გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-99-კ-03 14 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მაია ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სოფლის საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, უკანონოდ დაქვითული სახელფასო თანხის დაბრუნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002წ. 9 ივლისს თ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს და სოფ. ...ის საკრებულოს 1999წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, უკანონოდ დაქვითული სახელფასო თანხის ანაზღაურება და თავისი ხელფასის შემდგომი დაქვითვის შეწყვეტა მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
იგი 1992 წლიდან 2000 წლამდე ტყიბულის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლის ...ად მუშაობდა.
აღნიშნულ თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში ტყიბულის რაიონის განათლების განყოფილებასთან შეთანმებით სკოლაში შეტანილი იქნა ცხრა სასწავლო მერხი, სკოლაში არსებული მაცივრების _ “ვიტრინისა" და “პინგვინის" სანაცვლოდ. ინვენტარის გაცვლა ქ. ტყიბულის საკრებულის ნებართვით მოხდა. სოფ. ...ის საკრებულოს 1999წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით მას გადასახდელად დაეკისრა მაცივრების ორმაგი საბალანო ღირებულება 594 ლარის ოდენობით, რომელიც ხელფასიდან 20%-ის სახით ყოველთვიურად ექვითება, მაშინ, როცა ამ საკითხთან დაკავშირებით ბრალი არ მიუძღვის, რადგან ქონება არ გასხვისებულა, არ გაფლანგულა.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე სოფ. ...ის საკრებულოს 1999წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე და ხელფასიდან დაქვითული თანხის დაბრუნებაზე ხანდაზმულობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ნ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
აპელანტის მითითებით, მას ხანდაზმულობის ვადა არა აქვს გაშვებული, ვინაიდან, მართალია, სასამართლოში სარჩელი 2002წ. 9 ივლისს აღძრა, მაგრამ მანამდე საჩივრით მიმართა ტყიბულის პროკურატურას, შემდეგ კი პრეზიდენტის რწმუნებულს იმერეთის მხარეში.
აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, ხელფასის დაქვითვას ადგილი ჰქონდა, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით მას ოფიციალურად არ მიუღია საკრებულოს გადაწყვეტილების სრული ტექსტი, რის გამოც ხანდაზმულობის ვადა მასზე არ უნდა გავრცელდეს და მისი ათვლა უნდა მოხდეს ტექსტის ოფიციალური მიღების დღიდან.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სოფ. ...ის საკრებულოს 1999წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
შკკ-ს მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება, ამავე კოდექსის 119-ე მუხლი, ასევე 120-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის, მოსამსახურის ან სხვა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მატერიალურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მხოლოდ მათი ბრალით გამოწვეული ზიანისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ზემოთ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, თ. ნ-ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება დაკისრებოდა ანზღაურება, მას რომ ბრალი მიუძღოდეს სკოლისათვის მატერიალურ ზიანში. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თ. ნ-ეს ზიანი მიეყენებინოს სკოლისათვის. სკოლის ორი მაცივარი ჩაბარებულია თ. ნ-ზე, რომელმაც სანაცვლოდ მერხები გადასცა სკოლას.
მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში, მაგრამ აღნიშნული ნორმა მოქმედებს 2000წ. 1 იანვრიდან და ეხება 2000წ. 1 იანვრის შემდეგ მიღებულ ადმინისტრაციულ აქტებს. რადგან 2000წ. 1 იანვრიდან მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თანახმად ამ კოდექსის 219-ე მუხლისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ითვალისწინებს უკუქცევითი ძალის საკითხს, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო ვადა. თანახმად სკ-ს 128-ე მუხილს მე-3 ნაწილისა, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ეს ვადა თ. ნ-ეს დარღვეული არა აქვს.
ტყიბულის რაიონის სოფ. ...ის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და თვლის, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორის მითითებით, თ. ნ-ის მიერ პროკურატურაში წარდგენილი მასალებით დგინდება, რომ მან გააფორმა იჯარის ხელშეკრულება, რისი უფლებაც არ ჰქონდა, ვინაიდან ამ ნივთების მფლობელი იყო სოფ. ...ის გამგეობა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ტყიბულის რაიონის სოფ. ...ის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. სსკ-ს 435-ე მუხლით დადგენილია, რომ სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სსკ-ით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა ხანდაზმულობის საკითხი, კერძოდ, არ დაადგინა როდის გახდა ცნობილი თემურ ნ-ისათვის ტყიბულის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს 1999წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილება. სასარჩელო ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს დარღვეული უფლების იძულებით განხორცილება ან დაცვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ნ-ემ ტყიბულის რაიონულ სასამართლოში სარჩელი 2002წ. 9 ივლისს აღძრა, ე.ი. სასამართლოში მოცემული დავის განხილვის დროს უკვე მოქმედებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში. ზემოაღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 435-ე მუხლიდან გამომდინარე, საფუძვლის გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ ვინაიდან სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში იმ სამოქალაქო საპროცესო კანონებით ხორციელდება, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ისე გადაეწყვიტა ხანდაზმულობის საკითხი. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო სააპელაციო სასამართლოს ემსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტყიბულის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტყიბულის რაიონის სოფ. ...ის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.