გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-107-კ-03 21 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 თებერვალს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა დ. ზ-ემ მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1995 წლიდან 2001წ. ბოლომდე მოსარჩელე მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2000წ. ნოემბრიდან კი _ შსს-ს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების ... ჯგუფის ...ად.
შსს-ს 2001წ. 30 ნოემბრის ¹487 ბრძანებით მოსარჩელე დ. ზ-ე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის სკ-ს 334-ე, 335-ე და 339-ე მუხლების მოთხოვნათა უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ დ. ზ-ემ არ დაიცვა შემთხვევის ადგილი, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფ. ...თან მომხდარ ავტოკატასტროფაში დაღუპული პოლიციის პოლკოვნიკ ნ. ტ-ის ავტომანქანიდან და თავად გარდაცვლილიდან ამოღებული საგნები, საბუთები და ფული არ შეფუთა, არ დალუქა და არ შეადგინა შესაბამისი დოკუმენტები, რამაც გამოიწვია გაურკვეველ ვითარებაში ნ. ტ-ის კუთვნილი მაჯის საათის, მობილური ტელეფონისა და 5000 აშშ დოლარის დაკარგვა.
მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის სკ-ს 334-ე, 335-ე და 339-ე მუხლების თანახმად, შემთხვევის ადგილი უნდა დაეთვალიერებინა, ამოღებული საგნები, დოკუმენტები შეენახა და დაელუქა, დათვალიერების ოქმი უნდა შეედგინა მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს და არა საგზაო პოლიციის ინსპექტორს.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოკვლეული მასალების თანახმად, ავტოსაგზაოOშემთხვევას შეესწრო შემთხვევით, ავტოკატასტროფიდან 20 წუთის შემდეგ. შემთხვევის ადგილზე უამრავი ხალხი ტრიალებდა და მარტო იგი ვერ შეძლებდა უზრუნველეყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რის გამოც მან დაუყოვნებლივ გამოიძახა გომბორის საგუშაგოს თანამშრომლები, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზეც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ამის შემდეგ გამომძიებელმა შემთხვევის ადგილიც დაათვალიერა და ოქმიც შეადგინა.
მოსარჩელის განმარტებით, მან დაზიანებული ავტომანქანიდან ამოიღო “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, უცნობი მოქალაქისაგან მიიღო გარდაცვლილის პირადობის მოწმობა და ფული, რომელიც დაუთვლელად გადასცა გამომძიებელს, ხოლო ამ უკანასკნელმა _ გარდაცვლილის შვილს. აღნიშნული თანხის ოდენობამ შეადგინა 400 ლარი და დაახლოებით 150 აშშ დოლარი.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული გამომძიებლისათვის დახმარების გაწევა და მისი დავალებების შესრულება, რაც შეასრულა კიდეც.
მოსარჩელის განმარტებით, მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანებას ერთ-ერთ საფუძვლად დაედო გარდაცვლილის კუთვნილი 5000 აშშ დოლარის დაკარგვის ფაქტი, რაც არასწორია. დაზარალებულს არც პირადად მოსარჩელისათვის, არც გამომძიებლისათვის, არც პროკურატურისათვის არ მიუმართავს 5000 აშშ დოლარის დაკარგვის გამო.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ უკანონოდ დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, რის გამოც ითხოვა მის თანამდებობაზე აღდგენა.
გარდა ამისა, მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001წ. დეკემბერში დაავადდა წელკავისა და კისრის ოსტეოქონდროზით, ხშირი ფესვობრივ-ალგიური სინდრომით, რის გამოც არ შეეძლო სიარული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო სარჩელის შეტანა სასამართლოში. მოსარჩელემ ითხოვა გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით დ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: დ. ზ-ეს სამუშაოზე აღდგენის თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის გაშვება ჩაეთვალა საპატიოდ; შსს-ს 2001წ. 30 ნოემბრის ¹487 ბრძანება დ. ზ-ის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ჩაითვალა უკანონოდ, გაუქმდა და მოსარჩელე დ. ზ-ე დაუყოვნებლივ აღდგა შსს-ს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების ... ჯგუფის ...ის თანამდებობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ დ. ზ-ემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად საჯარო მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი ერთი თვის განმავლობაში სასამართლოში გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე _ მოქმედება.
კასატორის განმარტებით, დ. ზ-ემ იცოდა, რომ 2001წ. 30 ნოემბერს დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდნ, რის გამოც სარჩელი უნდა აღეძრა ერთი თვის განმავლობაში, კერძოდ, 2001წ. 30 დეკემბრამდე, მან კი სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2002წ. 22 თებერვალს, ე.ი. ერთი თვისა და 22 დღის დაგვიანებით, რითაც დაარღვია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ სადავო პერიოდისათვის დ. ზ-ე იყო ავად, რის გამოც ფიზიკურად ვერ მოახერხებდა სარჩელი აღეძრა სასამართლოში. კასატორი არ იზიარებს ამ ფაქტს, რადგან ეს უკანასკნელი ვალდებული იყო მიემართა შსს-ს სამედიცინო პოლიკლინიკისათვის, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეეძლო აღეძრა წარმომადგენლის მეშვეობით, რაც არ გაუკეთებია.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ გარდაბნის რაიონის პროკურატურაში დაზარალებულ მხარეს არ დაუყენებია მოთხოვნა 5000 აშშ დოლარის და სხვა ნივთების დაკარგვის შესახებ.
შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმებული მასალებიდან, გარდაცვლილ ნ. ტ-ის მეუღლისა და ვაჟიშვილის, აგრეთვე, სხვა ფიზიკურ პირთა ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, კასატორს დადგენილად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულ ნ. ტ-ს თან ჰქონდა 5000 აშშ დოლარი, მობილური ტელეფონი და საათი, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. დ. ზ-ემ ავტომანქანიდან ამოიღო გარდაცვლილის კუთვნილი “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, აგრეთვე, სხვა ნივთები და გადასცა გარდაცვლილის შვილს. მოსარჩელე დ. ზ-ემ გამომძიებლის მოსვლამდე არ დაიცვა შემთხვევის ადგილი, შემთხვევის ადგილზე მყოფ უცნობ ფიზიკურ პირს დაავალა მიცვალებულის გაჩხრეკა, რადგანაც თავად ვერ გაბედა მიცვალებულთან მიკარება.
კასატორის განმარტებით, დ. ზ-ის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაუცველობამ გამოიწვია მიცვალებულის კუთვნილი თანხისა და ნივთების დაკარგვა.
კასატორი მიუთითებს, რომ “პოლიციის შესახებ" კანონის თანახმად პოლიციის ყველა თანამშრომელს ევალება ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში შემთხვევის ადგილის დაცვა.
საბოლოოდ კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოსარჩელე დ. ზ-ის უშუალო სამსახურებრივ ფუნქციებში არ შედიოდა სისხლის სამართლის სკ-ს 334-ე, 335-ე და 339-ე მუხლების მოთხოვნათა განხორციელება, ვინაიდან აღნიშნული მუხლები იმპერატიულად განსაზღვრავენ იმ თანამდებობის პირთა წრეს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ აღნიშნული საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, ეს თანამდებობის პირები არიან: მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ შსს-ს 2001წ. 30 ნოემბრის ¹487 ბრძანებას არასწორად დაედო საფუძვლად დ. ზ-ის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 334-ე, 335-ე და 339-ე მუხლების უხეში დარღვევები, რადგანაც დ. ზ-ე არ მუშაობდა მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ დ. ზ-ის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევამ გამოიწვია შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის კუთვნილი ნივთებისა და ფულის დაკარგვა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გარდაბნის რაიონის პროკურატურის 2002წ. 23 აპრილის დადგენილებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის დაუდგენლობის გამო ამ პირის დადგენამდე შეჩერდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ეტაპზე დ. ზ-ის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა ზემოთ აღნიშნული საფუძვლებით უკანონო იყო, რადგანაც შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების 28-ე პუნქტის თანახმად შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა დისციპლინური სასჯელის უკიდურესი ზომაა და გამოიყენება დისციპლინის სისტემატური და უხეში დარღვევის, ისეთი გადაცდომის ჩადენისათვის, რომელიც შეუთავსებელია შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურთან. დ. ზ-ეს კი, საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, დისციპლინა სისტემატურად, უხეშად არ დაურღვევია და არც ისეთი გადაცდომა ჩაუდენია, რომელიც შეუთავსებელი იყო შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურთან.
რაც შეეხება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დ. ზ-ე 2001წ. 20 დეკემბრიდან 2002წ. 21 თებერვლამდე მკურნალობდა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ საპატიოდ ჩათვალა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება.
აღნიშნული გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დ. ზ-ეს გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა სწორად ჩაეთვალა საპატიოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი განჩინება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შსს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.