გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-79-272-კ-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: თანამდებობაზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
კასატორი ე. ბ-ი 1993წ. 16 თებერვლიდან მუშაობდა ქ. რუსთავის ¹21-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში. 2000წ. 7 თებერვალს მძიმე ოჯახური პირობების გამო, მიეცა ორთვიანი უხელფასო შვებულება, მაგრამ 2001წ. 19 აპრილამდე კასატორმა სამსახურში დაბრუნება ვერ მოახერხა, შვილის ავადმყოფობის გამო, რომელსაც მკურნალობა უტარდებოდა მოსკოვში.
2000წ. 3 მაისს ე. ბ-ს გაუგრძელდა უხელფასო შვებულება სასწავლოწ. დამთავრებამდე, იგი სექტემბერშიც არ გამოცხადდა სამსახურში, რის გამოც რუსთავის ¹21 სკოლის დირექტორის 2000წ. 11 სექტემბრის ¹37 ბრძანებით და ქ. რუსთავის განათლების განყოფილების 2000წ. 21 სექტემბრის ¹20/კ ბრძანებით ე. ბ-ი გათავისუფლებული იქნა ...ის თანამებობიდან დაწყებით კლასებში საათების შენარჩუნებით, ხოლო 2001წ. 7 თებერვლიდან ე. ბ-ი განთავისუფლდა დაწყებითი კლასების მასწავლებლობიდანაც.
2001წ. 27 ივნისს ე. ბ-მა სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმება და სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ¹21-ე საშუალო სკოლის ...ის თანამდებობაზე აღდგენა, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ იგი არის 43 წლის უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი, დაჯილდოებულია რესპუბლიკის სახალახო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით, საქართველოს მასწავლებელთა ყრილობის დელეგატია, გამოცხადებული აქვს მადლობა განათლების სამინისტროს მიერ. წლების მანძილზე მუშაობდა განათლების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, 1973 წლიდან 1987 წლამდე მუშაობდა ¹21-ე საშუალო სკოლაში, 1993 წლიდან კი იმავე სკოლაში დირექტორის მოადგილეა. 2000წ. 7 თებერვალს აიღო ორთვიანი უხელფასო შვებულება, მაგრამ 2001წ. 19 აპრილამდე სამსახურში დაბრუნება ვერ მოახერხა შვილის ავადმყოფობის გამო. სამუშაოზე დაბრუნებისას კი მისთვის ცნობილი გახდა მისი გათავისუფლების შესახებ. ¹21-ე საშუალო სკოლის დირექტორის შეთავაზების შედეგად, მან განცხადება დაწერა დაწყებითი კლასის მასწავლებლად მიღებაზე. მოსარჩელის მითითებით, მან არაერთხელ მიმართა სკოლის დირექტორს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაცნობის მიზნით. მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, მოითხოვა მათი ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შკკ-ს მე-14, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 202-ე მუხლის, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 89-ე, 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 112-ე მუხლის საფუძველზე, სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში რუსთავის ¹21-ე საშუალო სკოლის ...ედ აღდგენა. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო-საკასაციო სასამართლოთა მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ე. ბ-ის სარჩელი შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსთავის ¹21-ე საშუალო სკოლის 2000წ. 11 სექტემბრის ¹37 ბრძანებით ე. ბ-ი, რომელიც იყო დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დაწყებით კლასებში საათების შენარჩუნებით, სამსახურის მიტოვებისა და გამოუცხადებლობის მოტივით, ხოლო 2001წ. 7 თებერვლის ¹5 ბრძანებით დაწყებითი კლასის მასწავლებელი ე. ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, უხელფასო შვებულების დამთავრების შემდეგ სამსახურში გამოუცხადებლობის გამო. რუსთავის მერიის განათლების განყოფილების 2000წ. 21 სექტემბრის ¹20/კ ბრძანებით ე. ბ-ი ...ის თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა 2000წ. 11 სექტემბრიდან საათების შენარჩუნებით.
2001წ. 4 აპრილის ე. ბ-ის განცხადებისა და ¹21-ე საშუალო სკოლის 2001წ. 19 აპრილის ბრძანების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე. ბ-მა განცხადებით მიმართა სკოლის დირექტორს მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე, რაც იმავე დღეს იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ე. ბ-ისათვის 2001წ. 19 აპრილს უკვე ცნობილი იყო არამარტო დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან, არამედ მასწავლებლობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით კი ე. ბ-მა სარჩელი აღძრა 2001წ. 27 ივნისს, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სსკ-ს 393-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით მუშაკს შეუძლია სასამართლოს მიმართოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება. კანონით დადგენილი ვადის ათვლა იწყება ბრძანების ჩაბარების დღიდან, მოპასუხეს კი ე. ბ-ისათვის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გადაუცია.
კასატორმა მიიჩნია, რომ მისი გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, ვინაიდან დაუშვებელია ხანგრძლივი შრომისუუნარობის პერიოდში მყოფი მოხელის გათავისუფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი ე. ბ-ი 2000წ. 7 თებერვალს გაშვებული იქნა უხელფასო შვებულებაში 2 თვის ვადით, 2000წ. 19 აპრილამდე, შვილის ავადმყოფობის გამო. 2000წ. 3 მაისს პროფკავშირების საბჭოს შუამდგომლობით კასატორს კვლავ გაუგრძელდა უხელფასო შვებულება სასწავლოწ. ბოლომდე, მაგრამ ვერც 2000წ. სექტემბერში გამოცხადდა კასატორი სამსახურში. ქ. რუსთავის ¹21-ე საშუალო სკოლის 2000წ. 11 სექტემბრის ¹37 ბრძანებით კასატორი ე. ბ-ი განთავისუფლდა სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში ...ის მოვალეობიდან, დაწყებით კლასებში საათების შენარჩუნებით, სამსახურში გამოუცხადებლობის, სამსახურის მიტოვების გამო. ქ. რუსთავის მერიის განათლების განყოფილების 2000წ. 21 სექტემბრის ¹20/კ ბრძანებით კასატორი ე. ბ-ი მ/წ 21 სექტემბრიდან გათავისუფლებულია ¹21-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილეობიდან, საათების შენარჩუნებით, ხოლო ქ. რუსთავის ¹21-ე საშუალო სკოლის დირექტორის 2001წ. 7 თებერვლის ¹5 ბრძანებით კასატორი დაწყებითი კლასის მასწავლებლობიდანაც გათავისუფლდა, უხელფასო შვებულების დამთავრების შემდომ სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, რაც კასატორ ე. ბ-ს უკანონოდ მიაჩნია.
ვინაიდან კასატორი ე. ბ-ი საშუალო სკოლის პედაგოგია, იგი საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს და მასზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი. აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს შეიძლება ანაზღაურების გარეშე მიეცეს უხელფასო შვებულება არაუმეტეს 1 წლისა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც კასატორი უარყოფს, რომ ე. ბ-ი უხელფასო შვებულებაში გავიდა 2000წ. 7 თებერვალს, მაგრამ შვილის, ლ. ბ-ის ავადმყოფობის გამო 2001წ. 12 აპრილამდე იმყოფებოდა ქ. მოსკოვში და უხელფასო შვებულებაში გასვლიდან ერთიწ. შემდეგაც ვერ შეძლო სამსახურში გამოსვლა. რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს უხელფასო შვებულებაში საჯარო მოსამსახურის ყოფნის მხოლოდ ერთწლიან ვადას, რაც კასატორის მიერ არ იქნა დაცული და 2 თვის დაგვიანებით, 2001წ. აპრილში გამოცხადდა სამსახურში, ამიტომ საკასაციო პალატა კანონიერად მიიჩნევს ე. ბ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ქ. რუსთავის ¹21-ე საშუალო სკოლის 2001წ. 7 თებერვლის ¹5 ბრძანებას, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამსახურის თვითნებურად მიტოვება სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთი საფუძველია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ე. ბ-ის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან ¹21-ე საშუალო სკოლის დირექტორისადმი 2001წ. 19 აპრილს დაწერილი კასატორის განცხადების მიხედვით ნათელია, რომ კასატორისათვის 2001წ. 19 აპრილს უკვე ცნობილი იყო არამარტო დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან, არამედ დაწყებითი კლასის მასწავლებლობიდან მისი გათავისუფლების შესახებ და აღნიშნული განცხადებით, მისი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვდა მე-... კლასის ...ად დანიშვნას, ქართული ენის საათების დამატებით, რაც იმავე დღის, 2001წ. 19 აპრილის ¹19 ბრძანებით დაკმაყოფილდა და 2001წ. 19 აპრილიდან კასატორი დაინიშნა დაწყებითი კლასის მასწავლებლად კვირაში 22 სთ. დატვირთვით და მისივე განცხადების შესაბამისად დაევალა III კლასის ხელმძღვანელობა.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2001წ. 19 აპრილს კასატორისათვის ცნობილი იყო როგორც დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან, ისე მასწავლებლობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე, სარჩელი კი ¹21-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ აღდგენის შესახებ ე. ბ-მა სასამართლოში აღძრა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადის გადაცილებით, 2001წ. 27 ივნისს, ამიტომ სარჩელი ხანდაზმულია და სააპელაციო სასამართლომ, ხანდაზმულობის მოტივით, მართებულად უთხრა უარი კასატორს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას შკკ-ს 204-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დათხოვნის შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამსახურიდან დათხოვის შესახებ ბრძანების ე. ბ-ისათვის ჩაუბარებლობა საშუალო სკოლის ადმინისტრაციის ბრალით კი არ იყო გამოწვეული, არამედ განპირობებული იყო სკოლისაგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზით. კერძოდ, ე. ბ-ის ქ. მოსკოვში ყოფნით.
საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, კასატორის გათავისუფლების შესახებ მითითებას. აღნიშნული ნორმის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო. კანონმდებლობა ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვას თუ თავად მუშაკია ხანგრძლივ შრომისუუნარო. კონკრეტულ შემთხვევაში კი ავადმყოფობის გამო შრომისუუნარო იყო ე. ბ-ის შვილი და არა თვით ბ-ი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ყოველმხრივ, სრული გამოკვლევა-დადგენითა და კანონის სწორი გამოყენება – განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება, ხანდაზმულობის მოტივით, ...ედ აღდგენაზე ე. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ კასატორის შრომითი უფლება ხელყოფილი არ არის და სკოლაში მიმართვისთანავე დაკმაყოფილდა მისი განცხადება კვირაში 22 სთ. დატვირთვით, დაწყებითი კლასის მასწავლებლად და კლასის ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.