გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-130-კ-02 28 მაისი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაემი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს “თ-ს" უარი ეთქვა სარჩელზე მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ, 1993 წელს საქართველოში რუსეთის პურპროდუქტების ფედერალური საკონტრაქტო კორპორაცია “რ-ის", სს “სავაჭრო სახლ “მ-ისა" და “... ცენტრის" მიერ მიწოდებული სასურსათო ხორბლის ღირებულების, 5780175,60 აშშ დოლარის, დაკისრებაზე იმ საფუძვლით, რომ სარჩელი აღძრული იყო არასათანადო მოპასუხის მიმართ.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სსკ-ს 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სს “თ-ის" საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაერთო “... ცენტრი"
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2001წ. 10 აგვისტოს განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 10 ნიემბრის გადაწყვეტილება. ამასთან, დაადგინა, რომ მოსარჩელეს სათანადო მოპასუხის მიმართ ჰქონდა ახალი სარჩელის აღძვრის უფლება.
მოსარჩელე “... ცენტრმა" სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს პურპროდუქტების სააქციო-კომერციული კორპორაციის წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ ახალი სარჩელი შეიტანა ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა: 1. საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 6378124,80 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
2. “... ცენტრის" მიმართ 1993წ. 28 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისათვის საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით, სუბსიდიური პასუხისმგებლობის აღიარება.
მოსარჩელემ სარჩელი დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
1993წ. 28 მაისს მოსკოვში რუსეთის ფედერალურ საკონტრაქტო კორპორაცია “რ-ს", სს “სავაჭრო სახლ “მ-ს", “... ცენტრსა" და საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციულ კორპორაციას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რუსეთის ფედერალურმა საკონტრაქტო კორპორაცია “რ-მა", სს “სავაჭრო სახლმა “მ-მა" და “... ცენტრმა" 1993წ. 28 მაისს უზრუნველყვეს საქართველოში 4488750 აშშ დოლარის ღირებულების 29925 ტონა ხორბლის შემოტანა.
ხელშეკრულების 2.1, 2.2. და 4.9 პუნქტების თანახმად საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციას “... ცენტრისთვის" უნდა აენაზღაურებინა საქართველოში შემოტანილი ხორბლის ღირებულება, 1 ტონა ხორბალზე-150 აშშ დოლარი.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მხარემ ბრალეულად დაარღვია ხელშეკრულება და “... ცენტრს" არ აუნაზღაურა საქართველოში შემოტანილი 22140 ტონა ხორბლის ღირებულება-332940 აშშ დოლარი.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში შემოტანილი ხორბლის მარაგის ასანაზღაურებლად რუსმა პარტნიორებმა თანხა აიღეს სავალუტო კრედიტის სახით წლიური 12%-ის განაკვეთით, რის გამოც საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის მიერ 1993წ. 28 მაისის ხელშეკრულების ბრალეულად დარღვევის შედეგად მისმა კონტრაჰენტებმა იზარალეს არა მხოლოდ 3321940 აშშ დოლარი, არამედ ამ თანხას დარიცხული წლიური 12%, რაც 1993წ. 24 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე შეადგენდა 3056184,8 აშშ დოლარს.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა, ისევე, როგორც საქართველოში შემოტანილი ხორბლის აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა, ეკისრებოდა მოპასუხეს, რადგანაც ხელშეკრულებით მან იკისრა საქართველოში შემოტანილი პროდუქციის ღირებულების რუსული მხარისთვის გადახდის ვალდებულება.
მოპასუხე საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციისათვის თანხის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა 1993 წელს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 153-ე, 154-ე, 156-ე, 165-ე და 212-ე მუხლებზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიას მოსარჩელე “... ცენტრის" სასარგებლოდ დაეკისრა 3321900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; თანხის დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი; აღიარებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით, სუბსიდიური პასუხისმგებლობა “... ცენტრისათვის" 1993წ. 28 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
“... ცენტრმა" საკასაციო საჩივრით ითხოვა: გადაწყვეტილების შეცვლა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე 3056184,8 აშშ დოლარის ოდენობით და საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიისათვის 3056184,8 აშშ დოლარის (3321940 აშშ დოლართან ერთად) გადახდის დაკისრება “... ცენტრის" სასარგებლოდ, აგრეთვე, სახელმწიფოს სუბსიდიური პასუხისმგებლობის აღიარება ზემოთ აღნიშნულ ვალდებულებაზე.
კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის მიერ 1993წ. 28 მაისის ხელშეკრულების ბრალეულად დარღვევის შედეგად “... ცენტრმა" იზარალა არა მხოლოდ აუნაზღაურებელი 22146 ტონა ხორბლის ღირებულება – 3321940 აშშ დოლარი, არამედ, ამ თანხას დარიცხული წლიური 12 პროცენტი, რაც 1993წ. 24 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე შეადგენს 3056184,8 აშშ დოლარს.
კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არასწორად უთხრა უარი მოსარჩელეს ზიანის სახით 3056184,8 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე, რომელიც წარმოიშვა ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის გამო. სასამართლო კოლეგიის მოტივაცია ამ ნაწილში არ შეესაბამება სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964) 212-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, თუ მან არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციულ კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიამაც.
მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული, რაც გამოიხატა იმაში, რომ სასამართლო კოლეგია დაეყრდნო სახელმწიფო კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენლის განცხადებას, რომ იგი აღიარებდა ვალის არსებობას, მაგრამ ეს არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგანაც კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა ფინანსთა სამინისტროს გადასახდელი იყო.
აღნიშნულ მოსაზრებას მეორე კასატორი ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:
1993წ. 14 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹289 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის დებულება. აღნიშნული დებულების 1.3. პუნქტის შესაბამისად კორპორაცია პასუხს აგებს პურპროდუქტების სახელმწიფო მარაგის ოდენობის განსაზღვრაზე, შემოზიდვაზე, მიღებაზე შენახვასა და გამოყენებაზე. იმავე დებულების 1.6 პუნქტით კორპორაციის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო საჭიროებისათვის მარცვლეულის შესყიდვა, 1.7 პუნქტით კი კორპორაციის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა. დებულების 3.2 პუნქტით მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთისა და ვალდებულებების შესრულების შემდეგ იყო კორპორაცია უფლებამოსილი დამოუკიდებლად განეხორციელებინა სამეურნეო საქმიანობა. კორპორაციის ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. დებულების 4.1 პუნქტის თანახმად უშვებდა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ პროდუქციას და ახდენდა მის რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასით.
1993 წელს საქართველოში შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა ქვეყნის ხორბლით მომარაგების საქმეში. 1993წ. მარტის ბოლოს ქვეყანაში სულ რამოდენიმე დღის ხორბლის მარაგიღა იყო დარჩენილი. ამიტომაც ჯერ საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ხოლო შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა და პრემიერ-მინისტრმა წერილობითი თხოვნით მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას და სთხოვეს საქართველოსათვის დახმარების აღმოჩენა, რაც 150000 ტონა ხორბლის გამოყოფაში უნდა გამოხატულიყო, ამასთან, სახელმწიფო იღებდა მოწოდებული ხორბლის ღირებულების გადახდის ვალდებულებას, ხოლო კორპორაციას თავისი დებულების შესაბამისად ევალებოდა 1993წ. 28 მაისის ოთხმხრივ ხელშეკრულებაში მონაწილეობის მიღება, ანუ სახელმწიფომ აღიარა ვალდებულება, რომლის აღების დროსაც სახელმწიფოს სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენდა პურპროდუქტების კორპორაცია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ აღნიშნული წერილები გახდა რუსეთის მთავრობის დავალების საფუძველი, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ საფუძვლად დაედო 1993წ. 28 მაისის ოთხმხრივ ხელშეკრულებას, ანუ ხელშეკრულებიდან პირდაპირ ჩანს სახელმწიფოს ვალდებულება. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად ქართულ მხარეს ხორბლის ღირებულება უნდა გაესტუმრებინა 15 მილიარდი რუბლის ღირებულების ჩაით, ღვინო-მასალებით და კონიაკით, რაც კორპორაციას არც გააჩნდა და არც აწარმოებდა. იმ პერიოდში აღნიშნული მარაგი გააჩნდა მხოლოდ სახელმწიფოს.
მეორე კასატორის განმარტებით დადასტურებულია 1993წ. მაისის ოთხმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხორბლის საქართველოში შემოტანის ფაქტი, ხოლო დავალიანება უნდა გადაიხადოს ფინანსთა სამინისტრომ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა ორგანომ და არა - პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციამ. პრეზიდენტის 1994წ. 3 აპრილის ¹252 ბრძანებულებით სახელმწიფო კომისიას უნდა მოეხდინა ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების ბიუჯეტში ამოღება, ხოლო კორპორაციის ფინანსური ვალდებულებები უნდა გადაცემოდა სწორედ ფინანსთა სამინისტროს და არა სხვა რომელიმე უწყებას, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს დებულების შესაბამისად იგი შექმნილია საფინანსო სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, მეორე კასატორი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ 1993-94 წლებში პურის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხები უკლებლივ აკუმულირდებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 1993წ. ბოლოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციას მიეცა უფლება პურის რეალიზაციიდან მიღებული თანხის მხოლოდ 5% გამოეყენებინა თავისი შეხედულებისამებრ, დანარჩენი ხორბალი და შესაბამისად პურის რეალიზაციით შემოსული თანხები წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას.
მეორე კასატორის განმარტებით კორპორაცია იმყოფებოდა სახელმწიფო დოტაციაზე. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა სახელმწიფოს მიერ ფიქსირებული ფასებით, რაც გაცილებით დაბალი იყო პროდუქციის თვითღირებულებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მეორე კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიისათვის “... ცენტრის" სასარგებლოდ 3321900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც 3321900 აშშ დოლარის გადახდა “... ცენტრის" სასარგებლოდ დაეკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მიუთითა, რომ “... ცენტრის" საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მან გასწია ხარჯი და იზარალა აუნაზღაურებელ თანხას დარიცხული წლიური 12 პროცენტი, სულ – 3056184,8 აშშ დოლარი.
რაც შეეხება საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიის საკასაციო საჩივარს, იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, უნდა გაუქმდეს 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიას დაეკისრა 3321900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა “... ცენტრის" სასარგებლოდ, ხოლო იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისია ითხოვს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხა საფუძველს მოკლებულია, რადგან ამავე თანხის მოთხოვნით სასამართლოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ერთხელ უკვე ნამსჯელი აქვს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია.
ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3321900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და აღიარებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით, სუბსიდიური პასუხისმგებლობა “... ცენტრის" მიმართ 1993წ. 28 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და თვლის, რომ იგი კანონმდებლობის დარღვევით არის გამოტანილი, იურიდიულად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არასწორად გამოიყენა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული, 2000წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელეს სასარჩელო ხანდაზმულობა გაშვებულად არ ჩაეთვალა მხოლოდ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სხვა საფუძვლით აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხის ანუ ფინანსთა სამინისტროს მიერ მოსარჩელის შეცდომაში შეყვანას, მაგრამ მას შემდეგ რაც დადგენილ იქნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არასათანადო მოპასუხეა, სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისია და სარჩელიც სხვა საფუძვლითაა აღძრული, ამიტომ აღარ არსებობს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზი, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა სსკ-ს 106-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად დამტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტები, რომლებიც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის, კანონიერ ძალაში შესული 2000წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი დადგენილია, რომ “მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეს არ გააჩნდა და არც ამჯამად გააჩნია, რაც დამოუკიდებლად წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს".
სასამართლო კოლეგია კი იმის დასადასტურებლად, რომ 1993წ. 28 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება თითქოს მოსარჩელეს ეკუთვნის, დაეყრდნო მხოლოდ ხელშეკრულების 2.2 და 4.9 პუნქტებს. აღნიშნული ხელშეკრულების პუნქტების არსებობა 2000წ. 10 ნოემბერს გამართულ პროცესზეც ცნობილი იყო სასამართლოსათვის, მაგრამ სასამართლო კოლეგიამ თავისი 2002წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მოთხოვნის უფლების დასადასტურებლად საკმარისი არ არის ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტების არსებობა და აუცილებელ პირობად მიიჩნია იმის დამამტკიცებელი დოკუმენტების წარმოდგენა, რომ სწორედ მოსარჩელის მიერ იყო გადახდილი სადავო ხორბლის ღირებულება, რაც ვერ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არც უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ სწორედ მას გააჩნია მოთხოვნის უფლება და თავისი განჩინებით ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს 2000წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ამიტომ მოსარჩელეს არ გააჩნია მოთხოვნის უფლება და უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
შეგებებულ საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიამ საქართველოს სახელმწიფოს, ფინანსთა სამინისტროს სახით, სუბსიდიური პასუხისმგებლობის აღიარებისას არ გამოიყენა 1993 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 31-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა, რომ იურდიული პირი თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებდა მისი კუთვნილი (მასზე მიმაგრებული) ქონებით, საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია კი მისი დებულების 2.1 პუნქტის თანახმად წარმოადგენდა იურიდიულ პირს.
სასამართლომ ასევე არ გამოიყენა იმავე სამოქალაქო სამართლის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად სახელმწიფო პასუხს არ აგებდა იმ სახელმწიფო ორგანიზაციების ვალდებულებებისათვის, რომლებიც იურიდიული პირები იყვნენ, ხოლო ეს ორგანიზაციები პასუხს არ აგებდნენ სახელმწიფოს ვალდებულებებისათვის. შესაბამისად, პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია არ აგებდა პასუხს სახელმწიფოს ვალდებულებებისათვის, ხოლო სახელმწიფო არ აგებდა პასუხს კორპორაციის კრედიტორების წინაშე.
სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 14 აპრილის ¹289 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის დებულების 1.14 პუნქტი, რომლის შესაბამისად კორპორაცია პასუხისმგებელია თავის ვალდებულებებზე მის ბალანსზე რიცხული ქონების და ფულადი სახსრების ფარგლებში.
სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის დებულების 1.14 პუნქტი, რომლის შესაბამისად კორპორაცია პასუხისმგებელია თავის ვალდებულებებზე მის ბალანსზე რიცხული ქონებისა და ფულადი სახსრების ფარგლებში.
სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის დებულების 2.4 (თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კორპორაცია დამოუკიდებელია თავის სამეურნეო, საფინანსო-ეკონომიკურ, საწარმოო და კომერციულ საქმიანობაში), 3.1 (კორპორაციას უფლება აქვს თავისი სახელით დადოს ხელშეკრულებანი მომსახურებაზე, ყიდვა-გაყიდვაზე, იჯარაზე, ფინანსურ ოპერაციებზე, დაზღვევაზე, დაქირავებასა და გადაზიდვაზე. მას შეუძლია გამოვიდეს მოპასუხედ და მოსარჩელედ სამოქალაქო, საარბიტრაჟო და სამედიატორო სასამართლოში. იგი სხვა უწყებებთან, საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობას ამყარებს დამოუკიდებლად სახელშეკრულებო საფუძველზე. კორპორაცია თავისუფალია ხელშეკრულების საგნის, ვალდებულებათა და სამეურნეო ურთიერთობათა სხვა პირობების განსაზღვრისას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას), 3.3 (კორპორაციას უფლება აქვს დამოუკიდებლად განახორციელოს საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციები საგარეო ბაზარზე და სავალუტო ოპერაციები კონვერტირებადი ვალუტით), 3.7 (კორპორაციას უფლება აქვს თავისი სახსრებიდან მისცეს კომერციული კრედიტი სხვა საწარმოებს ურთერთშეთანხმებული საგადასახადო პროცენტით) და 3.9 (კორპორაცია პასუხს აგებს დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ან არასათანადოდ შესრულებისათვის) პუნქტები.
სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციული კორპორაცია მიიჩნია სახაზინო საწარმოს სტატუსის მქონე სუბიექტად, რაც იურდიულად საკმაოდ დაუსაბუთებელია და იმდენად არასრულია, რომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილებში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიას დაეკისრა 3321900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი “... ცენტრის" სასარგებლოდ, აღიარებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით, სუბსიდიური პასუხისმგებლობა “... ცენტრის" მიმართ 1993წ. 28 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა ითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მთლიანად ეთქმება უარი სარჩელს დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების, შეგებებული საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები და შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
“... ცენტრის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელე “... ცენტრს” მიადგა თუ არა ზიანი აუნაზღაურებელ თანხას დარიცხული წლიური 12%-ის 3056184,8 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი სამართლებრივადაც არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
რაც შეეხება საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიის საკასაციო საჩივარსა და ფინანსთა სამინისტროს შეგებებულ საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგანაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უკავშირდება არა კონკრეტულ მოპასუხეს, არამედ დარღვეული უფლების დაცვის შესახებ მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგანაც ყოველმხრივ, სრულად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, 1993წ. 28 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ ნამდვილად მიაწოდა თუ არა საქართველოს 29800 ტონა სასურსათო ხორბალი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოცემული საქმის განხილვისას სადავოდ გახადა შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება სამართლებრივად სრულყოფილად არ არის დასაბუთებული საქართველოს სახელმწიფოს, ფინანსთა სამინისტროს სახით, სუბსიდიური პასუხისმგებლობის აღიარების ნაწილში, რის გამოც გადაწყვეტილების ამ ნაწილის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია. ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სუბსიდიური პასუხისმგებლობა დგება მას შემდეგ, რაც ძირითადი მოვალის ქონება საკმარისი არ არის კრედიტორის ვალის დასაფარად. კონკრეტულ შემთხვევაში კი, თუ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია დადასტურებულად ჩათვლიდა საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის ვალის არსებობას “... ცენტრის" მიმართ, ფინანსთა სამინისტროს სუბსიდიურ პასუხისმგებლობაზე ამ ეტაპზე არ უნდა ემსჯელა, ვინაიდან სასამართლოს არ გამოუკვლევია და არც შეიძლებოდა გამოერკვია კორპორაციის ქონება, საკმარისი იყო, თუ არა ვალის დასაფარად. გარდა ამისა, არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “... ცენტრის”, პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიის საკასაციო საჩივრებისა და ფინანსთა სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა და ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. “... ცენტრის”, პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიის საკასაციო საჩივრები და ფინანსთა სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.