Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-98-კ-03 17 ოქტომბერი 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ბოდიშის მოხდის, სამსახურებრივი მოველეობების შესრულებისა და იეჰოვას მოწმეების თავდასხმებისაგან დაცვის დავალდებულება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 2 ოქტომბერს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ვ. გ-ამ და გ. ძ-მა მოპასუხეების შსს-ს, ქ. ქუთაისის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის, აგრეთვე პოლიციის თანამშრომლების ე. კ-ისა და ბ. მ-ას მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეების მათთვის ბოდიშის მოხდისა და იეჰოვას მოწმეების ნებისმიერი თავდასხმისაგან დავალდებულება და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, დისციპლინური სასჯელის დაკისრება ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენლისათვის, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ მონაწილეობდნენ მათზე განხორციელებულ თავდასხმებში შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე გ. ძ-ი 2000წ. 2 სექტემბერს მიდიოდა ქ. ქუთაისში, ... ქუჩაზე, რა დროსაც ის გააჩერა ორმა პოლიციელმა, რომლებმაც გაიგეს რა, რომ იგი იყო იეჰოვას მოწმე, წაართვეს რელიგიური ლიტერატურა და სხვა პირადი ნივთები, თავად გ. ძ-ი წაიყვანეს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი სცემა რამდენიმე პოლიციელმა, შემდეგ იგი გაუშვეს, მაგრამ აღარ დაუბრუნეს პირადი ნივთები, რაშიც შედიოდა მისი რელიგიური ლიტერატურა.

2000წ. 3 სექტემბერს მოსარჩელე ვ. გ-ა, მიდიოდა რა ქ. ქუთაისში .... ქუჩაზე, გააჩერეს ე. კ-ემ და ბ. მ-ამ, დაუწყეს გინება, დაარტყეს კუჭის თავში, წაართვეს და გაუნადგურეს რელიგიური ლიტერატურა, ამავე დროს ემუქრებოდნენ, რომ ჩააგდებდნენ მანქანის საბარგულში და გადააგდებდნენ მდინარე რიონში. ამ მოვლენებს შეესწრო ვლ. გ-ას მეგობარი მ. ყ-ი, რომელსაც ასევე წაართვეს რელიგიური ლიტერატურა, აგინეს და დაემუქრნენ ორივეს, რომ თუ კიდევ დაინახავდნენ ქუჩაში, კვლავ ასე მოექცეოდნენ.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19-20 მუხლები, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევენ რელიგიის თავისუფლების და საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიებს, «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფკლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” მე-8-11, მე-13-14-ე მუხლები, ამ კონვენციის ¹1 ოქმის პირველი მუხლი, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 142-ე, 156-ე, 226-ე 153-ე, 155-ე, 161-ე 239-ე, 332-ე მუხლები, «პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-4 და 24-ე მუხლები. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ მოპასუხეების ქმედებებმა მათ მიაყენეს მორალური და მატერიალური ზიანი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ითხოვეს მოპასუხეებისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხეების სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებით დანაშაულთა ჩადენაში დადანაშაულების თაობაზე არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული სამართალდარღვევების თაობაზე მათ უნდა მიემართათ სათანადო ორგანოებისათვის კერძოდ, პროკურატურისათვის და სათანადო მოკვლევისა და გამოძიების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო მოპასუხეთა პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ მოსარჩელეებს პროკურატურისათვის განცხადებით არ მიუმართავთ.

სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებები არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებებად მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეების მ. ყ-ის, ლ. კ-ის, ნ. ფ-ის განმარტებები, რადგან ისინი უშუალო მხილველნი არ იყვნენ მომხდარისა და ფაქტის შესახებ თავად მოსარჩელეებისაგან გახდა მათთვის ცნობილი და ვინაიდან, მ. ყ-ი და ლ. კ-ე თავადაც იეჰოვას მოწმეები და მოსარჩელეთა მეგობრები არიან, ხოლო ნ. ფ-ი გ. ძ-ის მეუღლეა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ისინი მოსარჩელეთა ინტერესებს დაიცავდნენ.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მათ რელიგიური ლიტერატურა დაუხიეს და მიაყენეს სხეულის დაზიანებები, პირიქით, მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ექსპერტიზისათვის არ მიუკითხავთ და სათანადო შემოწმება არ გაუვლიათ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს გ. ძ-მა და ვლ. გ-ამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება Aშემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტთა განმარტებით, მოპასუხეთა მხრიდან მათთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს ადასტურებენ: ა) თავად გ. ძ-ის ჩვენება, რომელმაც დაადგინა და ამოიცნო მანქანა, რომლითაც იგი მიიყვანეს პოლიციაში და მისი მძღოლი, ე. ჭ-ე. ბ) მოწმე ნ. ფ-ის ჩვენება, რომლის განმარტებითაც გ. ძ-ი სახლში მისვლისას მოუყვა, თუ რა გადახდა თავს პოლიციაში და ამ უკანასკნელს გულმკერდის არე აწითლებული ჰქონდა და სტკიოდა, პოლიციაში მისვლისას კი მას უარი განაცხადეს მეუღლის ნივთების დაბრუნებაზე და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს; გ) მოწმე ლ. კ-ის ჩვენება, რომელმაც დედამისთან ერთად ნახა და მოისმინა გ. ძ-ის და პოლიციელთა საუბარი და მეორე დღეს უშუალოდ გ. ძ-ისგან მოისმინა მომხდარის შესახებ. დ) მ. ყ-ის ჩვენება, რომელმაც 2000წ. 3 სექტემბერს დაინახა პოლიციის მანქანასთან მდგარი ვ. გ-ა და პოლიციელები ბ. მ-ა და ე. კ-ე, რა დროსაც მისი ყურადღება მიიქცია გზაზე დაყრილმა დახეულმა რელიგიურმა ჟურნალებმა და მოისმინა პოლიციელების მხრიდან ვლ. გაბუნიას სიტყვიერი შეურაცხყოფა, პოლიციელებმა თავად მასაც წაართვეს ბიბლია.

აპელანტების აზრით, სასამართლოს მიერ აღნიშნულ მოწმეთა დაინტერესებულ პირებად მიჩნევა, რადგან ისინი იეჰოვას მოწმეები და მოსარჩელეთა მეგობრები არიან, დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. სასამართლოს ის არგუმენტი, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს დაზიანებული ლიტერატურა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, არ უნდა გამხდარიყო სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძველი, რადგან დაზიანებული ლიტერატურის წარდგენის შემთხვევაშიც სადავო იქნებოდა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ნამდვილად შემთხვევის დროს დაზიანდა თუ არა, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისთვის მიმართვა პირველ რიგში მოსარჩელეთა უფლება იყო და არა ვალდებულება, ამავე დროს მათ ფიზიკური ტკივილი განიცადეს და დაზიანება არ მიუღიათ, რაც შეიძლებოდა ექსპერტს დაეფიქსირებინა.

აპელანტთა აზრით, მოპასუხეთა, როგორც საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან კანონის დარღვევაზე მსჯელობის დროს საკმარისია ის, რომ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათი რელიგიური მრწამსის გამო და ხელყვეს მათი პირადი საკუთრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლიების სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელეებისათვის მოპასუხეთა მხრიდან სხეულის დაზიანების ფაქტი და მათი ჯანმრთელობისთვის რაიმე ვნების მიყენება, ასევე არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეებს შეეცილენ სახელის ტარების უფლებას, შელახეს მათი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების საიდუმლოება ანდა პირადი ხელშეუხებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა უარყვეს გ. ძ-ის და ვლ. გ-ასთვის სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტი და აღნიშნული გარემოება არც მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევა მოსარჩელეთა მიმართ და არც ამ უკანასკნელთა საკუთრებისა და რელიგიური თავისუფლების ხელყოფა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს მათთვის ზიანის მიყენების ფაქტი. პოლიციის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევისას ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველია მხოლოდ ზიანის მიყენება, რაც ასევე არ დასტურდება საქმის მასალებით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2001წ. 17 მაისს გამოცემული ¹240-ე ბრძანებულება რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ არ წარმოადგენს მოპასუხეთა მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის მტკიცებულებას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ აპელაციაში მითითებული დარღვევების ჩადენის ფაქტები საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ძ-ისა და ვ. გ-ას წარმომადგენელებმა მ. ც-ამ და ა. კ-ომ, მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი მარწმუნებლების სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორების აზრით, სააპელაციო პალატამ აპელანტების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, გ. ძ-ის, ვ. გ-ას, ნ. ფ-ის ჩვენებები, ასევე ლ. კ-ისა და მ. ყ-ის ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს მოსარჩელეთა ჩვენებები, არ შეაფასა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ვინაიდან მითითებული ჩვენებები სრულად ადასტურებენ მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელეთათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მათ მიერ ამოცნობილი იქნა ის ავტომანქანა, რომლის მძღოლმაც გააჩერა გ. ძ-ი და მას მიაყენა შეურაცხყოფა.

კასატორები მიუთითებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია კანონი, დაავალდებულა რა მოსარჩელეები, პოლიციელების მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედების არსებობის დასამტკიცებლად ნივთიერი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაში. მათ სასამართლოს მიმართეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმიტომ, რომ დაემტკიცებინათ არა სისხლის კანონმდებლობით დასჯად დანაშაული, არამედ მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელეებზე განხორციელებული ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედების არსებობა. მათი მოთხოვნა დაფუძნებულია სკ-ს 1005 მუხლზე. მოპასუხეების მოქმედებათა უკანონობა განსაზღვრულია არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, სამოქალაქო კოდექსით და «პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით.

კასატორთა მითითებით, პირველი ინსტანციის მოსამართლე იყო აშკარად მიკერძოებული და არაობიექტური მოსარჩელეთა მიმართ, რითაც დაარღვია სსკ-ს მე-6 მუხლის მოთხოვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო პალატამ დაარღვიეს იმავე კოდექსის 230-ე მუხლი, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება იმ მოპასუხეების სასარგებლოდ, რომლებიც არ გამოცხადდნენ სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. ძ-ისა და ვლ. გ-ას წარმომადგენლების მანუჩარ ციმინტიას და ანდღე კაღბონოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ უარყო სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, გ. ძ-ის, მისი მეუღლის ნ. ფ-ის, ვლ. გ-ას, ლ. კ-სა და მ. ყ-ის ჩვენებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ შეაფასა და ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა კასატორთა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის შესაბამისადაც საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ფაქტობრივად მათი სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების დადგენილად ცნობას ნიშნავს, შეუძლებელია იმ მტკიცებულებებით. რომლებზედაც აფუძნებენ კასატორები თავიანთ მოთხოვნებს. კერძოდ, კასატორთა მოთხოვნის დაკაყოფილება, რომ სასამართლომ მოპასუხეები დაავალდებულოს მოსარჩელეებს ბოდიში მოუხადონ მოსარჩელეებზე 2000წ. 2 და 3 სექტემბერს თავდასხმის გამო მხოლოდ ზემოაღნიშნული მოწმეებისა და მოსარჩელეთა ჩვენებების საფუძველზე, არ შეიძლება გაზიარებული იქნეს, რადგან მოსარჩელეებზე მოპასუხეების მხრიდან თავდასხმის ფაქტი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, უნდა იყოს დადგენილი შესაბამისი სამართლებრივი წესით, ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ მოცემულ საქმეზე ჩათვლის დადასტურებულად, რომ მოპასუხეები თავს დაესხნენ მოსარჩელეებს და დაავალდებულებს მათ ამის გამო ბოდოშის მოხდას, აღნიშნულით ფაქტობრივად დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხეთა ბრალსაც თავდასხმის განხორციელებაში, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია. ანალოგიური სიტუაციაა მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებითაც, რომ მოპასუხეებს დაევალოთ დაუყონებლივ გააკეთონ საჯარო განცხადება, რომ მომავალში ისინი შეასრულებენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს და დაიცავენ იეჰოვას მოწმეებს ნებისმიერი თავდასხმისაგან და იმოქმედებდნენ ნებისმიერი პიროვნების წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელის ჩათვლით, რომელიც ზემოაღნიშნულ უფლებას შელახავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა დანაშაული მათი მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში, რაც ასევე სისხლის სამართლებრივად დასჯად დანაშაულს წარმოადგენს და საჯარო ბრალდების კატეგორიას მიეკუთვნება, ჯერ დადასტურებული უნდა იქნეს კანონით დადგენილი წესით და მხოლოდ ამის შედეგადაა შესაძლებელი მოპასუხეთა მიმართ მოსარჩელეების მოთხოვნებზე მსჯელობა.

საკასაციო სასამართლო მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია, «პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი და მთლიანობაში საქართველოს მართლმსაჯულება იცავს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებებსა და ინტერესებს, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა, ეს მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ფაქტობრივად იეჰოვას მოწმეებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების შექმნისაკენ არის მიმართული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 230-ე მუხლი, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება მოპასუხეების სასარგებლოდ, რომლებიც არ გამოცხადდნენ სასამართლოში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. კასატორთა მიერ მითითებულ სსკ-ს 230-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა მოპასუხეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში. მაგრამ, ვინაიდან მოცემული საქმე ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება სსკ-ს XXVI დებულებები, შესაბამისად სააპელაციო პალატა ვერ გამოიყენებდა სსკ-ს 230-ე მუხლს და იგი ვალდებული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის თანახმად, მხარის დაუსწრებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება გამოეტანა საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და მითითებული კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. ამავე დროს საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას მიაქცევს 230-ე მუხლის მეორე ნაწილს (თუმცა, როგორც აღნიშნა, ამ მუხლს სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში საერთოდ ვერ გამოიყენებდა), რომლის თანახმადაც თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც არ ხდება ავტომატურად სარჩელის დაკმაყოფილება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს შს სამინისტროს დავალდებულების მოთხოვნასაც მოპასუხესა და ყველა იმ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ დისციპლინალური ზომების გამოყენების თაობაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ მოსარჩელეებზე თავდასხმაში 2000წ. 2 და 3 სექტემბერს.

მორალური და მარტერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს საკასაციო სასამართლო ფაქტობრივად იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ მოპასუხეთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა უნდა დადგენილი იქნეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის დაცვით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ მოთხოვნათა საფუძვლიანობის შემოწმება და გადაწყვეტილების მიღება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორთა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააოპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინება არსებითად სწორია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორების, გ. ძ-ისა და ვ. გ-ას წარმომადგენლების, მ. ც-ასა და ა. კაღბონის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.