Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-128-33-კ-03 3 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატასა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა, საქმეზე ნ. კ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების შპს “ნ-ის”, ნ. მ-ს, გ. ბ-ის ნოტარიუს დ. ბ-ის მიმართ, პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და სანოტარო აქტის გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 1 ივლისს ნ. კ-ემ სარჩელი აღძრა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: შპს “ნ-ის”, ნ. მ-ს, ნოტარიუს დ. ბ-ის მიმართ, მესამე პირი გ. ბ-ე და მოითხოვა ბინის პრივატიზების ხელშეკრულებისა და სანოტარო აქტის გაუქმება.

2002წ. 8 ივლისს მოსარჩელე ნ. კ-ემ მეორე სარჩელი აღძრა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: გ. ბ-ის, გარდაბნის რაიონის შპს “ნ-ის” ადმინისტრაციისა და ნ. მ-ს მიმართ, მესამე პირად მიუთითა ნ. ო-ზე და მოითხოვა თბილისის ზღვის სანერგე მეურნეობის წარმომადგენელსა და გ. ბ-ეს შორის 2000წ. 5 აპრილს დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულებისა და სანოტარო მოქმედების ბათილად ცნობა.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის საოქმო განჩინებით ნ. კ-ის ორივე სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი შპს “ნ-ის” წარმომადგენელსა და ნ. მ-ს შორის 2002წ. 4 მარტს დადებული გარდაბნის რაიონის ... მდებარე ¹21 საცხოვრებელი ბინის პრივატიზების ხელშეკრულება; გაუქმდა გარდაბნის რაიონის სანოტარო ბიუროში 2002წ. 4 მარტს შესრულებული სანოტარო მოქმედება ¹1-323, რომლითაც დამოწმდა შპს “ნ-ის” წარმომადგენელსა და ნ. მ-ს შორის დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ზღვის სანერგე მეურნეობის (ამჟამად შპს “ნ-ი”) წარმომადგენელსა და გ. ბ-ეს შორის 2000წ. 5 აპრილს დადებული გარდაბნის რაიონის ... მდებარე მეორე კორპუსის ¹27 ბინის პრივატიზების ხელშეკრულება; გაუქმდა გარდაბნის რაიონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს დ. ბ-ის მიერ 2002წ. 5 აპრილს შესრულებული სანოტარო მოქმედება, რომლითაც დამოწმდა გარდაბნის რაიონის თბილისის ზღვის სანერგე მეურნეობის (ამჟამად შპს “ნ-ი”) წარმომადგენელსა და გ. ბ-ეს შორის დადებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზების ხელშეკრულება; მოპასუხე ნ. მ-ა მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა გარდაბნის რაიონის ... მდებარე მეორე კორპუსის ¹21 ბინიდან. ნ. მ-ს დაევალა აღნიშნული ბინის გათავისუფლება მის მიერ შეტანილი ნივთებისაგან.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-მ და გ. ბ-ემ და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

1. საქმის მასალების მიხედვით საცხოვრებელი კორპუსები აშენებულია სახელმწიფო უწყების მიერ და ბინები ორდერების საფუძველზე გადაეცა დამქირავებლებს განაწილების გზით, რაც იმას ნიშნავდა, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული გარიგება და აქედან გამომდინარე, საქმის განხილვა უნდა წარმოებულიყო ადმინისტრაციული წესით. ეს კი სასამართლოსაგან მოითხოვდა საქმის განხილვაში ჩაერთო ადმინისტრაციული ორგანო, რის შესრულებასაც მას ავალდებულებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია და სასამართლო დავა წარიმართა საცხოვრებელი კორპუსების მესაკუთრის დასწრების გარეშე. სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზები წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს;

2. სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 84-ე, 102-ე მუხლებისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ბ” პუნქტის მოთხოვნები, რის შედეგადაც დაკმაყოფილდა არასათანადო მოსარჩელის მოთხოვნები;

3. საქმის სამოქალაქო წესით განხილვის შემთხვევაშიც კი სასამართლოს არ გააჩნდა უფლება ერთი და იგივე უწყების მიერ გაცემული ერთმანეთის შინაარსის გამომრიცხავი ორი დოკუმენტიდან დაყრდნობოდა ერთ-ერთს და უარეყო მეორე, რითაც სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ ნ. მ-სა და გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2003წ. 12 ივნისს განიხილა სააპელაციო საჩივრის უფლებამოსილი სასამართლოსათვის გადაცემის საკითხი და მიიღო განჩინება, რომლითაც მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განსახილველად უნდა გადასცემოდა უფლებამოსილ სასამართლოს, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დავა მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული კატეგორიის დავად, აუცილებელია ორი ძირითადი პირობის არსებობა: სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა; სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პირველი პირობა, კერძოდ, დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, მხარე ითხოვს ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. სასამართლოში წარდგენილი სასარჩელო განცხადებითა და საქმეზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს “ნ-სა” და ფიზიკურ პირს შორის დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების, თბილისის ზღვის სანერგე მეურნეობასა (ამჟამად შპს “ნ-ი”) და ფიზიკურ პირს შორის დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და გამოსახლება. სადავო ხელშეკრულებები წარმოადგენს სამოქალაქო და არა ადმინისტრაციულ გარიგებას, რადგანაც ამ ხელშეკრულებების მხარეები არიან: კერძო სამართლის იურიდიული პირი _ შპს “ნ-ი” და ფიზიკური პირები: ნ. მ-ა და გ. ბ-ე.

ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო გარიგების ბათილად ცნობისა და გამოსახლების შესახებ დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას, არის კერძო-სამართლებრივი ხასიათის და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. მ-სა და გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს “ნ-სა” და ფიზიკურ პირს, აგრეთვე, თბილისის ზღვის სანერგე მეურნეობასა (ამჟამად შპს “ნ-ი”) და ფიზიკურ პირს შორის დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და საცხოვრებელი სადგომიდან ფიზიკური პირების გამოსახლება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია სადავო ხელშეკრულებები სამოქალაქო გარიგებებად, ვინაიდან აღნიშნულ ხელშეკრულებებში ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გამცემს წარმოადგენდა არა ადმინისტრაციული ორგანო, არამედ _ კერძო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა რომ საცხოვრებელი სადგომიდან ფიზიკური პირების გამოსახლების შესახებ დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას და იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემული საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-სა და გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.