3გ-ად-100-კ-03 19 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 17 მაისს ი. რ.-მ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მასსა და შპს “ა.-ს” შორის 2000წ. 8 მარტს დადებული შეთანხმებისა და შპს “ა.-ის” მიერ განხორციელებული მიწის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1992 წელს ქ. ზუგდიდში სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” გაუჩნდა ხანძარი და მთლიანად განადგურდა. ზუგდიდის რაიონის გამგებლის 1995წ. 7 ივნისის ¹325-ე განკარგულებით ერთი პირის საწარმო “ი.-ს” დაევალა ყოფილ სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” ტერიტორიაზე სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება. ამასთან, უფლება მიეცა ამ ტერიტორიაზე განეხორციელებინა სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა სახის საქონლის ვაჭრობა და ეწარმოებინა სასტუმროს მშენებლობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 1996 წელს შპს “ა.-მ” მოაწყო სავაჭრო ცენტრი და მის დირექტორად დაინიშნა ი. რ.-ა. 1998 წელს მან მოახდინა ინდივიდუალური საწარმო “ი. რ.-ს” შენობის ქვეშ და მის გარშემო არსებული მიწის პრივატიზება. ამ პერიოდში შპს “ა.-ის” მიერ ასევე პრივატიზებულ იქნა მიმდებარე ტერიტორია. 2000წ. 8 მარტს მასსა (ი. რ.-ს) და შპს “ა.-ის” დირექტორ თ.ს.-ს შორის მოხდა შეთანხმება ინდივიდუალურ საწარმო “ი. რ.-ს” და შპს “ა.-ის” გარშემო არსებული ტერიტორიისა და მასზე არსებული ნაგებობების განაწილების თაობაზე, რომელიც მოსარჩელეს მოტყუებით დადებულ გარიგებად მიაჩნია და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. მოსარჩელე ი. რ.-ა ასევე მოითხოვდა შპს “ა.-ის” მიერ განხორციელებული მიწის პრივატიზების ბათილობას.
შპს “ა.-მ” შეგებებული სარჩელი აღძრა ი. რ.-ს მიმართ და მოითხოვა 2000წ. 16 თებერვალს მხარეებს შორის დადებული 30,8 კვ.მ მიწის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, მიწის დაბრუნება და ი. რ.-ს სავაჭრო ფარდულის გადატანა შპს “ა.-ის” შენობიდან 4 მეტრის მოშორებით, ასევე შესასვლელის გადატანა მარცხენა ...-ს ქუჩიდან.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს 2001წ. 19 ივნისს სარჩელო განცხადებით მიმართა კასატორ სს “ზ.-ის” დირექტორმა ა. ა.-მ და მოითხოვა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩართვა, ყოფილი სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” სარდაფის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, სს “ზ.-ის” დირექტორი 2000 წლამდე იყო მისი მამა, ი. ა.-ა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც დაინიშნა იგი დირექტორად. სს “ზ.-ის” დოკუმენტების გადამოწმებით გაირკვა, რომ სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” I, II და III სართულები ხანძრის შედეგად განადგურებული იქნა, ხოლო მიწისქვეშა სართული ანუ სარდაფი ხანძარს გადაურჩა და პრივატიზებულია. ა.ა.-ს მიერ აღმოჩენილი იქნა რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტი. კერძოდ, 1995წ. 20 აპრილის ¹1-41-1 წერილი და 1995წ. 20 აპრილის ¹34 ბრძანება, საიდანაც ირკვევა, რომ მის მამას, ი.ა.-ს არ სურდა სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” პრივატიზაცია. ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას იგი ცდილობდა სარდაფის პროფილითა და დანიშნულებისამებრ გამოყენებით მიღებული ამონაგები თანხით. ასევე აღმოჩენილი იქნა 1995წ. 20 აპრილის ¹1-47-1 წერილი, რომელსაც ხელს აწერს არა ი. ა.-ა, არამედ პ. ქ.-ა. “ზ.-ის” საქმის მწარმოებლის განმარტებით, ნომერი წერილზე მის მიერ არ არის გატარებული და უცნობია, თუ როგორ მოხვდა აღნიშნული წერილი რეგისტრაციის ჟურნალში. მოსარჩელის მითითებით, 1995წ. აპრილში “ზ.-ის” დირექტორმა ი.ა.-მ მოიწვია კრება. მას ესწრებოდა ყოფილი სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” დირექტორი ვ.თ.-ც, რომელსაც ი.ა.-მ შესთავაზა ობიექტის აღდგენაში მონაწილეობის მიღება და ყოფილ თანამდებობაზე დაბრუნება. ამავე კრებაზე გამოცემული იქნა ¹34 ბრძანება, რომლის მიხედვით უნდა დაწყებულიყო აღდგენითი სამუშაოები. ვ.თ.-მ უარი განაცხადა შემოთავაზებულ წინადადებაზე ვინაიდან განიცდიდა ზეწოლას. სარდაფის პრივატიზაციის ოქმის თანახმად, სარდაფის საპრივატიზაციო ღირებულება განისაზღვრა 1244 აშშ დოლარით. ობიექტის შეფასება მოახდინა საწარმოო ფირმა “ზუ.-ის” ექსპერტმა. სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაგზავნილ წერილზე არ არის “ზუ.-ის” დირექტორის რეზოლუცია. ამასთან, დირექტორის განმარტებით, შეფასება მოხდა არაობიექტურად. ასევე უცნობია, თუ როგორ მოხდა ამ ობიექტის ბალანსიდან ჩამოწერა.
ხობის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 სექტემბრის განჩინებით, სსკ-ს 88-ე მუხლის საფუძველზე, სს “ზ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რადგან იგი არ პასუხობდა მითითებული მუხლის მოთხოვნებს და მიმართული არ იყო მხარეთა შორის წამოჭრილი დავის საგანზე, რაც გასაჩივრდა სს “ზ.-ის” მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 8 ნოემბრის განჩინებით “ზ.-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ხობის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 სექტემბრის განჩინება. ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 იანვრის განჩინებით სს “ზ.-ა” ჩაბმული იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. რ.-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, სს “ზ.-ს” უარი ეთქვა “თ.-ს” სარდაფის პრივატიზების ბათილობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. რ.-მ და ს.ს. “ზ.-მ”.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის განჩინებით ი. რ.-სა და სს “ზ.-ის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 1978წ. დეკემბრის თვეში ექსპლუატაციაში შევიდა სავაჭრო ცენტრი “თ.-ა”, რომელიც 1992წ. აპრილში ხანძრისაგან განადგურდა. 1992წ. 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის გამგეობის ¹141 განკარგულებით კავკასიის ბირჟის ზუგდიდის საბროკერო ფირმა “ზ.-91”-ს გადაეცა ხანძრისაგან დამწვარი სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” ტერიტორია ავტოსადგომის მოსაწყობად. 1993წ. 15 აპრილს ზუგდიდის რაიონის გამგეობის ¹201 განკარგულებით აღნიშნული ტერიტორია კეთილმოწყობის მიზნით გადაეცა მცირე საწარმო “ს.-90”-ს. 1994წ. 29 ნოემბერს ¹898 განკარგულებით კოოპერატივ “ი.-90”-ს დაევალა სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” დანგრეული შენობის დარჩენილი სარდაფის გადახურვა მსუბუქი კონსტრუქციით, თხილის ვაჭრობის მოსაწყობად. ვინაიდან აღნიშნულმა ორგანიზაციებმა არ შეასრულეს განკარგულების პირობები, 1995წ. 7 ივნისის ¹325 განკარგულებით მცირე საწარმო “ი.-ს” დაევალა სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა სახის საქონლით ვაჭრობა და სასტუმროს მშენებლობა.
“ი.-ის” სამართალმემკვიდრე 1996წ. 25 ივლისიდან გახდა შპს “ა.-ი”, რომლის მიერაც 1995წ. 7 აგვისტოს პრივატიზებული იქნა სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” სარდაფი 1247 აშშ დოლარად. სავაჭრო ცენტრი “თ.-ა” 1993 წელს ჩამოწერილი იქნა “ზ.-ის” ბალანსიდან, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციას წარმოადგენდა. ვინაიდან “თ.-ა” სახელმწიფო ობიექტი იყო, მისი განადგურების შემდეგ, სახელმწიფომ, როგორც მესაკუთრემ, მოახდინა “თ.-ს” სარდაფის პრივატიზაცია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა “ზ.-ის” განმარტება, რომ მისი დირექტორის ი.ა.-ს ხელმოწერა საპრივატიზაციო აქტზე გაყალბებულია. ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა ხელმოწერა ნამდვილი იყო თუ ყალბი. ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 1996წ. 30 მაისის ოქმის მიხედვით, მათ მიერ შემოწმებულ ზუგდიდის რაიონის პრივატიზებულ საწარმოთა შორის არ მოიხსენიება სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” სარდაფის პრივატიზაციის უკანონობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა “ზ.-ის” განმარტება, რომ მათ არ იცოდნენ “თ.-ს” ბალანსიდან ჩამოწერისა და პრივატიზაციის შესახებ, რაც დასტურდება ქონების მართვის სამმართველოსადმი 1995წ. მაისში ი.ა.-ს მიერ მიწერილი წერილიდან. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ობიექტის პრივატიზაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა ხანდაზმულია. ობიექტი პრივატიზებულ იქნა 1995წ. 7 აგვისტოს, იმ დროს მოქმედი 1964წ. სკ-ს 75-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერატიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის განისაზღვრებოდა ერთი წლით. ი. ა.-მ პრივატიზაციის შესახებ მაშინვე იცოდა და მას სარჩელი შეეძლო შეეტანა 1996წ. 7 აგვისტომდე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განცხადება, რომ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები აქტის გასაჩივრების შესახებ, ვინაიდან 1995წ.ათვის არ მოქმედებდა აღნიშნული კოდექსი. პალატამ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის საფუძველზე, დაუშვებლად მიიჩნია სარდაფის სადავო პრივატიზების შესახებ აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულად და უსაფუძვლოდ მიიჩნია სს “ზ.-ის” სააპელაციო საჩივარი და უსაფუძვლობის მოტივით ასევე არ დააკმაყოფილა ი. რ.-ს სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ზ.-მ” და მის გაუქმებასთან ერთად, შემდეგი საფუძვლით მოითხოვა სარდაფის სადავო პრივატიზაციის ბათილად ცნობა:
კასატორის მითითებით, ხანძრის შედეგად განადგურებული “თ.-ს” სარდაფის გადარჩენის შესახებ ცნობილი არ იყო “ზ.-ისათვის” და ამიტომ დათანხმდა იგი “თ.-ს” ბალანსიდან ჩამოწერაზე. ვინაიდან გამწმენდი სამუშაოების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სარდაფი გადარჩა, “ზ.-მ” მოითხოვა სარდაფის უკან დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება საქართველოს პრეზიდენტის 1994წ. ¹178 ბრძანებულების დარღვევით სარდაფის პრივატიზების შესახებ, რომლის შესაბამისად პირდაპირი წესით იმ პირზე სარდაფის პრივატიზაცია, რომელიც ტერიტორიის გამწმენდ სამუშაოებს ახორციელებდა უკანონოა, ვინაიდან ასეთ შემთხვევას კანონი არ ითვალისწინებს.
სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სავაჭრო ცენტრ “თ.-ის” ხანძრისაგან განადგურებით “ზ.-ს” მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. რისი ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით მართლზომიერი იქნებოდა მოგვიანებით აღმოჩენილი ვარგისი სარდაფის უკან დაბრუნება და სახელმწიფო ქონების შენარჩუნება. 1964წ. სკ-ს 148-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონება, რა წესითაც არ უნდა იყოს გასხვისებული, თუ ეს გასხვისება არამართლზომიერია, შეიძლება გამოთხოვილი იქნეს სათანადო ორგანიზაციის მიერ ყოველი შემძენისაგან. სარდაფი წარმოადგენდა სახელმწიფო ქონებას, რომელიც იყო სახელმწიფო ორგანიზაცია “ზ.-ის” ოპერატიულ მმართველობაში და მისი დაბრუნებით “ზ.-ას” მიეცემოდა საშუალება აღნიშნული ობიექტი გამოეყენებინა საგეგმო დავალებებისა და ქონების დანიშნულების შესაბამისად, რათა სახელმწიფოს განეცადა ნაკლები ზიანი და შეენარჩუნებინა ის ფასეული ქონება, რაც განთავსებული იყო სარდაფში. სარდაფის პრივატიზაციით კი სახელმწიფომ დაკარგა დიდძალი ქონება, რომელიც სარდაფში იყო განთავსებული. კასატორის აზრით, 1964წ. სკ-ს 87-ე მუხლი უფლებას აძლევს მას, “ზ.-ს” უკან გამოითხოვოს სახელმწიფო ქონება.
მოწინააღმხეგე მხარე (მოპასუხე) – შპს “ა.-ის” წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საკასაციო პალატამ სს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი განიხილა მოწინააღმდეგე მხარეთა – სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის სამმართველოს (ამჟამად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ზუგდიდის სამმართველო), ზუგდიდექსპერტიზისა და პ. ქ.-ს დასწრების გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის განჩინება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის ნაწილობრივ გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორ სს “ზ.-ისა” და ი. რ.-ს სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. რ.-ს სარჩელი შპს “ა.-ის” მიმართ მიწის პრივატიზების ბათილად ცნობის თაობაზე და კასატორ (მესამე პირის) – სს “ზ.-ის” სარჩელი შპს “ა.-ის” მიმართ ქონების (სარდაფის) პრივატიზების ბათილობის შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარდაფის პრივატიზების ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრდა სს “ზ.-ის” მიერ, ამიტომ საკასაციო პალატა სსკ-ს 404-ე მუხლის თანახმად, პროცესუალურად უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინება ანუ იმსჯელოს მხოლოდ სარდაფის პრივატიზების კანონიერების საკითხზე, ხოლო ი. რ.-ს სარჩელთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საოლქო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრებული არ არის და ამდენად, სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, განჩინება ი. რ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.
2. 2001წ. 19 ივნისს კასატორი სს “ზ.-ა” ი. რ.-სა და შპს “ა.-ს” შორის მიწის პრივატიზებასთან არსებულ დავაში მესამე პირად იქნა ჩართული, რომელმაც სასარჩელო განცხადებით მოითხოვა სს “ზ.-ის” (ყოფილი სავაჭრო ცენტრ “თ.-ს”) ხანძრისაგან გადარჩენილი სარდაფის პრივატიზების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის სამმართველო, ზუგდიდექსპერტიზა, “ზ.-ის” დირექტორის მოადგილე პ. ქ.-ა და შპს “ა.-ი”. სადავო საპრივატიზებო მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” სარდაფის პრივატიზების შესახებ ხელშეკრულება ¹26 სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის სამმართველოს, საპრივატიზებო კომისიის 1995წ. 25 მაისის დასკვნის საფუძველზე, 1995წ. 20 ივლისს გაფორმებული აქვს ფიზიკურ პირ რ. ა.-სთან და სწორედ რ. ა.-ს სახელზეა გაცემული ცენტრ “თ.-ს” სარდაფის საკუთრების უფლების მოწმობა ¹22/პ-258. ამდენად, საპრივატიზებო მასალების თანახმად, სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” პრივატიზება განხორციელდა ფიზიკური პირის რ. ა.-ს მიერ, რომელიც არის სადავო პრივატიზების მხარე (კონტრაჰენტი) და სადავო სარდაფის მესაკუთრე, მაგრამ კასატორ სს “ზ.-ის” მიერ სარდაფის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელში მოპასუხედ არ იქნა მითითებული რ. ა.-ა, არამედ მოპასუხედ ჩაბმულია და სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია შპს “ა.-ის” მიმართ, რომლის დირექტორი, მართალია, თავდაპირველად იყო რ. ა.-ა, მაგრამ თავად მოპასუხე – შპს “ა.-ი” რეგისტრირებულია (დაფუძნებულია) სადავო პრივატიზების განხორციელებიდან 1 წლის შემდეგ, 1996წ. 25 ივლისს და ბუნებრივია, სადავო პრივატიზების მხარედ ვერ იქნებოდა. საყურადღებოა, რომ რ. ა.-მ სადავო სარდაფის პრივატიზება 1995 წელს მოახდინა 1247 აშშ დოლარად, ფიზიკური პირების რ. ა.-ს, ლ. კ.-ის, ა. კ.-სა და ლ. ჯ.-ის მიერ 1996წ. 25 ივლისს დაფუძნებული შპს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრა 1247 აშშ დოლარის ღირებულების ქონებით, მაგრამ საწესდებო კაპიტალში დამფუძნებელთა მიერ განხორციელებული ქონებრივი შენატანი საწარმოს რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს დადგენილებაში კონკრეტულად მითითებული არ არის და გამოუკვლეველია რა ფორმითა და წესით მოხდა სადავო სარდაფის შპს “ა.-ისათვის” გადაცემა. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმესთან დაკავშირებით საჭიროა რიგი გარემოებების დამატებითი გამოკვლევა-დადგენა, ახალი მტკიცებულებების მოპოვება და რაც უმთავრესია, 1995წ. 20 ივლისის სადავო პრივატიზების ხელშეკრულების მხარეებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სსკ-ს 85-ე მუხლის თანახმად, უნდა იმსჯელოს შპს “ა.-ის” სათანადო მოპასუხეობის საკითხზე და რ. ა.-ს საქმეში ჩართვაზე.
3. სააპელაციო პალატამ სს “ზ.-ის” სარჩელი 1995 წელს განხორციელებული სარდაფის სადავო პრივატიზების ბათილობის შესახებ ხანდაზმულად მიიჩნია და მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან ჩათვალა, რომ გასული იყო იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლით გათვალისწინებული ერთწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა დადგენილი იყო იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ დავებზე, ხოლო, როგორც საპრივატიზებო მასალებით ირკვევა, სარდაფის სადავო პრივატიზებაში მონაწილეობა მიიღო და მესაკუთრე გარდა ფიზიკური პირი რ. ა.-ა და იმავე 75-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის მიმართ სარჩელებზე ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სს “ზ.-ის” სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას არ იზიარებს კასატორის მითითებას იმჟამად მოქმედი სკ-ს 87-ე და 148-ე მუხლებზე, რომლებიც სახელმწიფო ქონების დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნების მიმართ სასარჩელო ხანდაზმულობის გაუვრცელებლობას ეხება. საქმის მასალების მიხედვით, კასატორი სს “ზ.-ა” სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აღარ იყო სახელმწიფო ორგანიზაცია, არამედ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დადგენილების თანახმად, “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად 1998წ. 16 თებერვლიდან მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირია. ამიტომ სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნების მიმართ სასარჩელო ხანდაზმულობის გაუვრცელებლობაზე მითითება კონკრეტულ შემთხვევაში უმართებულოა.
5. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, გარდა მე-60 და 61-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საკასაციო პალატამ არაერთგზის მიუთითა განჩინებებში, რომ, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტისა და 65-ე მუხლისა, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა – სახელმწიფო ქონების პრივატიზება სამართლებრივად ადმინისტრაციული გარიგებაა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (სამმართველოს) ბრძანება და ოქმი ამავე კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს კი არ წარმოადგენს, არამედ კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს ნების ცალმხრივი წერილობითი გამოხატვაა ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით. ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება, კონკრეტულ შემთხვევაში უმართებულოა.
ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის განჩინება სარდაფის პრივატიზების ბათილად ცნობაზე “ზ.-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, ზემოაღნიშნული მითითებებით საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის განჩინება სს “ზ.-ის” სარჩელის _ სარდაფის პრივატიზების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.