვაბე. ამდენად, ა. ჩ-ს და ვ. ხ-ს შორის გარიგების დადებულად ცნობა არ გულისხმობს 1974წ. ექსპლოატაციაში შესული საქვაბის ვ. ხ-ზე აღრიცხვას, სასამართლოს მიერ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენამდე თბილისის მთავრობის მიერ 10.06.99წ. ¹04.04.81 დადგენილებით სადავო ფართი შეტანილ იქნა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში, აღნიშნული დადგენილება ძალაშია და სადავოდ არავის გაუხდია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 06.12.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ ვ. ხ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა აგრეთვე გ. თ-ის მიერ, რომელიც აღნიშნავს, რომ უდავო წარმოების წესით გარიგების არსებობა – არარსებობის დადგენა არ დაიშვება, გარიგება დადგინდა არარსებულ ქონებაზე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ. გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე მითითებას უფლების წარმოშობაზე, საკუთრებაში რაიმეს გადაცემაზე, რის გამო სააპელაციო პალატის მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მითითება უსაფუძვლოა, გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელი და არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არის შეუძლებელი. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ .... განთავსებული საქვაბე ექსპლოატაციაში შევიდა 1974წ., იგი აშენდა ა. ჩ-ის სახელზე რიცხული სახლის ადგილზე, რომელიც ავარიულობის გამო დანგრეულ იქნა, კასატორი 1981 წლიდან 1993 წლამდე საქვაბეში მუშაობდა ცეცხლფარეშად, საქვაბე და ეზო განთავსებულია მისი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ, სადავო არასაცხოვრებელი ფართით სარგებლობს 1993 წლიდან, სარჩელს ობიექტიდან მისი გამოსახლების შესახებ ცნობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონიერ მესაკუთრედ ცნობილი იქნება თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო. კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 06.12.02წ. და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 27.09.01წ. გადაწყვეტილებების გაუქმება, ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერის გაუქმება, გ. თ-ის სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების ნაწილში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 27.09.01წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო საკითხის დაყენების მომენტში არ წარმოადგენდა მესაკუთრეს. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა საბოლოოდ მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.12.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ტექაღრიცხვის ბიუროში ვ. ხ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება.

მოწინააღმდეგე მხარემ – ვ. ხ-მა წარმოდგენილ შესაგებელში საკასაციო საჩივრები არ ცნო და აღნშნა, რომ სადავო ბინაში გაიზარდა, იქორწინა, 1965წ. სახლის მესაკუთრეს ა. ჩ-ს გადაუხადა 4000 მანეთი, რის საფუძველზეც მიიღო შინაურული ხელწერილი ფულის მიღებისა და ბინის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. 1969 წელს სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს მას ეწვია აღმასკომის თავმჯდომარე, რომელმაც თხოვა მის ეზოში საქვაბის აშენება. უარის მიუხედავად მას გამოუყვეს ოროთახიანი ბინა თემქის დასახლებაში, ხოლო მის ძმას – გ. ხ-ს ერთოთახიანი ბინა, რომლის ქალიშვილი ლ. ზ-ე – ხ-ი დატოვეს უბინაოდ. ლ. ზ-ე – ხ-მა სარჩელით მიმართა ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული ბინის, ე.ი. ..... ფართის მიკუთვნება და ფართში უკანონოდ შეჭრილი გ. თ-ის ბინიდან გამოსახლება. რაიონული სასამართლოს მიერ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება გასაჩივრდა გ. თ-ის მიერ, რის შედეგადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.03.99წ. განჩინებით გაუქმდა 09.02.99წ. ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ თავად ვ. ხ-მა შეიტანა განცხადება ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, მასსა და ა. ჩ-ს შორის შინაურული ხელწერილის გარიგების დადებულად ცნობა. აღნიშნული იურიდიული ფაქტის დადასტურება ესაჭიროებოდა მისი კუთვნილი ფართის დასაბრუნებლად. 19.10.99წ. გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დადასტურდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შინაურული ხელწერილით გარიგების დადებულად ცნობის შესახებ. იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შემდეგ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის და ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების მიმართვის საფუძველზე ტექინვენტარიზაციის სამსახურმა სადავო ფართი აღრიცხა ვ. ხ-ის სახელზე. შენობა-ნაგებობის ნარჩენი საბალანსო ღირებულება 26.02.99წ. 555 ლარი გადახდილ იქნა ლ. ზ-ე – ხ-ის მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 27.09.01წ. გადაწყვეტილებით გ. თ-ი გამოსახლდა ..... მის მიერ უკანონოდ დაკავებული ფართიდან, ამ ნაწილში გ. თ-მა სარჩელი ცნო, რის საფუძველზე იგი გამოსახლებული იქნა ფართიდან. სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გამოსახლების ნაწილში არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში არის შესული. ქ. თბილისის სქმ სამმართველომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 27.09.01წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა ტექბიუროს მიერ 18.02.02წ. ვ. ხ-ზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებაზე და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო პალატამ 06.12.02წ. გადაწყვეტილებით გააუქმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რითაც არ დაკმაყოფილდა სქმ სამმართველოს სარჩელი. ვ. ხ-ი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, პალატამ სამართლიანად არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა ტექაღრიცხვის სამსახურის ჩანაწერის გაუქმების თაბაზე, ვინაიდან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ. გადაწყვეტილებით მას მოპოვებული აქვს ..... მდებარე სახლთმფლობელობაზე საკუთრების უფლება, გადაწყვეტილება, ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სავალდებულოა მთელ ტერიტორიაზე და ექვემდებარება აღსრულებას. ვ. ხ-ი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია გ. თ-ის საკასაციო საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფართიდან გამოსახლების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა, გ. თ-ის პრეტენზია სადავო ფართზე მიუღებელია, რადგან იგი სხვა ქუჩის მაცხოვრებელია, სადავო ფართზე შეჭრილია უკანონოდ, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე განაგრძობს ფართში ცხოვრებას, რის გამო სსკ-ს 401-ე მუხლის საფუძველზე გ. თ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორებმა ითხოვეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის საფუძველზე ობიექტის პრივატიზების მიზნით ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ განხორციელებული ვ. ხ-ის სახელზე ფართის რეგისტრაციის გაუქმება. ვ. ხ-მა საკასაციო საჩივრების საღუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 06.12.02წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის – სსიპ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, სამსახურს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის შესაგებელი, საქმე განხილული იქნა სასკ-ს 261 მუხლის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით დადგენილად არის ცნობილი, რომ ტექაღრიცხვის სამსახურში ..... მდებარე 131,78 კვ.მ. სახლთმფლობელობა 1940 წელს ძირითადი აღრიცხვის საფუძველზე აღირიცხა ა. ჩ-ის სახელზე. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ. გადაწყვეტილებით ა. ჩ-სა და ვ. ხ-ს შორის 10.01.66წ. შინაურული ხელწერილით დადებული გარიგება ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის შესახებ ცნობილ იქნა დადებულად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურში გაუქმდა ... მდებარე სახლთმფლობელობის ა. ჩ-ის სახელზე აღრიცხვა და იგი ვ. ხ-ის სახელზე აღირიცხა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის, “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-4, სსსკ მე-10 მუხლის თანახმად სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამასთანავე, განსაზღვრული დავისადმი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ. ძალაში მყოფი გადაწყვეტილების სავალდებულო ძალის მინიჭების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რა ქონებაზე ჩაითვალა გარიგება დადებულად ცნობილი, არსებობს თუ არა რეალურად დავის განხილვის მომენტისათვის გარიგებაში აღნიშნული ქონება. მართალია, სააპელაციო სასამართლო ვერ იქონიებდა მსჯელობას ძალაში შესული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ. გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე, რომლითაც შინაურული ხელწერილი ცნობილი იქნა გარიგების დადებად, მაგრამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში ყოფნა არ ათავისუფლებდა სააპელაციო სასამართლოს მოვალეობისაგან გაერკვია თუ რა ქონებას ეხებოდა იგი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის 04.12.74წ. ¹512 – 24 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სახლთმფლობელობა უნდა დაინგრეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.03.99წ. ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით, რომლითაც გაუქმდა ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 09.02.99წ. გადაწყვეტილება, დადგენილად არის ცნობილი, რომ ა. ჩ-ის სახელზე გაფორმებული სახლთმფლობელობა დაინგრა და მის ადგილას აშენდა საქვაბე. სახლთმფლობელობის დანგრევა და მის ადგილას თბომეურნეობის საქვაბის აშენება დასტურდება აგრეთვე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 15.02.2000წ ¹2-17 წერილით, ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების 21.12.99წ. ¹4-21/83 წერილით, ტექინვენტარიზაციის ბიუროს (ამჟამად ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის) 20.08.99წ.¹12-714 წერილით. მერიის მუნიციპალიტეტის საწარმოს “თბომეურნეობა შპს” 29.02.2000წ. ¹9-17/19, 27.02.01წ. ¹9-3/32 და სახელმიწიფო ქონების მართვის სამმართველოს 22.02.2000წ. ¹4-21/9 წერილებით დასტურდება, რომ ..... მდებარე საქვაბე ექსპლოატაციაში არის შესული 1974 წელს, საქვაბე 1993 წლამდე მოქმედებდა.

ძალაში შესული გადაყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო და სხვა ორგანოები, აგრეთვე თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან შეასრულონ ყველა აუცილებელი მოქმედება უფლებების რეგისტრაციასა და გაფორმებაზე, ხელი შეუწყონ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ. გადაწყვეტილების საფუძველზე ტექინვენტარიზაციის ბიურომ ვ. ხ-ის სახელზე აღრიცხა არა სახლთმფლობელობა, არამედ არასაცხვრებელი ფართი, რომელიც აშენებული იქნა სახელმწიფოს მიერ და ქ. თბილისის მთავრობის 10.06.99წ. ¹04.04.81 დადგენილებით შეტანილია საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში. სადავო ობიექტი წარმოადგენს სახელმიწიფო საკუთრებას, მისი განსახელმწიფოებრიობა უნდა მოხდეს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მიხედვით. საქვაბის აშენება ყოფილი სახლთმფლობელობის ტერიტორიაზე არ წარმოადგენს ვ. ხ-ის სახელზე ობიექტის რეგისტრაციის საფუძველს, ვინაიდან ნაკვეთი არ წარმოადგენდა გარიგებადადებულად ცნობილი შინაურული ხელწერილის მონაწილეთა საკუთრებას, იურიდიული ფაქტის დადგენით ნაკვეთზე საკუთრების უფლების დადგენა არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ გადაწყვეტილების ძალაში ყოფნა არ იძლევა ვ. ხ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის გაუქმების საშუალებას, მითითებულ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ტექაღრიცხვის სამსახურისათვის და სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა, რადგან საქვაბის შენობასთან ვ. ხ-ს რაიმე შეხება არ ჰქონია, გადაწყვეტილებით ვ. ხ-ს სადავო ფართზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია, 1966 წ. შინაურული ხელწერილის საფუძველზე გარიგების დადებულად ცნობა არ იწვევს 1974 წელს ექსპლოატაციაში შესული საქვაბის ვ. ხ-ზე აღრიცხვას.

ვ. ხ-ის მიერ ფართზე უფლების მოპოვებას არ ადასტურებს აგრეთვე გასაჩივრებულ გადაწყვტილებაში და ვ. ხ-ის შესაგებელში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის 04.12.74წ. ¹512-24 გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტილა სადავო ფართის გამგეობისადმი გადაცემის საკითხი. საქმის მასალებს არ ემყარება აგრეთვე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღმასკომის მითითებული გადაწყვეტილებით განხილულ და გადაწყვეტილ იქნა მხოლოდ ვ. ხ-ის განცხადება ბინით დაკმაყოფილების შესახებ. ოქტომბრის რაიონის აღმასკომის 04.12.74წ. ¹512-24 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ა. ჩ-ის სახელზე რიცხული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლის ნაწილი დანგრეული იქნა, აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ სახლის დარჩენილი, ასევე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნაწილი უნდა დაინგრეს, აღმასკომის გადაწყვეტილებით აღნიშნულ მისამართზე მიკრორაიონის გასათბობად უნდა მოწყობილიყო საქვაბე, რის გამო ვ. ხ-ს სამ სულზე გამოეყო 32,55 კვ.მ ოროთახიანი ბინა, ხოლო მის ძმას – გ. ხ-ს ერთ სულზე ერთოთახიანი ბინა მდებარე ..... დასახლებაში – მე-2 სადარბაზო, მე-3 სართ. გადაწყვეტილებით ქალაქის საბჭოს აღმასკომის ტექაღრიცხვის ბიუროს ეცნობა, რომ ... მდებარე ა. ჩ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი დანგრეულია მთლიანად. ამდენად, სადავო ფართის გამგეობისადმი გადაცემის საკითხი აღნიშნული გადაწყვეტილებით ვერ გადაწყდებოდა, რადგანაც გადაწყდა ობიექტის მთლიანი აღება და მის ნაცვლად საქვაბის შენობის აშენება.

ძალაში შესული გადაწყვეტილების მოქმედების სუბიექტური ზღვარი განპირობებულია საქმეში მონაწილე პირთა წრით. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა არ ართმევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს იმ უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების დასაცავად, რომელთა შესახებ დავა განხილული და გადაწყვეტილი არ ყოფილა. საკასაციო პალატა თვლის, რომ უდავო წარმოების წესით გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ ვერ დაედება საფუძვლად სასარჩელო წარმოების წესით განსახილველ დავას, რადგან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.10.99წ. გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ მიღებულია უდავო წარმოების წესით, ურთიერთდაპირისპირებული მხარეების გარეშე, ხოლო სსკ-ს 106-ე მუხლის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მესამე პირის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 22.09.01წ. გადაწყვეტილება, გ. თ-ის სადავო ფართიდან გამოსახლების ნაწილში არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში ძალაშია შესული. ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა არ გამორიცხავს გ. თ-ის მიერ გადაწყვეტილების სხვა ნაწილზე, კერძოდ, ტექნიკურ აღრიცხვის სამსახურის მიერ სადავო არასაცხოვრებელი ფართის ვ. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილზე საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებას. გ. თ-ი მოპასუხეს წარმოადგენდა სქმ სამმართველოს სარჩელის იმ ნაწილის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა სადავო ფართიდან მის გამოსახლებას. რაც შეეხება ფართის ვ. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნის მიმართ გ. თ-ს გააჩნია მატერიალური და პროცესუალური ინტერესი, ვინაიდან არასაცხოვრებელი ფართი შეტანილია საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში, ტექაღრიცხვის სამსახურში ვ. ხ-ის სახელზე ობიექტის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში გ. თ-ს, სხვებთან ერთად, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ობიექტის პრივატიზაციაში, ამდენად, იგი წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, მისი ობიექტიდან გამოსახლების მოთხოვნის მართლზომიერების აღიარება სწორედ, რომ ვ. ხ-ზე ფართის რეგისტრაციის გაუქმების, ობიექტის საპრივატიზაციოდ გატანის, პრივატიზაციაში მონაწილეობის სურვილით იყო ნაკარნახევი, შესაბამისად, გ. თ-ს გააჩნია ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში ვ. ხ-ის სახელზე ობიექტის რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის საკასაციო წესით გასაჩივრების უფლება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და გ. თ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.12.02წ გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ ქ. თბილისში, ..... მდებარე ფართის ვ. ხ-ზე განხორციელებული რეგისტრაცია.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.