Facebook Twitter

3გ-ად-98-კ-02 16 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.09.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის და მ. ნ-ის სარჩელი, ქ. ბათუმში ..... მდებარე სახლმთმფლობელობის პირველი სართულის, კერძოდ მ. ნ-ის მფლობელობაში არსებული ¹1, 2, 3, 15 ოთახები ფართით 42,98 კვ.მ, ხოლო მ. ა-ის მფლობელობაში არსებული ¹5, 7, 10, 11, 14 და ¹9 ოთახის ნახევარი ფართით 105 კვ.მ აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის კომუნალურ ფონდში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის ნოტარიუსის მიერ 12.05.70წ. მ. გ-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 148 კვ.მ ფართის ნაწილში; მე-2 მიკრორაიონის გამგეობას დაევალა ქ. ბათუმში, ..... მდებარე ¹5,7,10,11,14 და ¹9 ოთახის ნახევარზე მ. ა-ესთან, ხოლო ¹1,2,3,15 ოთახებზე მ. ნ-ესთან პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმება.

მ. გ-მა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და მ. ა-ის და მ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

05.12.02წ. ქ. ბათუმის მერიამ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ 02.12.02წ. მიმართა ქ. ბათუმის პროკურატურას განსახილველ საქმეში საჯარო რეესტრის ყალბი ჩანაწერის შეტანასთან დაკავშირებით დამნაშავე პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადაწყვეტის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება გამოძიების დამთავრებამდე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.12.02წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ქ. ბათუმის მერიის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე გამოტანილი განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 05.12.02წ. განჩინებით მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საქმის განხილვის დროს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც უარი თქვა კერძო საჩივარზე და მოითხოვა საქმის აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში დაბრუნება. კერძო საჩივარზე უარის თქმა ასევე დადასტურებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარის სახელზე 04.04.03წ. მ. გ-ის მიერ გაგზავნილი ტელეგრამით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. მოცემულ შემთხვევაში მ. გ-მა უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე, რასაც ადასტურებს საქმეში დაცული განცხადება და ტელეგრამის ტექსტი, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრით სადავოდ გამხდარი საკითხი ფაქტიურად უკვე გადაწყვეტილი იქნა, ვინაიდან აღმოიფხვრა ძირითადი საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარედგინა ქ.ბათუმის საქალაქო პროკურატურის 23.12.02წ. დადგენილება, რომლითაც ქ.ბათუმის მერიას უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე 31.04.38წ. საინვენტარიზაციო ბარათში შეტანილი უზუსტო, არასწორი ჩანაწერის, 11.05.70წ. და 06.01.97წ. გაცემულ მოწმობასა და ცნობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. სსკ-ს 283-ე მუხლის თანახმად საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. გ-ის კერძო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდეს.

2. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.