3გ-ად-77-კს-02 23 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: გამომცემლობა “ ...... “ შენობის პრივატიზაციის კანონიერება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 17 სექტემბერს ნ. ჩ-ემ, ნ. ხ-მა, ო. კ-ემ, ე. კ-მა და ე. ა-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს: ბათილად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონებს მართვის სამინისტროს კომერციული კონკურსის შედეგები ქ. თბილისში, ..... მდებარე საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობა “ ...... “ შენობის პრივატიზების შესახებ. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა კავშირს შორის გაფორმებული 1998წ. 12 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება შპს “ ....... “ შენობის თაობაზე. მოსარჩელეებმა აქვე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 18 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რომლითაც სადავო ქოგებაზე საკუთრების მოწმობა იქნა გაცემული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად გ. გ-ი, გ. ა-ი, თ. წ-ე, რ. ჭ-ი, დ. მ-ი, ე. გ-ი და ტ. მ-ი იქნენ ჩაბმული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება ო. კ-ემ, ნ. ჩ-ემ, ნ. ხ-მა და ე. კ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
2003წ. 16 აპრილს ო. კ-ემ, ნ. ხ-მა და ნ. ჩ-ემ განცხადებით მიმართეს საკასაციო სასამართლოს და საკასაციო წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს, ამავე მოთხოვნით 2003 წლის 17 აპრილს ე. კ-მაც წარმოადგინა განცხადება სასამართლოში და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებებს და მიიჩნევს, რომ ე. კ-ის, ო. კ-ის, ნ. ხ-ის და ნ. ჩ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დაბელუბანი.
სსკ-ს 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩიავარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარიმ თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად: საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით უნდა შეწყდეს აღნიშნული საკასაციო საჩივრის წარმოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ დავაზე საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაგადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და სსკ-ს 399-ე, 378-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. კ-ის, ო. კ-ის, ნ. ხ-ის და ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის წარმოება შეწყდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, ე. კ-ს, ო. კ-ეს, ნ. ხ-ს და ნ. ჩ-ეს განემარტოთ, რომ მათ სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით კვლავ გასაჩივრების უფლება აღარ აქვთ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.