Facebook Twitter

3გ-ად-92-კს-03 16 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ქონებაზე ყადაღის დადება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 12 ნოემბერს ც. გ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და გორში, ..... მდებარე სადავო ბინის დაყადაღება მოითხოვა. მან მიუთითა, რომ ქ. ბ-ის მიერ სადავო ქონების სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენების რეალური საშიშროება არსებობდა იმის გამო, რომ მას მოქალაქე ჯ-ისაგან აღებული ვალის უზრუნველსაყოფად მითითებული ბინა იპოთეკით ჰქონდა დატვირთული და ვალის გადახდის ვადა უკვე დამდგარი იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით ც. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და სადავო ბინას ყადაღა დაედო.

მითითებული განჩინება ქ. ბ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სადავო ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით ქ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალები უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ქ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრისა და 2 დეკემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. წარმოდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

საქმის მასალებით ირკვევა და არც ქ. ბ-ი ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ მან თავის სახელზე აღრიცხული სადავო ბინა 2002წ. 29 აპრილს მოქალაქე ჯ-ის ვალის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა და ც. გ-ის მიერ განცხადების წარდგენის დროისათვის ვალის გადახდის ვადა უკვე დამდგარი იყო. Kკერძო საჩივრის ავტორი არც იმ გარემოებას უარყოფს, რომ ბინაზე ყადაღის დადებით მას აღნიშნული ბინიდან სესხის დაკმაყოფილების საშუალება მოესპო. სწორედ მითითებული მიიჩნია სასამართლომ ქ. ბ-ის განზრახვის გამოხატულებად, რომ იგი, მართლაც აპირებდა სადავო ქონების ვალის უზრუნველსაყოფად გამოყენებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ც. გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით გართულდებოდა ან საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და კანონის ნორმათა გათვალისწინებით, სამართლიანად არ დააკმაყოფილა წარმოდგენილი კერძო საჩივარი.

ამავე დროს, საკასაციო პალატა იზიარებს იმ მოსაზრებასაც, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებით მხარეთა ინტერესები თანაბრად იქნა გათვალისწინებული და ქ. ბ-ის ინტერესების შელახვას ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სსკ-ს 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრისა და 2 დეკემბრის განჩინებები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.