3გ/ად-74ა-კ.ს.-02 8 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი, ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: გადაწყვეტილების განმარტება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორთა ა. ქ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. ს-ას სარჩელი ვაკის რაიონის გამგეობის 2000წ. 11 აგვისტოს ¹ქ-1571 წერილის გაუქმებაზე; გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა ..... მიმდებარედ განთავსებული დ. ს-ას პრესის გამავრცელებელი ჯიხურის აღებაზე.
2002წ. 19 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს კერძო საჩივრის ავტორებმა და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განმარტება, რადგან მიიჩნიეს, რომ გადაწყვეტილება ბუნდოვანია და ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობის მქონე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგან განცხადებაში არ იყო მითითებული თუ გადაწყვეტილების კონკრეტულად რომელი ნაწილია ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ქ-ემ და გ. მ-მა, რომლებმაც გადაწყვეტილების ბუნდოვან და ურთიერთგამომრიცხავ გარემოებად მიიჩნიეს ის, რომ გადაწყვეტილების მიხედვით ჯიხურზე ორდერის ვადის გაგრძელების საფუძვლად მითითებულია ვაკის გამგეობის 1999წ. 9 სექტემბრის ¹ს-1966 წერილი, მაშინ, როცა იქვე განმარტებულია, რომ ორდერის არარსებობის გამო, ჯიხურის აღების საკითხის დაყენების უფლება აქვთ სათანადო ორგანოებს, რითაც ფაქტობრივად დადასტურებულია ჯიხურზე ორდერის არარსებობის ფაქტი. საჩივრის ავტორებს ბუნდოვანად მიაჩნიათ ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილების მიხედვით, ორდერის არარსებობის გამო ჯიხურის აღების საკითხის გადაწყვეტა გამგეობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის პრეროგატივაა მხოლოდ, არქიტექტურის საქალაქო სამსახური კი ყოველთვის ითხოვდა ჯიხურის აღებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 სექტემბრის განჩინებით ა. ქ-ისა და გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ისა და გ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისისა და 17 სექტემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განმარტება მოითხოვეს მისი ბუნდოვანებისა და ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებების მოტივით, რაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ და რასაც იზიარებს საკასაციო პალატაც, რადგან სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნითY განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად ..... თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის". ამდენად, საპროცესო კოდექსი მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტებას ითვალისწინებს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გადაწყეტილების აღსრულებას. ამასთან, გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია მხოლოდ მისი შინაარსის შეუცვლელად.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება მხარეს _ დ. ს-ას პირადად ხელზე ჩაბარდა 2002წ. 19 ივნისს, კერძო საჩივრის ავტორებს კი _ 2002წ. 17 ივნისს. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადება კერძო საჩივრის ავტორებმა შეიტანეს 2002წ. 19 ივნისს ე.ი. განსამარტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც პროცესუალურად დაუშვებელია.
კერძო საჩივრის ავტორებმა ამასთან განცხადებით მოითხოვეს სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განმარტება მისი ბუნდოვნებისა და ურთიერთსაწინააღდმეგო დულებების მოტივით, რაც პროცესუალურად ასევე დაუშვებელია, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების ე.წ. ბუნდოვნებაზე მათი მოთხოვნის გაზიარება, არსებითად გამოიწვევდა სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებასა და კერძო საჩივარში ასახული მათი დებულებები, სამართლებრივად წარმოადგენდნენ საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, რაც კიდეც აისახა 2002წ. 16 ივლისის სააპელაციო სასამართლოში შემოტანილ მათ საკასაციო საჩივარში. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას გადაწყვეტილების განმარტებისა და კერძო საჩივრის დაკამყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ქ-ისა და გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისისა და 17 სექტემბრის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.